ფეხბურთელი გოგოს მოედანზე განცდილი ემოციები
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში მწვრთნელის - ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრები 0:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მატჩის 88-ე წუთზე მაიკო ბებიამ, 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა.
გაიცანით მაიკო ბებია - გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი საქმე. ის თავად გვიამბობს, რა გზა გაიარა დღევანდელ დღემდე და რა განცდაა გამარჯვების გოლის ავტორობა?
- მაიკო, შენ და ქალთა ეროვნულ ნაკრებს გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! გამარჯვების გოლი თამაშის 88-ე წუთზე გაიტანე. მიამბე, რა განცდა იყო ეს შენთვის?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ყურადღებისთვის. როდესაც გავიგე, 11-მეტრიანი დარტყმა მე უნდა შემესრულებინა, თავიდან ცოტათი ავნერვიულდი, ბოლო წუთები იყო, დიდი გახლდათ იმის ალბათობაც, რომ გუნდს სხვა გოლის გატანის საშუალება აღარ მისცემოდა. ბურთი რომ ავიღე და კარს შევხედე, დავმშვიდდი, თანაგუნდელების თანადგომა ვიგრძენი, დამეუფლა შეგრძნება, რომ მათ იმედს არ გავუცრუებდი. ჩემ უკან ხალხი იდგა, ვისაც ჩემი სჯეროდა და 11-მეტრიანის გაფუჭების უფლება არ მქონდა. გოლის გატანისას, ჩემს გულში დიდი სიხარული იყო, დანარჩენი არაფერი მახსოვს, იმდენად ემოციური მომენტი გახლდათ, გონება გამეთიშა. ამ გოლს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ვეცადე უპასუხოდ არავინ დამეტოვებიან. ახლაც ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა გულშემატკივარს მადლობას გადავუხდი. მადლობას ვეტყვი იმ ადამიანებსაც, ვისაც ჩვენი არ სჯერა და სულ გვაკრიტიკებს. სხვათა შორის, ეს ადამიანები ჩვენი მოტივაციის წყარო არიან.
- რა ან ვინ გაძლევს ყველაზე დიდ სტიმულს შენს საქმეში?
- ოჯახის წევრები და სტადიონი.
- სტადიონზე რა ენერგეტიკაა?
- სახლის ენერგეტიკაა, განცდა იგივეა.
- ფეხბურთით როდის დაინტერესდი, თამაში რა ასაკში დაიწყე?
- 7 წლის ვიყავი, ფეხბურთით რომ დავინტერესდი, ჩემი ძმა და მეგობარი უბანში ხშირად თამაშობდნენ. მე გოგო მეგობარი არ მყავდა და მთელ დროს ბიჭებთან ვატარებდი. ისინი კი უმეტესად ფეხბურთს თამაშობდნენ. მერე მეც მათთან ერთად დავიწყე თამაში.
- არ გეუბნებოდნენ, გოგო ხარ და ჩვენთან ერთად ვერ ითამაშებო?
- არა, მთელი დღე მათთან ერთად ვიყავი. რა თქმა უნდა, მათი უპირატესობა იგრძნობოდა, თან ასაკით ჩემზე უფროსები იყვნენ.
- მშობლები რას გეუბნებოდნენ?
- მოსწონდათ, ფეხბურთით რომ დავინტერესდი, შემდეგ გუნდშიც მიმიყვანეს.
- გაგმართლებია, არა?
- დიახ. ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახი გოგოს ფეხბურთელობას მხარს არ უჭერს, ეს სტერეოტიპი საქართველოში დღემდე არსებობს.
- მგონი, იმსხვრევა.
- ძალიან კარგი იქნება, ასე თუ მოხდება. მე მსგავსი პრობლემა არასდროს მქონია. ჩემი ფეხბურთელობა განსაკუთრებით მამას უნდოდა. ჩემი ძმა 23 წლის არის, ადრე ფეხბურთს ისიც თამაშობდა, მაგრამ საკუთარი თავი ხელოვნებაში იპოვა და ახლა მოქანდაკეა.
- ჩხოროწყუში დაიბადე და გაიზარდე. მწვრთნელთან ვარჯიში რომ დაიწყე, მაშინ გოგონების გუნდი არსებობდა?
- არა, 9 წლის ვიყავი, მწვრთნელთან ვარჯიში რომ დავიწყე და რადგან ქალთა გუნდი არ არსებობდა, ბიჭებთან ასაკობრივ გუნდში ჩამსვა, სადაც მხოლოდ 1 გოგო ვიყავი.
- თავად ბიჭები ამ ფაქტს როგორ შეხვდნენ?
- იმდენად კარგად ვთამაშობდი, განსხვავება არც იგრძნობოდა. ხშირად მეკითხებოდნენ, - მართლა გოგო ხარო?
- როგორ პირობებში გიწევდათ ვარჯიში?
