"ჩვენი ქორწილის ვიდეოებს ინტერნეტსივრცეში 300 ათასზე მეტი ნახვა და უამრავი თბილი კომენტარი აქვს"
მოცეკვავე გიორგი ლოგუას და მისი ულამაზესი მეუღლის - ანა ჭუნაშვილის ქორწილის კადრები გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა... წყვილი თავის უკიდეგანო ბედნიერებასა და დიდ შემოქმედებით წარმატებებზე გულწრფელად გვესაუბრა...
გიორგი ლოგუა:
- 1996 წელს დავიბადე. 2014-ში ჩავირიცხე დიპლომატიურ ფაკულტეტზე საქართველოს უნივერსიტეტში, თუმცა ქართული ცეკვისადმი უზომოდ დიდი სიყვარულის გამო საბუთები კულტურის ინსტიტუტში, ქორეოგრაფიულ ფაკულტეტზე გადავიტანე. ჯგუფ "შარას" მსახიობ-მოცეკვავე, ანსამბლ "კავკასიას" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვარ... ცეკვა ჩემთვის ყველაფერია. ჩემი მეუღლე - ანა ჭუნაშვილიც მოცეკვავე და ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია, ერთმანეთს სწორედ ცეკვამ დაგვაკავშირა. უნივერსიტეტის ანსამბლში გავიცანი 2015 წელს, ახლა კი ოჯახიც შევქმენით. ანა არაჩვეულებრივად მღერის ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს. გამიმართლა, რომ მას შევხვდი ცხოვრების გზაზე.
- ახლახან დაქორწინდით... სოციალურ ქსელში გაზიარებულ თქვენს ვიდეოებს აღფრთოვანება მოჰყვა...
- ეს ყველაზე ემოციური და ძვირფასი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მანამდე ვღელავდი, ჩოხის შეკვეთა ცოტა დამიგვიანდა, რადგან არ ვიყავი ქვეყანაში, ანსამბლი მყავდა პირველ გასტროლზე და ვდარდობდი, მოასწრებდნენ თუ არა შეკვეთის შესრულებას. საბედნიეროდ, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა.
- დღეს ძალიან წარმატებული ხართ... როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორ გახსენდებათ დიდ სცენაზე პირველი გასვლა?
- პირველად 8 წლისა დავდექი სცენაზე, "ფარცა" შევასრულეთ. პირველი გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ემოციური და დაუვიწყარია... მერე საკუთარ თავზე ეტაპობრივად მუშაობ და თითოეული შემდეგი კონცერტი ახალ საშუალებას გაძლევს, რომ გააუმჯობესო საკუთარი შესრულება, უფრო შთამბეჭდავად წარდგე მაყურებლის წინაშე. საბოლოოდ კი პროფესიონალად ყალიბდები, რასაც სჭირდება უდიდესი მონდომება, შრომა, შრომა და შრომა!
- მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმყოფებოდით?
- ჩემთვის ყველა კონცერტი ძალზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. გასტროლებს რაც შეეხება, ყოველთვის დიდი ემოცია მოაქვს უცხოელი მაყურებლის აპლოდისმენტებს, ვინაიდან მათთვის უცხო და გასაოცარია ჩვენი კულტურა. მახსოვს, ჰოლანდიაში იყო ქალბატონი, რომელსაც, როგორც ჩანს, არასდროს ენახა ქართული ცეკვა. ტიროდა და ამ სანახაობამ საქართველოში ჩამოსვლის სურვილიც გაუჩინა...
ანა ჭუნაშვილი:
- 1996 წელს, თბილისში დავიბადე. 5 წლისა მშობლებმა ანსამბლ "დიდგორში" მიმიყვანეს, ნუგზარ ფალავანდიშვილთან. არ მეგულება მოცეკვავე, ვინც სარეპეტიციო დარბაზში, სცენაზე ან კულისებში ბედნიერი არ არის! შია, სწყურია, ძალიან დაღლილია, ყველაფერი სტკივა, მაგრამ ბედნიერია. ასე ვართ! იმ ადრენალინით და სცენის მტვრით ვიკვებებით, რომლის გემოც არაფერს ჰგავს და ვერაფრით ჩავანაცვლებთ! ვისაც ეს გამოუცდია, სათქმელს მარტივად მიმიხვდება...
