როგორ გახდა ბავშვთა სახლში გაზრდილი მარინე ფუტკარაძე მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონი - გზაპრესი

როგორ გახდა ბავშვთა სახლში გაზრდილი მარინე ფუტკარაძე მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონი

მისი საცხოვრებელი ბინის ერთი კუთხე სავსეა მედლებითა და სიგელებით. მარინე 18-გზის მსოფლიოს ჩემპიონია, 17-ჯერ კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ამჯერად მოლდავეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო ჩასული და +70 კგ წონით კატეგორიაში იასპარაზე. მისი წყალობით საქართველოს ჰიმნი კიდევ ერთხელ გაჟღერდა. გოგონა ამაყად იდგა კვარცხლბეკზე, სადაც ყველაზე მაღლა საქართველოს დროშა ფრიალებდა.

ზოგადად, მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან წარმატებული იყო ქართველი სპორტსმენებისთვის, განსაკუთრებით პარამკლავჭიდელებისთვის. გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვეს და – 36 ოქრო, 32 ვერცხლი და 28 ბრინჯაოს მედალი. ამ ადამიანებმა აჩვენეს, რომ თუ მიზანს დაისახავ, შეუძლებელი არაფერია.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოლდავეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი ათი ოქროს, ათი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედალი აიღეს.

მოლდავეთში მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასეთი წარმატებული გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების წევრი მკლავჭიდელები და პარამკლავჭიდელები პრემიებს მიიღებენ.

მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17.000 ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს - 8.500, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს - 5.100 ლარი. რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, სადაც ასევე წარმატებით იასპარეზეს ჩვენმა ახალგაზრდებმა, პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5.100 ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს - 3.400, ხოლო მესამე ადგილზე გასულები 1.700 ლარს მიიღებენ. პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების პირველი ადგილის მფლობელები, 3.400 ლარის ოდენობით. პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები და სამედიცინო პერსონალიც.

პარამკლავჭიდელი მარინე ფუტკარაძე წლებია, სპორტის ამ სახეობაშია ჩართული და ის ორივე ხელით ერთნაირი წარმატებით ასპარეზობს. ამბობს, რომ ამ შედეგის მისაღწევად ბევრი იშრომა. ამ საქმემ იმდენად გაიტაცა, რომ მწვრთნელის პროფესიასაც დაეუფლა, სერტიფიკატი აიღო და სხვა ბავშვებსაც უსასყიდლოდ ეხმარება მიზნის მიღწევაში. უხარია მათი სიხარული და აღტაცებით საუბრობს სხვების მიღწევებზეც. არასდროს ავიწყდება ის ადამიანები, რომლებიც მას წარმატებების მიღწევაში დაეხმარნენ. მარინე აჭარაში, ბავშვთა სახლში გაიზარდა. ბავშვთა სახლში გაიზარდა მისი ორი დაც, თუმცა მისგან მოშორებით, ქუთაისში და დებმა ერთმანეთი ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ გაიცნეს.

სმენის პრობლემების მქონე მარინე ფუტკარაძის შესაძლებლობები ბათუმის ბავშვთა სახლში, მკლავჭიდის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა გოჩა შავაძემ აღმოაჩინა და ამის შემდეგ გოგონას სხვა ინტერესები გაუჩნდა.

მარინე ფუტკარაძე:

- პარაოლიმპიელები ძალიან კარგი შედეგებით დავბრუნდით საქართველოში. კიდევ ერთხელ მოვიპოვე ოქროს მედალი. ბედნიერი ვარ. არადა, ამ სპორტით სრულიად შემთხვევით დავინტერესდი. როგორც ჩანს, ძალიან პატარა მიმიყვანეს მახინჯაურის ბავშვთა სახლში და იქ დამტოვეს, ამიტომ მშობლები არ მახსოვს. ძალიან კარგ პირობებში ვიზრდებოდი. როცა წამოვიზარდე, მახინჯაურიდან ბათუმის ბავშვთა სახლში გადამიყვანეს. 12 წლის განმავლობაში ჩემთვის არავის მოუკითხავს. სმენა დაქვეითებული მქონდა. ერთხელ ქუჩაში მიმავალს მანქანა დამეჯახა, რადგან ყურში არ მესმოდა. მაშინ გადავრჩი. ბავშვთა სახლის პედაგოგმა, ჩემმა აღმზრდელმა გიული თავბერიძემ აღმოაჩინა, რომ სმენის პრობლემა მქონდა. სმენადაქვეითებულის დიაგნოზი დამისვეს და აპარატიც მაჩუქეს. ახლაც მახსოვს ის რეაქცია, რაც მაშინ მქონდა. მანამდე არაფერი მესმოდა, აპარატს რომ ვიკეთებდი, უკვე რაღაც ხმები "მოდიოდა". ამით შანსი მომეცა, ლაპარაკი მესწავლა. ჩვენი დირექტორი, ბატონი გია ვერძაძე მართლა ყველაფერს აკეთებდა, ბავშვებს კარგი განათლება რომ მიგვეღო. ჩვენ გვერდით ბევრი კეთილი ადამიანი იყო და მადლიერი ვარ მათი. მანამდე ლაპარაკიც კი არ ვიცოდი, შემდეგ დავიწყე გაკვეთილებზე სიარულია. მართლა ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა როგორც ბავშვთა სახლში, ასევე საჯარო სკოლაში: ბათუმის მე-20 სკოლა დავამთავრე.

- როდის დაინტერესდით მკლავჭიდით?

- ბავშვთა სახლში ვიღაც კაცი მოვიდა მკლავჭიდის ფედერაციიდან, მასთან ერთად იყვნენ ამერიკელებიც. მაგიდა გაშალეს და მკლავის გადაწევაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ბავშვი ვიყავი, 14 წლის. მივედი, მეც გადავწევ-მეთქი და ყველას მოვუგე. მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა წამიყვანა შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც უფასო იყო დარბაზში სიარული. სწორედ იქ გამაცნო აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი თემურ ლიპარტიშვილი. მას ჩააბარა ჩემი თავი. ვივარჯიშე, მოვემზადე. მახსოვს ბიჭები ბევრნი იყვნენ და მარტო მე რომ ვიყავი გოგო, მრცხვენოდა. მაშინ საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე. ახლაც მახსოვს ის ემოციები. მეშინოდა, ვნერვიულობდი. იმის მერე 18 წლამდე ჩემპიონატებში მონაწილეობა აღარ მიმიღია, რადგან სანამ არასრულწლოვანი ვიყავი, ბავშვთა სახლიდან ჩემი გაშვების უფლება არ ჰქონდათ. მხოლოდ ვვარჯიშობდი ხოლმე. 18 წლის რომ გავხდი, როგორც წესი, ბავშვთა სახლი უნდა დამეტოვებინა. სრულწლოვანი რომ გახდებოდი, მოძებნიდნენ შენს ბიოლოგიურ მშობლებს და შვილებს ხელწერილით ატანდნენ. მე რომ 18-ის გავხდი, მაშინ მოძებნეს მამაჩემიც. ის მაშინ პირველად ვნახე. ხელი მოაწერა დოკუმენტს და სახლში წამიყვანა, მაგრამ იქ ვერ გავჩერდი, ვერ შევეგუე უცხო გარემოს. ამიტომ ისევ უკან, ბავშვთა სახლში დავბრუნდი. დირექტორს ვთხოვე, - კიდევ დავრჩები, სანამ სკოლას დავამთავრებ-მეთქი. წასასვლელი მართლა არსად მქონდა. შემიფარეს. დირექტორს რომ არ შეჰქმნოდა პრობლემა, ვუთხარი, ოფიციალურად არ გამაფორმოთ, მე დაგეხმარებით დალაგებაში, სხვა საქმეებში და ღამეს აქ გავათენებ-მეთქი. დასაძინებელი ადგილი ხომ უნდა მქონოდა?! 21 წლისამ დავამთავრე საჯარო სკოლა. ორი წელი დამეკარგა, რადგან მანამდე სმენის აპარატი არ მქონდა და ვერ ვსწავლობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ წამოვედი ბავშვთა სახლიდან.

4-1725868567.jpg

- მშობლებს მერე აღარ უცდიათ თქვენთან დაახლოება?

- ამბობენ, რომ დედაჩემი გარდაიცვალა. მერე გავიგე, რომ მყავს ორი და, ისინი ქუთაისის ბავშვთა სახლში გაიზარდნენ. ახლა დაოჯახებულები არიან. ჩვენ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ხშირი ურთიერთობა არ გვაქვს. ისინი ყრუ-მუნჯები არიან. ახლა ჩემს დისშვილს, 16 წლის ბიჭსაც ვამზადებ მკლავჭიდის ჩემპიონობისთვის... ჯერ აჭარის ჩემპიონი გავხდი მკლავჭიდში, მერე საქართველოს ჩემპიონი, იმავე წელს ევროპის ჩემპიონატში მეორე ადგილი მოვიპოვე. ანტალიაში ჩატარდა მაშინ ევროპის ჩემპიონატი და 55 კილომდე წონით კატეგორიაში 16 წლამდე ასაკის გოგონების ნაკრებში 24 ქვეყნის მკლავჭიდელი მონაწილეობდა. ეს გამარჯვება ისეთი ბედნიერება იყო, რომელსაც სიტყვებით ვერასდროს აღვწერ. ამ მიღწევებმა დიდი სტიმული მომცა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს, თემურ ლიპარტიშვილს. რომ არა ის, არ ვიცი, ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა. ექვსი წელი ვაგროვებდი ბინისთვის ფულს, რადგან მინდოდა ჩემი ჭერი მქონოდა. მაშინ სოციალური დახმარება 100 ლარი მქონდა, შეზღუდული შესაძლებლობის პენსიაც 100 ლარი იყო. სპორტში რომ გავიმარჯვე, პრემიები ჩამირიცხეს და ასე შევაგროვე 5.000 დოლარი. ჩემმა მასწავლებელმა მომცა საცხოვრებელი ბინაც. უფასოდ, თავის სახლში შემიშვა, ერთი პატარა ოთახი მქონდა და იქ ვცხოვრობდი. 6 წელი მართლა ბევრი ვიწვალე, ბევრჯერ გავხდი ჩემპიონი, ასე ვამატებდი ყველა თანხას ერთმანეთს, რომ ჩემი ოცნებისთვის მიმეღწია. ბათუმში ჯერ შავი კარკასი ვიყიდე, მერე ნელ-ნელა რემონტი გავაკეთე და ახლა ჩემი ბინა მაქვს და ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა ბატონ თემურს გვერდში დგომისთვის. ჩემი ბინა რომ მოვაწყვე, მერე წამოვედი მისი სახლიდან.

ბინის ყიდვის შემდეგ ახალი მიზანი დავისახე. გადავწყვიტე მწვრთნელის დიპლომი ამეღო. ამისთვის თბილისში წავედი მეგობართან. ვისწავლე და დიპლომიც ავიღე. ახლა ლიცენზირებული მწვრთნელი ვარ და ვისაც არა აქვს საშუალება, შემიძლია უფასოდ ვავარჯიშო. საუკეთესოა მოსწავლეა მარი ნოდია. ევროპაზეც მოიგო პირველი ადგილი, პატარებსა და დიდებში, ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე იმდენი იბრძოლა, რომ პირველ ადგილზე გავიდა. ცხრა წელია ჩემთან ემზადება. მარი აბაშიძეს ორი წელია ვამზადებ და მან მესამე ადგილი აიღო. ვფიქრობ, მომავალ წელს ბავშვთა სახლიდანაც ავიყვანო მოზარდები. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. ახლახან ანა მგელაძე ვიპოვე, კლინიკაში ვიზიტისას აღმოვაჩინე ეს გოგონა და მისი ხელები იმდენად მომეწონა, მივხვდი, ეს სპორტი მოუხდებოდა. ჯერ უარზე იყო, ვერ შევძლებო, შშმ პირია, მაგრამ დავითანხმე, ვავარჯიშე და სამი მედალი ჩამოიტანა. ამ მიღწევებით ბედნიერი ვარ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირინა ნიჟარაძეს, რომელიც მართლა მხარში გვიდგას სპორტსმენებს. ადრე პრემიებსაც არ გვაძლევდნენ, კარგია რომ ეს დაწესდა, ერთგვარი სტიმულია. ჩემთვის სპორტი ცხოვრების ასპარეზია, სადაც საშუალება მაქვს, შესაძლებლობები გამოვავლინო; გარეთ გამოვიტანო ის ემოციები, რასაც შინაგანად განვიცდი. ვფიქრობ, პირველ რიგში ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველაფერი გამოგივა.

თეა ხურცილავა