"როცა ყველაზე მეტად მინდოდა, ეს მაშინ არ იყო" - გზაპრესი

"როცა ყველაზე მეტად მინდოდა, ეს მაშინ არ იყო"

ასაკი: 43 წლის.

განათლება: დაამთავრა ტელერეჟისურის ფაკულტეტი.

პროფესია: რეჟისორი, მსახიობი, მომღერალი.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: მუსიკა, ძერწვა.

ცხოვრების დევიზი: "არ დანებდე!"

- ლევან, სად და როგორ ხართ?

- თბილისში ვარ. მეგონა, დავისვენებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერ ვისვენებ. ერთდროულად ძალიან ბევრი საქმე მაქვს: "მარჯვენა სანაპიროს" სეზონი დავამთავრეთ, შემდეგი სეზონის გადაღება სექტემბრიდან დაიწყება. მანამდე პატარა ფილმში გახლდით დაკავებული... თან, "ბრავო რეკორდსის" დაკვეთას ვასრულებ ხოლმე, რომელიც ამ შემთხვევაში, "დისნეის" დაკვეთა უფროა, ანუ რომელი მუსიკალური მულტფილმებიც "ჩამოდის" და რაც კინოთეატრებში გადის, ჩემი ტექსტებით "კეთდება", ხშირად - ჩემი გახმოვანებითაც. ამჯერად, "ქასტის" მენეჯერიც ვარ. მოკლედ, ვერ ვისვენებ.

- რომელ პერსონაჟს ახმოვანებთ?

- წინა მულტფილმში - "ჯადოსნური ნატვრა" მთავარი გმირი, მეფე მაგნიფიკო გავახმოვანე. პირადად მე, უფრო სიმღერების მიმართულებით ვმუშაობ, ანუ სიმღერები ქართულად კარგად უნდა ჟღერდეს... ახლა "მოანას" მეორე სერიაზე ვმუშაობ, სადაც ალბათ, მაუის გავახმოვანებ.

- თქვენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- სტუდიური სამუშაო, როცა კომპიუტერთან ვზივარ ან მიკროფონთან ვდგავარ - ყველაზე დიდი კომფორტი ამ დროს მაქვს.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- გაგიკვირდებათ, საბავშვო ლიტერატურიდან - როალდ დალის "მატილდა" (იცინის). მიუზიკლი გამოვუშვი...

- რამ შეიძლება, ემოციების კონტროლის უნარი დაგაკარგვინოთ?

- საერთოდ, მსახიობობა თავიდან ბოლომდე ემოციების კონტროლია, ანუ ეს პროფესია ამას განსაზღვრავს, რომ უნდა იცოდე ემოციების კონტროლი სცენაზე, კინოში... წონასწორობას ვკარგავ, როცა ჩემი ან არ სჯერათ, ან - რაღაცას მაბრალებენ, ან უბრალოდ, ყურადღებას არ მაქცევენ (იცინის).

- როგორ იქცევით ემოციებზე კონტროლის უნარდაკარგული?

- საერთოდ, ხასიათის ასეთი თვისება მაქვს: ძალიან დიდხანს ვითმენ, მაგრამ შეიძლება მოულოდნელად "ავფეთქდე", ამიტომ მერე ახსნა მიწევს, ასე რატომ "ავფეთქდი". შეიძლება იქაურობა დავტოვო, კარგ რამეზე უარი ვთქვა საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ. თუ მივიჩნიე, რომ რაღაც "ისე არ არის", იქიდან აუცილებლად წამოვალ.

- ანუ თქვენი "აფეთქება" ეს არის?

- ჰო, აბა, არავის მოვკლავ. საერთოდ, ვამტკიცებ ხოლმე, რომ უკონფლიქტო ვარ, რაც ბევრს არ სჯერა (იცინის).

- რატომ?

- არ ვიცი. ზოგადად, ჩვენს სფეროში ყველაფერი დალაგებული არ არის, განსაკუთრებით - როცა თეატრს ეხება საქმე და როცა ამ შემთხვევაში, რეჟისორი ხარ. მაგალითად, უნდა აკონტროლო 30-კაციანი "ქასტი", თავისი განათებით, ყველაფრით... ეს იოლი არაა. ამიტომ "სადღაც" ყველა ვარიანტში "აფეთქდები". ამ საქმეში ცოტათი დიქტატორი (თუმცა "ლიდერობას" უფრო ვუწოდებდი და არა - "დიქტატორობას") თუ არ ხარ, რთულია. ასე რომ, თეატრში მუშაობისას "იოლი" არ ვარ.

- როდესაც ადამიანს პირადად ხვდებით, მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს თქვენს ყურადღებას?

- თვალები, ხელები, ტუჩები...

- თქვენთვის რამის მთქმელია ეს დეტალები?

