ვინ არის მსოფლიო საოპერო სცენებზე წარმატებული მომღერალი ელენა საბასი - გზაპრესი

ვინ არის მსოფლიო საოპერო სცენებზე წარმატებული მომღერალი ელენა საბასი

ისე პირიქით - ხელის შემშლელიც. მე მაგალითად ვარ სერიოზული მომღერალი და ადამიანი! ჩემი სურვილი იყო, როცა თეატრში მივიდოდი, ყურადღება ჩემს გარეგნობაზე კი არა, სიმღერაზე გაემახვილებინათ. ამისთვის ბევრი ვისწავლე და ვიშრომე... ხშირად ამომიკითხავს ორკესტრანტების სახეებზე კითხვის ნიშანი, როცა ახალგაზრდა, ლამაზი გოგო როლების დებიუტს ვქმნი... თუმცა პირს რომ ვაღებ და სიმღერას ვიწყებ, პირველი ორკესტრი და გუნდი მიკრავს ტაშს, ეს არის ჩემი გამარჯვება!“ - ამბობს ელენე საბასი, რომელიც დღეს მსოფლიო სცენებს იპყრობს, მანამდე კი იყო ბალერინა, მოდელი, კონკურსის - „მის საქართველოს“ ფინალისტი, სწავლობდა პარიზის არქიტექტურულ ფაკულტეტზე...

- თბილისში, ხელოვანების ოჯახში დავიბადე. დედა - მანანა გოგოლაშვილი პიანისტია, ოპერის თეატრში მუშაობდა კონცერტმაისტერად. ოპერის თეატრი ბავშვობიდან ჩემი სახლია. პატარა ვიყავი, რეპეტიციებზე რომ მივყავდი, ბალერინების უკან ვდგებოდი და მათ მოძრაობებს ვიმეორებდი. ასე დაიბადა ბალეტის სიყვარული და შემდგომ 10 წელი ვცეკვავდი ოპერის თეატრთან არსებულ სამოყვარულო საბალეტო სტუდიაში წამყვან პარტიებს, სპექტაკლებში: „მძინარე მზეთუნახავი“, „კონკია“, „მაკნატუნა“, „გედების ტბა“... ჩემი პედაგოგი გახლდათ საქართველოს სახალხო არტისტი და პრიმა ბალერინა მარინა ალექსიძე. მასთან ურთიერთობა ბედნიერებაა ჩემთვის.

- შეგიყვარდათ ბალეტი?

- ბალეტი ჩემი ცხოვრება იყო და ვოცნებობდი ისეთივე ბალერინა გამოვსულიყავი, როგორიც ნინო ანანიაშვილია... მახსოვს, იმ დარბაზში დიდი მოცეკვავე ზურაბ კიკალეიშვილი ცეკვავდა. სულ მეთამაშებოდა და მასთან ერთად მაცეკვებდა. ამით ბედნიერი, თავს ნამდვილ ბალერინად ვგრძნობდი (ზურაბ კიკალეიშვილი საუკეთესო იაგო იყო ბალეტში „ოტელო”, სადაც ოტელოს როლს ვახტანგ ჭაბუკიანი ასრულებდა)... ასევე, მქონდა ბედნიერება, პირადად გამეცნო და დავსწრებოდი დიდი ვერა წიგნაძის გაკვეთილებს. იგი ჩემს მეხსიერებაში აღიბეჭდა, როგორც ნამდვილი ფერია, ულამაზესი და უდახვეწილესი ქალბატონი. ბალეტი ჩემი სამყარო გახდა. ყველგან, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ჩემი გონება ბალეტისა და ქორეოგრაფიისკენ იყო. სცენა ჩემთვის პირველი სახლი, სახლი კი - მეორე სახლი გახდა... სცენაზე გასვლისას ყველაფერი მავიწყდებოდა. ჩემს სამყაროში მარტო ვრჩებოდი, როცა პროჟექტორები შემომანათებდა და სხვადასხვა პერსონაჟად გარდასახვას ვიწყებდი. ეს ახლაც ასეა ჩემთვის, ოღონდ ახლა, როგორც ოპერის მომღერლისთვის. არის რაღაცები, რაც არასდროს იცვლება ჩვენში.

- როგორც ვიცი, დედა ხელს განსაკუთრებულად გიწყობდათ...

- დედამ ჩემში ბალეტის ნიჭი რომ დაინახა, ოპერასთან არსებული თეატრი-სტუდია დააარსა. ოპერის დიდ სცენაზე დიდი პარტიები პატარა ბალერინამ ვიცეკვე. მან მართლაც ჯადოსნური ბავშვობა მაჩუქა, რისთვისაც მადლობა დედას. ნათამაშები მაქვს სპექტაკლებში: „გედების ტბა“ (ოდეტა, ოდილია), „მძინარე ზეთუნახავი“, „კონკია“, „თოჯინების ფერია“, „მაკნატუნა“, ფრაგმენტები „დონ კიხოტიდან“... და როცა თბილისის ოპერაში სამღერლად დავბრუნდი, თითქმის ყველას ვიცნობდი, სცენის გამნათებლიდან დაწყებული, არტისტებით დამთავრებული.

- როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

- ბავშვობა ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად ვხატავდი, ვცეკვავდი, ვმღეროდი... მახსოვს მამამ - სოსო საბაშვილმა მითხრა, შენ ბევრი ნიჭი გაქვს და ყველაფერი მარტივად გამოგდის. თუ ერთ დღეს აღმოაჩენ, რასაც აკეთებ, ის აღარ მოგწონს, ნუ შეგეშინდება პროფილის შეცვლისო... ცხოვრების გარდამტეხ მომენტში, როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ეს სიტყვები ამომიტივტივდა. ბავშვობიდან ჩემი სამყარო მქონდა და სხვები ყურადღებას მაქცევდნენ თუ არა, ეს დიდად არ მაინტერესებდა. თუმცა რაღაცნაირად, მუდმივად ყურადღების ცენტრში ვექცეოდი და ხანდახან ზედმეტი ყურადღება თავს უხერხულად მაგრძნობინებდა.

- როგორც მოდელი, რას გაიხსენებთ?

- როგორც მოდელს, პირველი სამუშაო 15 წლის ასაკში გამომიჩნდა. მაშინ სამოდელო სააგენტო „ნატალი“ იყო ყველაზე ცნობილი და ბევრ ჩვენებაში, ფოტოსესიაში, რეკლამასა და რამდენიმე ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ვთანამშრომლობდი ბევრ საინტერესო ხელოვანთან, დიზაინერთან. სხვათა შორის, პატარაობაში მოდელობაზე არასდროს მიოცნებია, დედამ მიმიყვანა სააგენტოში 14 წლის ასაკში, უფრო „გოგოშკური“ რომ გავმხდარიყავი და დავხვეწილიყავი... მახსოვს, მაღალი ქუსლებით სიარულში გვავარჯიშებდნენ, ვიწრო სკამზე უნდა ავსულიყავით და ერთ ხაზზე გაგვევლო... რა თქმა უნდა, პირველივე ცდაზე ჩამოვვარდი, მაგრამ მალევე დავხვეწე. აქედან ექვს თვეში პირველად გამოვედი ავთანდილ ცქვიტინიძის ჩვენებაზე. როგორც მოგახსენეთ, 15 წლისას უკვე საკუთარი შემოსავალი მქონდა, კასტინგებზე გავდიოდი, ვთანამშრომლობდი და გამოვდიოდი თბილისში იმ დროს ცნობილი დიზაინერების ჩვენებებზე. ასევე ვმუშაობდი, როგორც ფოტომოდელი, ისეთ ფოტოგრაფთან, როგორიც არის ჯიჯი რეჯინი. შემდეგ გადავედი სააგენტო „იმიჯ ცენტრში“, 2008 წელს ვმონაწილეობდი კონკურსში „მის საქართველო“ და „მის ფოტოგენურობის“ ტიტული მოვიპოვე... ამის მერე პარიზში გავემგზავრე, სადაც სწავლას მოდელობას ვუთავსებდი. ვითანამშრომლე სხვადასხვა მოდის სახლთან. უფრო ვმუშაობდი როგორც ფოტომოდელი, ეს არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო...

- პარიზში გატარებულმა პერიოდმა რამდენად დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე?

- თავისთავად, პარიზმა გარდამტეხი, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში და პიროვნულ ჩამოყალიბებაში. როდესაც 18 წლის ხარ, ხშირად არ იცი, რა გინდა მთელი ცხოვრება აკეთო, ამიტომ ვთვლი, აუცილებელია შენს თავთან მარტო დარჩე და მეტი დრო გაატარო იმისთვის, რომ უკეთ გაიცნო საკუთარი თავი... პარიზი ამოუწურავი ინსპირაციაა ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ძალიან გამიჭირდა ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს ყოფნა, გარკვეული პერიოდის მერე შევეჩვიე და სწორედ ეს სიმარტოვე დამეხმარა, ჩემი შინაგანი ხმა უკეთ გამეგო. ხანდახან მგონია, რომ არა პარიზი, შესაძლოა არასდროს შემოსულიყო ოპერა ჩემს ცხოვრებაში. პარიზი არის ჯადოსნური ქალაქი, მაგრამ ძალიან თავისებური და ჩემთვის, როგორც ხელოვანი ადამიანისთვის, იქ გატარებულ წლებს ფუნდამენტალური მნიშვნელობა ჰქონდა.

აქვე ვიტყვი, რომ პარიზელებთან ინტეგრაცია რთული ამბავია. ჩემი ოჯახი და მეგობრები დამეხმარნენ, რომ გამეფართოებინა ჩემი სამეგობრო და სანაცნობო წრე, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში გავსულიყავი... მახსოვს, დავხეტიალებდი პარიზის ქუჩებში და ვფიქრობდი, ცხოვრების ამაოებაზე. დღიური მქონდა და ამ დღიურში ვწერდი, ვხატავდი ყველაფერს, რაც ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა... ბევრ დროს ვატარებდი ლუქსემბურგის პარკში, პარიზის ბოჰემურ უბანში, სადაც ვცხოვრობდი და ეს არის უბანი პარიზში, სადაც თავს მარტო არასდროს გრძნობ. თუნდაც მარტო იყო, გახვალ ერთ ჭიქა ყავაზე და მაშინვე ახალ ნაცნობებს შეიძენ. ასევე, ბევრ დროს ვატარებდი მონმარტრზე, დილას ადრე მივდიოდი, როცა ტურისტები არ იყვნენ და მზის ამოსვლას იქიდან ვუყურებდი, ვხატავდი სხვა მხატვრებთან ერთად, აკორდეონის თანხლებით, რომელიც მონმარტრზე სულ უკრავს...

f91d5d0b-8b36-4f85-93d1-0e8a05c9c4ec-copy-1724587476.jpg

- დღეს მსოფლიოს სცენებზე წარმატებულად გამოდიხართ, როგორც საოპერო მომღერალი...

- ისევე, როგორც ბალეტი, ოპერაც ადრეულ ასაკში გავიცანი. 4 წლის ვიყავი, დედამ ფრანკო ძეფირელის ფილმი ოპერა „ტრავიატა“ მანახვა და იმ დღიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დილიდან საღამომდე ვუყურებდი, მულტფილმები შემიცვალა და მალე მათთან ერთად სიმღერაც დავიწყე... ამის მიუხედავად, სიმღერაზე არ მივლია, დედამ ფორტეპიანოზე შემიყვანა ნიჭიერთა ათწლედში. ვინაიდან ბალეტისთვის ძალიან მაღალი გავიზარდე და როდესაც 13 წლის ასაკში ბალეტი „დავკარგე“, ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. აგრესია გამიჩნდა კლასიკური მუსიკის, ბალეტის და ოპერის მიმართ, აღარც ვმღეროდი და აღარც ვუსმენდი. ჩემს ცხოვრებაში ოპერა დაბრუნდა პარიზში ცხოვრებისას. მაშინ არქიტექტურულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი პარიზის „ვალ დე სენის“ უნივერსიტეტში, სადაც სწავლას თავი დავანებე და თბილისში ჩამოვედი, რათა სიმღერა მესწავლა. მალევე ჩავირიცხე თბილისის კონსერვატორიაში. აქედან სამ წელიწადში, იტალიაში წავედი სასწავლებლად. სწავლა ჯერ დამთავრებულია არ მქონდა, ჩემი პირველი დებიუტი რომ შედგა ქალაქ ტრიესტეს ვერდის თეატრში, ამას მოჰყვა მოდენას თეატრი მარკო ტარალის თანამედროვე ოპერაში. შემდეგ ვიმღერე „აიდა“ პავიაში. ეს უმნიშვნელოვანესი დებიუტი კოვიდის დროს შედგა. ამას მოჰყვა „ტრუბადური“. შემდეგ თბილისში შედგა ჩემი დებიუტი აბიგაილის როლში ოპერიდან „ნაბუკო“ და პირველად ვიმღერე ჩემი ოჯახის მეგობრების, ხალხის წინაშე თეატრში, სადაც ფეხი ავიდგი. ამ შესაძლებლობისთვის დიდი მადლობა თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ბადრი მაისურაძეს.

ამის მერე იყო ბალ-მასკარადი, ლეონორას პარტია. ეს იყო ჩემი პირველი დებიუტი გერმანიაში. ამ სპექტაკლით მოვიარე გერმანიის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი. შემდეგ მანონ ლესკო განვასახიერე თბილისის თეატრში და ა.შ. იყო არტისტი, ეს უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ უდიდესი შრომაა საჭირო და მუდმივი განვითარება. თუ გაჩერდები, ისიც გაქრება, რასაც უკვე მიაღწიე... ასე რომ, მუდმივად ვსწავლობ და ვემზადები, წინ დიდი გამარჯვებები და საინტერესო პროექტებია, რომელთა შესახებაც ახლა ვერ ვისაუბრებ. გამიმართლა, რადგან საჭირო მომენტში საჭირო ადამიანებს ვხვდები, რომლებიც ამ მშვენიერი და თან ეკლიანი გზის გაკვალვაში მეხმარებიან. უღრმესი მადლობა მათ თანადგომისთვის...

მანანა გაბრიჭიძე