"გავაცნობიერე, რომ წიგნი მართლა მეგობარი და ძლიერი იარაღი ყოფილა" - გზაპრესი

"გავაცნობიერე, რომ წიგნი მართლა მეგობარი და ძლიერი იარაღი ყოფილა"

რომელ გმირს უნდა, რომ ჰგავდეს, რომელი დიდი წიგნის აუდიოვერსიის შექმნის იდეა უტრიალებს გონებaში?.. - ამ და წიგნებთან დაკავშირებულ სხვა თემებზე მსახიობი ზვიად დოლიძე გვესაუბრა...

- წიგნს ჩემთვის არა მხოლოდ შემეცნებითი, გასართობი და ჰობის დატვირთვა აქვს, არამედ - სამსახურებრივიც. ბოლოს აუდიოწიგნზე ვიმუშავე: ერთი თანამედროვე მწერლის - თენგო ხარჩილაძის ნაწარმოების - "1 წუთი და 29 წამი" აუდიოვერსია ჩავწერე. ძირითადად, პოეზიას ვკითხულობ, თუმცა ამას სამსახურს ვერ დავარქმევ, რადგან ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- აუდიოწიგნის შექმნისას ისეთივე სიამოვნება მიიღეთ, როგორსაც წიგნის ჩვეულებრივად კითხვისას იღებთ ხოლმე?

- ალბათ, ის სიამოვნება მართლაც ვერ მივიღე, რადგან ამ კონკრეტულ სიტუაციაში, საქმის მიმართ პასუხისმგებლობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე წიგნის კითხვით ტკბობა. ვფიქრობდი, არაფერი შემშლოდა და შეძლებისდაგვარად, ყველა ინტონაცია სწორად შემექმნა. სიამოვნების მიღების თვალსაზრისით, ასეთ სიტუაციებში ცუდი მკითხველი ვარ, ასევე - ცუდი მაყურებელიც, რადგან ჩემ მიერ გახმოვანებულ ან თუნდაც, ჩემი მონაწილეობით გადაღებულ სერიალს, ფილმს კრიტიკული თვალით ვუყურებ. შინაარსობრივი მხარის ტკბობას მოკლებული ვარ.

- წიგნების დამოუკიდებლად კითხვა როდის დაიწყეთ? ხომ არ გახსოვთ, პირველად რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- ჩემს ოჯახში, წიგნის მიმართ ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება იყო: დაბადების დღეზე ერთმანეთს წიგნებს ვჩუქნიდით. 15, 13 და 12 წლის გოგონები მყავს. წარმოიდგინეთ, მამამ წიგნი რომ ვაჩუქო, "ხალტურაში" ჩამითვალონ - ვერაფერი იშოვა და წიგნი ამიტომ გვაჩუქაო... ჩემს ბავშვობაში ყველანაირი წიგნი მაღალი ფასეულობის მატარებელი იყო. კითხვა მცირე ასაკშივე დავიწყე, რადგან სკოლაში კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას ჩვეულებრივად ვკითხულობდით. ჩემი დაკვირვებით, წიგნიერების თვალსაზრისით, დღეს რთული სიტუაცია გვაქვს: კლასგარეშე კი არა, ნეტავ, "კლასშიგნითა" წასაკითხი მაინც წაიკითხონ... ალბათ, პირველად ნოდარ დუმბაძის ლექსები წავიკითხე. 7-8 წლის ვიქნებოდი. მშობლები კითხვას არ მაძალებდნენ. უბრალოდ, მეუბნებოდნენ, რომ კარგი იქნებოდა, თუ წავიკითხავდი. ზაფხულში, 3 თვის განმავლობაში გამორიცხული იყო, რომ 4-5 წიგნი არ წამეკითხა. მაგალითად, რამდენიმე წიგნი ერთდროულად, პარალელურად წამიკითხავს იმის მიხედვით, თუ რომელი ნაწარმოების კითხვის ხასიათზე ვიყავი კონკრეტულ საღამოს. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ წიგნი მართლა მეგობარი და ძლიერი იარაღი ყოფილა. როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, იქ გაცილებით მეტი ცოდნა დამჭირდა, ვიდრე წაკითხული მქონდა, ხოლო რაც წაკითხული მქონდა, მან გზა მომცა...

