"როდესაც ქვეყნის რუსეთიზაციის საკითხი წამოიჭრა, ყველა "ჯენზი" სამშობლოს სადარაჯოზე დადგა..."
ფაქტების მიმართ სხვაგვარი ხედვა, მისი ხელწერაა, რაც ნაწარმოებებშიც იგრძნობა. ჟურნალთან "გზა" საუბარში ის მიმდინარე აქტუალურ პროცესებსა და თემებზე საუბრობს.
- ლუკა, როგორც ამბობენ, 26 მარტიდან ივნისის ბოლომდე, ქართველმა ხალხმა, ქართულმა ფეხბურთმა და მისმა ქომაგებმა ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს ევროპისკენ, რაზეც ბევრს საბჭოთა წლებიც კი გაახსენდა, როდესაც ფეხბურთი უფრო ადრე გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან, ვიდრე თავად ქვეყანა... ახლა გაქვს განცდა, რომ ფეხბურთი უფრო ადრე შევა ევროპაში, ვიდრე სახელმწიფო?..
- მე მგონია, ყველა ერთად შევალთ ევროპაში. ფეხბურთს რაც შეეხება, ერთგვარი მაცნეს ფუნქცია დიდებულად შეასრულეს ჩვენმა ბიჭებმა, მეტი ადამიანი დაინტერესდა ჩვენი ქვეყნით, მეტმა გაიგო საქართველოს შესახებ, რაც საამაყოა. მით უმეტეს, რომ ქართველმა გულშემატკივრებმაც თქვეს თავიანთი სიტყვა. თუმცა, რა თქმა უნდა, არც სპორტის სხვა სახეობებს ვაკნინებ ამით - დიდებული სპორტსმენები გვყოლია და გვყავს, რომლებმაც ბევრს დააგუგლინა საქართველო, მაგრამ დამეთანხმებით, პოპულარობითა და მნიშვნელობით ფეხბურთი მსოფლიოს წამყვანი სპორტია. კვარას, მამარდას თუ სხვა ბიჭების სამშობლო სად არის და როგორია, ახლა ბევრს აინტერესებს - რა შემიძლია ვთქვა, ბიჭებმა ევროინტეგრაციას უდავოდ ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს, რაც ნამდვილად დასაფასებელია.
- როგორ ფიქრობ, ჩვენი ცხოვრების წესით, მისწრაფებებით, ღირებულებებით ვართ ევროპის ნაწილი?..
- ყოფილა საქართველოში დროება, როცა ევროპული ღირებულება და მენტალობა ევროპის ქვეყნებისას ჩამოუვარდებოდა კი არა, შეიძლება აღემატებოდა კიდეც. ვყოფილვართ თხემით ტერფამდე ევროპელები, მაგრამ სამწუხაროდ, დასავლური მისწრაფება არ გვაპატია ჩვენმა მარადმა მტერმა - რუსეთმა და ყველაფერი იღონა, ღიად თუ ფარულად, მტრულად თუ ვითომ მეგობრულად, რომ ევროპის სწრაფვა ჩაეხშო და ასე თუ ისე, გამოუვიდა კიდეც. იმას ვგულისხმობ, რომ საზოგადოებრივი აზრის შექმნა-ჩამოყალიბების განმსაზღვრელ უმთავრეს სტრუქტურებსა თუ სფეროებში - საგანმანათლებლო სისტემაში, ეკლესია-საპატრიარქოში, აკადემიურ თუ სახელოვნებო, კულტურის სფეროებშიც ღრმად მოიკიდა ფეხი. ყველა მათგანში ადრეც იგრძნობოდა და ახლაც იგრძნობა რუსეთის კვალი.
