თინი მიმინოშვილის ჩარჩოში ჩასმული თავისუფლება
ამიტომ ვცდილობ, ბევრ რამეს მარტივად შევხედო და გარკვეულ ქმედებებს შეცდომა კი - არა, გამოცდილება დავარქვა", - ამბობს მსახიობი თინათინ მიმინოშვილი. როგორ აღმოჩნდა სერიალში "ბოლო სეზონი", რით ჰგავს და რით განსხვავდება საკუთარი პერსონაჟისგან, რის გამო იღებს საყვედურებს, რას ამბობენ მასზე, რა დროს მიდის რისკზე, რა არის ერთდროულად მისი სისუსტე და სიძლიერეც და რატომ არ თანხმდება ინტერვიუებზე თითქმის არასდროს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...2000 წლის 1-ლი მაისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მოსამართლე. ბავშვობიდან მქონდა სურვილი დაჩაგრულები დამეცვა, ვიღაცებს დავხმარებოდი. ჩემ გარშემო ბავშვები სამართლიანად აღმიქვამდნენ და მინისასამართლოებსაც კი ვაწყობდით. სკოლა რომ დავამთავრე, სამართალზე ჩავაბარე, ეს პროფესია კიდევ უფრო მომეწონა და შემიყვარდა. მიზნად დავისახე, მოსამართლე გამოვსულიყავი და ამ სფეროში მემუშავა.
- თუმცა საზოგადოება გიცნობთ, როგორც მსახიობს. ამ სფეროსადმი ინტერესი როდის გაგიჩნდათ?
- სწავლის პარალელურად გამიჩნდა ამ სფეროსადმი ინტერესიც. ერთ დღეს დედამ მითხრა, რომ კინოსტუდიაში კასტინგი ტარდებოდა. 19 წლის ვიყავი, როდესაც კასტინგზე მივედი და ერთ-ერთ მთავარ როლზეც დამამტკიცეს, ლაპარაკი იყო სერიალზე. პილოტი გადავიღეთ, მაგრამ მერე კორონა დაიწყო, ეს პროექტი ჯერ დაპაუზდა, შემდეგ ჩაიშალა. მოგვიანებით ამ შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაიღო სერიალი "ბოლო სეზონი".
- ჩემზე ამბობენ...
- ...კარგი ხმის ტემბრი აქვსო.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...დაიწყო სკოლის ასაკიდანვე, როცა მუსიკაზე ძალიან ცოტა ბავშვი აირჩიეს და ერთ-ერთი მე ვიყავი. შემდეგ წლების განმავლობაში მქონდა ბევრი წარმატებული ნაბიჯი.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...დედას, მეგობრებს და ოჯახის წევრებს.
- ბედნიერი ვარ...
- ...ბევრი რამის გამო. მე ვარ ადამიანი, ვისაც პატარა დეტალებიც კი აბედნიერებს. ჩემი ბედნიერებაა ჩემი გარემოცვა.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...(პაუზის შემდეგ) არ ვიცი. ალბათ ის, რომ ყველაფერი გამომდის, რასაც ხელს მოვკიდებ. რა უცნაურია და რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი. ინტერვიუები ამიტომაც არ მიყვარს, თითქმის არასდროს ვთანხმდები.
- მადლობა, რომ გამონაკლისი დაუშვით.
- ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც ჩავწერე, სერიალის "ბოლო სეზონი" თემაზე იყო. სხვა ჩემს ინტერვიუს ვერ იპოვით.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...განვითარების, საკუთარ თავზე მუშაობა ჩემი ცხოვრების წესია. როდესაც ვატყობ, რომ ერთ ადგილზე გავჩერდი, ძალიან არ მომწონს და ვცდილობ ავმოძრავდე, რაღაც ახალი გავაკეთო.
- მომავალში რომელ პროფესიაში უფრო ხედავთ საკუთარ თავს?
- სამსახიობო მიმართულებით. ვაპირებ, ამ პროფესიაში განვვითარდე, ცოდნა მივიღო, დავიხვეწო, მაგრამ სამართლის მიმართულებითაც ვაგრძელებ სწავლას.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ემპათიური ვარ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...იმავეს დავასახელებ - ემპათიურობა. ეს თვისება ხშირად მაზარალებს კიდეც, მაგრამ ჩემში მაინც მიყვარს.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ჯერ ვერაფერი.
- ბევრი შეცდომა გაქვთ დაშვებული?
- გააჩნია ვინ რას უწოდებს შეცდომას. შენზეა დამოკიდებული, რას დაარქმევ შეცდომას და რას - გამოცდილებას.
- არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეცდომის დაშვების ეშინიათ, ამ მიზეზით ხშირად უჭირთ ნაბიჯის გადადგმა, ახალი საქმის წამოწყება.