- ჩემთვის ცალკე გასახდელი იყო გამოყოფილი. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა ისეთი მოწესრიგებული არ იყო, როგორიც დღეს არის, მაგრამ გუნდს მცირე საშუალება მაინც ჰქონდა. თავიდან ვარჯიშზე მშობლები დამყვებოდნენ, 1 წლის მერე კი სკოლის შემდეგ ვარჯიშზე მარტო მივდიოდი, ხან ჩემს თანაკლასელთან ერთადაც მიწევდა წასვლა. ჩხოროწყუ პატარა რაიონია, გუნდელები ერთი ოჯახივით ვიყავით, ვმეგობრობდით.
- ფეხბურთისთვის თავის დანებება არასდროს გიფიქრია?
- არა.
- არც დამღლელი ვარჯიშების, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური გადაღლილობისას? სპორტსმენებს ხომ სირთულეების, წინააღმდეგობების დაძლევა მუდმივად გიწევთ.
- როცა რაღაც არ გამომდიოდა, მეტს ვშრომობდი, რათა გამომსვლოდა, უკან დახევა თავში აზრად არ მომსვლია. ადრე მქონდა პერიოდი, რაღაცას ავიკვიატებდი, მინდოდა მეც გამეკეთებინა, "იუთუბში" ვიდეოებს ვუყურებდი. თავიდან პირველ ორ ცდაზე არ გამომდიოდა, მაგრამ სტადიონზე ვარჯიშის შემდეგ საათობით ვრჩებოდი და მანამდე არ გავდიოდი, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევდი. ზოგჯერ შეიძლება 50 ცდაზეც არ გამომსვლოდა, მაგრამ არ ვნებდებოდი. ამან განაპირობა ის, რომ დღეს ბურთთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
- შენთვის სასურველი და უფრო მოსახერხებელი, მოედანზე რომელ პოზიციაზე თამაშია?
- თავიდან მარჯვენა ნახევარმცველი ვიყავი. დღეს ცენტრალური შემტევი ნახევარმცველის პოზიცია მომწონს, უმეტესად შეტევაში მარჯვნივ ან მარცხნივ მათამაშებენ.
- არაერთი მატჩი გაქვს ნათამაშები. დღეს რა შეგიძლია თქვა, ყველაზე ამაღელვებელი რომელი თამაშები იყო?
- ამ შეკითხვაზე პასუხს ორ ნაწილად გავყოფ. ყველაზე ამაღელვებელი 2 მატჩი მახსოვს; ერთი ცუდი გაგებით, მეორე - კარგი. პირველი ეს 3 წლის წინ იყო, ირლანდიის ნაკრებთან გასვლითი თამაში გვქონდა, ეს ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი იყო ნაკრებში. სამწუხაროდ, იმ პოზიციაზე არ მომიწია თამაშმა, სადაც ვთამაშობ ხოლმე, ამის გამო ვინერვიულე, თან 18 წლის ვიყავი და ამ ემოციის ფონზე ავტოგოლი გავიტანე, პენალტიც "ავიკიდე" და თან, ამ თამაშში წითელი ბარათიც მომცეს. ეს მატჩი, სამწუხაროდ, გონებაში ასე ცუდად დამრჩა. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს კარიერაში. ყველაზე კარგად კი ლიეტუვასთან მატჩი გამახსენდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორ შესრულდებოდა 11-მეტრიანი დარტყმა, რამდენად დიდი სიხარულის მოტანა შეეძლო ამ გოლის ავტორს ჩვენი ქვეყნისთვის. ბედნიერი ვარ, რომ 11-მეტრიანის დარტყმა მე მომანდვეს.
- გადაღლილობის შემდეგ, ენერგიის აღდგენას როგორ ახერხებ?
- დასვენების დღეებში ვცდილობ, კარგად გამოვიძინო. როცა შეკრება გვაქვს, საუკეთესო საშუალება ყინულის აბაზანებია. ყინულის აბაზანაში რამდენიმე წუთით ჩასვლა კუნთებისთვის ძალიან კარგია.
- ფსიქოლოგიურად რა გაძლიერებს?
- სპორტსმენები ფსიქოლოგიურად უფრო ხშირად ვიღლებით, მაგრამ მოტივაციის წყარო გვაქვს და ეს გვაძლევს საშუალებას, ძალები აღვიდგინოთ.
- თამაშის პარალელურად სადმე თუ სწავლობ, განათლებას იღებ?
- სპორტის უნივერსიტეტში სამწვრთნელო ფაკულტეტზე ვსწავლობ. უნივერსიტეტს იმდენ დროს ვერ ვუთმობ, როგორც ფეხბურთს, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობ. წლების შემდეგ, კარიერას რომ დავასრულებ, მინდა მწვრთნელის საქმიანობა დავიწყო.
- შენთვის, როგორც მოთამაშისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია რა ხდება ტრიბუნაზე? გულშემატკივარს გუნდის წარმატებაში რა როლი აქვს?
- 3-4 წლის წინ, ქალთა ნაკრების თამაშებს ფეხბურთელების ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ. სასიხარულოა, ახლობლები რომ გგულშემატკივრობენ, მაგრამ გულდასაწყვეტია, როცა ტრიბუნაზე ცოტა ხალხს ხედავ. შენ ამ დროს შენი ქვეყნისგან მხარში დგომა და გულშემატკივრობა გჭირდება. ახლა სიტუაცია შეიცვალა, საქართველოში როცა ვთამაშობთ, ქომაგები ხშირად დადიან, მთელი თამაშის დროს არ ჩერდებიან, ეს ჩვენ უდიდეს ძალას გვაძლევს. გულშემატკივარი ხომ მე-12 მოთამაშეა.