უამრავი წელია, მთელი რიგი რუსული სპეცსამსახურები დაუღალავად და სხვადასხვა ხერხით ცდილობს ჩვენს ქვეყანაში დასავლური მოტივაციის ჩაკვლას მოსახლეობაში და საპირწონედ - რუსეთისადმი სოლიდარობის გავრცელებას. სიმართლე გითხრა, ამ კითხვაზე დადებით პასუხს გულწრფელად გავცემდი ძალიან შორეული მომავლის პერსპექტივაში, რომ არა ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები, ე.წ. გავრილოვის ღამე, როცა დაფიქსირდა საქართველოს ისტორიაში ყოვლად წარმოუდგენელი რამ - ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა ოკუპანტი სახელმწიფოს, ჩვენი მარადიული მტრის რუსეთის დუმის დეპუტატი.
ასევე, რუსეთიდან ყოვლად უკონტროლო და მასობრივი შემოდინება-განსახლება და მოკლედ, ბევრ მოვლენას აღარ ჩამოვთვლი და მთავარს მივუბრუნდები: ამ კითხვაზე მყარი პასუხი არ მექნებოდა, რომ არა საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურად გამოსული ახალგაზრდობა, ე.წ. ჯენზი, პირწმინდად ევროპული ღირებულებების თაობა, რომელმაც თავისი ახალგაზრდული ცეცხლი და ძალა გადასდო მთელ ერს და ფაქტობრივად, ქვეყანა აღადგინა მკვდრეთით.
- ლოგიკურად მივედით მომდევნო კითხვამდე - მას შემდეგ, რაც ბოლოს ვისაუბრეთ, ბევრი რამ შეიცვალა და კარგისკენ - მხოლოდ ცოტა რამ... "რუსულ კანონს", რომელსაც ე.წ. გამჭვირვალობის კანონად ფუთავენ, გვერდს ვერ ავუვლით - რა დაგვანახვა იმ მასშტაბურმა აქციებმა, როგორ ფიქრობ, ის განწყობები ოქტომბრის არჩევნებზე აისახება?..
- ვერ დაგეთანხმები, მგონი უზარმაზარი ცვლილებები განხორციელდა და ეს სწორედ რუსულმა კანონმა განაპირობა. ხელისუფლებას, რომელსაც ასეთი კანონი არათუ მოქმედებაში მოჰყავს, არამედ საერთოდ, გაეფიქრება ერთხელ მაინც, რომ შეიძლება ეს კანონი მოსახლეობას მოახვიოს თავს, წარმოდგენა არ აქვს საკუთარ ხალხზე. საერთოდ არ იცნობს არც ერს, არც ქვეყანას. სიმართლე ვთქვა, ბევრი მიფიქრია და ვერ მივმხვდარვარ, ეს, პოლიტიკურად აშკარად სუიციდიალური აქტი როგორ არ დაუშალა რომელიმე, მისი ქმედებების წარმმართველმა "ტვინმა" და ძალიანაც მიხარია, რომ არ დაუშალა.
ეს კანონი იყო ძირითადი მთავარი ამძრავი და მუხტი მთლიანი, ეროვნული, გეგმაზომიერი და მტკიცე სვლის, რომელიც დაიწყო ერმა და რომელსაც ვეღარ შეაჩერებს ვერაფერი ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამ კანონის ლუსტრაციამ საბოლოოდ წარმოაჩინა ხელისუფლების აქამდე ფარული რუსული მისწრაფებები, რადგან, არსობრივად, საიდანაც უნდა მოვუაროთ, კანონში ჩახედულმა და გარკვეულმა ხალხმა ზუსტად ვიცით, რომ მისი მიზანი "გამჭვირვალობა" კი არა, საქართველოში დასავლური პოლიტიკის საბოლოო აღკვეთა და რუსეთთან ინტეგრაციაა, სადაც ასეთივე "გამჭვირვალობის კანონი" მოქმედებს და როგორ მოქმედებს, ნათლად ვხედავთ ცივილიზებული კაცობრიობა: აღკვეთილია ყოველგვარი ოპოზიციური აქტივობა, განსხვავებული აზრი, მოქმედებს ცენზურა. ყველა ქვეყნის პატრიოტი და პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე მედიასაშუალება ქვეყნიდანაა განდევნილი; ქვეყნის მოღალატის იარლიყით იდევნებიან ხელოვანები, მწერლები, მუსიკოსები, რომლებმაც გაბედეს და ხმა აიმაღლეს... იგივე ბედი ელის საქართველოს, ფხიზლად თუ არ ვიქნებით.