- დიახ, ეს თვისება საკუთარ თავში მეც აღმომიჩენია. კომფორტის ზონიდან გასვლა დიდ სტრესთან ასოცირდება. ამიტომ ვცდილობ, ბევრ რამეს მარტივად შევხედო და გარკვეულ ქმედებებს შეცდომა კი არა, გამოცდილება დავარქვა.
- პატიება შემიძლია...
- ...ყოველთვის ყველაფრის. ისეთი ამბავიც კი შემიძლია ვაპატიო ადამიანს, რამაც ძალიან დამაზარალა. ზოგჯერ საკუთარი თავის მიკვირს, ასეთ ადამიანებს იმდენად კარგად ვხვდები ხოლმე. წყენა მარტივად მავიწყდება, მაგრამ არ ვიცი, ეს თვისება კარგია თუ ცუდი?
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...მინდა მე და ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს ყველაფერი კარგად გვქონდეს, ამიტომ ჩემს მომავალში მათ ყოველთვის ვითვალისწინებ.
- ვიბნევი...
- ...მარტივად. განსაკუთრებით მაშინ, როცა უცხო გარემოში ან ბევრ ხალხში ვხვდები.
- ვნანობ...
- ...განათლებას იმდენი დრო არ დავუთმე, რამდენიც შემეძლო დამეთმო, ვნანობ სიზარმაცეს. ზოგჯერ სწავლის ნაცვლად პრიორიტეტად სხვა რამეები დამიყენებია.
- მეზარება...
- ...ყველაფერი (იცინის), მთელი ცხოვრება ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ. მეზარება ყველაფერი, რასაც ჩემი კომფორტის ზონის დარღვევა შეუძლია, მაგრამ გაცნობიერებული მაქვს ჩემში ეს თვისება და სულ ვებრძვი. საქმის დაწყება მიჭირს, თორემ მერე დაუზარლად ვაკეთებ. პირველი ნაბიჯის გადადგმა არის ყოველთვის ჩემი პრობლემა.
- სიყვარული ეს...
- ...არის ძალიან რთული ასახსნელი რამ, ბევრმა სცადა მისი ახსნა, მაგრამ... ჩემთვის სიყვარულია ადამიანის მიღება ისეთის, როგორიც არის.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ძალიან პატარა ვიყავი და მაგას სიყვარულს ვეძახდი. ძალიან ბედნიერი, ლაღი ვიყავი. ერთმანეთი გვიყვარდა. სკოლის ასაკიდან ერთად მოვდიოდით, ჩვენი ურთიერთობა 4 წელი გაგრძელდა. მეგობრებიც ვიყავით, შეყვარებულებიც, ერთმანეთს ბევრ რამეში დავეხმარეთ და წინ წავწიეთ. მერე გავიზარდეთ და ის თავისი გზით წავიდა, მე - ჩემით. ეს ურთიერთობა დასრულდა.
- დასრულება მტკივნეული იყო?
- რა თქმა უნდა, პირველი გამოცდილებისთვის ძალიან მტკივნეული იყო. ზოგადად ადამიანის გაშვება შენი ცხოვრებიდან ყოველთვის მტკივნეულია.
- ახლა შეყვარებული....
- ...არ ვარ.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენონ...
- ...ჩემმა კატებმა. ცხოველები ძალიან მიყვარს.
- მაკვირვებს...
- ...უკვე აღარაფერი, ყველაფრისთვის ღია ვარ. რამე თუ გამაკვირვებს, მერე მაგ ამბავსაც ვიღებ, როგორც მოცემულობას.
- ვრისკავ...
- ...მაშინ, როცა ერთ ადგილზე ვარ გაყინული და ვგრძნობ, რომ რაღაც ახალი უნდა დავიწყო და გავაკეთო.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ემპათიურობაა. ეს ერთდროულად ძალაც არის და სისუსტეც. მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანების მაინც მჯერა.
- ბოლოს ვიტირე...