პირველად 6 წლისა დავდექი დიდ სცენაზე. ცერზე უნდა შემესრულებინა სოლო პარტია. უკან სამი დიდი გოგონა მიმაგრებდა ზურგს. წინ მე, პაწაწუნა, დიდლოყება ბავშვი მოვუძღოდი მეგობრებს. მანდილიც ჩემი სიმაღლის იყო და ძირს ვათრევდა... მახსოვს კულისებიდან მასწავლებლის გამხნევება. ვერც კი ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ რაც მევალებოდა, აუცილებლად კარგად უნდა შემესრულებინა. პასუხისმგებლობის გრძნობა ბავშვობიდან მძაფრად იყო ჩემში. ზოგადად თვითკრიტიკული ვარ. თითოეული დღე, რომელიც ცეკვას უკავშირდება, ჩემთვის უძვირფასესი და წარუშლელი მოგონებაა. მე მხოლოდ მაშინ ვარ "მე", როცა ვცეკვავ, მაშინ ვტკბები საკუთარი თავით და არ შემიძლია არ გავიზიარო ნინო რამიშვილის სიტყვები: "ალბათ რა მოსაწყენია ცხოვრება მათთვის, ვინც არ ცეკვავს".
13 წელი ვიცეკვე ანსამბლში "დიდგორი"... საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ უნივერსიტეტის ანსამბლში გადავედი, სადაც მომავალი მეუღლე გავიცანი. ერთად ვცეკვავდით, სტუდენტურ დღეებზე ჩვენი ანსამბლი ყოველ წელს გადიოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სუხიშვილების ანსამბლში გადავედი, ყოველთვის მაინტერესებდა რა უკუკავშირს და გამოცდილებას მივიღებდი ამ ანსამბლში... 3 წელი ვიცეკვე, მათ სტილსაც მოვერგე. პარალელურად სახლთან ახლოს დარბაზს ვეძებდი. პროფესიით Hღ ვარ და ჩემი ძირითადი სამუშაო სწორედ ამ მიმართულებითაა. ვინაიდან ცეკვის გარეშე არაფრის კეთება არ მიხარია, ჩემი ცოდნა სხვებისთვისაც მინდოდა გამეზიარებინა და მეც მათთან ერთად მეცეკვა. სამოყვარულო წრე გავხსენი და ოთხ გოგონასთან ერთად დავიწყე. ნელ-ნელა მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ დროის არქონის გამო, ბევრისთვის უარის თქმა კი მომიხდა. ვატარებ ინდივიდუალურ გაკვეთილებს, მეუღლესთან ერთად ვამზადებ წყვილებს ქორწილისთვის, ახალგაზრდებს - ბანკეტისა და სხვა ღონისძიებისთვის.
ყველაზე დიდი პოპულარობა ჩინელმა გოგონამ მომიტანა, რომელსაც მეგობრის თხოვნით შევხვდი. ეს გოგონა უზომოდ ნიჭიერი, პოზიტიური, მონდომებული და შეყვარებულია ყველაფერ ქართულზე. ყველა რეპეტიციაზე იმდენად ბედნიერი იყო, რომ ეს ასმაგად მაბედნიერებდა, უცხო ეროვნების ადამიანი ლამაზად ასრულებდა ქართულ ცეკვას და ასე გამოხატავდა პატივისცემას ჩვენი კულტურისადმი. ერთ-ერთმა ტელევიზიამ სიუჟეტიც კი გადაიღო ჩვენზე.
- ხელოვანების წყვილი ხართ...
- მეუღლე ყოველთვის მხარში მიდგას. ძალიან მიხარია, რომ ხელოვანი ადამიანი მყავს გვერდში. ცეკვამ დაგვაკავშირა და ხელიც ცეკვის დროს მთხოვა პირდაპირ ეთერში, ჯგუფ "შარას" აჭარული სიმღერის პრემიერის დღეს ქორწილიც ნამდვილად ტრადიციული გვქონდა და ამჯერად, ჩვენი ქორწილის ვიდეოები გახდა პოპულარული.
ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ წინასაქორწინო მზადება ასეთი ემოციური იქნებოდა: ვერ ვჭამდი, ვერ ვიძინებდი, ყველა დეტალს თვალს ვადევნებდი, რამე რომ არ შეფერხებულიყო. საერთოდ როგორ ვიდექი ფეხზე, არც კი ვიცი ან ამდენი როგორ ვიცეკვე... თან მცხუნვარე მზე გვანათებდა. ვინაიდან ქართულ სამოსში ვიყავით გამოწყობილები, საკმაოდ რთულია მწველ სიცხეში ჩოხითა და ნაციონალური კაბით სიარული, რომელსაც საკმაოდ სქელი ატლასის სარჩული აქვს. უფლის წყალობა იყო მთელი დღე... იმაზე მშვენიერი გახლდათ ყველაფერი, ვიდრე წარმომედგინა. სრულიად უცხო ხალხი მოდიოდა ჩვენთან, მეფე-დედოფალთან ფოტოების გადასაღებად და გვეფერებოდნენ. ჩვენი ქორწილის ვიდეოებს ინტერნეტსივრცეში 300 ათასზე მეტი ნახვა და უამრავი თბილი კომენტარი აქვს. ვკითხულობ და თვალები მეცრემლება. მიხარია, თუკი ამდენი დადებითი ემოცია გამოვიწვიეთ საზოგადოებაში.
- ისევ შემოქმედებით მხარეს დავუბრუნდეთ. რამდენ ქვეყანაში ხართ გასტროლით ნამყოფი?
- გასტროლებთან დაკავშირებით ჩემს მეუღლეს უფრო მეტი აქვს გასახსენებელი, მე უფრო მწირი გამოცდილება მაქვს... ზოგადად კი სიამაყის შეგრძნებაა, როცა საკუთარ ქვეყანას და კულტურას უცხო ქვეყანაში წარმოაჩენ. ყოველთვის მეამაყებოდა, რომ ვარ ქართველი, მაგრამ ამ დროს ამას უფრო მძაფრად განიცდი ამ სიამაყეს.
- მღერით კიდეც?
- სკოლის ასაკში სულ ვიძახდი, რომ გიტარაზე დაკვრის სწავლა მინდოდა, მანამდე მხოლოდ პიანინოზე ვუკრავდი. დედამ ფანდურის გაკვეთილზე მიმიყვანა და მთხოვა, უბრალოდ დავსწრებოდი. დავთანხმდი და გაკვეთილიდან გამოსვლისთანავე ფანდური მოვითხოვე. როგორც ჩანს, ჩემში ფშაურმა გენმა გაიღვიძა (დედის მხრიდან).
ვისწავლე როგორც ამ ინსტრუმენტზე დაკვრა, ასევე უამრავი ხალხური სიმღერა. გამორჩეულად მიყვარს თეონა ქუმსიაშვილის შემოქმედება და მტკივა მისი ცხოვრების ასეთი ტრაგიკული დასასრული. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სუფთა გული.
ნელ-ნელა აღმოვაჩინე ჩემი შესაძლებლობები ამ მიმართულებითაც. "კახური ყელი" გაქვსო, - მეუბნებოდნენ პედაგოგები, რაც ნიშნავს იმას, რომ ბუნებრივად მაქვს ხმაში ის ხვეულები, რასაც მელიზმები ჰქვია და რასაც ხელოვნურად ამუშავებენ სხვადასხვა ქართლურ-კახურ სიმღერებზე მუშაობისას. ამ ჩემი მელიზმებით ხშირად სწორედ ქართლურ და კახურ სიმღერებში მქონდა სოლო პარტიები. სკოლის ასაკში ვმღეროდი ფოლკ-ბენდ "აფხაზეთში", შემდგომ სამების გოგონათა გუნდში "იავნანა", სადაც უკვე საგალობლებიც შევისწავლე. გვქონდა უამრავი კონცერტი და ყოველ წელს სოლო კონცერტები. ხშირად ვმონაწილეობდი საქველმოქმედო საღამოებზე მეგობრებთან ერთად. დღეს ანსამბლში აღარ ვმღერი, დროის სიმწირის გამო. სამაგიეროდ, მაქვს ბედნიერება, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, ჯგუფ "შარასთან" ერთად ვიმღერო, რაც უდიდესი სიამოვნებაა. პროფესიონალები არიან თავიანთი საქმის. მრავალხმიანი ჟღერადობა ცალკე საოცრებაა, რომელიც ჩემს ყურს, გულსა და სულს წამალივით სჭირდება.
მანანა გაბრიჭიძე