"ამ გამარჯვებას ჩემს სამშობლოსა და ქართველ ხალხს ვუძღვნი" - გზაპრესი

"ამ გამარჯვებას ჩემს სამშობლოსა და ქართველ ხალხს ვუძღვნი"

თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ქართველები პარასპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით არიან წარმოდგენილი. პირველივე დღე წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი პარასპორტსმენებისთვის. ყველაზე ახალგაზრდა, 19 წლის ანა ჯაფარიძემ პარატაეკვანდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

"უკეთესი შედეგისთვის მომავალში ვიბრძოლებ. მინდა ეს ჯილდო ჩვენი ტაეკვანდოს კლუბის პატარა წევრს, ლუკა ლაშხს მივუძღვნა, რომელიც ახლა საავადმყოფოშია", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ანამ და დელეგაციის სხვა წევრებს გამარჯვება უსურვა. პარასპორტსმენ ანა ჯაფარიძეს მედალი ლეგენდარულმა მსახიობმა ჯეკი ჩანმა გადასცა. ანამ მოგვიანებით სოციალურ ქსელში პატარა ვიდეო დადო, სადაც ჯეკი ჩანი ქართველ სპორტსმენს შეჯიბრებაზე გასვლამდე თმას უსწორებს.

ანა ჯაფარიძე და გიგა ოჩხრიკიძე სამი წლის წინ შეუერთდნენ საქართველოს პარაოლიმპიურ ოჯახს და მას შემდეგ თავდაუზოგავად შრომობენ მიზნის მისაღწევად.

პარაოლიმპიელმა გიგა ოჩხრიკიძემ ძალიან გაახარა ქართველი გულშემატკივარი. მან ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს რეკორდიც მოხსნა. ყველა მის გამარჯვებას ზეიმობდა, მოულოდნელად ინფორმაცია რომ გავრცელდა, გიგას მედალი ჩამოართვესო. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მისი შედეგები გაასაჩივრეს მაროკოს და ირანის დელეგაციებმა მას შემდეგ, რაც ის ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებულად და ყველა ოფიციალურ გვერდზე მისი მსოფლიოს რეკორდიც გამოქვეყნდა. რატომღაც ბირთვის კვრის ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალეს და ოფიციალური საიტიდან ჩამოხსნეს ინფორმაცია გიგას გამარჯვებაზე. თუმცა ქართველმა დელეგაციამ მაქსიმალურად დაიცვა ქართველი სპორტსმენის უფლებები, გაასაჩივრა ეს ფაქტი, წარადგინა ვიდეომტკიცებულებები, რომ გიგა სწორად ისვრის ბირთვს და საბოლოოდ, მისი მიღწეული შედეგი უკვე მეორედ აღიარეს და პარაოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნიც გაისმა.

გიგა ოქროს მედლით 3 სექტემბერს დაბრუნდა საქართველოში. "სამმა ქვეყანამ ალიანსი შეგვიკრა. ბევრს ეცადნენ, რომ დავეჩაგრეთ, მაგრამ საკუთარი სიმართლის დაცვა მაინც შევძელით და არაფერია იმაზე საამაყო და ღირსეული, როცა შენ შენი ქვეყნის მოქალაქისა და პარასპორტსმენის უფლებებს სხვა, უცხო ქვეყანაში იცავ! არავის აჩაგვრინებ და ერთობითა და სიმართლით იმარჯვებ უსამართლობაზე! ეს ისტორიები შთაგონებაა ჩვენი სხვა, საამაყო პარასპორტსმენებისთვის", - დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტარმა რატი იონათამიშვილმა, რომელიც დელეგაციაშია.

