"პრაიმ ჰაუსს" არც ჩხუბი, კამათი აკლია, რაც პარლამენტში ხდება" - გზაპრესი

"პრაიმ ჰაუსს" არც ჩხუბი, კამათი აკლია, რაც პარლამენტში ხდება"

საბოლოო ჯამში, ნახევარფინალისტი აღმოჩნდა. მართალია, შოუს ფინალში ვეღარ გადავიდა, მაგრამ შემაჯამებელ სეზონში მონაწილეობით კმაყოფილი გახლავთ...

- მიშო, როგორ ხარ?

- თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მესამე სეზონში პროექტი პირველმა დავტოვე, ახლა კი - ლამის ბოლომ, რაც ძალიან დიდ პროგრესს ნიშნავს. ეს იმის მაგალითია, რომ ადამიანებმა ფარ-ხმალი არ უნდა დაყარონ. თუ 1 კარი დაიხურა, ეს იმიტომ, რომ კიდევ 10 კარია გასაღები. შემთხვევით არ იხურება კარი თუ შანსი... ფინალში გადასვლამდე ძალიან ცოტა, სულ რაღაც 6000 ხმა დამაკლდა. ჩემი გულშემატკივრები ბოლოსაც მობილიზდნენ, როცა ნახევარფინალში აუტსაიდერის სკამზე ვიჯექი. იყო საუბარი, რომ ნახევარფინალამდე, როცა ხმის ლიდერი გავხდი, ეს ჩემი გულშემატკივრების ხმებით არ მომხდარა - სხვა დამეხმარა, თუმცა ნახევარფინალში ეს ეჭვი გაქარწყლდა, რადგან 15500 ხმა მივიღე.

- როგორი იყავი მესამე სეზონში მონაწილეობისას და ახლა?

- მესამე სეზონში, როცა პროექტი 2 კვირაში დავტოვე, ძალიან ბევრი ვიფიქრე. შეცდომები გავაანალიზე, მიუხედავად იმისა, რომ შოუს უიღბლობის გამო უფრო "გამოვეთიშე", ვიდრე შეცდომების. ახლა პროექტში უკვე ნაფიქრი, ახალი სტრატეგიით შევედი, რომ ბევრად მომთმენი ვყოფილიყავი, "წითელ ზღვრებს" არ გადავსულიყავი. ვფიქრობ, შევძელი, ჩემი თავი 90%-ით მაინც წარმომეჩინა. ხალხმა ჩემი იუმორი, პაროდიები გაიცნო, რისი ნიჭიც ბავშვობიდან მაქვს... "პრაიმ ჰაუსის" შემაჯამებელ სეზონში რომ შევედი, 20 წლის ვიყავი, 21-ის პროექტში მონაწილეობისას გავხდი. მონაწილეებმა გიტარა მაჩუქეს. ამ საჩუქრის იდეა სალომე უშხვანს ეკუთვნის. ეს გიტარა ჩემთვის მთელი ცხოვრება სიმბოლური საჩუქარი იქნება "პრაიმჰაუსელებისგან". პროექტში ჩემი მუსიკალური შესაძლებლობებიც წარმოვაჩინე. ზაქარია ფალიაშვილის ცენტრალური სამუსიკო სკოლა, ნიჭიერთა ათწლედი მაქვს დამთავრებული. საერთოდ, არ მეგონა, თუ "პრაიმ ჰაუსში" მუსიკალურ ნიჭს წარმოვაჩენდი, თუმცა პაატა თედიაშვილს შევპირდი, რომ ჩემს შესრულებას ოდესმე აუცილებლად მოვასმენინებდი. ჩემი მუსიკალური შესაძლებლობების პრეზენტაცია მისსავე "ფართიზე" მოხდა - ჰობოიზე დავუკარი.

- როგორ ფიქრობ, რეალითი შოუში სხვა მონაწილეებთან მეგობრობა შესაძლებელია?

- ამაზე სხვადასხვანაირი აზრი არსებობს, თუმცა შესაძლებელია და გასაკვირი აბსოლუტურად არ არის, რადგან თავად ვისთანაც ვმეგობრობდი და როგორი მეგობრობითაც შევედი შოუში, იმავე და უფრო გაუმჯობესებული მეგობრობით გამოვედი, მაგალითად - სალომე კაპანაძესთან, ნიკოლოზ ქართველთან, სალომე უშხვანთან, ასევე - პაატასთანაც, რომელთანაც მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ურთიერთობა ამერია, მასთან წარსულის სულიერი კავშირი მაინც მაქვს.

- როგორ ფიქრობ, შემაჯამებელი სეზონისთვის პროდიუსერებმა რატომ შეგარჩიეს?

- სხვათა შორის, თავდაპირველად, როცა დამირეკეს და მონაწილეობა შემომთავაზეს, ძალიან გამიკვირდა, რადგან მონაწილეებს შორის იყვნენ ნახევარფინალისტები, ფინალისტები, მე კი, როგორც იცით, მესამე სეზონი 2 კვირაში დავტოვე. - გაგიკვირდება და ბევრისთვის არც დაგვირეკავსო, - მითხრეს. რაღაცნაირად, იგრძნეს და დაინახეს ჩემში პოტენციალი...

