მონიკა როსტობაია: "უამრავჯერ ნემსითა და ძაფით ხელში დამძინებია"
თანამედროვე მოდის ტენდენციებს და როგორც ამბობს, თავად ცდილობს ამ ქაოსში ინდივიდუალობა შეინარჩუნოს და რადგან მსოფლიოს წამყვან ბლოგერებს და ტელესახეებს აცმევს, ალბათ გამოსდის კიდეც...
- აღარც კი მახსოვს, რამდენი წელია, ამ საქმეს ვემსახურები. ბავშვობიდან ვხატავ. 13 წლისამ, სკოლაში ჩემი 15 კოსტიუმის გამოფენა მოვაწყვე - მე დიზაინი შევქმენი, შეკერვაში კი დედა მეხმარებოდა. სკოლასთან ახლოს კოლეჯი იყო, სადაც მოდის დიზაინი ისწავლებოდა. წამყვან საგანს დიანა მიქაძე ასწავლიდა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი, როგორც დიზაინერის ჩამოყალიბებაში... მერე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, რომლის დასრულების შემდეგაც გერმანიაში წავედი. იმ წლებში ევროპაში სასწავლებლად და სამუშაოდ წასვლა ძალიან რთული იყო, ერთადერთი ნათელი წერტილი გოეთეს უნივერსიტეტში ჩაბარება გახლდათ, რაც გერმანიაში წასვლაში დამეხმარა. მისი დასრულების შემდეგ "ოპერად" დავსაქმდი, თუმცა, მქონდა ენის ბარიერი და არაერთი ენის კურსი გავიარე, პარალელურად, ჩავაბარე შტუტგარტის თავისუფალ უნივერსიტეტში, ხელსაქმის ფაკულტეტზე, რაც მოიცავს კერვას, ქსოვას და სხვა...
- იმავდროულად მუშაობდი, ხომ?
- რასაკვირველია, ევროპაში ყველა ასე ცხოვრობს. უამრავჯერ ნემსითა და ძაფით ხელში დამძინებია. ასეთი შრომისა და სწავლის პარალელურად, მაინც მოვახერხე და ბერლინში რამდენიმე გამოფენის მოწყობა შევძელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შტუტდარტიდან ბერლინში წასვლა არ იყო ადვილი. შემდეგ ერთ-ერთ დიდ კომპანიაში, Bრეუნინგერ-ში დავიწყე მუშაობა, სხვადასხვა სამოსის მონაცემები შემყავდა, რომელი რა შემცველობის იყო. ვიცოდი, სტილისტები სადაც მუშაობდნენ და მათი სივრცე ჩემი საოცნებო ადგილი იყო. ერთხელაც ფოტოგრაფმა მკითხა, - პროფესიით ვინ ხარო? - დიზაინერი ვარ-მეთქი და ჩემი ნამუშევრებიც ვაჩვენე. არაფერი უთქვამს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კომპანიის უფროსს უამბო და იმანაც დამიბარა, რატომ არ გვითხარი, დიზაინერი თუ იყავიო?.. ერთი თვის შემდეგ გასაუბრება დამინიშნეს, რომლისთვისაც რამდენიმე დღე თავაუღებლად ვემზადებოდი, პორტფოლიო მოვამზადე, ყველა ჩემს ნამუშევარს მოვუყარე თავი. სამი სხვადასხვა განყოფილების უფროსთან მქონდა გასაუბრება, სამი ეტაპი უნდა გამევლო... ერთ-ერთმა მადლობა გადამიხადა, ასე კარგად მომზადებული რომ წარვდექი მათ წინაშე. დარწმუნებული ვიყავი, ამიყვანდნენ, მაგრამ ბოლოს უარი მითხრეს... მახსოვს, საპირფარეშოში შევედი და ძალიან ბევრი ვიტირე, შემდეგ ცრემლები მოვიწმინდე და ვთქვი, რომ ამ კომპანიაში ჩემი ფეხი არ იქნება-მეთქი და წამოვედი.
