"ახალი სიტყვების გამოგონებაა საჭირო იმისთვის, რომ აღვწერო ყველაფერი, რაც ჩემში ხდება" - გზაპრესი

"ახალი სიტყვების გამოგონებაა საჭირო იმისთვის, რომ აღვწერო ყველაფერი, რაც ჩემში ხდება"

"სახელზე ოჯახში მსჯელობა არც ყოფილა, ბავშვის სქესი რომ გავიგეთ, თითქოს ყველანი უსიტყვოდ შევთანხმდით", - ამბობს ახალბედა მამა და ემოციებს გვიზიარებს.

- ზუკა, გილოცავ, ახლახან მამა გახდი, როგორია ცხოვრება ახალი სტატუსით, ემოციები გაგვიზიარე.

- ძალიან გამიჭირდება გადმოვცე, როგორi ემოციებიც მაქვს. იმის დაჯერება, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მგონი დღემდე მიჭირს. ახალი სიტყვების გამოგონებაა საჭირო იმისთვის, რომ აღვწერო ყველაფერი, რამაც ცხოვრება მთლიანად უკეთესობისკენ შეიცვალა.

- მამობა იმაზე ამაღელვებელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგედგინა?

- მიახლოებულადაც ვერ წარმოვიდგინე, თავს როგორ ვიგრძნობდი. სანამ პატარას არ დაინახავ, ხელში არ დაიჭერ, ვერც გაიაზრებ, როგორი ბედნიერებაა ეს ყველაფერი. ამ დიდ სიხარულს ცოტათი სევდაც ახლავს, პატარა გიოს დაბადებას მამაჩემი რომ ვერ მოესწრო. სახლშიც ვლაპარაკობთ ხოლმე, ეს მისთვის რამდენად დიდი ბედნიერება იქნებოდა. ამაზე სულ გვეფიქრება, მაგრამ მჯერა, ჩვენი ოჯახის წევრები სადაც არიან, იქიდანაც გვხედავენ.

- სახელის შერჩევაზე ალბათ არც გიფიქრიათ.

- სახელზე ოჯახში მსჯელობა არც ყოფილა, ბავშვის სქესი რომ გავიგეთ, თითქოს ყველანი უსიტყვოდ შევთანხმდით, რას დავარქმევდით.

- გაგვაცანი, როგორი ბიჭია გიო ხუციშვილი?

- ჯერ ძალიან პატარაა, 2 კვირის, ცოტათი მტირალაა, დიდი ლოყები აქვს და სულ სძინავს. ხასიათით ჯერ ჩვენც არ ვიცით, როგორი ბიჭია. სიცილს რომ დაიწყებს და რაღაცებს რომ ისწავლის, მერე ვნახოთ, როგორ თვისებებს გამოaვლენს. რაც უმთავრესია, გიო ჯანმრთელი ბავშვია, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ამ ცხოვრებაში ყველაფერი დანარჩენი მიდის და მოდის, მთავარია ჯანმრთელი იყოs. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ დღეების არის, ძალიან აქტიურია. ექიმებს გაუკვირდათ, უკვე ხოხვას იწყებს, ხელის მოჭერას.

- გგავს?

- ასე ამბობენ, მაგრამ ყოველდღე იცვლება, სულ სხვადასხვანაირია, ყველას ვამსგავსებთ.

zuka-1719306859-1721638850.jpg

- გიოს დაბადებას დაესწარი?

- რა თქმა უნდა და ამ დღის შემდეგ, ჩემი მეუღლე და საერთოდ ყველა ქალი სხვაგვარად დავაფასე. რამდენად დიდ სირთულეს გადის ქალი. სასწაულია ის, რაც ქალის ორგანიზმში ხდება, სასწაულია ახალი სიცოცხლის დაბადება.

- ინერვიულე?

- თითქოს ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ამიტომ დიდად არ მინერვიულია. მართლაც, როგორც ვიფიქრე, ყველაფერი ისე წავიდა. პირველად რომ დაიყვირა, მისი ხმა რომ გავიგonე, იმ ემოციას ალბათ ვერც ვერასდროს გადმოვცემ. ამ დღის შემდეგ, ბევრი რამ გადავაფასე.

- რა პიროვნული თვისებებით გინდა, გიოს რომ დაემსგავსოს?

