"შესაძლოა, რომანტიკა ქრება, მაგრამ შშმ პირობა სტიგმის ნაწილი აღარაა"
უმაღლესი ქულების მქონე მოზარდებს შორის გახლავთ წარმატებული პარასპორტსმენი, 17 წლის გიორგი ზარქუა, რომელიც ხელების გარეშე (ზედა კიდურების აგინეზია) დაიბადა. თავად გიორგი გამოცდებზე საკუთარი თავისგან კიდევ უფრო მეტს ელოდა... რა გზა გაიარა აბიტურიენტმა, რომ გამოცდების ასე კარგად ჩაბარება მოეხერხებინა, რომელი პროფესია აირჩია და რა გეგმები აქვს? - ამის შესახებ თავად გვესაუბრა...
- საერთოდ, ქართულის გარდა, ყველა საგანში ისეთ ქულებს ველოდი, როგორიც მივიღე, ინგლისურში - ოდნავ მეტსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ 67 ავიღე, რაც საკმაოდ მაღალი ქულაა. უბრალოდ მინდოდა, 70-დან 70 ამეღო. ამაზე გული დამწყდა. ისტორიაში ხომ საერთოდ, გული დამწყდა!.. საკუთარი შეფასებით, კატასტროფულად დაბალი ქულა ავიღე, თორემ ისე, დაბალი არაა. მაქსიმალისტი ვარ. ჩემთვის 2-3 ქულაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს - ინგლისურში, თორემ ქართულ ენაში საკუთარ თავთან ფურორი, გადატრიალება მოვახდინე. აღმოჩნდა, რომ შემძლებია და ძალიან მიხარია!
- ქართულში უფრო დაბალ შეფასებას რატომ ელოდი, ვიდრე ინგლისურში?
- პირველ რიგში, ინგლისური ძალიან კარგად ვიცი. ამბიციურად ნათქვამი გამომდის, მაგრამ ფაქტია, მაღალ დონეზე ვფლობ. როცა ბრიტანეთში, ჩემპიონატზე ვიყავი, ფაქტობრივად, ჩემი საუბარი იქ უფრო მეტად დაიხვეწა. ინგლისურში ბავშვობიდან ვემზადები. ენების შესწავლის მიმართ მიდრეკილება მაქვს. უბრალოდ, სიზარმაცე მახასიათებს... ქართულ ენას რაც შეეხება, მეც გული მწყდება, რომ ბავშვები ქართულში უფრო დაბალ ქულას იღებენ, ვიდრე ინგლისურში, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. ამას მარტივი მიზეზი აქვს, რაც ქართველობის დავიწყებას არ უკავშირდება. მიზეზი ეროვნულ გამოცდებზე ესსეს შეფასების კრიტერიუმია. ქართულსა და ინგლისურში ესსე სხვადასხვანაირად ფასდება, ქულათა სკალა სხვადასხვანაირია: თუკი ქართულში 60 მაქსიმალური ქულაა და აქედან 34 - ესსესია, რომელიც იმდენი კრიტერიუმით ფასდება, რომ ფაქტობრივად, ჩამოთვლა შეუძლებელია (გრამატიკა, აზროვნება, ერუდიცია... სინტაქსი, პუნქტუაცია ცალკე "იზომება", თითოეული მაგალითი ცალ-ცალკე ფასდება...), ინგლისურში ესსედან მაქსიმალური ქულა 16-ია, საიდანაც 8 - აზრობრივ ნაწილში "მიდის", 8 კი - ტექნიკურში, თუ როგორ იცი გრამატიკა... ამბობენ ხოლმე, ბავშვებმა ქართული საერთოდ არ იციანო. ქართული ენა კარგად ვიცი. ჩემი მასწავლებელი, რომელიც წლებია, საგამოცდო ნამუშევრების გამსწორებლად მუშაობს, მეუბნება, რომ ასეთი კარგი ესსეები, რაც წელს ნახა, დიდი ხანია, არ შეუფასებია. გული მწყდება, როცა ამბობენ, ბავშვები ქართველობას ივიწყებენო. რეალურად, ჩვენ უფრო ვაფასებთ ქართველობას, ვიდრე ნებისმიერი მათგანი, ვინც ამას ამბობს.
- რომელი პროფესია გაქვს არჩეული?
- ჟურნალისტიკა და მაქსიმუმ, პოლიტიკის მეცნიერება, ასევე - ბოლოსკენ პიარი და მსგავსი ფაკულტეტები მიწერია... მომწონდა ბიზნესის ადმინისტრირება, პროგრამირება, ციფრული მარკეტინგი, ასევე - მათემატიკაც, მაგრამ ბავშვობიდნავე გავიაზრე, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, მათემატიკაში გამოცდის ჩაბარება ძალიან გამიჭირდებოდა... საბოლოო ჯამში, ჟურნალისტიკაზე შევჯერდი, თუმცა საკუთარ თავს მხოლოდ 1 პროფესიაში ვერ ვხედავ. აქტიური ადამიანი ვარ, გეგმები მაქვს... ჟურნალისტიკასთან ერთად, პიარიც მაინტერესებს, ციფრული მარკეტინგის კურსიც აუცილებლად უნდა გავიარო, სოციალური მედიის მენეჯერობაც შემიძლია... ბევრი რამისკენ მიმიწევს გული.
- შექმნილი პირობების გამო, ეროვნულ გამოცდებზე აზროვნებაში მუშაობაში ხელი ხომ არ გეშლებოდა?
- გამოცდაზე სტენდი ავაწყვეთ, რომელიც თავად მივიტანე, რადგან ისეთი ზომისას ვერავინ ამიწყობდა, როგორიც მჭირდებოდა. ამისთვის სახლში რაღაც მაგიდა გადავხერხე. გამოცდაზე ჩემი კლავიატურა, მაუსი მივიტანე... სხვანაირი, საოფისე სკამი მოვითხოვე... ქართულის გამოცდაზე გაორმაგებული დრო მქონდა: თუკი სტანდარტულად 3 საათი იყო განკუთვნილი, მე 6 საათი მომცეს, მაგრამ 3 საათსა და 32 წუთში გამოვედი, რადგან მუშაობა დავამთავრე. სხვათა შორის, სხვები გამოცდიდან ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოსულები... ინგლისურის გამოცდისთვის 2 საათ-ნახევარი იყო განსაზღვრული, მე 5 საათი მომცეს, თუმცა საათსა და 29 წუთში გამოვედი - იოლი იყო... ისტორიაში მეც ჩვეულებრივი დრო გამოვიყენე და ზუსტად 2 საათ-ნახევარში გამოვედი - რაც ვიცოდი, დავწერე, რაც არ ვიცოდი, ვერ დავწერდი, ზედმეტი ნერვიულობა კი არაფერში მჭირდებოდა.
- ვიდრე ამ შედეგს მიაღწევდი, რა გზა გაიარე, სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?
- ბავშვობიდან მოყოლებული, სკოლა მაგრად არ მაინტერესებდა. ერთადერთი, ისტორია მიყვარდა და სპორტი, იდეალური ქულები მქონდა - ჩათვლა არ გამომიტოვებია... სკოლაში, ქართულის დავალებების შესრულებას ვცდილობდი, რადგან იმედი მქონდა, უნივერსიტეტში ჩავაბარებდი. როცა გავიზარდე, მივხვდი, შეუძლებელი არაფერია, თუ ადამიანი მოინდომებს. უბრალოდ, პანდემიის გამო, მერვე კლასიდან სწავლა სულ დავივიწყე - პანდემიაა, სწავლა აღარ მინდა-მეთქი. მერე, როცა სიტუაცია შემსუბუქდა, დედამ მითხრა, - წადი, ქართული ისწავლე. შეიძლება, უნივერსიტეტში ჩაგაბარებინოო. წავედი რეპეტიტორთან... მერე უკვე ქართულზეც დავდიოდი, ინგლისურზეც და ისტორიაზეც...
- ამას მხოლოდ დედის ნათქვამის გამო აკეთებდი თუ უკვე მოტივაციაც გქონდა?
- საერთოდ, ცხოვრებაში სხვა გეგმები მქონდა. დედამ მაიძულა, ეროვნული გამოცდები ჩამებარებინა, მაგრამ კარგია, რომ ასე მოხდა, ჩემს გეგმებს უნივერსიტეტში სწავლაც მიემატება. თავად ციფრულ მარკეტინგსა და მსგავსი სფეროების შესწავლაზე ვფიქრობდი. ციფრული მარკეტინგი ჟურნალისტიკაშიც გამომადგება. პირადად მე, უნივერსიტეტში ჩაბარებას არ ვაპირებდი - ჩემთვის ეს 4 წლის დაკარგვას ნიშნავს. სხვათა შორის, ასე ბევრი ფიქრობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში სწავლისგან არაფერს მიიღებ. უბრალოდ, ამის გამოყენებას როგორ შეძლებ, მთავარი ეგ არის, რადგან რეალურად, უნივერსიტეტი იმას ვერ გასწავლის, მიღებული ცოდნა როგორ გამოიყენო.