- უარის მიზეზი რა იყო?
- გერმანულის არასრულყოფილად ცოდნა... ჩემი ვერსიით, ერთ-ერთ უფროსს თვალში არ მოვუვედი... ერთ თვეში დამირეკა სხვა უფროსმა, - რაღაცები შეიცვალა, გადავხედეთ შენს ნამუშევრებს, თანამშრომლობა გვსურს და კიდევ ერთხელ გიბარებთ გასაუბრებაზეო. მივედი და ამიყვანეს. სამი წელი ვიმუშავე იქ.
მუშაობისას ბევრ სირთულეს გადავაწყდი - კომპიუტერული პროგრამების ცოდნაც კი მომთხოვეს, რაშიც მერე თავად გადამამზადეს. მუდმივად წნეხის ქვეშ ვიყავით, რამაც ძალიან გამზარდა და გამაძლიერა, ემოციების კონტროლი და საქმეზე სრულად კონცენტრირება ვისწავლე. როდესაც ლაქშერ ბრენდებს ერთმანეთს უხამებ, დიდ რისკზე მიდიხარ - ძნელია "გუჩის" ბრენდის ზედა სხვას გემოვნებიანად შეუხამო. გერმანელი ერი არ არის სიჭრელის მოყვარული, ბერლინსა და მსგავს მულტიკულტურულ ქალაქებზე არ ვსაუბრობ, ბავარიულ მიწებზე მინიმალიზმს ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომ სადა სტილის შენარჩუნებას ვცდილობდით.
- შემდეგ საქართველოში დაბრუნდით...
- დიახ, პირადი მიზეზების გამო სამშობლოში დავბრუნდი და ყველაფრის თავიდან დაწყება მომიხდა - ის გამოცდილება აქ ვერ გამოვიყენე, რადგან საქმე, რომელსაც გერმანიაში ვსწავლობდი, იმ პერიოდის საქართველოში არ არსებობდა - ონლაინშოპი, ანუ ამა თუ იმ კომპანიის მთავარი გვერდისთვის გოგონების გადაღება, რომლებსაც სამოსის სწორად შერჩევა სჭირდებათ, რათა კონკრეტული ბრენდების ტანსაცმელი ონლაინ გაიყიდოს. ძალიან დიდხანს ვეძებე სამსახური და ჩემი სპეციალობით ვერაფერი ვიშოვე, სხვა რამით დავკავდი... შემდეგ, იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ ჩემი ბრენდი უნდა დამეარსებინა და ასეც მოვიქეცი. ჩემი ოცნებაა საქართველოში ვაწარმოებდე და Mადე ინ Gეორგია ეწეროს, მაგრამ რეალობა ზოგჯერ ოცნებისგან სრულიად განსხვავებულია.
მას შემდეგ, რაც ბრენდი დავაარსე, კიდევ ერთხელ მომიხდა გერმანიაში ჩასვლა, სადაც ჩემმა ქართველმა მეგობარმა, ნინო მშვიდობაძემ, რომელიც წლებია იქ ცხოვრობს, ერთ-ერთ ადგილობრივ გადაცემაში მიმიწვია. მაშინვე ვუთხარი: წამყვანების კოსტიუმები მაჩვენეთ-მეთქი. მერე ჩემი ნამუშევრები ვაჩვენე იქაურ თანამშრომლებს და მითხრეს, - თქვენნაირ ადამიანებს ვეძებთო. ნამუშევრების ფოტოკოლექციის გაგზავნა მთხოვეს... ასეც მოვიქეცი და შემდგომში, ჩემი მეგობრის შუამავლობითა და დახმარებით, ვაცმევდი ცნობილ გერმანელ ტელეწამყვანებს: სელინე ბერინგერსა და ალინა ქარა ბეიერს. მათთან ურთიერთობა დღემდე მაქვს, კიდევ ვაპირებთ თანამშრომლობას...
