რატომ დაითრგუნა თბილისში ახალი ჩამოსული გიორგი გამეზარდაშვილი? - გზაპრესი

რატომ დაითრგუნა თბილისში ახალი ჩამოსული გიორგი გამეზარდაშვილი?

"ტიკტოკიდან" კი - როგორც ცხოველების და ფრინველების მოყვარულს და გულშემატკივარს. იყო შემთხვევა, როცა გიორგიმ სიკეთის პასუხად სასამართლოში ჩივილი მიიღო, მაგრამ ამ ფაქტს არ შეუშინებია და სიმართლე მარტივად დაამტკიცა...მან თავისი ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდები გაგვიზიარა, რომლებიც მხოლოდ ცხოველების კი არა, ადამიანების გადარჩენასაც უკავშირდება...

- "სამზარეულოს ომებში" მონაწილეობის მისაღებად ბიძაშვილმა ძალით მიმიყვანა. მერე მეუღლემაც მთხოვა... შოუში ცნობილი "ტიკტოკერები" - კიწი და ნაფოტა გავიცანი. მითხრეს, - შენნაირი გულიანი კაცი "ტიკტოკზე" რატომ არ არისო? მაშინ არც ვიცოდი, "ტიკტოკი" რა იყო. მოკლედ, ამ პლატფორმაზე გვერდი სტუდიაშივე შემიქმნეს. გადაცემის პატარა ფრაგმენტები გამოვაქვეყნე, ეგ იყო და ეგ - აღარც შევდიოდი. ფინალში რომ გავედით, "ტიკტოკი" არც მახსოვდა. როცა გავიმარჯვეთ და სიტუაცია დაწყნარდა, ხანდახან შევდიოდი, ვიდეოებს ვათვალიერებდი. სპონტანურად, რაღაც უაზრო ვიდეოებს (ცისარტყელის, ბუნების...) თავადაც ვაქვეყნებდი. შემდეგ ხალხს საჩუქრებს ვჩუქნიდი... მოკლედ, ჩემთვის ვერთობოდი. უმცროსი შვილი - თაია რომ შეგვეძინა, "ტიკტოკს" თავი დავანებე - ამისთვის აღარ მეცალა. 1 წლის რომ გახდა, თავისუფალ დროს "ტიკტოკზე" "შევიპარებოდი" ხოლმე, შემდეგ "ლაივების" ჩართვაც დავიწყე... საერთოდ, ბავშვობიდან ცხოველები და ფრინველები უზომოდ მიყვარს. ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენი ბინის სადარბაზოში კირკიტას ბარტყი ჩამოვარდა. არც ვიცოდი, რა იყო. თოვლის გუნდას მსგავსი არსება რომ დავინახე, სპონტანურად, ვიდეოც გადავუღე, რადგან საერთოდ, ყველაფრის კამერით აღბეჭდვა მიყვარს - კონტენტის შექმნა არც მიფიქრია. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ავტოავარიაც რომ მოხდეს, ჯობია, გადაიღო - შენთვისვეა სასარგებლო... მოკლედ, კირკიტას ბარტყი ავიყვანე, შინ ქათმის ხორცი ვაჭამე... ვიდეო "ტიკტოკზე" დავდე.მერე ბაზიერები პირადში მწერდნენ, - მომყიდე, მაჩუქეო... ზუსტად 2 დღის მერე, მეორე ბარტყიც ჩამოვარდა. ბარტყებს ვიდეოებს ვუღებდი - "ტიკტოკზე" ყველა პოპულარული ხდებოდა. ფრინველები სახლში 28 დღე მყავდა. ხვიჩა და გოჩა დავარქვით. ვიდეოები "მიდევს", როგორ გავზარდე. მათ მოვლასთან დაკავშირებით, ყველას აზრს ვითვალისწინებდი. ბარტყების გაშვების ამსახველი ვიდეოებიც გამოქვეყნებული მაქვს. გაშვებამდე, ვერცხლის რგოლები ვუყიდე, ერთი წითელი ჯვრის გამოსახულებით, მეორე - თეთრით, რომ ბარტყებისთვის ფეხზე დამემაგრებინა და ვინც ნახავდა, ერთმანეთისგან გაერჩია, რომელი იყო ხვიჩა და რომელი - გოჩა. ბევრი მწერდა, მოხსენი, რამეს არ გამოედოსო. როგორც მცოდნეები მირჩევდნენ, ისე მოვიქეცი - მოვხსენი. "ტიკტოკზე" "ლაივში" რომ გავდიოდი, ფულსაც მთავაზობდნენ - ეგონათ, კონტენტი შევქმენი და ამით შემოსავალი მინდოდა. არადა, გულში სულ რამ მქონდა, მაგრამ ხომ იცი, "ტიკტოკზე" როგორც ხდება - ყველა რაღაც "თემაშია" და გამოსავალს ეძებს. ცხადია, ფულზე ყველას უარს ვეუბნებოდი, ამის გამო ძალიან ვიჩხუბე კიდეც - მეორედ მსგავსი რამ აღარ დამიწეროთ-მეთქი!.. როცა ბარტყები ბუნებას დავუბრუნე, ბევრი მეგობარი სამეგრელოში ნაპოვნ წავთან დაკავშირებულ ლინკებს მიზიარებდა. მაშინ აზრზე არ ვიყავი, რა ცხოველი იყო. უბრალოდ, ვიდეო რომ გავხსენი, კაცი ამბობდა, - ეს ცხოველი სამეგრელოში ვიპოვე. მისი მოვლაც არ ვიცი, დახმარება მჭირდებაო. თავდაპირველად, ყურადღება არ მივაქციე. თან, ვიფიქრე - ვინ ოხერი ვარ, ის კაცი ცხოველს მე ხომ არ გამომატანს-მეთქი?!. ზუსტად 3 დღის მერე, ვიდეო კიდევ გამიზიარეს. წავედი და წამოვიყვანე. წამოყვანის წუთიდანვე, ლაშა გიორგი ჯაფარიძეს, რომელსაც ვეტერინარიული კლინიკა აქვს და მთელი თბილისის თუ ჩამორთმეულ ცხოველებს მკურნალობს, დავუკავშირდი (მონეტების კოლექციონერი ვარ - "ფეისბუკზე" ამ თემასთან დაკავშირებული დიდი ჯგუფი მაქვს. ლაშა იქ გავიცანი). შემდეგ გარემოს დაცვის სამსახური დამიკავშირდა - თურმე, წავი "წითელ წიგნში" ყოფილა შეყვანილი. ამასთან დაკავშირებით, მთელი სასამართლო პროცესები იყო...

- პრობლემა შეგექმნათ?

- არა, მოსამართლემ გამამართლა, რა თქმა უნდა. ადამიანს თუ ცუდი აქვს ჩაფიქრებული, ის ამ ამბავს ქვეყანას არ მოსდებს, მე კი ყველაფერს "ტიკტოკზე" ვაზიარებდი. შემდეგ ძველი ვიდეოებიც გამოვაქვეყნე, რადგან იმ ტვინგამოცლილ ადამიანს, ვინც წავთან და კირკიტებთან დაკავშირებით მიჩივლა, ენახა, რომ ცხოველები და ფრინველები დღეს და გუშინ არ შემყვარებია: ელიზბარაშვილის თავშესაფარში ბევრი ძაღლი და ლეკვი მიმიყვანია, სახლშიც წამომიყვანია, დამიბანია, მიმკურნალია, გამომიჯანმრთელებია... მეუღლე ლამის სახლიდან მაგდებდა (იცინის)... უბრალოდ, ჩემს დიდ ჯგუფში ვიდეო რომ გამომექვეყნებინა, - ხალხო, დამეხმარეთ-მეთქი, წარმოიდგინეთ, ჩემს პრობლემას რამდენი ადამიანი მიიტანდა გულთან, მაგრამ მეც ვხვდებოდი, რომ ეს უსამართლოდ ჩივილი, თითქოს კირკიტები და წავი დატყვევებული მყავდა, დიდი არაფერი იყო. ერთადერთი, იმის მეშინოდა, რომ ვინმე ჟურნალისტს არ ეთქვა, - ვიღაც გიორგი გამეზარდაშვილმა სამეგრელოდან წავი წამოიყვანა და სახლში დაატყვევაო. ძირფესვიანად ამას ხომ ვერავინ გამოიძიებდა, ასე იყო თუ არა? მათი "მოვალეობაა", რაღაც დაწერონ. ერთადერთი შიში მაქვს - საზოგადოებისგან აგრესია არ მივიღო, რადგან ცხოვრებაში ცუდი არასოდეს გამიკეთებია. დიდ ტელეპროექტში ვმონაწილეობდი, დღეში 10 ათასზე მეტ კომენტარს გვიწერდნენ, მაგრამ მათ შორის ჩემ მიმართ ცუდად დაწერილი არც ერთი არ ყოფილა. "სამზარეულოს ომებში" ძალიან ამაყი ვიყავი. კი, მაძალებდნენ, რომ შოუს გამო, სხვა მონაწილეებისთვის "მეკბინა", მაგრამ უარს ვამბობდი, რადგან იმ ადამიანებს მეზობლები, კლასელები, ბიძაშვილები ჰყავთ. მათ ხომ არ იციან, რეალურად, პროექტში რა ხდება?..

- ამჟამად, სად იმყოფებით?

- ოჯახი დასასვენებლად ზღვისპირეთში წამოვიყვანე. აქ 1 ძაღლია - პიკე, რომელსაც უზომოდ ვუყვარვარ. როცა ჩამოვედი, იმ დღეს 3 ძაღლთან იჩხუბა. მიზეზი ბოლომდე ვერ გავარკვიე, - მგონი, მდედრი ძაღლის გამო... პიკე ისე დაგლიჯეს, რომ სახის არეში 9 ნაკბენი დავუთვალე. ლაშას დავურეკე და მისი რეკომენდაციით, წამლები, მალამოები ვიყიდე, ვუმკურნალე... ახლა გამოკეთდა. სულ ჩვენს კართანაა...

- "ტიკტოკზე" ვიდეო ვნახე - ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეთ და მგონი, ამაში პიკეც გეხმარებოდათ...

- შარშანდელი ვიდეოა: ცოლ-შვილი ზღვის სანაპიროზე გავასეირნე. ჩემი ერთ-ერთი თუთიყუშიც (ლორიკეტი), სახელად რიო წავიყვანე. პლაჟზე 5 წუთის გასულიც არ ვიყავით, რომ უცბად ყვირილი ატყდა... გავიხედე და ზღვაში ბიჭი იხრჩობოდა. რიო მეუღლეს ხელზე გადავუსვი. მეორე ხელში 2 თვის თაია ეჭირა. მაშინვე ბიჭის საშველად გავიქეცი. შეზლონგების გამქირავებელი ბიჭიც შემომყვა.ალაზანზე გაზრდილი ვარ - ცურვა მაგრად ვიცი და ადამიანების გადარჩენაშიც გამოცდილი ვარ. ბიჭს უკნიდან ამოვუდექი. პიკე წყალში შემომყვა. ძალიან ყურადღებიანი ძაღლია. თავისებურად მეხმარებოდა და შედეგად, მთელი წელი ისე ჩამომკაწრა, რომ სისხლი მდიოდა (იღიმის). ძლიერი შტორმი იყო. ბიჭს ჩაძირვის უფლება არ მივეცი. მერე, როგორც იქნა, სანაპიროზე მყოფებმა მაშველს გააგონეს - შორს იყო წასული... მეუღლეს ვიდეოკამერა ჩართული ჰქონდა, მაგრამ კარგად ვერ იღებდა, რადგან ხელში ბავშვი და რიო ეჭირა. ნაპირთან პიკე ისევ ხელზე მექაჩებოდა, რომ კვლავ წყალში არ შევსულიყავი. მისგან ისეთი დაკაწრული ვიყავი, რომ შემდეგ წავედი და შრატი გავიკეთე... ეს ვიდეო ქობულეთის და ქუთაისის ჯგუფებშიც "დადეს". უამრავი კომენტარი იყო, ზოგი ცუდ რაღაცებს წერდა. მათ პირადში მივწერე: ცუდს ნუ წერთ. ვიდეოს ჩემი მეუღლე იღებდა. ასეთი და ასეთი სიტუაცია იყო-მეთქი. ვერ გაერკვა ხალხი. ფიქრობდნენ, - რა დროს გადაღებაა? ბიჭი იხრჩობაო...

- ხალხის გულისწყრომა დაიმსახურა გოგონამ, რომელიც, როგორც ვიდეოში ჩანს, სიტუაციას მშვიდად უყურებდა. რეალურად, რა ხდებოდა?

- იქ მყოფ გოგონებს რაც შეეხებათ, თავდაპირველად, ისინი და საერთოდ, იქ მყოფი ყველა ადამიანი მაშველს ეძახდა, რომ მისთვის ხმა მიეწვდინათ, რადგან ძლიერი ტალღებიდან ბიჭის გამოყვანა, სპეციალური დამხმარე საშუალებების გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო - ვიდეოში შტორმის სიძლიერე არ ჩანს. უკვე ბიჭი ნაპირთან რომ მოვიყვანეთ, საყვირალი რაღა იყო, გოგონებს რაღა უნდა გაეკეთებინათ? ისხდნენ და უყურებდნენ. მანამდე, როგორც გითხარით, წიოდნენ და ყვიროდნენ - ბიჭის გადარჩენას ცდილობდნენ...

- მეუღლეს ცხოველების, ფრინველების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს?

- ძაღლები უზომოდ უყვარს! თუთიყუშებზე ხომ - საერთოდ, გიჟდება!.. უბრალოდ, მისთვის პრობლემას დისკომფორტი წარმოადგენს: მაგალითად, კირკიტები, ბოდიში და, მთელ სახლში იმდენს სკლინტავდნენ, რომ მართლა შესაღონებელი სიტუაცია იყო. თან, ჩვენმა უმცროსმა შვილმა სიარული ახლახან ისწავლა... ერთადერთი, ეს პრობლემა გვქონდა, თორემ ძაღლებზე პატარა თაიაც გიჟდება! ძაღლს რომ დაინახავს, მთელი სახე უცინის. ქუჩის ძაღლებთანაც ჩვეულებრივ მიმყავს, ოღონდ - მანამდე ცხოველებს ვაკვირდები, აგრესიულები ხომ არ არიან? კუდის ქიცინი თუ დაიწყეს, პრობლემა არ არის...

4bfa2305-69d1-456f-b097-e3a27bd8588c-1725350979.jpg

- ისე, გაუგებრობაში სხვა დროსაც მოხვედრილხართ?

- კი, მთელი ცხოვრება ასე მემართება. ადრე ტყეში რაღაც ფოტო გადავიღე და 38 წუთში სუს-ი სახლში დამადგა: ბორჯომის ტყე-პარკი რომ დაიწვა, ის პერიოდი იყო. უბრალოდ, ტყეში ძალიან პატარა პარაშუტი ვიპოვე, რომელსაც ბოლოში ნამწვი ჰქონდა (ამით სამხედროები ვარჯიშობენ - ისვრიან და სანამ ბოლომდე არ დაიწვება, ცაშია გამოკიდებული, ანათებს). მეგონა, ბოროტი ადამიანები ამ პარაშუტს ისროდნენ და ტყეში ჩავარდნის შემდეგ, ხანძარი ჩნდებოდა. ფოტო გადავუღე და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, მერე კი, როგორც გითხარით, სუს-ი სახლში დამადგა... საგიჟეთი იყო!.. ბოლოს მათმა უფროსმა მადლობაც გადამიხადა, - შენი კომენტარი წავიკითხე, რომ წერდი - საქართველოს ტყეებს ამით ხომ არ გვიწვავენო?

- გიორგი, სად ცხოვრობთ, რას საქმიანობთ?

- მეთხუთმეტე წელია, თბილისში, გლდანში ქირით ვცხოვრობ. სუპერმარკეტების ერთ-ერთ ქსელში, ტექნიკურ სამსახურში ვმუშაობ. ასევე, მონეტების კოლექციონერი ვარ. მეუღლე და 3 გოგონა მყავს, ასევე - 3 ფრთოსანი მეგობარი - ლორიკეტი, განუყრელი და ტალღოვანი თუთიყუში მყავს.

- კულინარიული მიმართულებით აღარ აქტიურობთ?

- არა. ამ სფეროსთან არანაირი შეხება არ მაქვს. ეგ ჩემი პროფესია არ არის. უბრალოდ, კულინარია მიყვარს. რესტორნებიდან ისეთმა შეფებმა დამირეკეს, რომ მეუღლეს არ სჯეროდა. მთავაზობდნენ, - ასეთი "ცეცხლი" რომ ხარ, ჩვენს რესტორანში შენნაირი მოტივაციის მქონე ტიპი გვინდაო. ყველას უარი ვუთხარი. იქ რომ იმუშაო, შენთვის დილა-საღამო და უქმე დღეები აღარ იარსებებს. მთავარი მხოლოდ ხელფასი ხომ არაა?..

253d62b1-ddc0-4770-8059-2137fb5af734-1725350886.jpg

- გიორგი, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. დასასრულ, რამის თქმა ხომ არ გინდათ, რის შესახებაც არ მიკითხავს?

- ერთხელ "ელიავაზე" ბიჭი გადავარჩინე, მაგრამ ვიღაც ჟურნალისტმა გაზეთში დაწერა: - "ელიავადან" მოსულმა ვიღაც ბიჭმა ლიფტის მექანიზმში შეცდომით რაღაც გადაატრიალა და ლამის ბიჭი იმსხვერპლაო. მაშინ ისე დავითრგუნე, ამ საქმეს ვერ "მივყევი". რეალურად, ლიფტში ბიჭი (მღვდლის შვილი) გაიჭედა. გულმკერდის არე იმ ადგილას ჰქონდა მოქცეული, სადაც ფეხს ვადგამთ, ხოლო ბეჭებით ზემოთ იყო მიჭყლეტილი (ძველ, კომუნისტური ლიფტზე ვსაუბრობ). ამ სიტუაციასთან კავშირში არ ვიყავი - მეზობლებიც დაადასტურებდნენ. რედაქციისთვის, ვინც ცრუ ინფორმაცია გამივრცელა, რომ მეჩივლა, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ... მთელი სამეზობლოს კაცები სახურავზე, "მატორთან" იყვნენ მისულები, მაგრამ ვერაფერს აკეთებდნენ, რომ ლიფტი დაეძრათ.თავად მეგობართან ერთად "ელიავაზე" ვიყავი. ყვირილი რომ ატყდა, გავიქეცით და ბიჭი დავინახეთ, რომელსაც ლიფტში ფეხები ჰქონდა ჩამოკიდებული, თავი არ უჩანდა. მამაჩემი მანქანის "ელექტრიკი" გახლდათ. ჩვენთან, გურჯაანში, კულტურის სახლია. იმ ტიპის ლიფტთან, რაც "ელიავაზე" მდებარე კორპუსში იყო, კულტურის სახლში შეხება მქონია. მისი მექანიზმი, მუშაობის წესები იქიდან მახსოვდა (საერთოდ, მაგარი მეხსიერება მაქვს). წამის მეასედებში, არ ვიცი, რამ გამახსენა, რომ ლiფტს "ტორმუზი" ჰქონდა - სხვაგვარად ამხელა რაღაცის (რაზეც ტროსებია) დატრიალება გამორიცხულია. სახურავზე ავცვივდით. დაახლოებით 4-5 მამაკაცი ტროსების გადაჭრას ცდილობდა, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა - ტროსების ცულით გადაჭრა წარმოუდგენელია... მოკლედ, მოვახერხე, რომ "ტორმუზი" გამეხსნა. ბიჭი ლიფტიდან ჩამოხსნეს (1 თვე რეანიმაციაში გაატარა)... იქ რაღა უნდა გამეკეთებინა? წამოვედი. მადლობაც არავის უთქვამს და არც მინდოდა - ასეთი რამე უამრავჯერ გამიკეთებია, მაგრამ ვიდეოზე არ აღმიბეჭდავს. ერთადერთი, ზღვაზე ბიჭის გადარჩენის ამსახველი კადრები ჩემმა მეუღლემ გადაიღო, თორემ რაც მე გზაზე ცეცხლწაკიდებულ ავტომობილებზე ცეცხლი ჩამიქრია, რა დათვლის... მოკლედ, რამდენიმე დღეში გაზეთში სტატია გამოაქვეყნეს - "ელიავადან" გადმოსულმა ვიღაც ბიჭმა რაღაც შეცდომით დაატრიალა და ლიფტით ბიჭი მიჭყლიტა - ლამის იმსხვერპლაო. მაშინ გამოუცდელი, თბილისში ახალი ჩამოსული ვიყავი. იმ დონეზე შემეშინდა და ისე ვინერვიულე, რომ დავითრგუნე და ამ თემაზე ხმა ვერ ამოვიღე...

ეთო ყორღანაშვილი