სოფიო სვანიშვილი: "პროფესიონალი თუ ხარ, შენი კლიენტის ბიზნესის გაფართოებაზე უნდა იზრუნო"
საზღვრებს მიღმა პროფესიული გზის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა და მიიჩნევს, რომ სწორადაც მოიქცა: ამის წყალობით დღეს ის ძლიერი ქალია.
- თბილისელი ვარ. სახელოვანი წინაპრები მყავდა და ამით ვამაყობ. ბაბუაჩემი - რომან სვანიშვილი იყო ფიზიოთერაპევტი, წიგნების ავტორი და შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მიღებული აქვს დიდების ორდენი. დედის მხრიდან მყავდა ბებია - ელეონორა კანდელაკი, დამსახურებული მხატვარი და ისიც დიდების ორდენით გახლდათ დაჯილდოებული. ჩემი დიდი ბაბუა ნიკოლოზ კანდელაკი ცნობილი მოქანდაკე გახლდათ. ბათუმში არსებობს მისი სახელობის სკოლა, ხოლო სამხატვრო აკადემიაში - ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის ქანდაკების ფაკულტეტი. დედ-მამაც მხატვარი მყავს.
სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი მონუმენტურ დიზაინს, ანუ მეც ხელოვნების გზა ავირჩიე. 2 წელი ვისწავლე, მაგრამ მერე ამერიკაში, მატერიალისტურ ქვეყანაში ჩამოვედი და მივხვდი, თუ ამ გზას გავყვებოდი, ძალიან გამიჭირდებოდა, ამიტომ სულ სხვა პროფესიის დაუფლებაზე დავიწყე ფიქრი და ყველაზე მეტად რაც მომეწონა და მივხვდი, გამომივიდოდა, ეს ბუღალტერიაა.
- ამერიკაში როდის ან რატომ წახვედით?
- მამაჩემმა მოიგო "გრინკარტა" და 2006 წელს მთელი ოჯახი წამოვედით. მაშინ 18 წლის ვიყავი. სიმართლე გითხრა, თავიდან გაგვიჭირდა აქ ცხოვრება და ელემენტარული, ბინის შოვნა, ამის გამო მამას საქართველოში სახლის გაყიდვამაც მოუწია. ინგლისური ენა გარკვეულ დონეზე ვიცოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ დიდად ვერ გამომადგებოდა სკოლაში ნასწავლი უცხო ენა. აქაური ინგლისური სულ სხვაა. სხვათა შორის, ახალჩამოსულებს ეს ემართებათ, თავიდან აქ ყველა "მუნჯია" (იღიმის). გგონია, რომ ინგლისური პირველად გესმის, არაფერი იცი. ზაფხულში ჩამოვედით, ასე თუ ისე შევეგუეთ აქაურობას და სექტემბერში დავიწყეთ სამსახურის შოვნაზე ფიქრი. ერთადერთი "ფუფუნება", რაც მაშინ გვქონდა, ის იყო, რომ იმ თანხით, რომელიც მამამ სახლის გაყიდვით მიიღო, გადავიხადეთ სახლის ქირა და ქუჩაში დარჩენის არ გვეშინოდა. საბუთები კი გვქონდა წესრიგში, მაგრამ მაშინ სამსახურის შოვნა ლეგალებისთვისაც ჭირდა. თან, დასაქმებულს საათში 8 დოლარს უხდიდნენ. მე და დედა ერთად მივედით სუპერმარკეტში, დავწერეთ განცხადება, რის შედეგადაც მე ამიყვანეს, დედა - არა. ამ მაღაზიაში ვიმუშავე 6 თვე. გავიცანი ხალხი, გავიჩინე მეგობრები, რომლებმაც რეკომენდაცია გამიწიეს და მოვხვდი ტანსაცმელების მაღაზიაში, იქაც 6 თვე ვიმუშავე. შემდეგ ისევ რეკომენდაციებით, ბანკში დავიწყე მუშაობა, სადაც 10 წელი შემოვრჩი. ვმუშაობდი კლერკად, ანუ ფულის გამცემად, ასევე ვიმუშავე სუპერვაიზერად, ვხსნიდი "ექაუნთებს". მუშაობის პარალელურად, ჩავაბარე კოლეჯში, რათა ისეთი განათლება მიმეღო, რაც შემდეგში გამომადგებოდა. გარდა ამისა, დავიწყე ბუღალტერიის კურსებზე სიარული და ე.წ. ტაქსების სეზონის დროს, რომელიც არის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ერთ-ერთ კომპანიაში შევითავსე ეს საქმე და 5 წელი ვიყავი მანდ. მოკლედ, ნელ-ნელა გავიზარდე, ადამიანებთან ურთიერთობის და მუშაობის გამოცდილება მივიღე.
- ტაქსების სეზონი რას ნიშნავს?
- ტაქსი, ანუ საშემოსავლო დოკუმენტის შევსება. აქ ეს ყველა დასაქმებულ მოქალაქეს სჭირდება. თუ რამე არასწორად შეივსო, ამან შესაძლოა შენს ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენაც მოახდინოს. ამიტომ ხალხი ცდილობს, კანონს გვერდი არ აუაროს და ყველაფერი წესის მიხედვით გააკეთოს, ამაში კი მათ ჩვენი, ბუღალტრების დახმარება სჭირდებათ...
2014 წლიდან სერტიფიკატიც ავიღე. ძალიან ბევრი ვიმუშავე და ვისწავლე, რომ ჩემი საქმის კარგი სპეციალისტი გავმხდარიყავი და უფლება მქონოდა, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქალაქში, არამედ სხვადასხვა შტატში მცხოვრები ადამიანების მომსახურების უფლება მქონოდა. თუმცა, სწავლა არ მთავრდება. სულ ახალ-ახალი კანონები გამოდის და ყოველ წელიწადს მიწევს სიახლეებისთვის ფეხის აწყობა, სერტიფიცირება. ჩემს პროფესიას აქვს ერთი დიდი პლუსი, შენ შეგიძლია დაეხმარო ხალხს, მოუგვარო პრობლემები. მომწონს, როცა სხვებს ვაკვალიანებ. სიმართლე გითხრათ, თავიდან მხოლოდ ამერიკელებისთვის ვმუშაობდი, მაგრამ მას მერე, რაც აქ უამრავი ქართველი ჩამოვიდა, გადავწყვიტე, ჩემს ხალხსაც დავხმარებოდი საბუთების მოწესრიგებაში. მათ უფლება აქვთ ჰქონდეთ ინფორმაციასთან წვდომის საშუალება, რომ როგორმე გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები, ეს კი დამოკიდებულია მათ "ტაქსებზე". ყველაფერი არის სტრატეგია, როგორ შეავსებ საშემოსავლოს, როგორ წარმოაჩენ თავს ამ სახელმწიფოს წინაშე. აქ ცხოვრების მსურველმა უნდა დაამტკიცოს, რომ კეთილსინდისიერი გადამხდელია და არ სურს სახელმწიფოს ხარჯზე ყოფნა.
- ანუ რაც უფრო კარგი გადამხდელი ხარ და გადასახადებს არ მალავ, მეტი პერსპექტივა გაქვს?
- დიახ, რაც უფრო პატიოსნად იხდი, ავსებ ყოველწლიურ ტაქსებს, ეს პრიორიტეტია. თუ არ იმუშავე, ოთახიც არ გექნება. აქ ყველაზე რთულია სახლის ქირის გადახდა. უამრავი სხვა ხარჯიც გაქვს და დასაქმებული თუ არ ხარ, ძალიან გაგიჭირდება. ვისაც დროებით აქ ცხოვრების უფლება აქვს, მათ აძლევენ მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას, სხვა ბენეფიტები არ აქვთ, ამიტომ აუცილებლად უნდა დასაქმდნენ და საშემოსავლოც გადაიხადონ. ამით დაამტკიცებენ, რომ თავადაც ზრუნავენ სახელმწიფოზე, სადაც ცხოვრება სურთ. უკვე 12 წელია, რაც ბუღალტერი ვარ და ჩემი ბიზნესი მაქვს, ჩემი კლიენტები მყავს, ამერიკელებიც და უმეტესად, ქართველები. ვცდილობ, ყველა სიახლეს გავეცნო, რათა ჩემი საქმიანობის გამო ვინმე არ დაზარალდეს. აქ ბუღალტერია მხოლოდ ის არ არის, რომ ვიღაცას რაღაც საბუთი შეუვსო და ამით დაასრულო, პროფესიონალი თუ ხარ, უნდა იზრუნო იმაზეც, რომ შენი კლიენტის ბიზნესი გაფართოვდეს, შემოსავლების მატება იგრძნოს. კონსულტაცია უნდა გაუწიო, რა როგორ აჯობებს მისთვის. ბუღალტერი, რომელიც საქმეს ხელს მოჰკიდებს, აუცილებლად უნდა ერკვეოდეს იმ ბიზნესში, რომელშიც მისი პოტენციური კლიენტი საქმიანობს. შენ მის ენაზე უნდა ლაპარაკობდე. თუ ბუღალტერი წლის განმავლობაში არ გთავაზობს სტრატეგიას, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო შემოსავალი, აქ ასეთი ბუღალტერი არ გამოგადგება.
