თამი შარუხია - მესამე ქართველი ქალი, რომელმაც ახლახან ბოსფორი გადაცურა - გზაპრესი

თამი შარუხია - მესამე ქართველი ქალი, რომელმაც ახლახან ბოსფორი გადაცურა

ის მესამე ქართველი ქალია, რომელიც ამ გამოწვევას გაუმკლავდა. თამიმ სირბილი 44 წლის ასაკში დაიწყო და დღემდე არაერთი შეჯიბრების გამარჯვებულია. დაკავებულია ასევე, სამთო ველოსპორტით. ამბობს, რომ ყოველი მომდევნო შეჯიბრება საკუთარი თავისთვის საკუთარივე შესაძლებლობების დამტკიცებაა.

- მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელი ვარ, ცურვა მხოლოდ 19 წლის ასაკში ვისწავლე - ჯანმრთელობის გამო ექიმები უფლებას არ მაძლევდნენ. ეს ჩემთვის ყოველთვის დასვენების, რელაქსის საშუალება იყო. ტექნიკურად გამართულად ცურვა არ ვიცოდი. ცურვით ხერხემალს სირბილის შემდეგ განტვირთვის საშუალებას ვაძლევდი. თბილისში ცურვის ჩემპიონატზე რამდენჯერმე გავიმარჯვე.

- თუმცა, შენი ძირითადი გატაცება მაინც სირბილია...

- დიახ და ჩემს ძირითად დროსაც სწორედ სირბილს ვუთმობ. სპორტის შესახებ პოდკასტებს ვუსმენ. მოვისმინე დეტალები ბოსფორის გადაცურვის შესახებ. რეგისტრირების დრო 3 იანვრის ღამეა. ამბობენ, დარეგისტრირება ბევრად რთულია, ვიდრე ბოსფორის გადაცურვაო. მხოლოდ გამთენიისას დავრეგისტრირდი და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი.

რეგისტრაციამდე უკვე დაგეგმილი მქონდა 106 კმ სამთო სირბილი წოდორეთის დამშრალი ტბიდან. მალე ვნახე, რომ 25 მაისს კიდევ ერთი ახალი შეჯიბრება, 400 კმ-იანი ველომსვლელობა იმართებოდა. დავინტერესდი, მაგრამ მეგობრებმა არ მირჩიეს, ამდენს ვერ შეძლებო. როცა მეუბნებიან, - "შენ ამას ვერ შეძლებ", ჩემთვის ეს გამოწვევაა, მოტივაცია. გადავწყვიტე, მონაწილეობა აქაც მიმეღო. დავიწყე ველოსიპედით ვარჯიში - თბილისიდან დიდგორზე ავდიოდი. 25 მაისს წალკიდან გვქონდა სტარტი. ძლიერი წვიმა, ქარი და ტემპერატურა -1 იყო. შეცდომა დავუშვი - ჩავიცვი ხელთათმანები, რომელიც სველდება. ხელები ისე გამეყინა, მართვა მიჭირდა. აღმართი ავიარე და უნდა დავიწყო დაშვება დაღმართზე. მუხრუჭებს ვერ ვხმარობ, რადგან მტევნებს ვეღარ ვგრძნობ. შეწყვეტა არ მინდა. დავინახე მუშები, რომლებიც გზის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. სომხები აღმოჩნდნენ. თქვენი და ვარ, დახმარება მჭირდება-მეთქი. ჩამირთეს მანქანა, გამათბეს, სამუშაო ხელთათმანებიც მომცეს და მისტიკურ, ულამაზეს ფარავნის ტბაზე დავეშვი. აქ ჰორიზონტზე ცა და მთა ისე ერწყმის ერთმანეთს, უკიდეგანო ხდება. ისეთი ქარი იყო, ძალიან ნელა მიხდებოდა სიარული. რაღაც მომენტებში ხელითაც ვატარებდი ველოსიპედს, რადგან ქარი გადაადგილებაში ხელს გვიშლიდა. გაუსაძლის ამინდში სრული მანძილი 24 საათ-ნახევარში დავფარე. ფინიშის ხაზთან მეოთხე მივედი ბედნიერი, რომ მისია შევასრულე.

178aa918-f3c6-4b1b-922b-f125f87db285-1726475793.jpg

- მალევე იწყებთ ზრუნვას ახალი მისიის შესასრულებლად...

- ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ აღარ გახსოვს ის სიმწარე, რაც გამოიარე. იმავე მარშრუტის გავლასა და იმ შეცდომების გამოსწორებაზე ფიქრობ, რაც შეჯიბრების დროს დაუშვი. 16 ივნისს 105 კილომეტრზე მქონდა სირბილი. სტარტი დილის 5 საათზე წოდორეთიდან ავიღეთ. წინა შეჯიბრებაზე ტერფები ძალიან დამიზიანდა, კანი თითქმის აღარ მქონდა და რამდენიმე ფრჩხილიც დავკარგე. ტკივილგამაყუჩებლებს ვსვამდი, მაგრამ არ მშველოდა. 78 კილომეტრის გავლის შემდეგ შემომაღამდა. დაბურულ ტყეში მოვრბოდი, ტურების კივილი, ბუების ხმა მესმოდა. შიშის გრძნობას ის ფაქტი ანელებდა, რომ ჩემთან ერთად მეგობარი მორბოდა. ამ გარბენს 19 საათ-ნახევარი მოვანდომე. დავკარგე 3 ფრჩხილი ტერფზე, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი. გარბენის შემდეგ წავედი ბათუმში და მზადება დავიწყე ბოსფორისთვის. დისტანციებზე არ ვმუშაობდი, მხოლოდ ტექნიკას ვსწავლობდი.

ბათუმიდან გადავფრინდი და პირდაპირ აეროპორტიდან სასტარტო ქალაქში მივედი. სასტარტო პაკეტი ავიღე, წავედი სასტუმროში, მოვწესრიგდი და ბოსფორის დასათვალიერებლად გამოვედი. ემოციებმა შემიპყრო და ჩემი თავდაჯერება უცებ სადღაც გაქრა. ვნანობდი, რატომ ვერ დავეტიე სახლში-მეთქი (იცინის)?! ცრემლები მომადგა. ნომერში ავბრუნდი და საკუთარ თავზე დავიწყე მუშაობა. ველაპარაკებოდი, ვარწმუნებდი, რომ სანერვიულო არაფერი იყო. სხვათა შორის, ამან იმუშავა და დავმშვიდდი. მეორე დღეს გემით გავიარეთ ის მონაკვეთი, რომელიც უნდა გადაგვეცურა. მონაწილეების 70% რუსი იყო. გემზე ქართველი მონაწილეები გავიცანი.

წყალში რომ ჩავედი, ისე ვნერვიულობდი, ვერც ერთი ორიენტირი ვერ ვიცანი. მხოლოდ ორი ორიენტირი გამახსენდა, მაგრამ ეს საკმარისი იყო.

- კოსმეტიკა და სელფის ჯოხი, რომელიც ყველა შეჯიბრებაზე თან დაგაქვთ, წყალშიც გქონდათ?

- სელფის ჯოხი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არ წავიღე - წონაში მომატებული ვიყავი და ჩემი თავი არ მომწონდა. სამაგიეროდ, წასმული მქონდა წყალგამძლე კაშკაშა ტუჩსაცხი. იმავე საღამოს ბათუმში გამოვფრინდი.

- თამი, საზოგადოებამ გააპროტესტა განცხადება, თითქოს შენ, როგორც პირველმა ქართველმა ქალმა, ბოსფორი გადაცურე...

- დიახ, ჩემი გადამოწმებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. 2020 და 2022 წლებში სხვა ქართველ ქალებსაც გადაუცურავთ ბოსფორი. თავი უხერხულად ვიგრძენი. ახლა მაქვს ამბიცია, რომ დახარჯული დროის მონაკვეთის მიხედვით პირველი ვიყო.

106 კილომეტრი რომ დავფარე, ერთ კვირაში ტრიატლონი მქონდა. 400 მ ცურვა, 20 კმ ველორბოლა და 5 კმ სირბილი. აქაც პირველი ადგილი მოვიპოვე. ამის შემდეგ ერთ კვირაში ცაგერში გვქონდა კიბარბენი და იქაც პირველ ადგილზე აღმოვჩნდი.

b62f79cf-6cbe-4c9c-a1b2-e33bf6f8570c-1726475782.jpg

- უახლოესი შეჯიბრება კიდევ როდის არის?

- 3 ნოემბერს მაქვს აირონმენი - 2 კმ ცურვა, 90 კმ ველოსიპედით და 21 კმ ნახევარმარათონი.

- წარმატებას გისურვებთ! თქვენი ქალიშვილებიც მისდევენ სპორტს?

- ორივე იოგითაა დაკავებული.

შორენა ლაბაძე