"2013 წლის მერე, პირველად დავლიე" - გზაპრესი

"2013 წლის მერე, პირველად დავლიე"

რომელიც თავდაპირველად შოუს მესამე სეზონში მონაწილეობდა, ფინალშიც მოხვდა, მაგრამ გამარჯვებამდე 1 ნაბიჯი დააკლდა, ამჯერად კი შემაჯამებელ სეზონში, გამორჩეულ მონაწილეებს შორის, სწორედ დიასამ გაიმარჯვა. გამარჯვებულს დავუკავშირდი და სხვა თემებთან ერთად, იმ საკითხებზეც ვისაუბრეთ, რომლებმაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია...

- დიას, გილოცავ გამარჯვებას! თავს როგორ გრძნობ?

- ფანტასტიკურად! ეიფორიაში ვარ! ჯერ კიდევ ვერ გავითავისე, რა მოხდა... ისეთი ემოციები მაქვს, რომ ასეთი რამ ცხოვრებაში ყველა ადამიანმა უნდა შეიგრძნოს! ამ ბედნიერებას ყველას ვუსურვებ! მე და ჩემს გულშემატკივრებს 8 თვე დაგვჭირდა, რომ ეს შედეგი მიგვეღო - რეალითი შოუს გამარჯვებული ვყოფილიყავი. ჩემთვის ეს სეზონი ძალიან რთული იყო. ასეთ სირთულეს მართლა არ ველოდი, მაგრამ გავიმარჯვეთ და ჩემთვის ეს უკვე საოცრებაა.

- როცა "პრაიმ ჰაუსში" პირველად შეხვედი, შენი მიზანი მაშინაც გამარჯვება იყო?

- არა, არა!.. მესამე სეზონში რომ შევედი, უბრალოდ, ვოცნებობდი და ღმერთს ვევედრებოდი, ნეტავ, პროექტში 1 თვე მაინც გავატარო, რომ რეალითი შოუში ყოფნა შევიგრძნო-მეთქი, რადგან წლების წინ, რეალითი შოუ - "ჯეობარი" რომ გადიოდა, მინდოდა მისი მონაწილე მეც ვყოფილიყავი... "პრაიმ ჰაუსში" რომ შევედი, უამრავი გულშემატკივარი გამომიჩნდა, ხალხს ძალიან შევუყვარდი. ჩემი პირველი გამარჯვება ისაა, რომ ამდენ ადამიანს ვუყვარვარ. ქუჩაში რომ დავდივარ, ყველა მეხუტება, მესალმება, მანქანებიდან მეძახიან... მესამე სეზონის ფინალში რომ მოვხვდი, ჩემთვის ეს შოკი იყო! სამწუხაროდ, მაშინ წავაგე, თუმცა ცხოვრებაში რაღაც მთავრდება, მაგრამ რაღაც იწყება. ასეც მოხდა: All Star-ი ჩატარდა,4 სეზონის გამორჩეული მონაწილეები შევიკრიბეთ. ვფიქრობ, ზუსტად ეს სეზონი ჩემთვის კარმული იყო - მე და ჩემმა გულშემატკივრებმა დავამტკიცეთ, რომ ძლიერები ვართ და გავიმარჯვეთ!

- ხალხის სიყვარული მესამე სეზონიდანვე მიიღე, შოუს მეოთხე სეზონის თანაწამყვანიც გახდი. შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი რატომ იყო, რომ გამარჯვებული ყოფილიყავი?

- ნახეთ, როგორი რამეა: მესამე სეზონში გამარჯვებისთვის ზუსტად 1 ნაბიჯი დამაკლდა. ჩემს გულშემატკივრებს, ვინც ამდენი იშრომა, იწვალა, ჩემთვის ღამეები ათენა, განცდა დარჩათ, თუ როგორ ვერ გაიმარჯვა მათმა რჩეულმა?! როცა ინფორმაცია გავრცელდა, რომ Aლლ შტარ იწყებოდა, გულშემატკივრებს შეკითხვა დავუსვი, - პროექტში შევიდე თუ არა-მეთქი? 99-მა კი არა, შეიძლება ითქვას, 100%-მა დადებითი პასუხი გამცა. მაშინ მივხვდი, უძლიერესი გულშემატკივრები მყავს. ამ პროექტმა უამრავი რამ მომცა. მინდა, მადლობა გადავუხადო ტელევიზიას, "პროდაქშენს"... სრულიად უცნობმა ადამიანმა ამდენს მივაღწიე, ხალხს თავი შევაყვარე... ეს უკვე ბედნიერებაა. "პრაიმ ჰაუსმა" ცხოვრებაში ძალიან შემცვალა, თუნდაც - ადამიანებთან ურთიერთდამოკიდებულების მხრივ. ტელევიზიაში ყოფნა ჩემი ოცნება იყო. მეოთხე სეზონში ვიყავი კიდეც შოუს თანაწამყვანი და იმედია, ახლაც ტელევიზიაში დავრჩები, მუშაობას გავაგრძელებ...

- ბოლო სეზონში, რომელშიც გაიმარჯვე, განსაკუთრებულად რთული რა იყო?

- როცა რეალითი შოუში მეგობრებით შედიხარ, შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. ზუსტად ის მოხდა, რომ ჩემს მეგობრებთან უთანხმოება მომივიდა და სამწუხაროდ, ჩვენ შორის ისეთი კომუნიკაცია აღარ გაგრძელდა, როგორიც წინათ გვქონდა. ჩემთვის რთული ეგ იყო, მაგრამ ბევრი ადამიანი ახლოს გავიცანი. მინდა სალომე კაპანაძეს მადლობა გადავუხადო, რომელიც გვერდში დამიდგა და რთული სიტუაციები გადამატანინა.

- მეგობრებში სალომე უშხვანი და ნიკოლოზ ქართველი იგულისხმე, არა? ერთმანეთთან კომუნიკაცია ახლა საერთოდ აღარ გაქვთ, თუ ისეთი აღარ გაქვთ, როგორიც წინათ გქონდათ?

- ნიკოლოზი მოვიდა, გამარჯვება მომილოცა. ამჟამად არანაირი კომუნიკაცია აღარ გვაქვს. გული მწყდება, რომ ასე მოხდა.

- როგორ ფიქრობ, ამ სიტუაციაში დამნაშავე ვინ არის, ასე რატომ მოხდა?

- საკუთარი თავი ყველას მართალი ჰგონია. უბრალოდ, როცა პროექტში შედიხარ და ამბობ, რომ გამარჯვებისთვის შედიხარ, იქ კი საუბრები გხვდება, რომ თუ შენი მეგობარია, ბინა უნდა დაგითმოსო, ამაზე გული დამწყდა... ამას კიდევ ბევრი რამ დაერთო. ამიტომ ამ თემაზე მეტი საუბარი აღარ მსურს. მინდა ორივეს წარმატება და წინსვლა ვუსურვო ცხოვრებაში.

- რეალურ ცხოვრებაში სხვა მეგობრები დაგიკარგავს?

- არასოდეს, რადგან სხვანაირი მეგობრობა ვიცი. იცი, რა? სრულიად უცხო ადამიანი რომ უყვარდები ხალხს, 4 თვე გიყურებს, უკვე ხვდება, როგორი პიროვნება ხარ. ამდენი გულშემატკივარი მართლა არ მეყოლებოდა... ჩემთვის მეგობრობა, მეგობრები უმნიშვნელოვანესია. მათით ვაზროვნებ, ვცხოვრობ, ვენდობი... საერთოდ, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანს ვენდო, რაც ბევრ რამეში მიშლის ხელს... რა ვქნა? ასეთი გამზარდეს...

- სირთულე გასაგებია, მაგრამ ამ სეზონში მონაწილეობისგან სიამოვნება თუ მიიღე?

- რა თქმა უნდა! ის სიამოვნება მივიღე, რომ გამარჯვებული გავხდი. უკვე მეორედ, პროექტმა ბევრი კარგი რამ მომცა...

- შენი და სალომე კაპანაძის წყვილი მაყურებელთა ნაწილს ძალიან მოსწონს და სურს, რომანტიკული ურთიერთობა გქონდეთ. რეალურად, თქვენ შორის რამე ხდება?

- მოდი, ამ თემაზე ჯერ არ ვისაუბრებ, თუმცა გპირდებით, თუ რამე იქნება, პირველ კომენტარს თქვენთან გავაკეთებ (იცინის). მიხარია, რომ პროექტში სალომე კაპანაძე სხვანაირად გავიცანი და ეს ადამიანი შევიძინე.

- შენი და სალომეს მუსიკალური დუეტები ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარულია. ამ მიმართულებით აქტიურობას ხომ არ აპირებთ?