- გიორგი, შენს სპორტულ კარიერაზე რას გვეტყვი?
- ამ აბიტურიენტობის გადამკიდე, 1 წელი დიდად არ მივარჯიშია, მაგრამ გამოცდები მორჩა თუ არა, მეოთხე-მეხუთე დღესვე ვარჯიშზე წავედი... მერე უკვე ჩემი ნაკრები სხვაგან გაემგზავრა. ახლა ქალაქიდან მეც გავდივარ... სექტემბერში ვარჯიშებზე აუცილებლად დავბრუნდები და სპორტულ კარიერას გავაგრძელებ. ბევრ ჩემპიონატზე საკმაოდ ბევრი, მაღალი სინჯის ოქროს მედალი მაქვს დაგროვებული... სპორტი ადამიანს კიდევ უფრო მეტად უხანგრძლივებს სიცოცხლეს და ბედნიერებას. პარალელურად, საკუთარ თავს ვუმტკიცებ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს: ვიაზრებ, რამდენად დიდი მიღწევები მაქვს სპორტის ამ სახეობაში - პარატაეკვონდოში და ძალიან მიხარია. სპორტის ამ სახეობას კორეული ძირი აქვს. ერთ-ერთი საბრძოლო ხელოვნება გახლავთ, რომელიც ჩემი პირადი აზრით, ყველაზე კარგი და ლამაზია. შეგიძლია, ტაეკვონდოში 100%-ით ჩაერთო: არა მხოლოდ ძალაზეა ორიენტირებული, არამედ - მენტალურ განვითარებაზე, გონებაზე...
- სპორტის ამ სახეობაში როგორ მოხვდი?
- ჩემმა ტრენერმა - ბატონმა შოთა გოჩიაშვილმა მიპოვა, როცა 15 წლის ვიყავი: მომესალმა (გვერდით 2-ლიტრიანი გამაგრილებელი სასმელი მედგა და ვფიქრობდი, ხვალ შაურმა მეჭამა თუ სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში წავსულიყავი). მეც მივესალმე, - გამარჯობა. ჩემი მეგობრისგან გიცნობთ, ბატონო შოთა-მეთქი. - უი, სასიამოვნოა, ანუ იცი, ვინც ვარ და მიხვდი, რაც მინდაო?.. შემდეგ, სახლში ვიჯექი, გაზიან სასმელს ვსვამდი, დედაჩემი კი ბატონ შოთასთან ერთად ჩემს სპორტულ კარიერაზე საუბრობდა... მერე სატესტო ვარჯიშზე მიმიყვანეს. ყველაფერი მომეწონა და სპორტის ამ სახეობაში ჩავერთე.
- დედასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გქონდათ?
- კი. მაგალითად, ჩემი გარდატეხის ასაკი საერთოდ ვერ გავიგეთ, რა იყო. მეშინოდა, იმ პერიოდში არ შევიცვალო-მეთქი. შეიძლება, ცვლილებას საკუთარ თავზე ნაკლებად ამჩნევ ადამიანი, მაგრამ გარშემო მყოფებს როგორ ექცევი, თავად ისინი ხომ ხედავენ, არა? მოკლედ, ეგ პერიოდი ჩვეულებრივად გავიარე, ყოველგვარი დაძაბულობის, სახლიდან გაქცევების გარეშე... არა, ერთხელ შინიდან კი გავიპარე, მაგრამ ეგ სხვა რამის გამო მოხდა (იღიმის)...
- როდის გააცნობიერე, რომ ასე ვთქვათ, სტანდარტული გარეგნობა არ გაქვს?