- ...ცოტა ხნის წინ. ხშირად მეტირება, 10 წელი მუსიკას ვერ ვუსმენდი, სევდიანი მელოდია ყოველთვის მატირებდა. ახლა ასე აღარ ვარ, მაგრამ მაინც ძალიან ემოციური გახლავართ. არც სიხარულის და არც მწუხარების გამოხატვის არ მეშინია.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ძალიან მრცხვენია, ვწითლდები.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...დაგვიანების გამო. არ მინდა, არაპუნქტუალური ვიყო, მაგრამ ზოგჯერ დროის მენეჯმენტში მიჭირს. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა არის გაღვიძება. ჩემმა ტვინმა თუ არ გადაწყვიტა, რომ უნდა გავიღვიძო, გონში ვერ ვვარდები. სანამდე დედასa და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი, ჩემი გაღვიძების მეთოდები ჰქონდათ შემუშავებული. ხან საწოლიდან ძალით მაყენებდნენ, მაწვებოდნენ, ხან ყინულებს მაყრიდნენ. ახლა მარტო ვცხოვრობ და გამღვიძებელიც არავინ მყავს. როცა ვიცი, დილის საათებში მაქვს გადაღება, იმ ღამეს საერთოდ არ ვიძინებ და გათენებას ველოდები. თორემ ადვილი შესაძლებელია, დილით ვერ წავიდე. ასეთი შემთხვევა მქონდა, ფინალურ გამოცდაზე ჩამეძინა, ერთხელ სეტზე დამაგვიანდა და ძალიან შემრცხვა.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...არაფერს. საერთოდ არავის გარეგნობაში არაფერს შევცვლიდი.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ბევრი რამ, მაგალითად, ყველა ადამიანს არ უნდა დავუჯერო. გაცნობისას ადამიანი საკუთარ თავს როგორც წარმოგიდგენს, ეგ მისი საუკეთესო ვერსიაა. მე კი დღემდე ვერ ვისწავლე, რომ ეგეთად არ უნდა აღვიქვა.
- თავისუფლება არის...
- ...შენი თავის მიღება, შეცდომებით, თვისებებით. ამას თუ შეძლებ, მგონია, რომ მერე სხვასაც არ შეზღუდავ. ესაა ჩემი თავისუფლება, მას ჩარჩოები მაინც აქვს. როგორც კი სხვის თავისუფლებას შევეხები, ჩემი თავისუფლება იქ დამთავრდება.
- როცა მარტო ვარ...
- ...ვტკბები მარტოობით, მუსიკას ვუსმენ, ხმამაღლა ვმღერი, ბედნიერი ვარ, ეს მდგომარეობა მომწონს.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ვნერვიულობ და ძალიან განვიცდი, მაგრამ ნებისმიერი სირთულის გადატანაში ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩემი ცხოველები მეხმარებიან.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ჩემი თავის ფასი უნდა ვიცოდე. თითქოს ზედაპირულად ნათქვამია, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამის განმსაზღვრელია.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...ნუ შევიზღუდავთ საკუთარ თავს, ნუ დავუწესებთ სტანდარტებს, როგორები უნდა ვიყოთ ან არ ვიყოთ, ნუ შევეხებით სხვის თავისუფლებას!
- თინი, სერიალში "ბოლო სეზონი" საინტერესო როლი გაქვთ, ნუცა როგორ გახდით?
- იმ ადამიანებს, რომლებსაც სერიალში კასტინგის მიმართულება აბარიათ, ბაზაში ჰქონდათ ჩემი მონაცემები, პერიოდულად რეკლამებზე მირეკავდნენ. სერიალის გადაღება რომ გადაწყდა, დამიკავშირდნენ, მივედი, გავისაუბრეთ და როლზე დამამტკიცეს. ამ სერიალმა დიდი გამოცდილება დამიგროვა. მე ხომ პროფესიით მსახიობი არ ვარ. ამ პროექტზე მუშაობისას, ბევრი ამ საქმის პროფესიონალი გავიცანი, მათგან საინტერესო რჩევები, დარიგებები მოვისმინე და მაქსიმალურად ვეცადე, გამომეყენებინა.
- როგორ მიიღო ნუცა მაყურებელმა?
- სერიალს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა, მაყურებელმა შეიყვარა, მეორე სეზონის გადაღებებიც უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა გმირმა (ლევანმა) ჩემს პერსონაჟთან მეუღლეს უღალატა და მაყურებლის ნაწილი ამ პერსონაჟს აკრიტიკებდა, მაინც ვგრძნობ, რომ მაყურებელს შევუყვარდი.
- ძალიან კარგი და შთამბეჭდავი გამოვიდა ის სცენა, რომელიც წყალში გადაიღეთ...
- მართლა? მიხარია, ეს რომ მესმის. რთულად გადასაღები სცენა იყო. ბევრი ფიქრი და ემოცია გავიარე. იქ ვერ ვიტყოდი, მეშინია, წყალში ვერ ჩავხტები-მეთქი. არადა, ძალიან მეშინოდა სიღრმის, მეშინოდა ფეხზე რამე არ მომდებოდა, წყალი ძალიან ცივი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემში დავძლიე და ვითამაშე.
- ნუცას რით ჰგავხართ და რით განსხვავდებით?
- ნუცა ჩემზე მეტად გაბედულია. ცხოვრებაში მე უფრო მეტი შიშები მაქვს, ვიდრე - ნუცას, თუნდაც მანქანის სწრაფად ტარების. ნუცა ადრენალინის მოყვარულია, ურთიერთობებშიც ბევრი რამ "ფეხებზე ჰკიდია". ნუცასნაირი გოგონები ძალიან მომწონს. საერთო რა მაქვს ნუცასთან? - თავისუფალი ენერგეტიკა.
თამუნა კვინიკაძე