- დიახ, საავტორო სიმღერის ჩაწერასაც ვაპირებთ და ძველი სიმღერების გაცოცხლებასაც. ეს სალომეს დამსახურებაა: მოდი, ერთი ძველი სიმღერა ჩავწეროთ, რომელიც მთელ საქართველოს უყვარსო. ჩავწერეთ და საზოგადოებას მოეწონა, აიტაცეს... ამიტომ, რაც მოვასწარით, მაქსიმალურად ვცდილობდით, "ფართიზე" ბევრი ცნობილი, ძველი სიმღერა შეგვესრულებინა.

- მანამდე სიმღერაზე თუ გიფიქრია?

- არასდროს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ნიჭი მექნებოდა. პროექტის კიდევ ერთი დამსახურებაა, რომ თურმე, რეპის ნიჭი აღმომაჩნდა და ამის შესახებ არ ვიცოდი.

- მითქმა-მოთქმაა ატეხილი. დიასას, როგორც გამარჯვებულს, ძალიან პატარა, 27კვმ ფართობის ბინა აჩუქესო...

- არის 27კვმ. მადლიერი ვარ, რადგან ორთაჭალაში, ფანტასტიკურ ადგილას მდებარეობს. კარგი კომპლექსია, სოლიდური თანხა ღირს კვმ ფართობი... იცი, რა? მნიშვნელობა არ აქვს, 27-ია თუ 100 კვმ, გამარჯვებულისთვის ძალიან კარგი საჩუქარია. დღესდღეობით, ისეთი ცხოვრებაა, რომ ბინის შეძენა რთულია...

- ჭორები ვრცელდება და პროექტშიც გააჟღერეს, რომ გამარჯვებისთვის გარკვეული ფინანსური რესურსი თავად გაიღე, ბანკში ბინა ჩადე... რა ხდება რეალურად?

- საბანკო ამონაწერი ამომიღეს (იცინის). ყველამ კარგად იცის, რომ მე და ნიკოლოზ გოგვაძემ, რომელიც მესამე სეზონის ფინალისტი გახლდათ, ტანსაცმლის ქართული ბრენდი შევქმენით. სექტემბრის ბოლოს მაღაზიას ვხსნით. ამისთვის გარკვეული თანხა გამოვიტანე, რომ უბრალოდ, ქსოვილები გვეყიდა და ფართობი დაგვექირავებინა. ეს არავინ დამიჯერა. ბებია და დედა ქირით მყავს, თავად ერთი პატარა, 52 კვმ-იანი ბინა მაქვს. როგორ ფიქრობთ, ბინას ასე "ჩავდებდი" და თავს ბედს მივანდობდი? ვაიდა პროექტში ვერ გამემარჯვა, ბინას ხომ დავკარგავდი, არა? რეალითი შოუში ყველა ცდილობს, "გაგაშაოს", რეიტინგი დაგიგდოს, რაღაცები "გაგიშუქოს"... ბევრი გულშემატკივარი მყავს. მათი მადლიერი ვარ, რომ გვერდში ასე მიდგანან... მათი დამსახურებაა, რომ ხმების ამხელა პროცენტით მოვიგე.

- ცხოვრებაშიც ასეთი მიზანდასახული ხარ?

- კი. ცხოვრებაში რაც გავაკეთე, დამოუკიდებლად შევძელი. ცუდი არავისთვის გამიკეთებია, სხვის უბედურებაზე ბედნიერება არასოდეს ამიწყვია. ბებიამ და დედამ მასწავლეს, რომ წარმატება ისე, უბრალოდ არ მოდის: მიზანი უნდა დაისახო და მის მისაღწევად გარკვეული გზა გაიარო, სირთულის მიუხედავად. რა მიზანიც დამისახავს, უფალი ყოველთვის გვერდით მიდგას - მწამს და მჯერა. უფლის მადლიერი ვარ.

- დიას, შენს ცხოვრებაში რა იყო ყველაზე დიდი მიზანი, რომელსაც მიაღწიე და გეამაყება?

- ის, რომ ბებიაჩემს და დედაჩემს ოცნებები აუხდათ და ისეთი გავხდი, როგორიც უნდოდათ. ჩემთვის უკვე მიღწევაა, რომ ჩემით ამაყობენ, რადგან ჩემში დიდი შრომა "ჩადეს" - მათ ერთადერთი შვილიშვილი და ერთადერთი შვილი ვყავარ (მხოლოდ დედა და ბებია მყავს. უმამოდ გავიზარდე. 3 წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ). ვფიქრობ, მათ შრომა დავუფასე...

- მამასთან ურთიერთობაზე რას გვეტყვი?

- საზღვარგარეთ ცხოვრობდა. უბრალოდ, მასთან სატელეფონო კონტაქტი მქონდა. მერე გარდაიცვალა. რეალურ ცხოვრებაში არ მინახავს.

- როდის გარდაიცვალა?

- დაახლოებით 6-7 წლის წინ... გულში ხინჯად დამრჩა, რომ მამა ისე გარდაიცვალა, რეალურად ვერ ვნახე, ახლოს ვერ გავიცანი... სამწუხაროდ, ასე მოხდა. ნათელში ამყოფოს უფალმა.

- როგორ ფიქრობ, უმამოდ გაზრდამ შენს ცხოვრებაზე ზეგავლენა მოახდინა?

- ისეთი ბაბუა მყავდა, რომ უმამობა არ მაგრძნობინა და ასეთი გამზარდა, როგორიც ვარ. ცხოვრებაში ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა. სამწუხაროდ, 2009 წელს გარდაიცვალა. ასეთი სიტყვები მითხრა, - შენგან კაცი დადგებაო? ალბათ, ბაბუა ჩემით ამაყობს და ხედავს, რომ ცხოვრებაში იმას მივაღწიე, რაც ბებიას და დედას სურდათ.

c0bda3e6-2e05-4ebd-9e50-07d7e92199f2-1722845047.jpg

- როგორც ვიცი, ბაბუამ ეგ სიტყვები მაშინ გითხრა, როცა ცხოვრების არცთუ კარგი სტილი გქონდა, არა?

- კი, როცა ალკოჰოლზე დამოკიდებული ვიყავი, ეს სიტყვები მაშინ მითხრა. 2011 წელს ალკოჰოლს თავი დავანებე. მას მერე ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - ბედნიერი ვარ!.. საერთოდ, ალკოჰოლის მოხმარება 13 წლისამ დავიწყე, 15 წლისა უკვე მასზე დამოკიდებული გავხდი, 21 წლისამ კი თავი დავანებე. ალკოჰოლისთვის თავის დანებების შემდეგ, ურთულესი პერიოდი გავიარე: ძალიან გამიჭირდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შემექმნა... "უკან" რომ გავიხედე და გავაცნობიერე, რომ ჩემ გარდა, დედაჩემსა და ბებიაჩემს არავინ ჰყავდათ, ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რომ ალკოჰოლისთვის თავი დამენებებინა, რადგან დედის, ბებიის ერთადერთი მარჩენალი და ყველაფერი თავად ვიყავი.

- დღეს ალკოჰოლის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- მეზიზღება, ვერ ვიტან!.. უბრალოდ, ერთი გამონაკლისი დავუშვი და ვთქვი, რომ თუ "პრაიმ ჰაუს ოლ სთარში" გავიმარჯვებდი, 1-2 ჭიქით აუცილებლად აღვნიშნავდი. სხვათა შორის, 2013 წლის მერე პირველად, გამარჯვების მერე ნახევრად სავსე, პატარა, ერთჯერადი ჭიქით 2 ჭიქა შამპანური დავლიე. ისე დამათრო, ვეღარც ვლაპარაკობდი (იცინის). ეს არასდროს განმეორდება.

- არის ადამიანი, ვისმა მოლოცვამაც გაგაოცა?

- არა, ასეთი მართლა არ ყოფილა. ვისგანაც ველოდი და არ მომილოცა, ეგ გამიკვირდა.

- ვის გულისხმობ?

- არ მინდა, მისი ვინაობა დავასახელო. უბრალოდ, ველოდი და არ მომილოცეს, მაგრამ ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს მთელი ცხოვრება...

- საბოლოო ჯამში, რეალითი შოუში შენი თამაშით კმაყოფილი ხარ? შოუში შენი რომელიმე ნაბიჯი, საქციელი ხომ არ გინანია?

- რა თქმა უნდა, ყოფილა ნაბიჯები, ემოციური ფონი, რაც არ მომწონებია, მაგრამ "წითელი ხაზები" არასოდეს გადამიკვეთია, შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და ამით ბედნიერი ვარ... როგორც აღვნიშნე, ამ შოუმ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ახლა უფრო მეტი კარი გამიხსნა. ერთ-ერთმა კომპანიამ შოუს დასრულებიდან მეორე დღესვე 1-წლიანი კონტრაქტის თაობაზე დამირეკა. ჩემი ძლიერი სურვილია, ტელევიზიაში დავრჩე... უღრმესი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს. მათ გარეშე გამარჯვებული ვერ ვიქნებოდი. მინდა ჩემი ყველა გულშემატკივარი ბედნიერი იყოს!..

ეთო ყორღანაშვილი