კატო შარიქაძის დაუვიწყარი დაბადების დღე ლაგოდეხის ნაკრძალში - გზაპრესი

კატო შარიქაძის დაუვიწყარი დაბადების დღე ლაგოდეხის ნაკრძალში

ამბობს, რომ საკუთარი შთაბეჭდილებები პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებში გადაჰქონდა, დღეს უკვე პიესებში და ისინი რასაც უნდა ეძღვნებოდეს და რა თემასაც უნდა ეხებოდეს, გინდა არ გინდა, ყველა ნაწერში ავტორის გარკვეული მოსაზრება, ნაცნობი ემოციები თუ განცდები მაინც დევს.

მსახიობი და რეჟისორი ეკატერინე (კატო) შარიქაძე 2007 წლიდან თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობს, თუმცა, მანამდეც, მსახიობი მამის წყალობით, ბავშვობის დიდი ნაწილი „მოზარდის“ კედლებში აქვს გატარებული. შესაბამისად, მისთვის მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენებზე, ბედნიერ წუთებზე და შთაბეჭდილებებზე საუბარი, ადრეული ბავშვობის პერიოდიდან დავიწყეთ.

- დღემდე ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ის მოზარდ მაყურებელთა თეატრი და მისი სპექტაკლებია, რომელსაც მოვესწარი და ის რეპეტიციები, რომელსაც შალვა გაწერელია ატარებდა. კი, შეიძლება ამ თვალსაზრისით გამორჩეული წიგნი, სპექტაკლი თუ კონცერტი ყოფილა, მაგრამ ბავშვობაში მოზარდმა მაყურებელთა თეატრში გატარებული ის შთამბეჭდავი პერიოდი ვერაფერმა გადაფარა. ეს ჩემთვის არის როგორც კაშკაშა, ისე ნოსტალგიური და სენტიმენტალური მოგონება. ის ადამიანები, ვინც იმ პერიოდიდან დღემდე მუშაობენ თეატრში, განსაკუთრებით ძვირფასები არიან ჩემთვის და ძალიან მიყვარს.

შალვა გაწერელიამ მოზარდ მაყურებელთა თეატრში არაჩვეულებრივი ეპოქა შექმნა, მაგრამ მე ყველაზე ნათლად მისი „ტომ სოიერის თავგადასავალი“ მახსოვს. შეიძლება მის სხვა სპექტაკლებთან შედარებით, ეს არ იყო ისეთი „აიქონიქ“, მაგრამ ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი წარმოდგენა გახლდათ. არაერთხელ მაქვს ნანახი. პარტერში კი არ ვიჯექი, სცენას ჩამოყრდნობილი ვიდექი და ყველა დეტალი თვალნათლად მახსოვს. მერე წიგნი წავიკითხე, ცხადია არაერთხელ და დღემდე ეს ნაწარმოები ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულია.

- დავასახელოთ 3 ადამიანი, ვინც თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, დაუვიწყარი კვალი დატოვა...

- წინასწარ ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ცხოვრებაში დიდი გავლენის მატარებლები არიან, მაგრამ უნდა დავასახელო ჩემი სკოლის მასწავლებლები. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლია ბიგვავა და ისტორიის - ნენო აქუბარდია. ქალბატონმა ლიამ თავისუფალ აზროვნებას მიმაჩვია, სასკოლო პროგრამაში არსებული ნაწარმოებების გარდა, გვავალებდა სხვადასხვა წიგნის კითხვას, რაც ჩემთვის დიდი სიამოვნება და სიხარული იყო, რადგან კითხვა მიყვარდა და ჯერ კიდევ მაშინ ვისწავლე, სანამ სკოლაში შევიდოდი. რაც შეეხება ნენოს, თუკი რამ მსოფლიო ლიტერატურის შედევრი არსებობს, რომელიც სკოლის ასაკის ბავშვს უნდა წაეკითხა, ჩემთვის მას მოჰქონდა და მაცნობდა. ამ ორმა ადამიანმა ჩემს განათლებაში უაღრესად დიდი როლი შეასრულა. ასევე დავასახელებ მამაჩემს, მან წიგნის კითხვის მაგალითი მომცა. მთელი ბავშვობა ვუყურებდი, სხვადასხვა ნაწარმოებს როგორ კითხულობდა და მეც ისე ვიქცეოდი. მერე ისე გამოვიდა, რომ პროფესიაშიც მივბაძე. შეიძლება ერთმანეთს ვეჯაჯღანებოდეთ, უცხო თვალი შეიძლება რაღაცებს სხვაგვარად აღიქვამდეს, მაგრამ ალბათ, მამაჩემი ჩემთვის ის ერთადერთი ადამიანია, ვის გამოც შემიძლია ვიღაცასთან ღია კონფლიქტში შევიდე. საერთოდ, უკონფლიქტო ვარ. არ ვიცი რა უნდა დამიშავოს ვინმემ, რომ მასთან უსიამოვნება მომივიდეს, მაგრამ თუ საქმე მამაჩემს ეხება, შეიძლება კონტროლი დავკარგო.