- დიახ, სტანდარტული გარეგნობა არ მაქვს: სარკეში ჩემს თავს რომ დავინახავ, ფეხზე წამოვუდგები ხოლმე, ისეთი ლამაზი ვარ (იცინის). სერიოზულად რომ გითხრათ, რა თქმა უნდა, საზოგადოების დამოკიდებულებას ვგრძნობ და ვიცი, ჩვეულებრივად არ გამოვიყურები, მაგრამ ვფიქრობ, ისეთ პერიოდში დავიბადე, როცა გარეგნობით ადამიანის შეფასება ნელ-ნელა კვდება - რაღაცნაირად, ადამიანები ერთმანეთის გაცნობაზე, რეალურ შეფასებაზე გადავდივართ და გარეგნობის სტიგმით არ შემოვიფარგლებით. ძველად ასე არ ხდებოდა: ძირითადად, როცა ადამიანს დაინახავდნენ, რომელიც შშმ პირს ჰგავდა, მასთან არც კომუნიკაცია უნდოდათ, არც - არაფერი. სხვათა შორის, ბევრი ბიჭისგან გამიგია, რომ გოგოების თაობა შეიცვალა. რეალურად, ყველაზე მეტად რომანტიკა მიყვარს. ვფიქრობ, ჩემს თაობაში რომანტიკა ნელ-ნელა ქრება, მაგრამ შშმ პირობა სტიგმის ნაწილი აღარაა. თითქოს ჩვენი თაობა ამ საკითხს ვასწორებთ. მიხარია, რომ გოგოსთან ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი თავადაც გადამიდგამს და ასევე, ბევრ გოგოს თავად გამოუჩენია ინიციატივა.
- რატომ ფიქრობ, რომ რომანტიკულობა ქრება?
- ზოგადად, ურთიერთდამოკიდებულებები არ მომწონს. სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი გახდა, წიგნებს ვშორდებით. ადამიანი წიგნს რომ კითხულობს, ეს მაგარი "სქილი" ჰგონიათ. არადა, წიგნის კითხვა ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს. მოკლედ, ჩვენს თაობაში ეს არ მომწონს... კიდევ, ქუჩებში 13-14 წლის მოზარდები დგანან, რომლებიც უკვე დალევის, სიგარეტის მოწევის აზრზე არიან - შენ, ძმა, იცი, ქურდული ცხოვრება როგორიაო? ან "ზვეზდოჩკა" რა არის, საიდან გაიგო ამ თაობამ, არ ვიცი...
- შენს პიროვნულ განვითარებაზე ვინ მოახდინა განსაკუთრებული ზეგავლენა, რომ დღეს ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ჯანსაღი დამოკიდებულება გაქვს?
- რა ვიცი, მოვიტყუო?..
- გულისხმობ, რომ საკუთარ თავს პიროვნულად მხოლოდ თავად ზრდი?
- რა თქმა უნდა. ყველა ადამიანი თავად ზრდის საკუთარ თავს. დედაჩემის მადლობელი ვარ, რომ სწორ გზაზე დამაყენა, გარკვეულ დონეზე აზროვნებაც ჩამომიყალიბა, რა თქმა უნდა და დღეს ჰომოფობი, ქსენოფობი არ ვარ. ისტორიაშიც იმ დონეზე ვერკვევი, რომ ყოველთვის ვთქვა, აფხაზეთი საქართველოა-მეთქი. დედის დამსახურებაა, რომ პიროვნება ვარ, მაგრამ ძირითადად, ადამიანი თავად ირჩევს, როგორი აზროვნება ექნება.
- ახლა გვითხარი, ზაფხულის დარჩენილი ნაწილის გატარებას როგორ აპირებ?
- დედასთან ერთად, ზღვაზე მივდივარ. ზღვისპირეთში მყოფი, ყოველ საღამოს ზღვის ნაპირას ვჯდები, ყურსასმენებს ვიკეთებ და ჩემს საყვარელ მუსიკას ვუსმენ.
- ზღვის ხმას არ უსმენ?
- ზღვის ხმა რად მინდა, როცა მუსიკალური ჯგუფი - Aჩ/Dჩ არსებობს?!. ასევე, ღამმსტეინ-ი, Lინკინ Pარკ-ი, ღადიოჰეად მიყვარს. ვუსმენ უითნი ჰიუსტონს - ძალიან მომწონს!.. არასტაბილური მუსიკალური გემოვნება მაქვს. შეიძლება, კონკრეტულ დროს ჯაზს ვუსმენდე, მერე კი - როკს მოვუსმინო. ერთადერთი, მძიმე როკს ვერ "ვამუღამებ"... აგვისტოს ბოლოს, დედასთან ერთად, იქ მივემგზავრები, სადაც ფაშიზმი და ნაციონალიზმი დაიბადა. მიხარია, რადგან მუზეუმებს და ბევრ საინტერესო რამეს ვნახავ...
ეთო ყორღანაშვილი