კალიგრაფი, რომელმაც თავისი ნამუშევრები ეროვნულ ნაკრებსა და ოლიმპიურ ჩემპიონებს მიუძღვნა
ბოლო პერიოდში მისი სახელი და კალიგრაფიის მიმართულებით საქმიანობა, განსაკუთრებით დიდ ინტერესს იმსახურებს და სხვადასხვა პლატფორმაზე უამრავი გამომწერი ჰყავს.
- ჩემი გვარის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ისტორიას ჰყვებიან. ბებიაჩემის მონათხრობზე დაფუძნებული ვერსიის მიხედვით, თავდაპირველად ჩვენ ქავთარაძეები ვყოფილვართ. ამ გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი ყირიმის ომში წასულა. იქიდან ორ ძმადნაფიცთან ერთად დაბრუნებულა და სამივე სხვადასხვა ადგილას დასახლებულა. ყირიდან მშვიდობით დაბრუნების შემდეგ, მათ ყირიმელ ძმებად მოიხსენიებდნენ და როგორც ჩანს, მერე უკვე თავადაც ყირიმელებად დაეწერნენ. ჩვენი გვარის წარმომადგენელი იყო მძლეოსანი კულა გლდანელიც, ძველ თბილისში ცნობილი უძლეველი ფალავანი. ბევრს ჩემი გვარი ფსევდონიმი ჰგონია და ხშირად მიწევს ახსნა, რომ ნამდვილია. რაც შეეხება ჩემს წინაპრებსა და მათ პროფესიებს, გეტყვით, რომ მხატვარი არავინ მყოლია და შესაბამისად, არც ბავშვობაში ვყოფილვარ განებივრებული ვინმეს მაგალითით; ოჯახში პირველი ვარ, ვინც ასეთი მასშტაბით დაიწყო თავში ნიჭის განვითარება და ამაში შინ ძალიან შემიწყვეს ხელი. სამხატვრო სკოლაში დავდიოდი, კარგად ვსწავლობდი, ჟურნალისტიკაც მიტაცებდა და მხატვრობაც, მაგრამ ბოლოს არჩევანი მაინც სამხატვრო აკადემიაზე შევაჩერე, არქიტექტურის ფაკულტეტზე, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. ინტერიერის დაგეგმვა ბავშვობიდან მომწონდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ჩემთვის ფერწერა უფრო საინტერესო იყო და მაგისტრატურაში სწავლა უკვე სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე გავაგრძელე. სტუდენტობის პერიოდში უფრო მეტად დავინტერესდი ფერწერით. თან, იმ დროს სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი ჯგუფის აყვანას აპირებდა და მისით ყველა იმდენად კმაყოფილი იყო, ფაქტობრივად მის გამო ჩავაბარე და ვფიქრობ, სწორედაც მოვიქეცი. არჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე. მადლიერი ვარ ბატონი გიასი და მისი მეუღლის - ქალბატონი ქეთი მატაბელის.
- კალიგრაფიის ხელოვნებამ როდის და როგორ გაგიტაცათ?
- სკოლაში ჩემი ქართულის პედაგოგების: მარინე ბეთლემიძისა და მანანა რატიშვილის დამსახურებაა, რომ ქართული ანბანი და ლიტერატურა შემიყვარდა. ერთხელ მანანა რატიშვილმა მე და ჩემი ერთ-ერთი კლასელი კალიგრაფების კონკურსზე წაგვიყვანა. ჩვეულებრივად როცა ვწერ, ტექსტი ვიზუალურად არაფრითაა საინტერესო და გამორჩეული, ვერავინ გააკეთებს დასკვნას, რომ ლამაზად წერა გამომდის, მაგრამ ვინაიდან ხატვა მეხერხებოდა, ჩვენმა პედაგოგმა თავისი შემუშავებული კალიგრაფია სახელდახელოდ შეგვასწავლა. ნამუშევრები კონკურსზე გავგზავნეთ, პირველიდან მეორე ტურში გადავედით, ფინალშიც მოვხვდით, თუმცა, სამწუხაროდ, გამარჯვება მაშინ ჩვენი ბედი არ იყო. ეს დიდ კრახს სულაც არ ნიშნავდა, კონკურსების გარეშეც შეიძლება განავითარო შენი ნიჭი. თუმცაღა, ბავშვისთვის რთულია გააზრება, რომ წაგება და მოგება ძმები არიან. შესაბამისად, რაღაც დოზით მაინც იყო გულისწყრომა, ერთგვარად ხელის ჩაქნევის მომენტიც და რამდენიმე ნამუშევარს თუ არ ჩავთვლით, მაშინ იქ დასრულდა კალიგრაფიასთან ჩემი ურთიერთობა.
დიდი ხნის პაუზის შემდეგ, "ტიკტოკის" პლატფორმისთვის დავიწყე ვიდეოების გადაღება, სადაც ვწერდი-ვხატავდი სახელებს. პირველად განვათავსე სახელი "მარიამი" და ასე დაიწყო ყველაფერი. ყველაზე კარგი მიგნება, რაც გამომივიდა, ისაა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ხატვის ვიდეო მუსიკის ფონზე, არამედ გადავწყვიტე, იმ სახელისა და გვარის ისტორიაც მომეძიებინა, რომელსაც დავწერდი. თავდაპირველად ვიდეოებს ყველაზე გავრცელებულ გვარ-სახელებზე ვაკეთებდი, რომელსაც თავად ვირჩევდი, მერე სხვადასხვა გათამაშებისა და პირობის საფუძველზე გამოვყოფდი სახელს და მათზე ვაგროვებდი ინფორმაციას. დღეს უვე ბევრი შეკვეთა მაქვს, ნამუშევრებს საზღვარგარეთაც ვგზავნი. დიდი ხანი არ არის, რაც ამ საქმიანობით ასე აქტიურად ვარ დაკავებული. ფაქტობრივად, შარშან გვიანი შემოდგომიდან, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა პლატფორმაზე დიდი აუდიტორია შევიძინე: "ტიკტოკზე" 74 ათასი, "ფეისბუკზე" - 53 ათასი და "ინსტაგრამზე" - 3 ათასი.
- ხატვის პარალელურად როგორ უმკლავდებით სხვადასხვა კითხვასა და ზოგადად, ამ გვერდების მართვას?
- ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ვცდილობ უყურადღებოდ არავინ დავტოვო. თუმცა, ზოგჯერ იმდენად ბევრი შეტყობინება შემოდის, რომ ზოგიერთის მოწერილს არ მიჩვენებს. ამის შესახებ ხშირად ვაკეთებ განმარტებას, რომ თუ ვინმეს არ ვპასუხობ, მხოლოდ ტექნიკური შეფერხების გამო და არა ჩემი მიზეზით. ერთი ადამიანის შესაძლებლობებს ნამდვილად აღემატება ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მიჭირს ჩემსა და გამომწერებს შორის ვინმე ჩავაყენო. ადამიანს პირადად უნდა ვესაუბრო და მხოლოდ ამის შემდეგ მოვკიდო საქმეს ხელი. ზოგჯერ ვიღაცას ძალიან სწრაფად უნდა შეკვეთა შევუსრულო, რათა მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გაახაროს, ასეთ დროს ყოველთვის ვცდილობ, ეს საკითხი გავითვალისწინო. არა მხოლოდ გვარ-სახელებზე ვმუშაობ, არამედ ვასრულებ ლოგოებს და ტატუების ესკიზებსაც. სტილისტურად შეიძლება ნამუშევრები ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ თითოეული ექსკლუზივია და სხვადასხვაგვარი. ფაქტობრივად, 24 საათი ვმუშაობ, მაგრამ ეს წუწუნში არ ჩამომართვათ. მადლიერი ვარ, რომ ამდენი ადამიანი მანდობს მნიშვნელოვანი საჩუქრის მომზადებას.
- თქვენი სახელი და გვარი თუ გაქვთ დაწერილი?
- "ყირიმელი" დავწერე, ჩარჩოში ჩავსვი და მამაჩემს დაბადების დღეზე ვაჩუქე. მყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და ჩემი ქმრის ნათესავები მსაყვედურობენ, რომ აქამდე მათი გვარი - "ზაალიშვილი" ჯერ არ დამიწერია, მაგრამ ხომ იცით, როგორ ხდება, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო (იღიმის). რაც შეეხება ჩემს სახელს, უძველესი ქართული სახელია და ალბათ, პირველი მედეა ის იყო, რომელიც ძველ კოლხეთში დაიბადა და მისი სახელი არგონავტების ლეგენდას უკავშირდება. ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, მედეას მკურნალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა, ბევრი დაავადების განკურნება შეეძლო. თვით ტერმინი "მედიცინა" მედეას სახელიდან მომდინარეობს. სახელი განიმარტება, როგორც "მინდა" და "სასურველი", ასევე ნიშნავს "გრძნეულს" და ესეც ალბათ, მედეას თვისებებიდან გამომდინარე...
- რა მასალით სრულდება თქვენი ნამუშევრები?
- ნამუშევრები სრულდება ტილოზე აკრილის ან ზეთის საღებავებით და წარმოდგენილია, როგორც ფერწერული ნამუშევარი. ფერწერისა და კალიგრაფიის გაერთიანებით, ვფიქრობ, საინტერესო სინთეზი მივიღე. ფაქტობრივად, თვითნასწავლი კალიგრაფი ვარ, რადგან ამ მიმართულებით არანაირი სკოლა არ გამივლია. ჩემმა მანანა მასწავლებელმა ბიძგი მომცა, შემდეგ მე შევქმენი საკუთარი სტილი, მიმართულება და დიდი იმედი მაქვს, ამას არავინ წამართმევს (იღიმის).
- კალიგრაფიის მიმართულებით, რა გეგმები გაქვთ?
- მინდა ჩემი კალიგრაფიით შევასრულო ცალკეული ამონარიდები "ვეფხისტყაოსნიდან", რომელიც ძალიან მიყვარს. ასევე, რამდენიმე თვის წინ დავდე პირობა, რომ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წარმატების შემთხვევაში, მათ გვარებს დიდ ტილოზე დავწერდი და ნამუშევარს ფეხბურთის ფედერაციას საჩუქრად გადავცემდი. "ვეფხისტყაოსანზეც" იმავე პირობას ვდებ.
რაც შეეხება ნაკრებისადმი მიძღვნილ ნამუშევარს, ფონად მწვანე ფერი ფეხბურთის სტადიონის გამო ავირჩიე, ჩვენი ოქროს ბიჭების გვარების დასაწერად, არჩევანი ოქროსფერზე შევაჩერე. ნამუშევარი დაფნის ფოთლებით გავაფორმე, რომელიც ოდითგანვე დიდებისა და გამარჯვების სიმბოლოდ ითვლებოდა.
რეალურად, ჩემივე გამომწერები უზარმაზარ მოტივაციას მაძლევენ და ხშირად მიწერენ, რომ ჩემი ხელით საქართველოს ისტორია იწერება. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ბოლომდე გააზრებაც მიჭირს, მაგრამ თუ რამდენიმე ადამიანს გაუჩნდა მსგავსი აზრი, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიაში პატარა წვლილი შემაქვს. 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არც ჩვენი სპორტსმენების წარმატება გამომრჩენია. ლაშა ბექაურის, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ტალახაძის გვარები შევასრულე და მინდა ეს ნამუშევრები ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონებს ვაჩუქო.
ანა კალანდაძე