ხელნაკეთი თოჯინები მრავალფეროვანი გარდერობით
უწინ მასალა სხვადასხვა იყო, თუმცა, ბოლო 3 წელია ბავშვებისათვის საყვარელ ნივთებს ქსოვილებისგან კერავს. თავდაპირველად, საახალწლოდ თანამშრომლის თხოვნით, გნომი შეკერა. რამდენიმე ასეთი ნივთის შექმნის შემდეგ, ამ საქმემ იმდენად გაიტაცა, რომ გადაწყვიტა, ეს მიმართულება განევითარებინა.
თოჯინებს კერავს როგორც თავისი გემოვნებით შერჩეული ვიზუალით, ასევე პერსონალურს, რაც იმას გულისხმობს, რომ ფიგურა კონკრეტული ადამიანის გარეგნობას უნდა შეესაბამებოდეს. ამ მხრივ ბოლო ხანს მისი ნივთებიდან ყველაზე პოპულარულია ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის ფიგურები. "ახლა ძალიან დიდი მოთხოვნაა ბუდუს თოჯინაზე და უახლოეს მომავალში ისიც აუცილებლად უნდა გავაკეთო", - გვითხრა მეთოჯინე ეკატერინე ჭაფოძემ.
- მხატვრების ოჯახში გავიზარდე. მამაჩემს კერამიკული სახელოსნო ჰქონდა, ხოლო ბებია მკერავი იყო. თოჯინები ბავშვობიდან მიყვარდა, ამ ფიგურებს მამას სახელოსნოში ხშირად ვძერწავდი ან ვკერავდი - ჩემი ჰობი იყო. მთელი ცხოვრება ხელნაკეთ ნივთებს ვამზადებ: ხან თექაზე ვმუშაობდი, ხან ჩანთებს ვკერავდი ან საყურეებს ვაწყობდი. ხშირად მეკითხებიან, სად ვისწავლე თოჯინების კეთება? რაზეც ერთი პასუხი მაქვს: არსად მისწავლია, უბრალოდ, ნელ-ნელა ნამუშევრები დაიხვეწა და ხელი გაიწაფა. ასევე მეუბნებიან, რომ ნამუშევრებს იაფად ვყიდი, მაგრამ მირჩევნია, ნივთებს ხელმისაწვდომი ფასი ჰქონდეს და თან, სისტემატურად ვიმუშაო. ვფიქრობ, ეს ჩემი განვითარებისთვის უკეთესია. პირველი თოჯინიდან დღემდე, დიდი პროგრესი განვიცადე და ეს მეამაყება. რაც მთავარია, ჩემი საქმე ბედნიერებას მანიჭებს.
ბავშვი რომ ვიყავი, ყველაზე მეტად მსიამოვნებდა და მართობდა თოჯინების ჩაცმა-დახურვა და მათთვის ტანსაცმელების მუდმივად ცვლა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, თითო თოჯინას ბოქსს მოჰყვებოდეს გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ჩანთა, ანუ გარდა იმისა, რაც აცვია, კიდევ 3 "ლუქი". თოჯინების შესაკერად სხვადასხვა ქსოვილს ვიყენებ, მხოლოდ ფეხსაცმელია ტყავის. მაქსიმალურად ვცდილობ, ბამბის, სასიამოვნოდ ხელშესახები ქსოვილი შევარჩიო, რადგან როცა მყიდველები ფოტოებს მიგზავნიან, მათზე ბავშვებს თოჯინები სულ ჩახუტებული "ჰყავთ", მათთან ერთად იძინებენ და მინდა ისინი პატარებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს.
საახალწლოდ თოჯინა-გნომებს ისევ ვაკეთებ და ასევე, ფერიებს ქოლგით, რომელიც შარშან ძალიან პოპულარული გახდა. ასევე ვამზადებ პერსონალურ თოჯინებს, რომელსაც ფოტოს მიხედვით ვქმნი. წლის ბოლოს, 2025 წლისთვის მინდა სხვა ფიგურებიც შევკერო. და რაც მთავარია, მინდა ქართული თოვლის ბაბუები შევმატო, რადგან შარშან ბევრი ითხოვდა და არ მქონდა. წელს საახალწლოდ მზადებას ადრე დავიწყებ და შევეცდები ქართული თოვლის ბაბუა თოჯინებით ყველა მსურველი დავაკმაყოფილო.
ყველაფერს მარტო ვაკეთებ და ალბათ უახლოეს მომავალში 1 ან 2 დამხმარეს ავიყვან, რადგან ბევრი შეკვეთა შემომდის. ონლაინ გაყიდვების მეშვეობით, თოჯინებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვგზავნი. რეგიონებიდან განსაკუთრებით აქტიურები არიან: ბათუმსა და ქუთაისში, ბოლო პერიოდში ამ თვალსაზრისით კახეთიც გააქტიურდა. საზღვარგარეთ მსურველებს შორის, ყველაზე ხშირად ჩემი თოჯინები იტალიაში "მიემგზავრებიან". როცა თოჯინებს მსურველებთან ვგზავნი, 90%-ით უკუკავშირს ვიღებ. თითქმის ყველა მიზიარებს თავის შთაბეჭდილებას. პროფესიონალი ფოტოგრაფი არ ვარ და რეალურად, თოჯინები ბევრად უკეთესია, ვიდრე მათ ფოტოზე წარმოვაჩენ და როცა მწერენ, ასეთ ლამაზს არ ველოდიო, ეს ძალიან მახარებს. განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა ბავშვიც და ზრდასრულიც ჩემს თოჯინებს გულში იხუტებს, ყველა ასაკის ადამიანი საჩუქარს ერთნაირად თბილად ხვდება.
ანა კალანდაძე