ამ სამეულში დედა რომ არ დავასახელე, იმედია არ ეწყინება. ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, გამიგებს. დედაჩემი ასმათ კობახიძე პროფესიით ფილოლოგია და ქართული ენის მიმართ ჩემი კარგი დამოკიდებულება მისი გავლენის შედეგია. ძალიან პატარა ვიყავი, როცა „ვეფხისტყაოსანს“ მიკითხავდა და სკოლაში არ ვიყავი შესული, როცა პოემის პროლოგი, თინათინის გამეფება, ავთანდილის ანდერძი და სხვა ქვეთავები ზეპირად ვიცოდი. ალბათ მამაჩემის პროფესიულ გზას რომ არ დავდგომოდი, ისეთი სფეროს წარმომადგენელი გავხდებოდი, სადაც ქართული ლიტერატურის ცოდნა გამომადგებოდა. სიამოვნებით ვიქნებოდი ფილოლოგი, ამის შანსი მქონდა კიდეც, მაგრამ ბოლოს მაინც მსახიობობამ გადაწონა. აქვე მინდა ჩემო ოჯახის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ყველა გვერდში მიდგას: ჩემი მშობლები, და, შვილი, მეუღლე. თითოეული სხვადასხვაგვარად ისე ტრიალებს ხოლმე ჩემ გარშემო, როგორც ნაძვის ხეს უვლიან წრეს და ამის გამო მათი მადლიერი ვარ.

- ვინც არ იცის, ვუთხრათ, რომ თქვენ და მამას არა მხოლოდ ერთი პროფესია გაქვთ, არამედ ერთ თეატრშიც მუშაობთ....

- დიახ, მამაჩემი მერაბ შარიქაძე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. ამ თეატრში მე 2007 წელს მივედი და მაშინ ამბობდა, - 40 წელია, რაც აქ ვარო და ახლა ზუსტად რამდენია, მაგდენი ანგარიში არ ვიცი (იღიმის). მისი ხმა იცის ფართო საზოგადოებამ, ანუ იმ ადამიანებმა, ვინც ტელევიზორის ხშირი მაყურებელია. ქუჩაში, მაღაზიაში თუ ბაზარში, ადამიანებს რომ გამოელაპარაკება, მაშინვე ცნობენ. ფილმებს ახმოვანებს, წლების განმავლობაში რადიოწამყვანიც იყო. დილის 6 საათზე დღე მისი ხმით იწყებოდა. პარალელურად, როდესაც ტელევიზიებმა ფილმების ქართულად გახმოვანება დაიწყეს, მამაჩემი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ სფეროში მუშაობა დაიწყო. დღემდე ახმოვანებს სერიალებს, ანიმაციურ ფილმებს. დინჯი და დამაჯერებელი ტემბრი აქვს. ვფიქრობ, მისი ხმა განსაკუთრებით დოკუმენტურ ფილმებს უხდება. ინტელექტიც უწყობს ხელს, რადგან არაერთი ისეთი ფილმი გაუხმოვანებია, რომლის თემის შესახებ ინფორმაცია მანამდეც ჰქონდა და თუკი მისთვის რაიმე სიახლე იყო, მერე მოდიოდა, მეც მიყვებოდა. თამამად ვიტყვი და იმედია არ ეწყინებათ იმ ადამიანებს, ვინც ამ სფეროში მუშაობს, რომ მამაჩემი საქართველოში პირველი ხმაა. ეს ჩემთვის სხვებსაც უთქვამთ და ასევე ისიც, რომ მისგან ბევრი აქვთ ნასწავლი.

- თქვენ თვლით და მეც ასე ვფიქრობ, რომ როცა ბავშვი უყურებს მშობელს წიგნით ხელში, კითხვისადმი ინტერესი მასაც უჩნდება. თუ ეთანხმებით გამოთქმას, „ბავშვი ოჯახის სარკეა“?

- თან კი და თან - არა. მინახავს შვილები, რომლებიც საკუთარი ოჯახის საუკეთესო ვარიანტები არიან და სარკესავით ირეკლავენ ყველაფერ კარგს, ანუ ღირსეული მშობლების ღირსეული შვილები ხდებიან, მაგრამ ასევე მინახავს საპირისპირო ვარიანტიც, ღირსეული მშობლების ნაკლებად ღირსეული შვილები. ასე რომ, 50/50-ზე. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ბავშვი საბაზისო უნარ-ჩვევებს, ზრდილობას, კულტურას მშობლებისგან სწავლობს და მერე გარშემო მყოფი საზოგადოება თუ ამაში ხელს შეუწყობს, ძალიან კარგი იქნება.

- წლებთან ერთად იცვლება ჩვენი ლიტერატურული გემოვნება, დამოკიდებულება ფილმების, სპექტაკლებისადმი. ამიტომ, ისეთი წიგნი, ფილმი და სპექტაკლი მინდა დაასახელოთ, რომლითაც ბოლო პერიოდში მოიხიბლეთ და თქვენზე ძლიერი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა...

- ბოლო პერიოდში წაკითხული წიგნებიდან მარი ბექაურის „ანას მომენტი“ ყველაზე მეტად მომეწონა. მარის კარგად ვიცნობ, არასდროს გვისაუბრია იმ თემებზე, რაზეც ვკითხულობდი. მარი წერს, თუ რა დამოკიდებულებაც უნდა გქონდეს ადამიანს მტრის მიმართ და მეც იმავეს ვფიქრობ. რა თქმა უნდა, მე ასე კარგად ვერ დავწერდი, მარიმ ეს არაჩვეულებრივად შეძლო, მაგრამ ამ თვალსაზრისით ჩვენი აზრები ერთმანეთს ძალიან დაემთხვა და ვფიქრობ, სწორად არის გადმოცემული, თუ რას ნიშნავს მტერი. ასევე მინდა გამოვყო პოეტი თემურ ელიავა, რომელიც გაცნობის პირველი დღიდან ჩემს გაოცებას არ წყვეტს. ფილმებზე საუბარი კი გამიჭირდება, რადგან ვერ ვიტყვი, რომ რაც ბოლოს ვნახე, რომელიმემ გამორჩეულად მომხიბლა. ყოველთვის არის რაღაც, რის გამოც ამა თუ იმ ფილმს აღიარება მოჰყვება ხოლმე. თუნდაც, „ოსკარის“ გადაცემა უკვე სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ხდება: ამას არ ეწყინოს, იმას არ ეწყინოს, არ დაიჩაგროს და ეს პოლიტკორექტულობა ხელოვნებას გვაშორებს. რაც შეეხება სპექტაკლებს, რამდენიმე თვის წინ ჩემმა მეგობარმა ანა სანაიამ მარჯანიშვილის სხვენში დადგა სპექტაკლი „ისმინე, ისრაელ!“. თან, ეს იყო ანას სარეჟისორი დებიუტი. როგორც მისი მეგობარი, ამ შემთხვევაში სუბიექტური, მიკერძოებული ვიქნები და ვიტყვი, რომ ანას სპექტაკლმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

4-kato-da-mamamisi-copy-1723447377.jpg

- დაასახელეთ თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი, რაც პირველი გაგახსენდებათ... არ აქვს მნიშვნელობა, მატერიალური იქნება ეს თუ რამე მოულოდნელი საქციელი...

- ჩემთვის საჩუქარი ემოციები უფროა, ვიდრე მატერიალური ნივთი. წელს, 38 წლის რომ გავხდი, გასტროლზე ლაგოდეხში ვიყავი. ამ დღეს პატარა ბავშვებისთვის დაბადების დღის ცენტრებში რომ აღნიშნავენ, ხმამაღალი მუსიკის ფონზე, წითელი ხალიჩით, ვარსკვლავზე იუბილარის სახელის დაწერით და ა.შ., ზუსტად ასეთი დაბადების დღე მომიწყვეს ლაგოდეხის ნაკრძალში ლაგოდეხელებმა, იქაური თეატრის დასის წევრებმა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი და ეს ემოცია ჩემთვის დაუვიწყარია.

- დაბოლოს, ხომ არ მუშაობთ ახალ როლზე ან მორიგ სპექტაკლს ხომ არ დგამთ?

- დეტალებს არ გავამხელ, მაგრამ გეტყვით, რომ ვმუშაობ ახალ თემაზე, რომელიც ქართული ფოლკლორის ნიმუშებზე უნდა აიგოს. ეს თოჯინური სპექტაკლი იქნება. იმედი მაქვს, კარგი გამოვა და ჩემს ჩანაფიქრს ბავშვებამდე მივიტან.

ანა კალანდაძე