- ასევე, ვიცი, რომ "ჯენზისთან" მუდმივად აქტიური და ახლო ურთიერთობა გაქვს - გვითხარი მათზე, რით განსხვავდებიან ჩვენი და ზოგადად, წინა თაობებისგან?..
- ამ თაობაზე შემიძლია დაუღალავად ვისაუბრო, სხვათა შორის, ჩემს წიგნებშიც, ლიტერატურაში. წეღანაც ვახსენე და გავიმეორებ - ეს არის პირწმინდად დასავლური ღირებულებების მატარებელი და ამავდროულად ქვეყნის პატრიოტი თაობა, ოღონდ პატრიოტი თავისი სწორი მნიშვნელობით და არა, ყალბი გაგებით, რაც ჩვენს საზოგადოებაში წლების განმავლობაში დამკვიდრებულია.
სხვათა შორის, ამ თაობაზე ბევრს ჰქონდა სხვაგვარი შეხედულება. ეგონათ, რომ ისინი საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორებული იყვნენ. თუმცა, როდესაც მოვლენები ქვეყნის ყოფნა-არყოფნას შეეხო და დღის წესრიგში ქვეყნის რუსეთიზაციის საკითხი დადგა, ყველა, როგორც ერთი, სამშობლოს სადარაჯოზე დადგა და თუ როგორ, ყველამ დავინახეთ - წლობით მიძინებული ეროვნული მუხტი გამოაცოცხლა, ყველა ჩაგვითრია, მრავალი ასეული ათასი ადამიანი აქციებზე ეროვნული ინტერესების დასაცავად გამოგვიყვანა.
ამის შედეგად, მიუხედავად სახელისუფლებო ძალების მიერ მკაცრი დევნისა, უკანონო დარბევებისა და ძალის გამოყენებისა, ერთხელ არ დაუხევიათ უკან, პირიქით - რაც უფრო სასტიკი ხდება ხელისუფლება მომიტინგეთა მიმართ - მით უფრო მიზანმიმართულია საპირისპირო რეაქცია.
არ შემიძლია ერთი მაგალითი არ გავიხსენო: მოგეხსენებათ, აქციების აქტიური მონაწილე ვარ. ვცდილობდი, დღე და ღამე ამ ბიჭებისა და გოგოების გვერდით ვყოფილიყავი. ერთ დღესაც ვდგავართ რამდენიმე კაცი აკაკის და ილიას ძეგლთან, დაიგეგმა აქცია, მაგრამ ცოტანი ვართ, ასიოდეც არ მოვგროვდებით. უფროსი თაობაა. მოვიწყინეთ, პესიმიზმმა შეგვიპყრო, დაშლა გადავწყვიტეთ და ამ დროს შუა რუსთაველზე დროშებით მომავალი ოციოდე "ჯენზი" გამოჩნდა და მერე რაც მახსოვს, ავლაბარში უკვე ასობით ადამიანი აღმოვჩნდით. აი, ასეთი ჩამთრევი და გადამდები ენერგია აქვთ მათ და თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, მეამაყება, რომ განსაკუთრებით ამ თაობაშია პოპულარული ჩემი წიგნები.
- რამდენად საინტერესო პერიოდია მწერლისა და უბრალოდ, მოქალაქისთვის?.. როგორც ნაწილი ამბობს, იმდენად მძიმე, რომ შემოქმედებითი ცხოვრებისთვის არ სცალია ადამიანს თუ პირიქით - იმდენად საინტერესო, რომ რაღაც დიდი ცვლილებების მომსწრენი ვართ?..
- პირადად ჩემთვის დიდებული ამძრავია ესე ყოველი, მით უმეტეს - საკმაოდ ნატურალურ პროზას ვწერ, აწმყოზე მიყვარს წერა. შესაბამისად, ცოტა ეგოისტურად და პროფესიულ ჭრილში რომ ვთქვა - სწორედ სამოთხეა 21 საუკუნის თანამედროვე საქართველო იმ ტიპის მწერლისთვის, როგორიც მე ვარ. უზარმაზარი შემოქმედებითი მუხტი მოდის, უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური მოვლენები ვითარდება ხელოვანი კაცის ცხვირწინ და ასე მგონია, გულგრილი ვერ დარჩები ადამიანი, თუ რაიმე თანაზიარობის განცდა გაგაჩნია ხალხთან და სამშობლოსთან...
- ბოლო დროს სპორტის გარშემო ქართველი საზოგადოების აქტიურობას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ უნდა იყოს, მიმდინარე ოლიმპიადის მიმართ ასეთი გაფაციცებული დამოკიდებულება და შესაბამისად, გახსნის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. შენი მოსაზრება როგორია?
- დიახ, წლევანდელ ოლიმპიადას ალბათ ყველაზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა მსოფლიოში. ხარისხობრივად, ალბათ ბევრი რამ სადავოა მის თეატრალიზებულ გაფორმებაზე, გახსნაზე... მე თუ მკითხავთ, სპორტული სანახაობის კვალობაზე ზედმეტად იდეოლოგიზებული იყო. თუმცა, აქვე ყველამ უნდა ვიცოდეთ ხელოვნების ოქროს წესი, რაც ზოგადად, სწორედ ხელოვნების თავისუფლებას განაპირობებს - რელიგიური თემების ნებისმიერი მიმართულებით ინტერპრეტირება ჩვეული რამეა შემოქმედებისთვის და არახალი, ანუ ამ საკითხზე განათლებული ადამიანი არ უნდა აპელირებდეს. ეს სანახაობა არ განმიხილავს დიდი ხელოვნების ჭრილში ან რატომ უნდა განმეხილა მასობრივი შოუ ამგვარად, არ მესმის. შესაბამისად, არავითარი პრეტენზია არ მაქვს და როგორც შოუ, კი ბატონო, მომეწონა.
ზოგადად, ერთი რამ ფაქტია - ავადმყოფური მიუღებლობა გვაქვს ყოველივე ფერადისა და ლაღის. ნებისმიერ სანახაობაში რელიგიური მოტივების ჩიჩქნაც სხვა არაფერია, თუ არა ფანატიზმი. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, წარმოიშობა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც აზრის დამოუკიდებლად წარმოება და ფორმულირება არ ძალუძს, ანუ გაუნათლებელ საზოგადოებაში, ასეთი საზოგადოება კი დიდებულად მანიპულირებადი ინსტრუმენტია მავანისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი მოცემულობა და მის შესანარჩუნებლად ნებისმიერ სიმდაბლეზე წავა... ზოგადად კი, ოლიმპიადის გახსნაში რელიგიურ მოტივებზე გამოკიდება ღრმა ინტელექტუალურ კრიზისზე მიუთითებს მთელ მსოფლიოში.
- დაბოლოს, რა სიახლეებია შენკენ, მკითხველი უახლოეს მომავალში რამე ახალს უნდა ელოდოს?..
- ჯერჯერობით ბლოგების წერა უფრო ხშირად მიწევს, თუმცა პარალელურად, ნელ-ნელა ვმუშაობ ახალ, მოკლე რომანზეც. ზოგჯერ მოთხრობისკენაც წამიცდება ხელი...
ლალი პაპასკირი