- არ მინდა, ძალიან პოეტურად და შაბლონურად გამომივიდეს, მაგრამ რატომღაც, თვალებს ვაკვირდები, რადგან ყოველთვის რაღაც უფრო მეტს "ამბობს", ანუ ადამიანის შეთვალიერებას რომ ვიწყებ (განსაკუთრებით - როცა არ ვიცნობ), ვხვდები, რას როგორ ლაპარაკობს, როდის იტყუება, როდის უფრო ცდილობს, თავი მომაწონოს ან არ მოვეწონე... თვალები, ტუჩები და საერთოდ, სახე ამას "გეუბნება"...

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად მულტფილმის რომელ პერსონაჟს ჰგავხართ?

- ერთი მულტფილმის პერსონაჟი სულ თან "დამდევს": ეს გახლავთ ჯინი "ალადინიდან". თეატრშიც ამ გმირს ვთამაშობ ჩემივე მიუზიკლში, "ადამსებიდან" - გომეს ადამსს (მის როლსაც ვთამაშობ). მოკლედ, ძირითადად, ან უარყოფითი, ან - კომიკური პერსონაჟებია... უფრო ხშირად მაინც ჯინს მადარებენ.

- სურვილებს ასრულებთ თუ?..

- ამ გმირის ცანცარობის, ბავშვურობის, თუნდაც - იუმორის გამო... სურვილებს ვერ ვასრულებ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, კომფორტი შევქმნა.

- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევით?

- გააჩნია, ვინ მეფლირტავება.

- ორივე შემთხვევა განვიხილოთ: როცა სასურველი ადამიანი გეფლირტავებათ და როცა - არასასურველი...

- ალბათ, სასურველთან თავად უფრო ვფლირტაობ, რადგან ვერავინ დამასწრებს (იცინის). არასასურველთან მაქსიმალურად სერიოზული "მიჭირავს" ან ვიღიმი. ვცდილობ, დისკომფორტი მასაც არ შევუქმნა და კომფორტი თავადაც არ დავირღვიო. ნებისმიერ შემთხვევაში, არ მინდა ვაგრძნობინო, რომ არ მომწონს. უბრალოდ, მეუხერხულება...

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- ნათელმხილველობის უნარს. ჰოროსკოპებთან არ ვმეგობრობ, მაგრამ ამბობენ, მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს წინათგრძნობის ძლიერი უნარი აქვთო. პირადად მე, წინათგრძნობა ყოველთვის მიმართლდება: არ არსებობს, რომ წინასწარ მქონდეს ნაფიქრი და ისე არ მოხდეს. იშვიათად, რომ შევცდე. ამას "მორიელობას" ნამდვილად ვერ დავაბრალებ, მაგრამ მოკლედ, ამ უნარის განვითარება კარგი იქნებოდა.

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- ძირითადად, უფრო მოგონებების "ამბავია": ოჯახის წევრებს, რომლებიც დაღუპული მყავს... უფრო მელანქოლიისკენ ვარ მიდრეკილი.

- თქვენი ცხოვრების მოტივატორი რა არის?

- უპირველეს ყოვლისა - ჩემი შვილი; ასევე - ის, რომ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი: ახლახან ჩამოვაყალიბეთ საბავშვო მუსიკალური თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც ვარ. ეს არის პროფესიული თეატრი, რომელიც მიუზიკლ "მატილდათი" ამუშავდა. ჯერჯერობით, ეს მიუზიკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ დარბაზში გადის, რადგან ჩვენ ჯერ შენობა არ გვაქვს, მაგრამ თეატრი უკვე ჩამოყალიბდა - ოფიციალურად, ვარსებობთ. წინ რამდენიმე პროექტი მაქვს, რომელიც უნდა განვახორციელო, რომ თეატრი ფეხზე დადგეს. ბავშვებს საშუალება ექნებათ, მუსიკალური მიმართულებით ჰქონდეთ სპექტაკლები, თან - ხარისხიანი. ძირითადად, ჩემი მიტივატორები ბავშვები არიან, რადგან მოგეხსენებათ, "მატილდაში" მათთან ერთად ვიმუშავე - 16 ბავშვი მყავს კასტინგით აყვანილი, რომლებსაც 2 წელი ვეძებდი. მათ მომცეს ძალიან დიდი ენერგია. აღმოჩნდა, რომ თურმე, საერთოდ, სად ვცხოვრობთ უფროსები და საერთოდ, როგორ აზროვნებენ ბავშვები?! პატარები "სხვაგან" არიან - ცალკე კოსმოსი აქვთ...

324789877-933949674435880-9199279078207947882-n-1723992506.jpg

- ოდესმე საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ?