შემდეგ გავიცანი ინგლისელი ბლოგერი ესტელე ფრანკოის ელიოტი, რომელსაც წლების განმავლობაში თვალს ვადევნებდი. ერთ დღესაც მომწერა, - თქვენი ნამუშევრები ძალიან მომწონს და გამოწერა მინდაო... როდესაც ამანათს ვამზადებდი, კიდევ არ მჯეროდა, რომ ასეთი ცნობილი ადამიანის გული მოვიგე. მას ჩემი ხელით დამზადებული ვეგანური ქურთუკი გავუგზავნე, რომლის ქსოვილიც ჰენდმეიდია, ხელით არის ნამუშევარი და ვეგანური დრაპირება აქვს.
ამ ბლოგერს ჩემი ნამუშევრები დიდხანს ეცვა...
- ამ ეტაპზე რა გეგმები გაქვთ?
- სხვადასხვა პროექტის პარალელურად კორეულ ბაზარზე ვცდილობთ შესვლას. სიახლეები, ახალი გამოწვევები ძალიან მიყვარს. მიხარია, რომ იქაური ბლოგერები ჩემით დაინტერესდნენ... მსოფლიო დაიპყრო მასმოდამ და მასობრივი მარკეტის დიზაინერებიც დაინტერესებული არიან ტრენდებით. მოცემულობის გათვალისწინებით, ჩვენ, ინდივიდუალისტ დიზაინერებსაც გვიწევს მათი გათვალისწინება. მოდა მხოლოდ ის არ არის, რაც სიამოვნებას გვანიჭებს, მის უკან მთელი ეტაპებია, განსაკუთრებით ბიზნესის აწყობა, ამიტომ გვინდა თუ არა, ტრენდს უნდა მივადევნოთ თვალი. თუმცა, ზომიერების დაცვა აქაც საჭიროა. მაგალითად, ისეთი ტანისამოსი რომ ჩავაცვა ადამიანს, რომელიც მას სრულიად არ შეეფერება, შესაძლოა სასაცილოდაც კი გამოიყურებოდეს. მირჩევნია, ერთი და გამორჩეული შევუქმნა. მქონია შემთხვევა, როდესაც დიდხანს ვაკვირდები, როგორ იტანს ტანსაცმელი თბოდამუშავებას, რეცხვას, რადგან მირჩევნია, ადამიანმა დიდხანს ატაროს, ვიდრე ერთჯერადად. ე.წ. სწრაფი მოდა, ზოგ შემთხვევაში ყველაფერს აფუჭებს, მაგრამ ტრენდულია, დიდი მარკები წარმოუდგენელი რაოდენობის ქსოვილს აწარმოებენ, მე კი ვცდილობ, ძველი ქსოვილისგანაც ახალი სამოსი შევქმნა, დაძველების ეფექტით, მთავარია, ინდივიდუალიზმი ჰქონდეს. ეს ბიზნესის თვალსაზრისით წამგებიანია, მაგრამ მოდა და მოდის დიზაინი ჩემთვის შვილივით ძვირფასია და არ შემიძლია, რაღაც სარგებლის გამო, ჩემი შინაგანი პრინციპები დავარღვიო. ახლა ვცდილობ, ოქროს შუალედი დავიჭირო, ანუ არც ბიზნესკუთხით იყოს წამგებიანი და არც ინდივიდუალიზმი დავკარგო. ყოფილა შემთხვევა, ბიზნესმენებისგან მიმიღია შემოთავაზება, მაგრამ მათთან თანამშრომლობის სურვილი არ გამჩენია, რადგან საუბრის შემდეგ დამრჩა განცდა, რომ მოდა ფულის საჭრელი დაზგა ეგონათ, ასეთ შემთხვევაში შენი ინდივიდუალიზმი იკარგება და როგორც ხელოვანი, კვდები...
