"გულის სიღრმეში სულ მეფიქრება ხოლმე, - რა იქნებოდა, გვერდით რომ მყავდეს..."
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საინტერესო, საკმაოდ დრამატული ცხოვრება მქონდა და ეს ყველაფერი საინტერესო წასაკითხი იქნებოდა მკითხველისთვის. ამან გადამაწყვეტინა წიგნზე მუშაობა“, - ამბობს მოდელი დავით ცერცვაძე, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა...
- ქალაქ ზესტაფონში დავიბადე, მაგრამ მშობლების გაყრის შემდეგ, თბილისში გადმოვედით. ბავშვობა საკმაოდ ტრავმულად მახსენდება, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახი მყავდა. რთული იყო დედის გარდაცვალებასთან გამკლავება, რადგან მაშინ მხოლოდ 9 წლის ვიყავი. მე და ჩემს პატარა ძმაზე ბებო ზრუნავდა. ის მუდმივად ცდილობდა დედის დანაკლისი შეევსო ჩვენთვის, ეს კარგადაც გამოსდიოდა, მაგრამ ხომ იცით, დედა მაინც სხვაა შვილისთვის. სამაგიეროდ, კარგად მახსენდება ბავშვობის ის მოგონებები, სადაც ჩემი ლამაზი დედიკო - გურანდა კუპატაძე "ცხოვრობს". შეიძლება საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ მაინც ყოველთვის ტკბილად მაგონდება ყველაფერი. ის ჩემს მეხსიერებაში დარჩა, როგორც გმირი ქალი, რომელიც მძიმე დაავადების მიუხედავად, შვილებს არასდროს აგრძნობინებდა, რომ ცუდად იყო. სულ მოღიმარი და თბილი გახლდათ.
- როგორ გაუმკლავდით ტკივილს ასეთ პატარა ასაკში?
- ამასთან გამკლავებას დიდი ხანი ვცდილობდი. ძნელია ტკივილის დავიწყება, მაგრამ ადვილია შეფუთო ეს ყველაფერი... და მეც ჩემი უდიდესი ტკივილის კარგად შეფუთვა შევძელი. თუმცა, გულის სიღრმეში სულ მეფიქრება ხოლმე, - რა იქნებოდა, გვერდით რომ მყავდეს...
- როგორი იყო გარემო, სადაც იზრდებოდით?
- ზოგადად, ჩემი ქუჩა ძალიან თბილი ურთიერთობებით გამოირჩეოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მე ყოველთვის და ყველგან ბულინგის მსხვერპლი ვიყავი, ვიდრე არ ვისწავლე, რომ თავი არავის უნდა დააჩაგვრინო; ვისწავლე საკუთარი თავის ფასიც. სკოლას რაც შეეხება, იყო შემთხვევები, როცა გამძაფრებული აგრესია გამოხატეს ჩემ მიმართ, მაგრამ სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორი მუდმივად პასუხისმგებლიანად და დიდი მოწიწებით ეკიდებოდნენ ჩემს საქმეს. ალბათ იქიდან გამომდინარეც, რომ იცოდნენ, რთული ბავშვობა მქონდა და ამით ცდილობდნენ ჩემთვის ტკივილი შეემსუბუქებინათ.
- რა იყო ამ ბულინგის მიზეზი?
- სიმართლე გითხრათ, ეგ საიდუმლო ვერ ამოვხსენი, მაგრამ ბავშვობიდან გამოვირჩეოდი სხვებისგან ბევრი რამით, ვფიქრობ, უფრო თანამედროვე და განვითარებული ვიყავი... შეიძლება ეს იწვევდა სხვა ბავშვებში აგრესიას.
- სკოლაში როგორ სწავლობდით?
- ძალიან მიყვარდა ხელოვნება და ისტორია. სწავლით დიდად ვერ ვიწონებდი თავს, მაგრამ ვსწავლობდი იმას, რაც მაინტერესებდა და ვიცოდი, გამომადგებოდა.
- სამოდელო სფეროთი როგორ დაინტერესდით?
- ინტერესი ალბათ, ბავშვობიდან მქონდა. ყოველთვის განსხვავებული ხედვითა და სტილით გამოვირჩეოდი. ძალიან მომწონდა და ვცდილობდი ამ სფეროში მოხვედრას... ჰოდა, გამიმართლა: ერთხელაც tbilisi fashion festival დაანონსდა და ჩემი მონაცემები გავგზავნე. მიმიწვიეს და მეტიც, ორგანიზატორმა დამხმარედ ამიყვანა ფესტივალის მიმდინარეობის დროს. გამოვედი რამდენიმე ჩვენებაზე, რომელიც ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. პირველი ჩვენება მქონდა თამთა ქართველიშვილთან, მადლობა ამისთვის ქალბატონ თამთას; შემდეგი კი აპოლონ ჯორჯიას სამოსით გამოვედი, ასევე ჰოპაცის (დიზაინერ ანა ლაბაძის) ჩანთა წარვადგინე. კოლაბორაცია იყო ამ ორი ბრენდის და აქაც ძალიან ვისიამოვნე. შემდეგი იყო თათია დარჩია, რომელსაც სასწაული კოლექცია ჰქონდა. ძველ საბერძნეთს მოგაგონებდათ... ამ ჩვენებას ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, ბევრიც გაოცდა მთლიანი კოლექციით და კონკრეტული მოდელებითაც.
ფესტივალის შემდეგ ისევ თამარა ქეიმ მიმიწვია თავის ჩვენებაზე. გარდა ამისა, იყო სხვადასხვა შემოთავაზება და ვგეგმავ, ამ სფეროში უფრო მეტს მივაღწიო.
- ამჯერად ბათუმში ხართ?
- დიახ... 24 აგვისტოს გაიმართა გონიოში უნიჭიერესი ქართველი დიზაინერის, თამთა ქართველიშვილის პირველი პერსონალური ჩვენება საქართველოში. მას აქვს გასაოცარი ხელწერა და გამიმართლა, რომ მისი ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობა მომიხდა. ჩვენებაზე სულ 23 ლუქი იყო წარდგენილი, 23 ულამაზესი მოდელი გვყავდა, რომლებმაც მოირგეს ტანისამოსი. ულამაზესი წითელი პიჯაკით დაიხურა ჩვენება, შემდეგ კი ქალბატონ თამთასთან ერთად ღონისძიების დახურვის ბედნიერებაც მხვდა წილად.
- ფოტოსესიები უკვე გქონდათ?
- დიახ... ფოტოსესია, რომლითაც დაიწყო ჩემი კარიერა. უკრაინელმა ფოტოგრაფმა სასწაული ფოტოები გადამიღო, რომლითაც ავაწყე კატალოგი და ვგზავნიდი სხვადასხვა ივენთზე.
- როგორია გარემო დღეს ბიჭი მოდელებისთვის?
- ყველას ძალიან მაღალი სტანდარტი აქვს, მაგრამ ნაკლები დაფასებაა. დიდ სირთულეს წარმოადგენს მოდის სახლები და დიდი კონკურენცია. საქართველოში ხშირად არ გვაქვს მოდის ივენთები ან რაიმე ჩვენებები. ათასში ერთხელ იმართება მსგავსი რამ და იმ ჩვენებებისთვისაც სააგენტოებიდან გაჰყავთ მოდელები... tbilisi fashion festival-ი კი იმას უწყობს ხელს, რომ აქ აღმოაჩინონ ახალი სახეები. ვისურვებდი, ბევრი მსგავსი ღონისძიება გვქონდეს.
- როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ბიჭი მოდელის მიმართ?
- ზოგი მოდის სახლი ძალიან ბევრს ითხოვს და ჩემი აზრით, ეს არასწორია. ასევე, საზოგადოებას ძალიან ბევრი სილამაზის სტანდარტი აქვს დაწესებული...
- საზღვარგარეთ წასვლაზე გიფიქრიათ?
- დიახ, მიფიქრია, მქონდა კიდეც შემოთავაზება, მაგრამ მინდა, ჩემი პირველი და წარმატებული ნაბიჯები ჩემი ქვეყნიდან დაიწყოს.
- რას ურჩევთ კოლეგა ბიჭებს?
- პირველ რიგში, არ დაიზარონ და ბევრი იშრომონ თავიანთი მიზნებისთვის. ვიცი, რთულია, მაგრამ რაც მეტს ვიმუშავებთ საკუთარ თავზე, მით უფრო დავიხვეწებით და წარმატებაც მოვა. მუდმივად ეძებონ ახალი გამოწვევები და ახალი ხალხი, რომლებიც მათ გზის გაკვალვაში დაეხმარებიან. როგორიც ჩემს შემთხვევაში ქართველი მოდის ინფლუენსერი, გიგა უჩუვატოვი აღმოჩნდა. მადლობა მას ყველაფრისთვის. კოლეგებს ვურჩევდი, მიზნისკენ სწრაფვის დროს არ დაკარგონ ადამიანობა და სოლიდარობა. სწორედ ამ თემაზეა დაფუძნებული ჩემი წიგნი, რომელიც მომავალში დაიბეჭდება.
- წიგნი დაწერეთ?
- დიახ და ის დამუშავების პროცესშია... წიგნი ჩემზეა, მაგრამ ფანტაზიის ნაწილი და ცხოვრებისეული ფაქტებია გაერთიანებული. იწყება ჩემი წარსულით და მთავრდება ისეთი მომავლით, როგორიც ჩემს ფანტაზიებშია... ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საინტერესო, საკმაოდ დრამატული ცხოვრება მქონდა და ვიფიქრე, რომ საინტერესო წასაკითხი იქნებოდა მკითხველისთვის ეს ყველაფერი. ამან გადამაწყვეტინა წიგნზე მუშაობა.
- ამბობთ, რომ დრამატული ცხოვრება გქონდათ, მაგრამ სულ წარმატებებისკენ მიილტვით... ვინ დაგეხმარათ სირთულეების გადატანაში?
- ეს ჩემი დეიდაშვილი ნინო ჯიბლაძეა. იგი ჩემი მუდმივი გულშემატკივარია. რომ არა ის, მისი მხარში დგომა, ბევრი რამე არ იქნებოდა ახლა ისე, როგორც არის!
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ვგეგმავ საკუთარი თავის და შესაძლებლობების უფრო მეტად რეალიზებას, განვითარებას. დიდი იმედი მაქვს, მონაწილეობას მივიღებ უფრო მეტ დეფილეზე, ფოტოსესიებში... მიზნების მიღწევას დიდი ძალისხმევა და შემართება დასჭირდება, მაგრამ მჯერა საკუთარი თავის და ვიცი, ყველაფერს შევძლებ!
მანანა გაბრიჭიძე