- თქვენი მოზარდობისას რომელი ნაწარმოებები იყო პოპულარული?

- ისეთი წრე არ მყავდა, რომელშიც წიგნებს განვიხილავდით, თუმცა სკოლაში ასეთი სიტუაციები გვქონდა ხოლმე. სიმართლე გითხრათ, უცხოური ლიტერატურის განხილვა მეათე-მეთერთმეტე კლასის მერე დავიწყე... ჩემი მოზარდობისას თითქმის ყველას წაკითხული ჰქონდა იორამ ჩადუნელის "მონანიება". "ყვითელი" ლიტერატურა იყო, მაგრამ ყველაზე ხელმისაწვდომი.

- თქვენთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ნაწარმოებები რომელია?

- არსებობს წასაკითხი წიგნები და ასევე - ისეთი წიგნები, რომლებსაც განსაკუთრებული დამოკიდებულებით კითხულობ. მაგალითად, მგონია, რომ პოეზიაში მკითხველი გალაკტიონის ლექსებს ისე ლაღად, წყნარად, გულღიად ვერ წაიკითხავს, როგორც - ლადო ასათიანისას. 26 წლის ლადო ასათიანმა, შეიძლება ითქვას, რომ 100 კაცის სიცოცხლით იცხოვრა, მაგრამ მისი პოეზია გაცილებით სხვაგვარად წასაკითხია, ტკივილის და სიღრმის მიუხედავად. "როგორ არ მინდა, ძლიერო სენო, ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო! როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები! ეს რა უშრეტი სენით დამბუგე, პირს მარიდებენ ქალიშვილები!" - ადამიანი ამას რომ დაწერს, არ შეიძლება, მის შემოქმედებას "ზედაპირული" უწოდო და არა - "სიღრმისეული", მაგრამ ჩემთვის გალაკტიონი სხვა არის... მგონია, რომ "ვეფხისტყაოსანი" ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი წიგნია, რომელიც ისე არ წამიკითხავს, როგორც საჭიროა. წიგნი წაკითხულად მიმაჩნია, როცა მასში ყველა სიტყვას, მის ზუსტ მიმართულებას გაიგებ... ჩემთვის განსაკუთრებულ წიგნებს შორის არის "დათა თუთაშხია", "მთვარის მოტაცება" და "სამოსელი პირველი". საერთოდ, უცხოურზე მეტად, ქართული ლიტერატურა უფრო "ჩემია", მასში ნავარდი უფრო ადვილია...

- "ვეფხისტყაოსნის" ღირებულება სკოლის მოსწავლეობის პერიოდშივე გააცნობიერეთ?

