"თუ იმის საფრთხე არსებობს, რომ გოგომ ცხოვრება დამინგრიოს, ეგ აღმაფრთოვანებს"
27 წლის მიშა გვენცაძე, იგივე "მიშა ექიმი" "ტიკტოკზე" განსაკუთრებულად პოპულარულია - ხალხის შეკითხვებს მისთვის დამახასიათებელი იუმორით პასუხობს ხოლმე... გადავწყვიტე გამერკვია, რეალურ ცხოვრებაში რას საქმიანობს, როგორ ცხოვრობს, მართლა აქვს თუ არა სამედიცინო განათლება, რატომ აგდებდნენ სამსახურებიდან...
- "ტიკტოკზე" ვიდეოების გამოქვეყნება 4 თვის წინ დავიწყე. საერთოდ, ვინც პოპულარულია, ხშირად წერს ისეთ ვიდეოებს, რომელშიც ამბობენ, - ჩემი გამომწერები ხშირად მეკითხებიან ამას და ამასო... ჰოდა, ვიფიქრე - მეც ასეთ ვიდეოს ჩავწერ-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ არავინ არაფერს მეკითხებოდა. შეკითხვა თავად მოვიფიქრე, საკუთარ თავს დავუსვი და პასუხი თავადვე გავეცი. ისე დაემთხვა, რომ პირველი 2 კითხვა სამედიცინო იყო. ხალხმა აიტაცა, - ეს ექიმია, მიშა ექიმიო. მერე უკვე მეც ვიფიქრე: კი ბატონო, თუკი ეს პერსონაჟი მოგწონთ, მიშა ექიმად დავრჩები-მეთქი. ეს წინასწარ არ გამითვლია. მხოლოდ ის გავთვალე, რომ ვითომ უკვე ცნობილი ვიყავი.
- როგორც ვიცი, პირად, ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ რჩევებს ხშირად გეკითხებიან...
- კი. ეს პერსონაჟი ისე ჩამოყალიბდა, რომ ვითომ ფსიქოლოგიც ვარ, ტრავმატოლოგიც... ძირითადად, ხუმრობები ოჯახურ თემებზე, კაცისა და ქალის ურთიერთობებზე, გენდერულ განსხვავებებზე მომდის. ჩემი პასუხები ბევრს მოსწონს, ბევრს კი არ ესმის - ჰგონიათ, რომ რაღაცნაირად, დამცინავად გამომდის, თუმცა ჩემი მიზანი ადამიანების გაცინება და ისეთ თემებზე ხუმრობაა, რაზეც სხვები არ ხუმრობენ.
- ბავშვობაში რომელ პროფესიაზე ოცნებობდი? ექიმობაზე გიფიქრია?
- სხვათა შორის, ბაბუაჩემს უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. ალბათ, ახლა ზეციდან მიყურებს და ამაყობს (იცინის). რამდენად უნდოდა, "ფეიკ" ექიმი გამოვსულიყავი, არ ვიცი, მაგრამ იმედია, გარკვეულწილად მაინც ამაყობს... თავად ექიმობაზე არ ვოცნებობდი. კონკრეტული პროფესია არასოდეს მქონია არც გონებაში, არც - რეალურ ცხოვრებაში, რადგან საქმიანობას სულ ვიცვლიდი. 18-დან 20 წლამდე დაახლოებით 10 სამსახური შევიცვალე: ნახევრიდან თავად წამოვედი, ნახევრიდან - გამომაგდეს.
- მოდი, პირველი სამსახურის შესახებ მოგვიყევი...