- შეგიძლია გვითხრა, ვის გულშემატკივრობ?

- სამივეს გამარჯვება ძალიან გამიხარდება, მაგრამ განსაკუთრებულად - დიასასი, რადგან ზუსტად ვიცი, ყველაზე რთული სეზონი მისთვის გამოდგა: დიასა პროექტში დიდი "ჰეითით" შევიდა. მესამე სეზონი ჩემთვის წარუმატებელი იყო, დიასასთვის კი - წარმატებული, ახლა კი - დაძაბულობის მხრივ, დიასა ბევრად რთულ სიტუაციაშია, ვიდრე დანარჩენი მონაწილეები.

- შენთვის "წითელი ზღვარი" რა იყო, რასთან გამკლავებაც გიხდებოდა?

- პროექტში შესვლის დღიდან მოვიაზრებოდი სუსტად, მოწყვლადად, მართულად და ა.შ. რეალურად, ვიცოდი, რომ ამ თამაშში ბევრად მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყავი და არა - მარტივი პაიკი. ამას ბევრი ვერ ხვდებოდა და ამის მოთმენა ხშირად მიწევდა. რამდენიმე მონაწილე რაღაცნაირად, დამაკნინებელი ფორმით მომიხსენიებდა, თუმცა ამ მონაწილეებმა, ვინც ასეთი ეპითეტებით მამკობდნენ, პროექტი ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს, მე კი - შოუს ნახევარფინალში "გამოვეთიშე".

- წარმატებაში ხასიათის რომელი თვისება დაგეხმარა?

- შეცდომის გაანალიზების უნარი, ბევრი ფიქრი, სწორი სტრატეგია და ერთგულება.

- ერთგულება ვის, რის მიმართ?

- ყველას მიმართ, ვისთანაც ვმეგობრობდი, კარგი დამოკიდებულება და ურთიერთობა მქონდა. ურთულესია, რეალითი შოუში ერთგულება შეინარჩუნო, თუმცა პროექტი ისე დავტოვე, არავისთვის მიღალატია, არ მომიტყუებია და უეცრად არ გამინაწყენებია - ზურგში დანა არ ჩამირტყამს.

- აღნიშნავდი, გულშემატკივრების ჯგუფიც კი არ მყავსო. პროექტიდან გამოსული ხალხისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ? შენი პოპულარობის დონე გაიზარდა?

- ძალიან გაიზარდა. ამას ვხვდები, როცა ქუჩაში დავდივარ, თუმცა არ ვარ "ინფლუენსერი", "ფოლოვერებსა" და "ლაიქებზე" ორიენტირებული. სოციალურ ქსელებში არ ვაქტიურობ. "ტიკტოკის" გვერდიც კი არ მაქვს. შესაბამისად, სოციალურ ქსელში, გულშემატკივრების ჯგუფი ისევ არ მყავს. ნახევარფინალამდე ისე მივაღწიე, საგულშემატკივრო ჯგუფი არ მყოლია.

- როგორ მოხდა, რომ ახალგაზრდა ადამიანი სოციალურ ქსელში არ აქტიურობ?

- რაღაცნაირად, თითქოს ეს სფერო "ჩემი" არ არის. ამ მიმართულებით ძლიერი არ ვარ, რომ "ინსტაგრამზე" ან "ტიკტოკზე" კონტენტი შევქმნა. რაღაცნაირად, ვერ ვერგები. თუმცა, ხშირად ვაკეთებ რეკლამებს - ბარტერები, საინტერესო შემოთავაზებები მაქვს. ამ მხრივ, უკმაყოფილო არ ვარ.

- თუ სოციალურ ქსელებში არ აქტიურობდი, "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობამდე ხალხი საიდან გიცნობდა?

- თავდაპირველად, "კომედი ჯგუფში" ვიყავი, შემდეგ "მანსანკანში" ჩემმა გუნდმა (საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი) მოიგო, შემდეგ უკვე "პრაიმ ჰაუსში" შევედი... რეალითი შოუში მონაწილეობისას, მთელ ამ ბრძოლაში, რაც გამოვიარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მერე ყველაზე დიდი ენერგია და ნერვები დედაჩემმა "ჩადო", რომელიც 24 საათი მარტო იყო, რადგან მე და დედა ერთად ვცხოვრობთ.

- როგორ გიჭერდა მხარს?

- როცა აუტსაიდერი ვიყავი, 2-ჯერ 500 ლარით დამეხმარა. ემოციურად მხარს ძალიან მიჭერდა, ყველა "ლაივზე" დადიოდა და ჩემს ბრძოლაში გვერდით მედგა.

- ოჯახის სხვა წევრებზე რას გვეტყვი?