ერთხელ ბერლინში, მაკოვსკის გალერეაში გავაკეთე გამოფენა, რა დროსაც მაისურები ქართული ორნამენტებით გავაწყვე, რომელსაც წინ სხვადასხვა ორნამენტითა და დეტალებით მოხატული ჩოხის დეტალები ჰქონდა. თითქმის ყველა მაისური ძალიან სწრაფად გაიყიდა. შემდეგ გავაკეთე ქუდები, რომელსაც ქართული ასოებით ეწერა - "სიყვარული". ძალიან მოეწონათ. მეკითხებოდნენ, რომელი ქვეყნის დამწერლობა არისო?.. ასე მგონია, ყველა ქართველ დიზაინერს ხასიათში აქვს გამჯდარი ქართული შტრიხების წარმოჩენა და უმეტესობა, ძალიან ლამაზად, საინტერესოდ იყენებს კიდეც ამას. შესაძლოა, ჩოხა არ ჩააცვა და ან ჩიხტიკოპი არ დაახურო, მაგრამ თუნდაც ქართული ასოების გამოყენებით, თავისუფლად შეგიძლია მშობლიური კულტურის წარმოჩენა და დანერგვა მოდაში, ქართული კულტურა ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა.
- მაინც რა არის ტრენდი, თავისუფალი ჩაცმა, ფერების შეხამება?..
- წამყვანი დიზაინერები მსჯელობენ და წყვეტენ, რა ფერები და სტილი იქნება ტრენდული, მაგრამ ასე მგონია, მთავარ ტრენდს მაინც წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები ქმნიან, რომლებიც თანამშრომლობენ დიზაინერებთან. ისინი რასაც შემოიტანენ, მაშინვე აიტაცებს საზოგადოება და მოირგებს. მე ძალიან მიყვარს ყველაფრის ერთმანეთთან გემოვნებით შერწყმა. თავისუფალი ოვერსაიზიც უნდა იყოს და კლასიკურიც, რადგან ჩემი თვალით დანახული ქალი ელეგანტურიცაა და თავისუფალიც.
მახსოვს, პირველად რომ ჩავედი პარიზში, ქუჩაში ქალი დავინახე ველოსიპედით, რომელსაც ქუსლიანი ფეხსაცმელი, განიერი ფრიალა კაბა ეცვა, საოცრად ლამაზი შარფი კი მხრებზე მოეგდო. ჩემთვის ეს არის მოდა, ქალის სილამაზე, მომხიბვლელობა და შარმი, სიმარტივე, გამორჩეულობა და კომფორტი. იმ შარფის ფერებიც კი მახსოვს, კარგა ხანს ჩემი შთაგონების წყარო იყო.
- აფხაზეთიდან ხართ, იქ სახლი გაქვთ?
- გვქონდა, ახლა იმ სახლში სხვები ცხოვრობენ, აფხაზებმა მიისაკუთრეს, მაგრამ მაინც მგონია, რომ სხვის მფლობელობაში არსებული, მაგრამ დაკარგული სახლი უფრო ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე იმის ნახვა, თუ როგორ გაველურდა იქაურობა... ბაბუამ ააშენა, სახლის რემონტი სწორედ იმ წელს დავასრულეთ, როდესაც ომი დაიწყო. მამას აქვს გადაღებული სახლ-კარის ვიდეო, ჩვენი ბავშვობის ამსახველი კადრები.
მამა თბილისში მუშაობდა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, იქიდან ომამდე წამოვედით, მაგრამ იქაურობა კადრებად ჩამრჩა. ჩემი ოცნებაა იმ ულამაზეს მხარეში, სადაც დავიბადე, მაგრამ ვერ გავიზარდე, ერთ დღესაც ჩვენება გავმართო, რომელშიც ქართველი და აფხაზი მოდელები მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა, იმასაც ვიტყვი, თბილისში გავიზარდე, იმ მძიმე წლებში, "კერასინკისა" და სანთლის შუქზე ვმუშაობდი, ძალიან ბევრი ადამიანი ხელს მიმართავდა და ეს ძალიან მეძვირფასება. ამიტომ, თუ მკითხავთ - სად ვიცხოვრებდი, თბილისში თუ აფხაზეთში, პასუხის გაცემა გამიჭირდება.
ლალი პაპასკირი