- მამაჩემის ქება ჩემი მხრიდან ცოტათი უხერხულია, მაგრამ მისი ნახევრის გაკეთებას თუ შევძლებ, რაც მამამ ნაადრევი გარდაცვალების მიუხედავად შეძლო და მოასწრო, ბედნიერი ვიქნები. მინდა და ვეცდები, გიოს გაკვეთილები ჩემს შვილს გადავცე, მისი ცხოვრების შესახებ ვუამბო. მინდა, ისეთი კაცი გაიზარდოს, როგორიც მისი ბაბუა იყო. იმ სიცარიელეს, რომელიც გიოს წასვლამ დაგვიტოვა, ალბათ ვერაფერი შეავსებს, მაგრამ ახალი სიცოცხლის დაბადებამ ცოტათი შეავსო. სულ მაქვს შეგრძნება, რომ მამაჩემი ისევ ჩვენ გვერდით არის. დღემდე ქუჩაში ისე არ გავსულვარ, ერთი ადამიანი მაინც არ ჩამეხუტოს და მამაჩემი არ გაიხსენოს, გიო ვერ ვიგრძნო სხვა ხალხში, მისი დათესილი სიკეთეები დღემდე მხვდება, ეს შვილისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ახლა მის ოჯახში პატარა დაიბადა, მისი მოსახელე, მოგვარე და ასმაგად ვგრძნობ, რომ სულ ჩვენთანაა. შანსი არ არის, იმას ვერ ხედავდეს და ვერ გრძნობდეს, რაც ახლა ჩვენს გულებში ხდება.

- მაია ბებოსთვის განსაკუთრებით ემოციური იქნება, არა?

- დედაჩემი მეცხრე ცაზეა სიხარულისგან, ცხოვრებაში ახალი სტიმული მიეცა; დიდი ტკივილის შემდეგ, ამ ამბავმა გააცოცხლა. ახლობლებსაც ერთი სული აქვთ, როდის მოვლენ, ჩაეხუტებიან. ჩვენს სახლში ახალი ცხოვრება დაიწყო, მაგრამ ძალიან ჰგავს იმას, რასაც გიო აკეთებდა. ჩვენს სახლში ისევ სიყვარულია.

- ამ ინტერვიუსთვის დროის გამონახვა გაგიჭირდა, იმ მიზეზით, რომ სულ ბავშვთან იყავი. მის მოვლაში ასეთი ჩართული ხარ? ამ პროცესზე მიამბე.

- როცა შინ ვარ, ყველა წუთი ჩემს შვილს ეკუთვნის. თან კონცერტები მაქვს და მიწევს ხოლმე გასვლა. პამპერსსაც ვუცვლი, საკვებსაც ვაძლევ, ჭამის შემდეგ, ვიცი, როგორ უნდა დავაწვინო. ყველაფერს ვსწავლობ. ამ 2 კვირის განმავლობაში, სულ 2 დღე არ ვიყავი პატარასთან ერთად. იმის მიუხედავად, რომ მომვლელები არ აკლია, დედა და ბებიები თავს ევლებიან, მაინც ვცდილობ, მაქსიმალურად ვიყო ჩართული და სულ ხელში მყავდეს. გარეთ რომ გავდივარ, სულ მენატრება. იყო პერიოდი, როცა ღამეები არ გვეძინა, მაგრამ ეს უძილობაც დიდი ბედნიერება იყო.

- ბევრს ახალშობილის ხელში დაჭერაც კი უჭირს.

- დაბადებისთანავე ავიყვანე. ვფიქრობ, სხვა პატარის დაჭერა შეიძლება მეც გამიჭირდეს. შენი რომ არის, მისaდმი სხვა გრძნობა გაქვს.

428614625-10229466011293727-7252306195159973854-n-1721638864.jpg

- გიოს ნათლიები ვინ იქნებიან?

- ჩვენი მეჯვარეები მონათლავენ, მაგრამ ახლა ახალი წესია მგონი, არ შეიძლება, რამდენიმე ნათლია ჰყავდეს. ყველა დეტალს მამაოსთან გავივლი და როგორც წესია, ყველაფერს ისე გავაკეთებ. ზაფხული რომ ჩაივლის, მონათვლას მერე ვგეგმავთ. ჯერ ყველას პატარა შოკი გვაქვს, თითქოს ძილბურანში ვართ. წინ ბევრი საინტერესო და სასიამოვნო ემოცია გველოდება.

- კიდევ ერთხელ გილოცავ და გისურვებ ჯანმრთელი და ბედნიერი ბიჭი გაიზარდოს!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე