"გამარჯვების მოლოდინი არ მქონდა..."
და უსასრულოდ და ღრმად იძირები სიახლის ძიებაში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კარიკატურა ჩემთვის იუმორისტული სიურრეალიზმია", - ამბობს მხატვარი-კარიკატურისტი კემო (ნიკო კემულარია), რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ კარიკატურისტების კიდევ ერთ კონკურში გაიმარჯვა.
- კემო, შენს შემოქმედებით სიახლეებზე გვიამბე, სად ჩატარდა კონკურსი, რომელშიც პირველი ადგილი მოიპოვე, ვინ მონაწილეობდა მასში და რა ნამუშევარი წარადგინე? რა კრიტერიუმებით ხდებოდა შერჩევა? რას მიანიჭეს უპირატესობა?
- პირველ რიგში, მივესალმები თქვენს მკითხველს. დავიწყებ იქიდან, რომ კონკურსის ორგანიზატორი "ისქაა", კარიკატურის ხელოვნების საერთაშორისო გაერთიანება ამერიკაში, რომელიც სისტემატურ კონკურსებს მართავს.. "ისქაში" გაერთიანებულია 700-მდე მხატვარი-კარიკატურისტი მთელი მსოფლიოდან, მათ შორის მეც. ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენჯერმე ტოპსამეულში გასვლა შევძელი, თუმცა შარშანდელმა პირველმა ადგილმა დიდი წინსვლა მომიტანა და მოტივაცია შემძინა კარიერული კუთხით. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დაახლოებით 3 კვირის წინ, ჩემი გოგონას (ანანო კემულარიას) თხოვნით გადავწყვიტე, კვლავ მიმეღო მონაწილეობა. კარიკატურა თემის მიხედვით დავხატე. გამარჯვების მოლოდინი არ მქონდა, უბრალოდ კარგია, როდესაც მხატვარი აქტიურია თავის საყვარელ საქმიანობაში. 4 დღის წინ კი დაიდო კონკურსის შედეგები და ხმების უმრავლესობით პირველ ადგილზე აღმოვჩნდი. მოულოდნელი სიხარული დამეუფლა და უკვე მეორედ გავხდი პირველადგილოსანი, პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო კარიკატურების კონკურსში. კონკურსი დახურულია და ხმას მხოლოდ წევრი მხატვრები აძლევენ, დემოკრატიული პრინციპით. საუბარია პორტრეტულ კარიკატურაზე... კარიკატურას ვადარებ ჯაზურ იმპროვიზაციას, როცა წინასწარ არ იცი, სად წაგიყვანს მელოდია და უსასრულოდ და ღრმად იძირები სიახლის ძიებაში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კარიკატურა ჩემთვის იუმორისტული სიურრეალიზმია.
- ეს შენი მერამდენე ჯილდოა? რამდენად სტიმულის მომცემია მსგავსი კონკურსები?
- საერთო ჯამში, უამრავი ჯილდო მაქვს მსოფლიოს ასპარეზზე. პირველი ადგილი კი მეორედ მერგო. სტიმულის მომცემია, როდესაც ისეთი ადამიანები გაღიარებენ და დიდ პატივისცემას გამოხატავენ, ვის ნახატებზეც სწავლობდი ხატვას პატარაობისას.
- რა იციან საქართველოს შესახებ, როცა ამა თუ იმ ქვეყანაში ჩადიხარ და რას აცნობ შენ მონაწილეებს ქართული კულტურის შესახებ?
- ბევრმა მხატვარმა არც კი იცოდა ჩვენი ქვეყნის არსებობა, თუმცა მიხარია, რომ ამჟამად ბევრ ქვეყანაში საქართველო და ქართველი კარიკატურისტები განიხილებიან, როგორც ძლიერი, დასაფასებელი და საპატიო მონაწილეები. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ქვეყანა არაერთხელ ვასახელე მსოფლიოში, ძალიან ბევრ ღირსეულ მხატვარს და ჯგუფს შევაყვარეთ ჩვენი სამშობლო, მეც და ზალიკომაც...
გასულ წლებში საქართველოშიც რამდენიმე ფესტივალი გავმართეთ, სადაც კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით მოვახერხეთ ჩემი უცხოელი კოლეგების ჩამოყვანა, საერთო გამოფენები, "ვორკშოფები", ქვეყანათა დამეგობრება, ასევე, ბევრმა ცნობილმა კარიკატურისტმა: ბრაზილიიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან და ა.შ. გამოგზავნეს ნახატების სერია ძველ თბილისზე, ნიკალა ფიროსმანზე და არაერთ ქართულ თემაზე, ეს ყოველივე კი ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას ემსახურება საერთაშორისო რუკაზე. ასევე ძალიან დიდი ინტერესია მათგანაც, ჩვენი კულტურის უკეთ გაცნობასა და გაცვლითი პროგრამების მოწყობაზე.
- თავად თუ აღმოაჩინე ახლიდან რომელიმე სხვა ქვეყნის კულტურა? რამე გამორჩეულად თუ დაგამახსოვრდა?
- ახალი არაფერი, ინტერნეტმა იმდენად შეამჭიდროვა სამყარო - წლების წინ უკვე კარგად მქონდა შესწავლილი კარიკატურის განსხვავებული სკოლები, როგორებიცაა: ფრანგული, იაპონური თუ ამერიკული სკოლა. მე კი მხოლოდ საკუთარ თავთან ვცდილობ სიახლის პოვნას და უჩვეულო ნამუშევრების შექმნას, ეს ყოველივე არც ისე მარტივია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, თუმცა ვფიქრობ, ჯერჯერობით წარმატებულად გამომდის.
- კარიკატურაში, თანამედროვე ტენდენციებში შენ რას იღებ ახალს მათგან?
- პორტრეტულმა კარიკატურამ დიდი ევოლუცია განიცადა ბოლო 20 წლის განმავლობაში, თანამედროვე ნახატები ბევრად თავისუფალი და "ულიმიტო" გახდა, დღემდე ვცდილობ, გაზვიადების საზღვრების პოვნას, თუმცა ეს არასდროს მთავრდება (იცინის), ყოველთვის არის უფრო მეტი, ყოველ ჯერზე ხვდები, რომ ეს უსასრულო და ამოუწურავი მიმართულებაა ხელოვნებაში.
- სამომავლოდ, კიდევ რომელი კონკურსისთვის ემზადები?
- მომავალ წელს მიწვეული ვარ ხორვატიაში, ჟიურის წევრად, ასევე, "ევროკატურაზე" ავსტრიაში, სადაც ზალიკოსთან ერთად გავემგზავრები.
- მსგავს კონკურსებზე საკუთარი ხარჯებით დადიხართ თუ გარკვეული დაფინანსების მოპოვებაც შესაძლებელია?
- რამდენიმე კონკურსმა საკუთარი ხარჯებით მიმიწვია, იყო შემთხვევები, სადაც ნაწილობრივი დაფინანსება მეც მომიხდა.
- გამარჯვებულს რა ფულადი ჯილდო გადაეცემა?
- რადიკალურად განსხვავებულია ფულადი ჯილდოები სხვადასხვა კონკურსში, ზოგან საერთოდ არ არის ფულადი პრიზი, თუმცა სახელოვანი და ისტორიული ფესტივალია, სადაც გიგანტი მხატვრები მონაწილეობენ ათწლეულების განმავლობაში და მანდ მხოლოდ ფინანსური ინტერესი დაუშვებელია.
- დაბოლოს, რა სიახლეებია ჟოზესთან, რომლის პერსონაჟის შემქმნელი ხარ, იდეის ავტორი კი - გიორგი მარშანია.
- ჟოზესთან დაკავშირებით ყველაფერი იდეალურად მიდის, ვმუშაობთ ახალ სერიებზე და მიხარია, რომ ბოლო წლებში ბავშვი არ შემხვედრია, ვინც ჟოზე არ იცის. იტალიასა და პარიზშიც კი ფესტივალზე ქართველი ემიგრანტები რომ გავიცანი, მათი შვილები ჟოზეს სიმღერებს ღიღინებდნენ და ბევრი ქართული სიტყვაც ზუსტად ჟოზესგან იცოდნენ.
თამთა დადეშელი