- დღეს შენი მშობლები რას საქმიანობენ?
- ახალჩამოსულები რომ ვიყავით, დედამ საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა, გარკვეული პერიოდის მერე სხვადასხვა მოსამზადებელ ცენტრში ბავშვებს ხატვას ასწავლიდა. ამჟამად არ მუშაობს. მამა ხატავს, შეკვეთებს ამზადებს. ერთი პერიოდი მუშაობდა ცხოველების პორტრეტებზე, რაც აქ ძალიან მოსწონთ. როცა ვინმეს საყვარელი ძაღლი ან კატა უკვდებოდა, მათ პორტრეტებზე მუშაობას მამას ანდობდნენ. მახსოვს, ერთმა ქალმა სამი ძაღლის დახატვა სთხოვა ერთ ტილოზე, - ესენი აღარ მყავს და ნახატი სამახსოვროდ მინდა მქონდესო. მამა პროფესიონალია, ხატავს როგორც ფანქარში, ასევე აკვარელში.
- საქართველოში ჩამოსვლას ახერხებ ხოლმე?
- 2006 წლიდან მხოლოდ ორჯერ მოვახერხე სამშობლოში ჩასვლა. პირველად 2010 წელს, მაშინ ბებია და ბაბუა ცოცხლები იყვნენ. საოცარი გრძნობა დამეუფლა, გულის ფანცქალით ველოდი ახლობლებთან შეხვედრას. მონატრებული ვიყავი ყველას და ყველაფერს... მეორედ რომ ჩავედი, ჩემი ბებია და ბაბუა უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები...
გარკვეული მიზეზების გამო ახლა სამშობლოში ჩასვლას ფიზიკურად ვერ ვახერხებ, მაგრამ ჩემი გული იქ არის და საკუთარ თავს დავპირდი, რომ დაახლოებით ერთი წლის მერე, უფრო ხშირად შევძლებ ჩასვლას, საყვარელ ადამიანებთან ძველებურ ურთიერთობას აღვადგენ. ვოცნებობ, უფრო დიდი დრო გავატარო ნათესავებთან ერთად, ჩემს მიწა-წყალზე.
- თუმცა არ განიხილება საბოლოოდ დაბრუნება? ან რა შემთხვევაში დაბრუნდები?
- რომ დავბრუნდე, სად უნდა ვიმუშაო? ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწევს და როგორც ვაკვირდები, მანდ ადამიანის შრომა უმეტესად დაუფასებელია. ვფიქრობ, საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრების საშუალება უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს, მით უმეტეს, თუ მას შრომა არ ეზარება.
- გული ხომ არ გწყდება, შენს მიზანს რომ ვერ მიჰყევი და ხელოვნების გზიდან გადაუხვიე?
- არა და გეტყვი, რატომ. ეს ხომ მატერიალისტური ქვეყანაა. თუ აქ ისეთ პროფესიას აირჩევ, რომლის წყალობითაც მატერიალურად წელგამართული იქნები, მერე შეგიძლია დიზაინერიც იყო და სხვა ყველაფერიც. ანუ სწორად არჩეულ საქმეს შეუძლია დაგიფინანსოს გეგმები და მისწრაფებები. თუ არავისზე ხარ დამოკიდებული, მიზანსწრაფული ხარ და დაუზარელი, ყველაფერს ადვილად აუღებ ალღოს. მოვუწოდებ ყველა ქართველ ქალს, იყვნენ დამოუკიდებლები და აიხდინონ ოცნებები. თუ გაძლიერდები და მოინდომებ, მიუღწეველი არაფერია. ისეთი პროფესია უნდა აირჩიო, რომ მერე მისი წყალობით ოცნებები "დაიფინანსო". მეც ასე მოვიქეცი და დღეს მივიჩნევ, რომ ყველაფერი გამომივიდა, სწორი გზა ავირჩიე და კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით. გული მწყდება, რომ საქართველო - ეს პატარა ქვეყანა ბევრმა დატოვა იმის გამო, რომ იქ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი არ მიეცათ, ცხოვრება ვერ მოიწყვეს და ა.შ. არადა, ისეთი ქვეყანა გვაქვს, სწორად გატარებული პოლიტიკის შედეგად მანდ ღატაკი ადამიანი არ უნდა გვყავდეს. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება და ნებისმიერი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში შეძლებს ოცნებების ახდენას.
ლიკა ქაჯაია