მიღწეული შედეგით გიგა ოჩხიკიძემ თავისი ოცნება უკვე აისრულა: ოლიმპიური ოქროს მედალი აიღო და მსოფლიოს რეკორდიც მოხსნა. ბავშვობაში გიგა კრივში ვარჯიშობდა და მიღწევებიც ჰქონდა, მაგრამ ხერხემალი დაუზიანდა და ეტლში აღმოჩნდა. სპორტისთვის თავი მაინც არ დაუნებებია. სულ ვარჯიშობდა და შემდეგ პარასპორტში მოსინჯა ძალები: ჯერ პარამკლავჭიდში, შემდეგ ბირთვის კვრა აირჩია და დღეს მიღწეული შედეგით ძალიან ბედნიერია.

giga1-1725868452.jpg

- გიგა, გილოცავთ ოლიმპიურ ოქროს მედალს. ძალიან განერვიულეს. რას აპროტესტებდნენ თქვენი მეტოქეები?

- მაქსიმალურად მომზადებული მივედი პარაოლიმპიადაზე. ზოგადად, იქ უძლიერესი სპორტსმენები არიან. ისე მოხდა, რომ შეჯიბრებაზე 2 რეკორდი მოიხსნა: მაროკოელმა მოხსნა მსოფლიო რეკორდი, რაც რამდენიმე წუთში მე მოვხსენი და შედეგი 44 სმ-ით გავაუმჯობესე, ასე გავხდი გამარჯვებული. ისე, 6 ცდიდან მხოლოდ ორი ჩაგვითვალეს, რაც ჩემთვის მიუღებელი და ცოტა დამაბნეველიც იყო. არადა, მანამდე იაპონიაში გავიმარჯვე მსოფლიოს ჩემპიონატზე და აქ უკეთესად გამოვედი.

მას შემდეგ, რაც გამარჯვებულად გამომაცხადეს, ჩემპიონის რიტუალი შევასრულე, ზარის შემოკვრას ვგულისხმობ, გამარჯვებას ვზეიმობდით და ვიდრე დაჯილდოება იქნებოდა, გვითხრეს, - შენი საკითხი განხილვაზეაო. თურმე, ჩემმა მეტოქეებმა გააპროტესტეს ჩემი სროლა, უმაღლესი შედეგი 966. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტექნიკური წუნი იყო ჩემს მოძრაობაში. ამის განხილვა მიმდინარეობდა, შემდეგ მათ პროტესტი დაუკმაყოფილეს. ასეთი რამ იშვიათად ხდება. საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, რატი იონათამიშვილის ხელმძღვანელობით გავაპროტესტეთ ეს გადაწყვეტილება, ვიდეომასალაც წარვადგინეთ. მოგეხსენებათ, მაისში მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და ის ვიდეოც ვუჩვენეთ. იმავე ტექნიკით ვისროლე ამ შემთხვევაშიც. როცა მიხვდნენ და დაინახეს, რომ რეალურად შეცდომა არ იყო, სამართლიანობაც აღდგა. ჩემთვის უცნაურია: როცა ხედავ, რომ სპორტსმენმა პატიოსნად გაიმარჯვა, რატომ უნდა გაუპროტესტო? თუმცა, ამის გამო არ გავბრაზებულვარ, მაგრამ ცოტა კი ვინერვიულე. ღირსეულად მოვიქეცი, არანაირი წყენა არ მქონია, მთავარი იყო სიმართლე არ დაეკარგათ ჩემთვის და ასეც მოხდა. მე გავხდი პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ჩვენს სამშობლოს ბირთვის კვრაში, პარაოლიმპიურ და ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველი მედალი მოვუტანე. შექმნილი გაუგებრობის გამო ორჯერ ვიზეიმეთ ეს გამარჯვება, რაც ძალიან ემოციური იყო ჩემთვისაც და დელეგაციისთვისაც. ოლიმპიადაა, შეჯიბრება, ყველაფერი ხდება, მაგრამ მთავარია, სიმართლე გავიტანეთ.

- როგორ ემზადებოდი ჩემპიონობისთვის? რა განცდაა, როცა გამარჯვებული ხარ და საქართველოს ჰიმნი გესმის?

- კარგად გავიარე მომზადება. მაქსიმალურად მზად ვიყავი იმისთვის, რომ გაგვეუმჯობესებინა წინა შედეგი, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჩვენეთ და ეს შევძელი კიდეც. მე აქამდეც სპორტსმენი ვიყავი: ჯერ მოკრივე, მერე - მკლავჭიდელი. ბირთვის კვრა სულ მაინტერესებდა და 3 წლის წინ დავიწყე ვარჯიში. როგორც კი მოვედი მძლეოსნობაში, ჩემი მიზანი ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება გახდა და მივაღწიე კიდეც ამ დიდ მიზანს. ეს არ იყო ადვილი, რადგან ოლიმპიადის წინ ფილტვების ანთებაც გადავიტანე. ღმერთს მადლობა და მადლობა ჩემს ექიმს, ფორმაში ჩადგომა რომ მოვასწარი. ოლიმპიადაზე რომ ჩამოვედი, ჯანმრთელობის მხრივ ისევ პრობლემები შემექმნა, ცოტა შეგვეშინდა, რომ ძალა არ მომკლებოდა, მაგრამ ღმერთს მადლობა, მაქსიმუმი შევძელი. საოცარი გრძნობაა, როცა იმარჯვებ და ისმის საქართველოს ჰიმნი. ეს ძალიან მაგარია. 80 000 მაყურებელი იჯდა ამ სტადიონზე და ტაბლოზე როცა გამოჩნდა საქართველოს დროშა და დაიწერა "რეკორდი", ეს სულ სხვა გრძნობა იყო. ემოციას და განცდებს ვერ გადმოვცემ, რაც იმ მომენტში ხდებოდა, ამის სიტყვით გადმოცემა წარმოუდგენელია, საოცარი შეგრძნებაა. კიდევ უფრო ბედნიერი ხდები, როცა ხედავ, შენი სიხარული სხვასაც უხარია და ქართველი ხალხის ასეთ სიყვარულს გრძნობ. ეს კიდევ უფრო მაბედნიერებს. თან, ამ გაურკვევლობების ფონზე ორჯერ ვიზეიმეთ ჩემი გამარჯვება. სიხარულის მერე გულისწყვეტა იყო და შემდეგ ისევ გამარჯვების დიდი სიხარული. სიმართლემ გაიმარჯვა. მადლობა ყველას გულშემატკივრობისა და იმ სიყვარულისთვის, რასაც ჩემ მიმართ გამოხატავენ. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას პარაოლიმპიურ ოქროს და ამ დიდ წარმატებას. ამ გამარჯვებას ჩემს სამშობლოსა და ქართველ ხალხს ვუძღვნი. ახლა ცოტა ხანს დავისვენებ და შემდეგ ისევ გავაგრძელებ მუშაობას. მსოფლიოს ჩემპიონატიც მოვიგე წელს. სხვების შეჯიბრება ისევ გრძელდება პარიზის ოლიმპიადაზე და ყველას წარმატებას ვუსურვებ. აქ მოხვედრა უკვე გამარჯვებაა!

ana-jafaridze-1725868441.jpg

- რეკორდის დამყარებას გეგმავდით?

- შედეგის გაუმჯობესებას ვაპირებდით, თუმცა რაც გეგმაში მქონდა, იმაზე მეტი შევძელი. ამისთვის მზად ვიყავი ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და მენტალურად. ჩემმა მწვრთნელებმა სწორი სტრატეგია შეიმუშავეს და შედეგიც მივიღეთ. მადლობა მათ... წელს ტურნირი სავარაუდოდ, აღარ გვექნება, მომავალი წლიდან კი გავაგრძელებთ ბრძოლას შემდეგი გამარჯვებებისთვის. სპორტის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ეტლი არ არის შეზღუდვა იმისთვის, რომ ადამიანმა მიზანს მიაღწიო. ყველას აქვს შესაძლებლობა, ყველა თავის გზას ირჩევს ცხოვრებაში... 2007 წელს ზურგის ტვინის ანთება დამემართა, მაშინ ყაზახეთში ვცხოვრობდი. ამის შემდეგ ჩავჯექი ეტლში და რადიკალურად შეიცვალა ჩემი ყოფა. დავბრუნდი სამშობლოში, მაგრამ ვარჯიშისთვის თავი არ დამინებებია. სულ დარბაზში ვვარჯიშობდი და დღეს მიღწეულით ძალიან ბედნიერი ვარ.

- გილოცავთ კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებებს!

თეა ხურცილავა