- მამა გარდაცვლილია. ჩემი და ამჟამად ბათუმში ცხოვრობს. დედა ძალიან კარგი დიასახლისია. ის რომ არ იყოს, ალბათ, სახლი სულ ყირაზე იდგებოდა (იცინის).

- თავად როგორ ეხმარები დედას?

- პრინციპში, სახლის საქმეებთან დაკავშირებით, არაფერში ვეხმარები, რადგან მე ჩემი საქმე მაქვს: სტუდენტი ვარ, ხშირად სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობა მიწევს, კალათბურთსაც აქტიურად ვთამაშობ. ბოლოს საკალათბურთო კლუბ "მართვეში" ვთამაშობდი. ყველაზე დიდი სიამოვნება ამ გუნდში თამაშით მივიღე. ახლა უნივერსიტეტის გუნდში ვარ...

- რეალურ ცხოვრებაში სუსტად თუ მიგიჩნევენ და გიწევს იმის დამტკიცება, რომ ასე არ არის?

- არა. რეალურ ცხოვრებაში, სამეგობროში, უნივერსიტეტში, სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის წამყვანი როლი მაქვს და იმის დამტკიცება არ მიწევს, რომ ძლიერი პიროვნება ვარ. თუმცა, "პრაიმ ჰაუსში" რომ შევედით, მონაწილეებმა თავიდანვე გადაანაწილეს მოთამაშეები სუსტებად და ძლიერებად. სუსტებად ის ხალხი მოიაზრებოდა, ვინც წინა სეზონებში პროექტი მალე დატოვა, თუმცა ახლა "სუსტები" ნახევარფინალისტი და ფინალისტებიც გამოდგნენ. პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ ძლიერი მოთამაშე ვიყავი.

357420611-3590608657886963-5670979322553949547-n-1722252670.jpg

- მიშო, სტუდენტმა გამოცდების საკითხი როგორ მოაგვარე? იმ პერიოდში, პროექტში მონაწილეობდი...

- აკადემიური მაქვს აღებული. სექტემბრიდან აქტიურ სწავლას ვიწყებ... როცა აკადემიურს ვიღებდი, ვფიქრობდი - პროექტი კიდევ 2-3 კვირაში რომ დავტოვო, როგორი წარუმატებელი ნაბიჯი იქნება, ფაქტობრივად, აკადემიურს ტყუილად ვიღებ-მეთქი. ძალიან გავრისკე... რეალურად, "პრაიმ ჰაუსში" 3 თვე და 3 კვირა ვიყავი, ანუ ძალიან წარმატებული აკადემიური ამიღია (იღიმის).

- უნივერსიტეტში რომელ პროფესიას ეუფლები?

- საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობ. პოლიტიკის სფეროში მუშაობა მინდა. რეალურად, "პრაიმ ჰაუსი" პოლიტიკაა: პროექტში იყო კოალიციები, მხარეები, წინასაარჩევნო კამპანია, ხალხი, ხმები, გაწირვა, ხმის მიცემა, პოლემიკა, დებატები... მოკლედ, იქაური სიტუაცია პოლიტიკისგან არაფრით განსხვავდება. როგორც პოლიტიკაში არიან სხვადასხვა პერსონაჟად ჩამოყალიბებულები, ასეა რეალითი შოუშიც. უბრალოდ, "პრაიმ ჰაუსში" თანამდებობები არ არსებობს. სხვა მხრივ, შეიძლება პოლიტიკისგან ვერც განასხვაო. "პრაიმ ჰაუსს" არც ჩხუბი, კამათი აკლია, რაც პარლამენტში ხდება - ყველა ხედავს...

- პოლიტიკოსები ხშირად იტყუებიან, ხალხზე მანიპულაციას ახდენენ... შენს შემთხვევაში, როგორ იყო საქმე?

- არანაირი სენსიტიური თემით არ ვმანიპულირებდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ასეთი თემა მაქვს. უბრალოდ, ჩემს ნომერს ვწერდი - ვისაც სურვილი გაქვთ, ხმა მომეცით, დამირეკეთ-მეთქი.

- მერე, პოლიტიკაში ასეთი მეთოდით მუშაობა გამოგადგება?

- კი, კი!.. ახლა დიდი პოლიტიკური გამოცდილება დავაგროვე და იმედია, როცა პოლიტიკის სფეროში წავალ, რეალითი შოუში მონაწილეობა დამეხმარება. შეიძლება, ხალხზე მანიპულირება არ მოახდინო, მაგრამ მხარი მაინც დაგიჭირონ, რადგან უბრალოდ, მოსწონდე, როგორც პოლიტიკური სუბიექტი ან თუნდაც, პიროვნება.

- შენს სიმპათიას რომელი პოლიტიკური მხარე, რომელი პოლიტიკოსი იწვევს?

- ახლა პოლიტიკური სიტუაცია ძალიან არეულია, თუმცა მგონია, რამდენიმე წელში პოლიტიკური ამინდი შეიცვლება და ამ ამინდის შეცვლის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვიქნები - ამის დიდი სურვილი მაქვს...

ეთო ყორღანაშვილი