- 17 წლის რომ ვიყავი, მომინდა მუშაობა დამეწყო, საკუთარი ფული მქონოდა. ჩემი პირველი სამსახური მიმტანობა იყო, რომელმაც დაახლოებით 6 საათს გასტანა: აღმოჩნდა, რომ იქ ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც ინგლისური ენა იცოდა და მისვლის პირველივე წამებიდან მუშაობა დამაწყებინეს, საქმის შესწავლის გარეშე. მითხრეს, - მიდი, იმ მაგიდასთან სტუმრებს დაელაპარაკე, მხოლოდ ინგლისური ენა იციანო. მივედი. შემდეგ მეორე მაგიდასთან გამიშვეს, მესამესთან... 24-საათიანი ცვლები იყო - 1 დღეს მუშაობდი, მეორე დღეს ისვენებდი. მენეჯერმა მითხრა, - იცი, ასეთი გრაფიკი კარგი რატომ არის? ამ 24 საათში, რა დროსაც ისვენებ, შეგიძლია მეორე სამსახური იპოვო და შეითავსოო. ხელი დავუქნიე: წავედი, სხვა სამსახურს ვიპოვი-მეთქი... შემდეგ ტელეფონით წიგნებს ვყიდდი. ასე თუ ისე, საქმე გამომდიოდა. დაახლოებით 20 დღე ვიმუშავე. შემდეგ ერთ-ერთი უფროსის დამხმარე მოვიდა, რომელმაც ცალკე გაგვიყვანა და ჩვენს მენეჯერზე ჭორაობა, ცუდი რაღაცების ლაპარაკი დაიწყო - ახლა ამას აქედან მოვაშორებთ, არაფერი მოუსმინოთ, მაინც ყველაფერს შევცვლითო. პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, რაც მაშინვე გამოვხატე. თანამშრომლებს ვუთხარი, - ეს რა წესია? ჩვენს მენეჯერს ყველა ვუღიმით, მასთან ერთად ყავას ვსვამთ, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ახლა კი აქ ვდგავართ და მასზე ვჭორაობთ-მეთქი. ახალმა უფროსმა მკითხა, - შენ რა გქვიაო? - მიშა-მეთქი. - მიშა, აქ აღარ მუშაობო (იცინის)...
- იმ 20-დღიანი მუშაობის გასამრჯელო მაინც თუ მოგცეს?
- არა, არაფერი... პირველი სამუშაო გამოცდილებები დიდად პოზიტიური არ მქონია, თუმცა არ გავჩერებულვარ. რაღაც გამოცდილებები მივიღე...
- ისევ წარუმატებელი, თუ?..
- სხვისი გადმოსახედიდან, ალბათ წარმატებულია, მაგრამ საერთოდ, სხვისთვის მუშაობა არ მომწონდა. მივხვდი, ფულის გამომუშავება თავადაც შემიძლია - კლასიკური ტიპის სამსახურებში სიარული საჭირო არ არის. რამდენიმე საქმე წამოვიწყე, შემდეგ კი გახმოვანების სფეროში მივედი. ეს საქმე დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყე. "ფრილანსერებისთვის" შესაბამისი საიტები არსებობს... მუდმივი სამსახური არ მაქვს. როცა შეკვეთებია, ვასრულებ, ჩემივე პირობებით. ამ საქმის აღმოჩენა ჩემს სამუშაო გამოცდილებაში რევოლუცია იყო! ჩემი სტუდია მაქვს.
- ამ საქმეს როგორ მიაგენი, გახმოვანების უნარი, ნიჭი როგორ აღმოაჩინე საკუთარ თავში?
- სულ მეუბნებოდნენ, - როგორი კარგი ხმა გაქვსო! ამას ყურადღებას არასდროს ვაქცევდი. ერთხელაც ისევ რომ მითხრეს, ეტყობა, უსამსახუროდ ვიყავი და ვიფიქრე: - მორჩა, მივხვდი, ახლა რაც უნდა ვაკეთო-მეთქი! მაშინვე წავედი და მიკროფონი ვიყიდე. შემდეგ "გუგლში" ინფორმაცია მოვიძიე, რომ თურმე, გახმოვანებისას მიკროფონი აბსოლუტურად მესამეხარისხოვანია - უმთავრესი სტუდია და მისი აკუსტიკურად მოწყობაა, რომ მიკროფონში ხმა კარგად ისმოდეს. მოკლედ, ნელ-ნელა სტუდიის შენება დავიწყე: ოთახში თაბაშირ-მუყაოსგან კუბი ავაშენე, შიგნიდან მთლიან კედლებზე ღრუბელი გავაკარი და შუაში მიკროფონი ჩავდგი, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა. მერე უკვე, როცა განვვითარდი, მთელ ოთახში რემონტი გავაკეთე. "ტიკტოკზე" რასაც მაყურებელი ხედავს - ადგილი, სადაც ვიდეოებს ვწერ, ეგ სტუდიაა. ხალხი კომპლიმენტს მეუბნება - ხმა რა კარგად ისმისო! ხალხო, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი სტუდიის კარგად მოწყობის დამსახურებაა. უბრალოდ, არ წახვიდეთ და ძვირად ღირებული მიკროფონი არ იყიდოთ - ჯობია, მის შესაძენად გათვალისწინებული თანხა სტუდიის მოწყობას მოახმაროთ... მერე აღმოჩნდა, რომ თურმე, ეს ჩემი, დიქტორისთვის დამახასიათებელი ბოხი ხმა მოდიდანაა გადასული, უკვე "100 წელია" და არავის სჭირდება. ყველანაირი ხმა გამოსადეგია - უბრალოდ, მთავარია, სიტყვებს გამართულად, მკვეთრად გამოთქვამდე. ინგლისურენოვანი, "იუთუბ" ვიდეოების გახმოვანება დავიწყე, რადგან ინგლისურ ენაზე ბაზარი დიდია. ის ილუზიები არ მქონდა, რომ ჰოლივუდის ფილმები დამიქირავებდნენ. ამიტომ ჩემი ნიშა ვიპოვე: როდესაც ინგლისურად ხალხი ვიდეოებს აწყობს და ეკრანზე არავინ ჩანს (მაგალითად - "სლაიდ შოუ"), ამას გახმოვანება სჭირდება. ზუსტად ეგ ადამიანი ვარ, ვინც კადრს მიღმა რჩება, თუმცა ჩემი ხმა ისმის. როგორც აღვნიშნე, "ფრილანსერებისთვის" რამდენიმე საიტი არსებობს. რა თქმა უნდა, აქაც უზარმაზარი კონკურენციაა. ძირითადად, ხალხი ნებდება. მქონდა შემთხვევები, როცა სამსახურთან დაკავშირებულ რჩევებს სერიოზულად მეკითხებოდნენ. ვეუბნებოდი, - საიტებზე დარეგისტრირდით-მეთქი. - არა, უკვე ვცადე, არაფერი გამოდისო, - ასე მპასუხობდნენ. ასე მალე ხელის ჩაქნევა როგორ შეიძლება? ყველგან ყოველთვის რაღაცით უნდა გამოირჩეოდე... თავად იმით გამოვირჩეოდი, რომ საიტზე სხვებს მხოლოდ ფოტოები ედოთ, მე კი ვიდეოები ჩავწერე, სტუდია ვაჩვენე, 1-2 ხუმრობა "ჩავსვი"... შეკვეთებმაც არ დააყოვნა და ამ სფეროში პოპულარობა მოვიპოვე.
- ინგლისური ენის ფლობა მხოლოდ სკოლაში სწავლის დამსახურებაა?
- სკოლის დამსახურება ალბათ, 20%-ია. შემდეგ კომპიუტერულ თამაშებში, ინგლისურენოვან მომხმარებლებთან კონტაქტისას ვისწავლე. მთავარია, საუბრის კომპლექსი არ გქონდეს და რასაც ვერ გაიგებ, იმ სიტყვების ლექსიკონში მოძებნა არ დაგეზაროს (მით უმეტეს, დღეს ამის გაკეთება ტელეფონით უმარტივესია). პირველ ჯერზე - ვერა, მაგრამ იგივე სიტყვები სამჯერ რომ შეგხვდებათ და სამჯერვე განმარტებას მოძებნით, უკვე დაგამახსოვრდებათ. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ სრულყოფილად ვფლობ ინგლისურსაც, რუსულსაც. ორივე ენის ცოდნა კომპიუტერული თამაშების დამსახურებაა: ზრდასრულ ხალხთან 12 წლის ბავშვი ვსაუბრობდი, არ მერიდებოდა და რომელი სიტყვის მნიშვნელობაც არ მესმოდა, განმარტებას მაშინვე ვეძებდი. ენების ცოდნა ასე განვივითარე. ახლა ესპანურს ვსწავლობ, უფასო აპლიკაციით...
- როგორც ვიცი, რეალურ ცხოვრებაში ისეთი პროფესია "დაგიბრალებიათ", რომელშიც განათლება არ გაქვთ მიღებული...
- ამ თემით ხალხი ძალიან დაინტერესდა და ვფიქრობ, ექსპერიმენტი ხომ არ ჩავატარო, "იუთუბ" ვიდეო ხომ არ გადავიღო? ზოგს არ სჯერა, რომ დასაქმებისას მოტყუება თავისუფლად შეიძლება - ოფიციალურ განათლებას აბსოლუტურად არავინ ამოწმებს. ვინც განათლება უნდა შეამოწმოს, ის "ეიჩარებიც" ასე მოტყუებით არიან სამსახურში აყვანილი. კადრების პროფესიონალი ამრჩევები არსად შემხვედრია. კონკრეტული სამსახურების დასახელება არ მინდა, მაგრამ ყველა "სივიში", რაც კი გამიგზავნია, მიწერია, რომ უნივერსიტეტი იმ განხრით მაქვს დამთავრებული, რომელიც "ეიჩარს" მოეწონება, მაგალითად - გაყიდვების მენეჯერის პოზიციისთვის ჩავწერე, რომ ეკონომისტი ვარ, საუკეთესო უნივერსიტეტი დავამთავრე, 2-წლიანი სამუშაო გამოცდილებაც მაქვს... მერე, ადგილზე რომ მიხვალ, ისწავლი, რა და როგორ ხდება. მთავარია, არ დაიბნე, პროფესიონალური სახე შეინარჩუნო. იმ "ეიჩარს" შენზე ცუდად ესმის ეკონომიკაც, გაყიდვებიც და საერთოდ, ყველაფერი (იცინის). მაგალითად, ერთ-ერთ სასტუმროში გასაუბრებაზე მივედი. "ეიჩარმა", ძალიან ლამაზმა გოგომ მკითხა, - ინგლისურად საუბარი შეგიძლიაო? მაშინვე ინგლისურად ავლაპარაკდი. - რუსულად საუბარი შეგიძლიაო? საუბარი რუსულად განვაგრძე. თვითონ ისევ ქართულად ლაპარაკობდა. სინამდვილეში, გამომაგდეს, მაგრამ ამას ხომ არ ვეტყოდი, არა? მოვატყუე - ხელფასი აღარ მომწონდა, აღარ მაკმაყოფილებდა, უფრო გაზრდა მინდოდა-მეთქი. - ანუ თქვენთვის ფული მნიშვნელოვანიაო? - არა, სამსახურს მეგობრების შესაძენად ვეძებ-მეთქი, - ვუპასუხე, ავდექი და წამოვედი. 1-2 თვის მერე, ის გოგო ძალიან პრესტიჟულ სამოდელო ჩვენებაზე გამოვიდა. ეჭვი მეპარება, "ეიჩარად" იმის გამო ემუშავა, რომ რაღაც "საეიჩარო" ჰქონდა დამთავრებული (იცინის). უბრალოდ, იყო ვიღაც გოგო, რომელიც უფროსს მოეწონა და ჰკითხა, - "ეიჩარად" მუშაობა გინდაო? მანაც უპასუხა, - რავი, მინდა, რაღაც საინტერესოდ ჟღერსო. იმ გოგოს რაც უნდა უთხრა, ყველაფერს დააჯერებ...
- შენი ყოველდღიურობა როგორია?
- იდეალური: დილის 4-5 საათისკენ ვიღვიძებ. ვამოწმებ, რა საქმეები მაქვს, ყავას ვსვამ, მუშაობას ვიწყებ... დაახლოებით 11-12 საათამდე ინტენსიურად ვმუშაობ. შემდეგ ძირითადად თავისუფალი ვარ. თუ არ ვზარმაცობ (რასაც სამწუხაროდ, ხშირად ვაკეთებ), შემიძლია ახალ პროექტებზე ვიფიქრო. ამ პერიოდში უკვე "ტიკტოკზე", "იუთუბის" განვითარებაზე ვფიქრობ. როცა სანამ სხვებს სძინავს, შენ უკვე ნახევარი ან სრული საქმე დასრულებული გაქვს, ადამიანს ილუზიას გექმნება, რომ სხვებს ჯობნი, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან გეხმარება - პლაცებოს ეფექტია. მით უმეტეს, ვისაც შეჯიბრება უყვარს, ეს დაეხმარება, რომ დილის 4-დან 10-11 საათამდე 200%-იანი დატვირთვით იმუშაოს...
- ცოტა რამ პირად ცხოვრებაზეც გვითხარი: როგორი ქალები იქცევენ შენს ყურადღებას?
- ქალს უნდა ეტყობოდეს, რომ ჩემი ცხოვრების დანგრევა შეუძლია და ამ შემთხვევაში, ჩემს ყურადღებას იქცევს (იცინის). სახლში მისვლას 10 წუთით რომ დააგვიანებ და ფიქრობ - იქაურობა გადამწვარი დაგხვდება თუ არა და ამის შანსი 50/-50-ზე რომ არის (იცინის)... ამ ეტაპზე, არავინ მყავს.
- პირად ცხოვრებაში ცუდი გამოცდილება გაქვს?
- არა, პირიქით - ყველა კაცს ვურჩევდი, გამოცადოს. ეს აღმაფრთოვანებელია, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ასეთი ურთიერთობები მალე სრულდება. ასე იმ ტიპის ურთიერთობას ნამდვილად ვერ ააწყობ, როგორიც ჩვენს ბებია-ბაბუებს ჰქონდათ: 60 წელი ერთად ვართო, რომ გვეუბნებოდნენ. 100%-ით სერიოზულად ვამბობ: თუ იმის საფრთხე არსებობს, რომ გოგომ ცხოვრება დამინგრიოს და გამაუბედუროს, ეგ აღმაფრთოვანებს (იცინის).
- შეგიძლია, ამ თემაზე ვრცლად გვესაუბრო?
- არა, ვერ მოგიყვები...
- დეპრესია გადაიტანე, ფიქრობდი, რომ ცხოვრება დაგენგრა?
- დეპრესია არ მქონდა. უბრალოდ, ძალიან დიდი შემოსავალი მქონდა და გოგოსთან ურთიერთობის შემდეგ ვიყავი უსახლკარო, რაც ძალიან მაგრად დამამახსოვრდა. კარგად ვიცხოვრეთ, მაგრამ ასეთი ურთიერთობები მალე სრულდება...
- ოჯახის წევრებზე რას გვეტყვი?
- დედაჩემი ჩემი მართლა ნომერ პირველი "ფანია" - აბსოლუტურად ყველაფერში მგულშემატკივრობს. ბევრს იმის კომპლექსი აქვს, ხალხი ჩემზე რას იტყვის, ხომ არ დამცინებენო? ჩემ შესახებაც არის 4-5% ნეგატიური კომენტარი, თუმცა როცა შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანი მხარს გიჭერს, ვიღაც უცნობი რამე უარყოფითს თუ დაგიწერს და შეურაცხყოფას მოგაყენებს, ფეხებზე უნდა დაიკიდო. ვისაც კომპლექსები აქვთ, ვურჩევ: მთავარია, აზრი ისეთ ადამიანებს ჰკითხოთ, ვისი აზრიც მართლა გაინტერესებთ, ვისაც თქვენი ბედი ადარდებს და თქვენ - მისი.
- "მიშა ექიმო", მადლობა ინტერვიუსთვის. რამის თქმა ხომ არ გსურთ, რის შესახებაც არ მიკითხავს?
- რეალურად, თმა მაქვს. უბრალოდ, გადაპარსვა მომწონს, თორემ 1 ღერიც არ ჩამომვარდნია, გამელოტება არც დამწყებია. ხალხს უკვირს ხოლმე, - ვაიმე, თმა ამოუვიდაო (იცინის)! უბრალოდ, 2-3 დღეში ერთხელ "ნულზე" ვიპარსავ. ასე მეკომფორტულება, მომწონს...
ეთო ყორღანაშვილი