- მახსოვს, თანატოლები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ მეტ სტროფს დაიმახსოვრებდა. "ვეფხისტყაოსნიდან" 170 სტროფი სხაპასხუპით ვიცოდი. მაშინ ნასწავლი ახლაც მახსოვს. ყოველ წელს, როცა იმ სტროფებს, ფრაზებს ვამბობ, სულ სხვადასხვა რამეს ვიგებ საკუთარი თავისთვის... "ვეფხისტყაოსანში" გაცილებით მეტი სიბრძნეა, ვიდრე სკოლაში გვასწავლიდნენ ან ახლა ასწავლიან. მისი ცოდნა "ბიბლიაში" კარგად გარკვევას ნიშნავს - ასე მგონია, რადგან მაგალითად, "ბიბლიაში" ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, "ვეფხისტყაოსანში" კი ეროვნული იდენტობა კარგადაა გაშლილი: მიუხედავად იმისა, რომ ავტორი არაბეთსა და ქაჯეთზე გველაპარაკება, ის მაინც ქართულ სულზე და აბსოლუტურად ყველაფერ ცხოვრებისეულზეა, როგორც თანამედროვე ენაზე დაწერილ "დათა თუთაშხიაში", "სამოსელ პირველში"... 47 წლის ვარ, ანუ "ვეფხისტყაოსნის" სწავლა 17 წლისას უნდა დამესრულებინა. წარმოიდგინეთ, 30 წლის შემდეგაც კი მისი აუდიოვერსიის ჩაწერაზე ფიქრი დავიწყე. დაახლოებით, 1 წელია, რაც ეს იდეა გონებაში მიტრიალებს, თუმცა ბევრს აქვს ჩაწერილი, მაგრამ თავიდან ბოლომდე - არავის. ჩაწერის პროცესში რუსთველოლოგის დასწრება აუცილებლად მიმაჩნია, რადგან ინტონაციამაც კი შეიძლება, აზრი შეცვალოს, მე კი "ვეფხისტყაოსანი" ისე რომ ვიცოდე, როგორც რუსთველოლოგმა, სოლომონ ბრძენი ვიქნებოდი, ლუარსაბის თქმისა არ იყოს (იღიმის)...

- განსაკუთრებულ სიამოვნებას რომელი პოეტის ლექსების კითხვა განიჭებთ?

- ესეც ხასიათის მიხედვით არის: ლადო ასათიანის კრებული თავიდან ბოლომდე ზეპირად ვიცოდი. ეს პოეტი ძალიან "ჩემია", ასევე - შოთა ნიშნიანიძე... მაგალითად, ტერენტი გრანელის და ლადო ასათიანის ლექსებს ერთსა და იმავე დღეს ვერ წაიკითხავ, თუ ხასიათი რადიკალურად არ შეგეცვალა.გალაკტიონის მიმართ სხვანაირი რიდით ვარ განწყობილი. იმიტომ კი არა, რომ "გენიოსის" სახელი აქვს? არა. მისი ყველა ნაწარმოების კითხვისას მკითხველი გრძნობ, რომ ის მართლაც გენიოსია! ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას ცუდ და კარგ ხასიათზე მყოფიც წაიკითხავ, თუ კითხვა გინდა. ის გაჭირვების ტალკვესიცაა, სიხარულის თანამოზიარეც, იუმორის გამზიარებელიც, შენთან ერთად მოცინარიც და მოტირალიც... ვაჟა-ფშაველას რაც შეეხება, ჩემთვის ისეთი "მძიმეა", რომ მირჩევნია, გალაკტიონის ლექსები წავიკითხო, თუმცა ორივე გენიოსის მიმართ დიდი რიდი და კრძალვა მაქვს. გალაკტიონი უფრო "ჩემია", ალბათ - იმიტომ, რომ ამდენი დრო არ მქონია, ვაჟას შემოქმედებას ჩავღრმავებოდი: მის ერთ ნაწარმოებს რომ წაიკითხავ და გაშიფრავ, მერე ვაჟას ყველა ნაწარმოები არა მხოლოდ უნდა წაიკითხო, არამედ - უნდა გაშიფრო. თან, პოეზიას ასეთი რამ ახასიათებს: ყველაფერი გაინტერესებს - ავტორმა ლექსი ვის, რატომ მიუძღვნა, რა ვითარებაში დაწერა, რა სტკიოდა, რა უხაროდა?.. მე კი ამდენი დრო არასოდეს მქონია, სამწუხაროდ. ალბათ, ეს ყველაფერი სკოლის მოსწავლეობის პერიოდში უნდა გამეკეთებინა. როცა ვაჟას ნაწარმოებებს კითხულობ, სხვანაირი ტიპი ხარ - უფრო ამაყი, ძლიერი, ვიდრე - მაშინ, როცა რამე სენტიმენტალურ ნაწარმოებს ეცნობი. ვაჟას ნაწარმოებებს არც ემოცია აკლია, არც - ვაჟკაცობა, მსოფლმხედველობა... ისე, ალბათ, ყველაზე ხშირად ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები წამიკითხავს - ამოჩემების ამბავი მგონია, რადგან ჩემთვის ძალიან "ახლობელია". "დათა თუთაშხია" 8-ჯერ მექნება წაკითხული, "მთვარის მოტაცება" - 3-ჯერ, დანარჩენები კი - მაქსიმუმ, 2-ჯერ...

dsc-3683-1725868242.jpg

- რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სცენაზე განსახიერების განსაკუთრებული სურვილი თუ გაქვთ?

- მეფე ლირს სიამოვნებით ვითამაშებდი, ასევე - ყვარყვარეს. ყვარყვარეს განსახიერების უფრო მეშინია (რადგან ქართულია), ვიდრე ლირის... "დარისპანის გასაჭირში" დარისპანის როლს შევასრულებდი, მაგრამ ჩემი გოგონები მომკლავენ, მათ გათხოვებაზე ლაპარაკი რომ დავიწყო (იღიმის)... "ჰამლეტში" კლავდიუსს ვითამაშებდი. მაგალითად, ჰამლეტი, რიჩარდი რომ მქონდეს ნათამაშები, ვიტყოდი, - რომელიმე ახალ პერსონაჟს განვასახიერებდი-მეთქი, მაგრამ არც სცენაზე და მით უმეტეს - არც კინოში, ისეთი როლი არ მითამაშია, რომ ღირებული ყოფილიყო დრამატურგიის ან ჩემი შესრულების თვალსაზრისით. ამიტომ ბევრი პერსონაჟია, ვისაც სიამოვნებით განვასახიერებდი. დათა თუთაშხიას როლს ნამდვილად არ ვითამაშებდი, რადგან ჩემს ასაკში კარგა ხნის მკვდარი იყო... კიდევ, ოიდიპოსს განვასახიერებდი, ოღონდ - იცი, როგორ? არსად რომ არ გეჩქარება, რეჟისორი და მსახიობი "ერთ ტალღაზე" ხართ და ყველა პირობა გაქვს სათამაშოდ... საერთოდ, ნაჩქარევად, "სივიში" რომ 1-2 კარგი როლი შევიდეს, არც ერთ პერსონაჟს არ ვითამაშებდი... ჩემთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟი, რაც განმისახიერებია, ჰორაციო იყო "ჰამლეტში" (ჰამლეტის ორეულის სტილში "გაკეთებული"), რომელიც 2002 წელს, რუსთავის თეატრში გოგი ქავთარაძემ დადგა და სქულე (ჰენრიკ იბსენის "ბრძოლა ტახტისთვის"). საერთოდ, კარგი როლები მაქვს შესრულებული, მაგრამ ისეთიც - არა, რომ ადამიანს აღმოხდეს, - ვაიმე, ეს რა ითამაშაო (იღიმის)?!.

- "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევთ?

- მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას ნებისმიერ ნაწარმოებს. ადამიანმა აუცილებლად უნდა წაიკითხო "მთვარის მოტაცება" (მასში მაღალი და დაბალი წრის წარმომადგენლებს ერთნაირი კრიტერიუმები აქვთ, ღირსების თვალსაზრისით), "დათა თუთაშხია" (ვფიქრობ, ამ ნაწარმოებში ქართველის ყველანაირი გენეტიკა, ადამიანთა ყველანაირი ხასიათია, რაც კი ცხოვრებაში შეგხვდება), "ვეფხისტყაოსანი", ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებები... ელემენტარულად, კითხვა თუ იცი და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები არ წაგიკითხავს, რთულია - კითხვა ტყუილად გისწავლია: გაჩერებაზე რომელი სამარშრუტო ტაქსი სად მიდის, ამას სხვაც გეტყვის, რომ იკითხო... კიდევ ბევრი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოების დასახელება შემიძლია, მაგრამ რომელიმე გამომრჩება და შემდეგ საკუთარი თავი უნდა გავლანძღო (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი