„დაახლოებით 300-მდე თოჯინა მაქვს შეკერილი“... - გზაპრესი

„დაახლოებით 300-მდე თოჯინა მაქვს შეკერილი“...

ადამიანებისა და ცხოველების ხელნაკეთი ფიგურებია, რომელსაც პირი, თვალები და წარბები არ აქვს, თუმცა, ეს მათი სრულყოფილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი სულაც არ არის, პირიქით!.. სწორედ ამ ტექნიკით შეკერილმა ნივთებმა გაიტაცა წლების წინ სოფო ამაშუკელი და დაახლოებით 8 წელია, რაც თოჯინების კერვით არის დაკავებული. დროთა განმავლობაში მისი ხელით შექმნილ ნივთებზე, სადა თვალები, ცხვირი და პირი გამოკვეთა, რაც, როგორც მითხრა, დამკვეთთა სურვილების გათვალისწინებით მოხდა.

- წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ყაზახეთში ვცხოვრობდი. ძალიან მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა და უმაღლესი განათლების მიღება აქ გადავწყვიტე. თავიდან მამიდასთან ვცხოვრობდი. კერვაც მან მასწავლა. ილიას უნივერსიტეტში, საბანკო-საფინანსო საქმე შევისწავლე, მაგრამ ამ მიმართულებით არ მიმუშავია.

5-copy-1725866579.jpg

ყაზახეთში თოჯინები ტილდა დიდი პოპულარობით სარგებლობს. სათამაშოების ეს მიმართულება 1999 წელს ნორვეგიელმა, 25 წლის დიზაინერმა გოგონამ შექმნა. ეს არის ნაჭრის, ხშირ შემთხვევაში ტრიკოტაჟის ქსოვილისგან შეკერილი თოჯინა, რომელიც ბამბით არის გამყარებული. სახის ნაკვთებიდან მხოლოდ თვალები ჰქონდა და შეფერილი ლოყები. ზოგჯერ ვინმეს ამსგავსებდნენ, თუმცა მისი შემქმნელი მათ საკუთარი ფანტაზიით ქმნიდა. დროთა განმავლობაში შეიცვალა და დაიხვეწა დიზაინი, მაგრამ ყოველთვის მომწონდა ეს მიმართულება. საცხოვრებლად საქართველოში რომ გადმოვედი, დაახლოებით 2015-2016 წელს გადავწყვიტე, ასეთი თოჯინა ჩემთვის შემეკვეთა. ერთ-ერთ ქალბატონს, ვინც ასეთ თოჯინებს ყაზახეთში კერავდა, მივწერე. საკმაოდ დიდი თანხა დამისახელა. მაშინ ვიფიქრე, თოჯინას შეკერვა თავად მეცადა, რადგან კერვაც მეხერხება და ქარგვაც. ასეც მოვიქეცი და გამომივიდა. რასაკვირველია, ჩემი თოჯინები თავიდან ისეთი კარგი არ იყო, როგორიც ახლაა, მაგრამ წლების განმავლობაში დაიხვეწა. თავიდან ნათესავის ბავშვებს ვჩუქნიდი. 2017 წელს კი გადავწყვიტე სოციალურ სივრცეში გვერდი გამეკეთებინა და იქ ჩემი შეკერილი თოჯინები გასაყიდად განმეთავსებინა. ასევე რამდენიმე თოჯინა აბანოთუბანში, ერთ-ერთ მაღაზიაშიც მივიტანე. გაიყიდა როგორც ონლაინ, ისე მაღაზიიდან და მივხვდი, შემეძლო ამ მიმართულებთ „წავსულიყავი“. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში რაღაცები შევცვალე, ახლა უკვე ჩემს თოჯინებს ცხვირიც აქვთ და პირიც, რაც თავიდან არ ჰქონდათ. ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში საქართველოშიც დააფასეს ხელნაკეთი თოჯინები. დღეს მათ უკვე ორ ზომაში ვკერავ: დიდი თოჯინები 30-32 სანტიმეტრია, ხოლო ბრელოკები - 13-15 სმ. დღესდღეობით მყიდველებს შორის არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები. ხშირ შემთხვევაში თოჯინებს ბავშვებისთვის მიკვეთენ და ასევე, ზრდასრულებისთვის, საჩუქრად. მიგზავნიან ფოტოს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ ადამიანზე მიმსგავსებულ თოჯინას ვკერავ. ისინი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან: მათ შორის ბევრია ექიმი, მხატვარი, მახსოვს იყო პატრულიც, მეხანძრეც. უკმაყოფილო მომხმარებელი ჯერ არ მყოლია.

0-1725866591.jpg

შინ მარტო ვმუშაობ და ვინაიდან თოჯინა ბევრი პატარა დეტალისგან შედგება, თითოს დამზადებას 4-5 დღე სჭირდება. მასალა ჰიპოალერგიულია, ერთმანეთთან დამაგრებულია კაპრონის ძაფებით, რომ ბავშვმა თამაშისას არ დააზიანოს. ყველაფერს ხელით ვკერავ, მხოლოდ თმის მასალას და ფეხსაცმელს ვიწერ, რაც სპეციალურად თოჯინებისთვის არის შექმნილი. ხოლო ბრელოკი-თოჯინების ფეხსაცმელს თექის მასალისგან ვკერავ. განსაკუთრებით გადატვირთულია წინასაახალწლო პერიოდი და ყოველთვის ვითხოვ, რომ შეკვეთა ახალ წლამდე რამდენიმე თვით და კვირით ადრე მოხდეს, თუმცა, ასე არ ხდება. ყველასთვის რომ მოვასწრო შეკვეთის შესრულება, ისეთი დღეებიც არის, რომ საკერავი მანქანიდან დილიდან-საღამომდე არ ვდგები.

დღემდე დაახლოებით 300-მდე თოჯინა მაქვს შეკერილი. მუშაობაში მთელ გულს ვდებ, ზერელე დამოკიდებულება არ შემიძლია. ეს საქმე ჩემთვის დიდი რელაქსია და ძალიან მიყვარს.

ანა კალანდაძე