- ძალიან იშვიათად, რადგან საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ. არასოდეს არაფერი მომწონს. თუ მომწონს, ალბათ, უფრო - გუნდურად გაკეთებული, ვიდრე ის, რომ რაღაცას ცალკე წარმოვადგენ ან ვაკეთებ. სხვები ამბობენ, კარგიაო, მე კი - ისე, რა, უკეთესიც შეიძლებოდა-მეთქი.

- თქვენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყებათ?

- რაღაცას რომ ვიტყვი, ბოლომდე გავაკეთებ - სიტყვას შევასრულებ.

- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენიათ, რომლის გახსენების დღესაც გრცხვენიათ?

- კი, რა თქმა უნდა, ჩამიდენია, რამდენიც გინდა... ფიქრობ ადამიანი, ეს რატომ გავაკეთე, ეს არ უნდა მეთქვა, სხვანაირად უნდა მომეგვარებინაო... იმის გამო, რომ სხვა ასაკში ცოტათი ფიცხი ვიყავი, ხელჩართულ ჩხუბში ხშირად ჩავრთულვარ. ახლა ისე არასოდეს მოვიქცევი... ასევე, ყოფილა შემთხვევა, რაღაცაზე უარი დაუფიქრებლად მითქვამს და ამით სხვა ადამიანისთვის მიწყენინებია, თუმცა მერე ბოდიშიც მომიხდია და რა თქმა უნდა, ჩემი საქციელიც გამომისწორებია. ვინ მაპატია და ვინ - არა, სხვა საკითხია...

- დროში მოგზაურობა შესაძლებელი რომ იყოს, რომელ ეპოქას აირჩევდით?

- დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ლონდონში, მე-18-მე-19 საუკუნეში. საერთოდ, ინგლისის მოყვარული ვარ, მათ შორის - იმ პერიოდის და დეტექტივების...

- უცნობი ადამიანები თქვენი პერსონაჟის - რომას სახელით ხომ არ მოგმართავენ?

- ხშირად, განსაკუთრებით - როცა რომელიმე მარკეტში შევდივარ ან თუ სადმე პარკთან ახლოს გავიარე, სურათების გადასაღებად მოდიან: აუ, თქვენ ხომ რომა ხართ? მოდი, ფოტოები გადავიღოთო...

- ეს სიტუაცია მოგწონთ?

- იცით, რა, ადამიანის ცხოვრებაში დგება ასაკი, როდესაც, რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია უდავოდ სასიამოვნოა და მსიამოვნებს, მაგრამ როცა ყველაზე მეტად მინდოდა, ეს სიტუაცია ყოფილიყო, მაშინ არ იყო (იცინის)... ეს ჩემთვის მთავარ ფასეულობას აღარ წარმოადგენს.

- ეს როდის გინდოდათ, ცხოვრების რომელ ეტაპზე?

- ყოველთვის ვმღეროდი. "ვოისის" პირველი სეზონის ფინალისტი ვარ. ის პერიოდი ჩემთვის გადამწყვეტი იყო, რადგან სიმღერა ყველაფერს მერჩივნა. მსახიობობასაც კი თავს დავანებებდი... უბრალოდ, სამწუხაროდ, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არის ბაზარი და როგორც წესი, ძირითადად, ყველაფერი მხოლოდ ნაცნობობით ხდება, იქ ვერ მოვხვდი, სადაც უნდა მოვხვედრილიყავი და რაღაცნაირად, სტუდიურ საქმიანობას მივყავი ხელი. თეატრი ისედაც "ჩემი" იყო და რაღაცნაირად, დავაკავშირე... ამიტომაც, ისე მოხდა, რომ ახლა მიუზიკლებს "ვაკეთებ". აქ რეალიზდა ყველაფერი, იმ პერიოდმა კი გაიარა... სიმართლე გითხრათ, ახლა სხვის პოპულარიზაციაზე უფრო ვფიქრობ, თუმცა ხალხი რომ მცნობს და ჩემ მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს, ძალიან მაგარია!..

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- სიყვარული, თავისთავად, მაგრამ ალბათ, ცხოვრებაში ყველას თავისი მისია აქვს - ბოლო 2 წელია, რაც ამაზე დავფიქრდი... ძალიან "ხმამაღლა თქმა" არ მინდა, ბევრი ბავშვის ცხოვრება შევცვალე, შეიძლება - შემთხვევით: ვიღაც თეატრში მოხვდა და იქიდან წასვლა აღარ უნდა, ვიღაც მიხვდა, რომ უნდა ისწავლოს, ვიღაცამ მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა... ალბათ, ჩემი მთავარი მამოძრავებელი მიზანი ეს არის, რომ ადამიანებს რაღაც კარგისკენ ვუბიძგო, საკუთარ თავში გარკვევაში დავეხმარო, რადგან ახალი თაობის წარმომადგენლებმა უკვე ჩვენზე მეტი იციან. უბრალოდ, ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვთ...

ეთო ყორღანაშვილი