- გუნდის წევრები აეროპორტში გულშემატკივრების დახვედრას რამდენად ელოდით?
- დახვედრას ნაკლებად ველოდით. რომ გამოვედით და ამდენი ადამიანი დავინახეთ, ძალიან გვესიამოვნა. ამ ყველაფერმა იმაზე დაგვაფიქრა, რომ ის შრომა და ენერგია, რაც ჩვენ ამ საქმეში ჩავდეთ, მათ გამო ნამდვილად ღირდა.
- ფეხბურთელობა ოდესმე ბულინგის თემა ყოფილა?
- არა, ბიჭებისგანაც კი ყოველთვის საქებარ სიტყვებს ვისმენდი, როგორც გოგო ფეხბურთელი. ვიცი, ბევრმა რთული გზა გაიარა, აქამდე რომ მოსულიყო.
- ვაჟთა ეროვნულ ნაკრებში ფავორიტი ფეხბურთელი თუ გყავს.
- რა თქმა უნდა.
- გაგვიმხელ?
- გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი გველესიანი და ზურიკო დავითაშვილი. გიორგი გველესიანმა ძალიან გამახარა.
- რას გულისხმობ, მაისური რომ გამოგიგზავნა?
- დიახ. როდესაც მისი თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად ვნახე, ძალიან მომეწონა, მისი პროფესიონალიზმით მოვიხიბლე. მინდოდა, მისი მაისური მიმეღო და მეგობარს ვთხოვე, დაკავშირებაში დამხმარებოდა, მაისური რომ გამოეგზავნა. გიორგიმ უყურადღებოდ არ დამტოვა, მაისური მაჩუქა და პატარა ვიდეომიმართვაც ჩამიწერა.
- ეს სამოტივაციო ვიდეოა?
- დიახ, მომიკითხა, წარმატებები მისურვა და გულშემატკივრობისთვის მაისური გამომიგზავნა.
- მის განცხადებას: ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად მგონია, მაგრამ ჩვენი ქალთა ეროვნული ნაკრები ისე თამაშობს, შეიძლება აზრი შევიცვალოო, საზოგადოების ნაწილისგან დიდი კრიტიკა მოჰყვა. შენ რა რეაქცია გქონდა, როდესაც მისგან ეს სიტყვები მოისმინე?
- მე არ მწყენია. რადგან ჩვენი თამაში ასე შეაფასა, რომ შეიძლებოდა აზრის შემცვლელიც კი ყოფილიყო, მესიამოვნა კიდეც, ხაზი პროგრესს გაუსვა. თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოხატოს, ჩვენ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. შეიძლება ბევრს არ ესიამოვნა, მაგრამ რაც უნდა იყოს, ადამიანს ერთ დღეს რომ აქებ, მეორე დღეს ასე უბრალოდ არ უნდა გადაუარო.
- პირად ცხოვრებაზე მინდა გკითხო, შეყვარებული ხარ?
- არა. ახლა მთლიანად კარიერაზე ვარ გადართული. პირად ცხოვრებას დიდი დროს არ ვუთმობ.
- როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომელიც დაგაინტერესებს?
- აუცილებელია უყვარდეს ფეხბურთი და სასურველია, შეეძლოს მზარეულობა.
- ფეხბურთის სიყვარული გასაგებია, მაგრამ მზარეულობა, რატომ?
- ჩემთან ერთად თუ იცხოვრებს, სასურველია, შინ ვარჯიშის შემდეგ დაღლილი რომ დავბრუნდები, თავის გამზადებულ კერძს თუ დამახვედრებს.
- სამზარეულოში ისეთი ძლიერი ხარ, როგორც მოედანზე?
- არა, სამზარეულოსთან ვერ "ვმეგობრობ".
- რას ეტყვი გოგონებს, რომლებიც ახლა იჩენენ ინტერესს ფეხბურთისადმი, ახლა დგამენ ამ სპორტში პირველ ნაბიჯებს?
- სჯეროდეთ საკუთარი თავის, ბევრი ივარჯიშონ, დაუღალავად იშრომონ, დაბრკოლებისა თუ სირთულის მიუხედავად, საყვარელ საქმეზე ხელი არ აიღონ, ბოლომდე მიჰყვნენ და დიდ წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ!
- მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებ!
- დიდი მადლობა!
წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა, პლეი-ოფის ორმატჩიან ეტაპზე, ქალთა ეროვნული ნაკრების მეტოქე ირლანდიის ნაკრები იქნება. ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის მეორე, გადამწყვეტ ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
"ევრო 2025"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩები 23-დან 29 ოქტომბრამდე გაიმართება, ხოლო მეორე ეტაპის მატჩები 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე. ევროპის ჩემპიონატი 2025 2-27 ივლისს, შვეიცარიაში გაიმართება.
თამუნა კვინიკაძე