"როგორც მეგობრები მეუბნებიან, "ჯადოსნურ ჯოხს ავიქნევ" და აცხადებენ, რომ საქართველომ გაიმარჯვა" - გზაპრესი

"როგორც მეგობრები მეუბნებიან, "ჯადოსნურ ჯოხს ავიქნევ" და აცხადებენ, რომ საქართველომ გაიმარჯვა"

20-ზე მეტი საერთაშორისო კონკურსის (სილამაზის და სამოდელო) ეროვნული დირექტორი და საერთაშორისო ჟიურის წევრი გახლავთ. შესაბამისად, უცხოეთში ბევრ დროს ატარებს. დრო ვიხელთეთ და ქალბატონ ეკას საქართველოში ყოფნისას ვესაუბრეთ. როგორ დაიწყო კარიერა და რა იყო მისი მთავარი მოტივაცია ამ სფეროში? რა გამოწვევები ახლავს თან სილამაზის და სამოდელო კონკურსების ხელმძღვანელობას? - ამ საკითხებზე ჩვენი საქმიანი რესპონდენტი გულახდილად გვესაუბრა...

- ბავშვობაში ოჯახში პრინცესასავით მზრდიდნენ. ნამდვილად მჯეროდა, რომ პრინცესა ვიყავი... 12 წლისამ ტელევიზიით პირველად ვნახე კონკურსი - "მის მსოფლიო", რომელიც არასოდეს დამავიწყდება: თურქეთის წარმომადგენელმა ულამაზესმა გოგონამ გაიმარჯვა. მახსოვს, მწვანე კაბა ეცვა... კონკურსს სუნთქვაშეკრული ვუყურებდი. როცა დასრულდა, ოჯახის წევრებს, მეზობლებს დავუძახე და ვუთხარი, - როცა გავიზრდები, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, სილამაზის და სამოდელო კონკურსს აუცილებლად ჩავატარებ. ის ქართველი ვიქნები, ვინც უამრავი ქვეყნის წარმომადგენელს საქართველოში ჩამოიყვანს-მეთქი. ასე აგვიხდეს ყველაფერი კარგი (იღიმის): კარგად იცით, რომ 2015 წელს, პირველად, 36 ქვეყნის "მისი", საერთაშორისო ჟიურის და დელეგაციის თანხლებით, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიყვანე - საერთაშორისო სილამაზის კონკურსი "მის პლანეტა" ჩავატარეთ...

ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. წარჩინებული მოსწავლე გახლდით. მერვე კლასში ვიყავი, როცა ჩვენი სკოლის დირექტორს - ნოდარ ქელბაქიანს ვთხოვე: ბატონო ნოდარ, მინდა, მესხიშვილის თეატრი ვიქირაო. ძალიან გთხოვთ, წამყევით, რადგან პატარა ვარ და არავინ მომაქირავებს-მეთქი. - რად გინდაო?! - მხოლოდ მე ხომ არ ვიქნები პრინცესა? მსურს, ქუთაისში პრინცები და პრინცესები აღმოვაჩინო და კონკურსი - "მის და მისტერ ქუთაისი" ჩავატარო-მეთქი. კაბინეტში დირექტორის მოადგილე იჯდა, რომელმაც შუბლზე ხელი დამადო და დირექტორს უთხრა: - ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ რა "მის და მისტერ ქუთაისი", ხომ კარგადააო (იცინის)?!. წარმოიდგინეთ, 33 წლის წინ მსგავსი კონკურსები ან საერთოდ არ ტარდებოდა, ან - ძალიან იშვიათად... მოკლედ, ასე დავიწყე ამ სფეროში მუშაობა: ქუთაისიდან იმერეთზე გადავედი, იმერეთიდან - დასავლეთ საქართველოზე, შემდეგ - მთელ საქართველოზე... 20 წელზე მეტია, თბილისში ვცხოვრობ და ზუსტად ამდენი ხანია, მსოფლიოს მასშტაბით კონკურსების, ფესტივალების ჩატარების იმდენი ექსკლუზიური უფლება მაქვს, რომ ვერც ვითვლი. მოდელები მიმყავს სხვადასხვა ქვეყანაში კონკურსებზე, მოდის კვირეულებზე, კანის კინოფესტივალზე... ჩემი სამეგობრო წრისთვის ხუმრობის საგნად იქცა: ხომ არის სიტუაცია, როცა ადამიანს რაღაცის სურვილი აქვს, არა? ჩემს შემთხვევაში, პირადი თვითმფრინავი კი არ მსურს, მჭირდება, რადგან მაგალითად, 29 სექტემბერს პარიზში უნდა ვიყო (მოდის კვირეული ტარდება), პირველ ოქტომბერს - თურქეთში ("ტოპ მოდელ უნივერსზე")... მაქვს შემთხვევები, როცა ერთი ქვეყნიდან თბილისის აეროპორტში რომ ჩამოვფრინდები, საღამოს ქუთაისის აეროპორტიდან სხვაგან მივფრინავ. რა თქმა უნდა, შემიძლია, კონკურსანტი უჩემოდ გავუშვა, მაგრამ როცა კონკურსზე მეც ვიმყოფები (საერთაშორისო ჟიურის წევრიც გახლავართ), გამარჯვებისთვის ერთობლივად ვიბრძვით, რადგან შენი ქვეყნის წარდგენისას, კონკურსანტს კარგი "პატრონი" გჭირდება, რომ არ დავიჩაგროთ, ჩვენი სათქმელი ვთქვათ და თუნდაც, ნახევარი ქულით, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს გამარჯვებისკენ ხელი "წავუკრათ". კონკურსანტების გარდა, ნიჭიერი ქართველი მომღერლები, დიზაინერებიც მიმყავს. ვცდილობ, მათი შემოქმედება მსოფლიოს გავაცნო - სილამაზის და სამოდელო კონკურსები თუ კვირეულები მათ გახსნან ან დახურონ... ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის - ბატონ ირაკლი კობახიძის მიმართ დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული. მესიამოვნა ის ფაქტი, რომ ოლიმპიადაზე გამარჯვებულები დააჯილდოვა და ასევე - ოლიმპიადის ყველა მონაწილე. ძალიან მინდა, რომ ჩვენს სფეროშიც წაახალისოს წარმატებული ბავშვები, მოზარდები თუ ზრდასრული მოდელები - ჩვენც არანაკლებ ვშრომობთ, 90 ქვეყანას შორის ვაფრიალებთ საქართველოს დროშას... სილამაზის და სამოდელო კონკურსები მხოლოდ პოდიუმზე გავლას არ გულისხმობს: იმართება მეგობრობის საღამოები, ნაციონალური სამოსის ტური, 2-წუთიანი ვიდეორგოლით ქვეყნის პრეზენტაცია, გამწვანების აქცია, ქართველი დიზაინერების სამოსის ჩვენება და ა. შ. ვაპირებ, ამ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერს წერილი მივწერო...

img-3471-1725350588.jpg

- მცირე ასაკიდან ფინანსურად დამოუკიდებელი ხართ. საინტერესოა, მშობლებს ფული ბოლოს როდის და რისთვის სთხოვეთ?

- ჩვენი თაობის წარმომადგენლები უფრო მორიდებულები ვიყავით. მშობლებს ვერ ვთხოვდით, ჩვენთვის რამე ეყიდათ, მაგრამ სასაცილო სიტუაციის შესახებ მოგიყვებით: გარდა იმისა, რომ კონკურსის ჩატარების ექსკლუზიური უფლება გაქვს ადამიანს, ლიცენზია უნდა იყიდო. 2015 წელს "მის პლანეტის" ორგანიზატორი გახლდით, ხოლო ლიცენზიის მფლობელი გახლავთ ირინა პაპაზოვა. მსოფლიოს მასშტაბით, ამ კონკურსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ირინამ შემომთავაზა, რომ კონკურსისთვის "მისტერ პლანეტა" დაგვემატებინა. მსოფლიო ლიცენზიის შესაძენად, გარკვეული თანხა დამაკლდა. დედაჩემს დავურეკე, - დედა, ბოდიში, საშუალება თუ გაქვს, თანხა დამიმატე, "პლანეტის" ყიდვა მინდა-მეთქი. საოცრად მზრუნველმა დედაჩემმა, რომელიც 24 საათის განმავლობაში მხოლოდ იმას ცდილობს, რომ შვილები, შვილიშვილები, მათი მეგობრები ბედნიერები იყვნენ, ტელეფონი გამითიშა. ცოტა ხანში ჩემს მეუღლეს დაურეკა: მამუ, ცუდად გვაქვს საქმე: მგონი, ამდენი ფრენის გამო, ფსიქოლოგიურად კარგად ვერ არის. დავიღუპეთო... - რატომ, რა ხდებაო? - ჩემმა მეუღლემ ჰკითხა. - პლანეტის ყიდვა მომთხოვა. რა პლანეტა იყიდება, გამაგებინეო (იცინის)!.. დიახ, მცირე ასაკიდანვე ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ, თუმცა პარალელურად, მშობლები ყოველთვის გვერდით მედგნენ, მათი მხარდაჭერის გარეშე, ამდენს ვერ მივაღწევდი.

- როგორც ვიცი, სამედიცინო განათლება გაქვთ მიღებული. ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი არასოდეს გაგჩენიათ?

- კოლეჯში ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით ვსწავლობდი, შემდეგ ბიოეკოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. იქაც წარჩინებით ვსწავლობდი, პრაქტიკაც გავიარე, მაგრამ ეს საქმე "ჩემი" არ იყო. პირველ ქორწინებაში არაჩვეულებრივი დედამთილი მყავდა. მას სურდა, ექიმი რძალი ჰყოლოდა. ასაკით პატარა ვიყავი. როგორც ძალიან მორჩილი და მორიდებული, დავთანხმდი და ის ვისწავლე, რაც ოჯახს სურდა. როგორც კი საშუალება მომეცა, პროფესიული მიმართულება მაშინვე შევცვალე: პირველ დამოუკიდებელ ტელეკომპანია "რიონში" ჩემი გადაცემა მქონდა, დიქტორადაც ვმუშაობდი, მაგრამ საკუთარი თავი მაინც სილამაზის და სამოდელო კონკურსებში დავინახე. ამ სფეროში მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა. უკვირთ, როგორ არ ვიღლები, რადგან სამწუხაროდ, იმის საშუალება არ გვაქვს, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენს კონკურსანტებს გავაყოლოთ სტილისტი, ვიზაჟისტი, ფოტოგრაფი, ოპერატორი... გარდა იმისა, რომ კონკურსის ეროვნული დირექტორი და საერთაშორისო ჟიურის წევრი ვარ, ასევე, ვიზაჟისტის, სტილისტის, ფოტოგრაფის და ოპერატორის ფუნქციასაც ვითავსებ. კოლეგებს მორიდებით მოვუბოდიშებ ხოლმე, კულისებში გავვარდები, რომ მომდევნო ტურისთვის ჩვენს კონკურსანტებს ჩაცმაში, მოწესრიგებაში დავეხმარო-მეთქი, მერე კი, როგორც მეგობრები მეუბნებიან, "ჯადოსნურ ჯოხს ავიქნევ" და აცხადებენ, რომ საქართველომ გაიმარჯვა (იცინის)!.. ტელეეთერშიც ვთქვი: ტელეწამყვანობის ამბიცია და სურვილი არ მაქვს. საერთოდ, ყველაფრის მაღალ დონეზე კეთება მიყვარს. მოგეხსენებათ, თუნდაც კვირაში ერთხელ გადაცემის წამყვანობას სერიოზული შრომა სჭირდება. მე წამყვანი არ გახლავართ - "პური მეპურემ უნდა აცხოს", თუმცა რუბრიკა - "კატრინის საათი ეკა მგალობლიშვილთან ერთად" - ძალიან კარგია, რადგან ბავშვების წარმატების შესახებ უამრავ მასალას ვაშუქებთ. პლუს, პატარებს უხარიათ... თუკი "პალიტრანიუსზე" ხელს შემიწყობენ და საშუალება მექნება, უცხოეთიდანაც ჩავერთო, ტელევიზიასთან თანამშრომლობას სიამოვნებით გავაგრძელებ, სხვაგვარად ვერ შევძლებ, რადგან არის შემთხვევები, როცა 2 კვირის განმავლობაში საქართველოში არ ვიმყოფები. მადლიერი ვარ "პალიტრანიუსის", რომ ჩვენით დაინტერესდა, თუმცა სამოდელო და სილამაზის კონკურსებს ვერ დავთმობ, რადგან მაგალითად, მესამე წელია, რაც "კატრინის" პატარა მოდელები - ანასტასია ბაკურაძე, იოანა შერვაშიძე, მარიამ ბერძენიშვილი, ნუცა გრიგალაშვილი, ვერ წარმოიდგენთ, კანის კინოფესტივალზე, წითელ ხალიჩაზე როგორი ემოციით გადიან მსოფლიოს ვარსკვლავებთან ერთად! უამრავი ფოტოგრაფი უღებს. მგონი, პირველი ქართველი ბავშვები არიან, ვინც "ფეშენ ტივის" ინტერვიუ მისცეს.

- თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით?

- ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დგას ჩემი შვილების სწავლა-განათლება და მომავალი. უფროსი ქალიშვილი - თათული "ფეშენ" ბლოგერი და კონტენტ კრეატორი გახლავთ. სხვათა შორის, უამრავ უცხოურ ბრენდთან აქვს კონტაქტი. უმცროს შვილს - ანასტასიას რაც შეეხება, 2 წლიდან მსოფლიო კონკურსებში მონაწილეობს. უამრავ ქალაქში, ქვეყანაში იცნობენ: პარიზში, მილანში, რუმინეთში, ალბანეთში... ძალიან უყვართ, აფასებენ და იწვევენ ჩვენებებში, ფესტივალებსა თუ კონკურსებზე. ამჟამად 14 წლისაა. 3-4 წლის წინ, სამოსის ბრენდი - "ანასტასია" შევქმენით, რომელიც ისეთი მოთხოვნადი გახდა, რომ მოდის კვირეულებზე დიზაინერებისთვის განკუთვნილი საწევროს გადახდის გარეშე გვიწვევენ, გვაჯილდოებენ (იცინის)... ანასტასია მეცხრე კლასში გადადის. თავისი მიზნები აქვს. ვოკალის აკადემიაში, ქეთი ორჯონიკიძესთან მღერის, "სუხიშვილების" სტუდიაში ცეკვავს, "კატრინში" დადის და თვეში ერთხელ, რომელიმე ქვეყანაში მიფრინავს... ეს ყველაფერი ჰქონდეს, იცოდეს, მერე კი - როგორც სურს, ისე გამოიყენოს ცოდნა... ბავშვობაში ხატავდა. მისი ნახატები ჩემთვის ინსპირაცია იყო, რომ სამოსის კოლექცია - "სამეფო კარის მეჯლისი" შემექმნა, თუმცა არ ვიცოდით, ასეთი მოთხოვნადი თუ იქნებოდა. ანასტასიამ ჩემთან უკვე ასეთი პრეტენზია გამოთქვა: უკვე 14 წლის ვარ. ბრენდს ან ჩემი სახელი დარჩეს, მაგრამ "ახალგაზრდა დიზაინერად" აღარ მომიხსენიონ, ან - სექტემბრიდან ტანსაცმლის დიზაინის შემსწავლელ კურსზე შემიყვანე, რომ ამ სფეროში თავაწეული ვიყოო. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც მე არ მინდოდა "ლანგრით მორთმეული" წარმატება, ასე იქცევა ჩემი შვილიც - სურს, მიზანს თავისი შრომით, ნიჭით მიაღწიოს... ასევე, თათულისგან მყავს შვილიშვილი, 2 წლის ტიარა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ "ეკა მგალობლიშვილი" ჰქვია (იცინის). თათული "შემოგვჩივის" - შვილისთვის უცხო სახელის შესარჩევად ენციკლოპედიები "გადავჩიჩქნეო" (იცინის)?!.

0e944c5a-2456-42c1-bca3-b7877e8d40b4-1725350600.jpg

- მეუღლეზე არაფერი გითქვამთ. დროის უმეტეს ნაწილს უცხოეთში ატარებთ. ამ სიტუაციის მიმართ, ბატონ მამუკას როგორი დამოკიდებულება აქვს?

- ჩემთვის მამუკა სრული კომფორტია - ჩემით და ანასტასიათი ამაყობს! როდესაც ამის საშუალებაა, საზღვარგარეთაც ჩვენ გვერდითაა. ჩემმა აფრიკელმა და ინდოელმა კოლეგებმა "საერთაშორისო ქმრის" ტიტული მიანიჭეს (იცინის). ერთმანეთის უთქმელად გვესმის. მეუღლეში გამიმართლა.

- როგორ ფიქრობთ, წარმატებაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარებათ?

- წარმატებაში მეხმარება იღბალი (უფლის წყალობით), შრომა და მიზანდასახულობა. ადამიანს ეს თუ გაქვს, ვერაფერი შეგაჩერებს. თითქმის 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობ. ანასტასია მეუბნება, - ნორმალური ოჯახები, მაგალითად, 1 კვირით დასასვენებლად რომ მიდიან და საღამოს არც ფოტოსესია აქვთ, არც - ჩვენება, ჩვენ ასე როდის დავისვენებთო? ამ ტიპის დასვენებაზეც ვთანხმდები, მაგრამ მერე ისევ თავადვე გადაიფიქრებს ხოლმე - კარგი, იყოს საღამოს ჩვენებაო (იცინის)... არ მახსოვს, ბოლოს ისე როდის დავისვენე, რომ პარალელურად, საქმე არ მეკეთებინა, თუმცა შრომა მსიამოვნებს, რა თქმა უნდა.

ეთო ყორღანაშვილი