"სამჯერ მთხოვეს ხელი... მარტოობა მირჩევნია" - გზაპრესი

"სამჯერ მთხოვეს ხელი... მარტოობა მირჩევნია"

ასაკი: 31 წლის.

განათლება: დაამთავრა სამხატვრო აკადემიის მოდისა და დიზაინის ფაკულტეტი. ასევე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გაიარა გრაფიკული დიზაინის და ფოტოგრაფიის კურსები.

ამჟამინდელი საქმიანობა: პერიოდულად მუშაობს გრაფიკულ დიზაინში, მონაწილეობს სარეკლამო გადაღებებში, სოციალური ქსელისთვის. საზოგადოებამ გაიცნო რეალითი შოუდან.

ჰობი: მოგზაურობა.

ცხოვრების დევიზი: "იყავი პოზიტიური და გქონდეს ოცნებები".

- შენი ცხოვრების მოტივატორი რა არის?

- მიზანი, რომლისკენაც მივილტვი - ანგარიშზე 1 მილიონი დოლარი მქონდეს (იცინის). სიზმარში თუ ცხადში, წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ძალიან დიდი თანხა მაქვს და აბსოლუტურად თავისუფალი ვარ: იმას ვაკეთებ, რაც მინდა, არავითარი პასუხისმგებლობა, ვალდებულება არ გამაჩნია, არ მყავს "ბოიფრენდი"...

- "ბოიფრენდი" არ მყავსო, რატომ აღნიშნე?

- შეიძლება, დიდი რაოდენობით თანხა დამჭირდეს, ამდენს ვერ გამოვიმუშავებდე და ჩემს პარტნიორს ვთხოვო, მაგრამ ვინმესთვის ფულის თხოვნა კარგი იდეა არასდროსაა, რადგან სცენარი ყოველთვის იცვლება... ამიტომ მირჩევნია, არავის არაფერი ვთხოვო და ჩემი მქონდეს...

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- ლამაზ, ამბიციურ, მოუსვენარ, ჯიუტ, მენტალურად დამოუკიდებელ ქალს. ბოლო პერიოდში ცოტათი "სტერვას" ვხედავ - ძალიან მომწონს (იცინის).

- 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- კრემისფერს. გარდერობში ასეთი ფერის ბევრი სამოსი მაქვს. ახლაც კრემისფერი მაცვია. დღეს მობილურის ქეისიც "ბეჟი" ვიყიდე. მოდურია - ადამიანს მდიდრის იერს სძენს.

- დღე-ღამის განმავლობაში, რამდენი საათი გძინავს?

- ალბათ, 4-5 საათი. ინსომნია მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ ვიძინებ.

- როცა ვერ იძინებ, რას აკეთებ, რითი ერთობი?

- მობილურს ან ლეპტოპს ვიყენებ - ფილმებს ვუყურებ, სიახლეებს ვეცნობი, რაც გამომადგება...

- შენი გვარ-სახელი "დაგიგუგლავს"?

- კი.

- მერე, როგორი ონლაინრეპუტაცია გაქვს, რეალობას შეესაბამება?

- არა, არ შეესაბამება. ვფიქრობ, მაყურებლებმა ბოლომდე ვერ გამიგეს, ვერ მიმიღეს, რადგან ქალვაჟურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, აზრს ძალიან პირდაპირ ვაფიქსირებდი, თუმცა "პრაიმ ჰაუსის" მეხუთე სეზონში, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დრო მქონდა, მაქსიმალურად ვეცადე, საკუთარი თავი უკეთ წარმომეჩინა. მგონი, მაყურებლებმა შედარებით უკეთ გამიცნეს...

- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევი?

- ფლირტი მიყვარს. თუ ადამიანი მომწონს და გარემოც შესაბამისია, შეიძლება ვეფლირტაო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინტერესებს, როგორც მამაკაცი. ყველზე კარგად ფლირტი იმ მამაკაცთან გამომდის, ვინც არ მაინტერესებს. როცა მაინტერესებს, ვიბნევი, ვწითლდები... ასეთ დროს ძალიან მორცხვი და "ქრინჯი" ვარ ხოლმე.

- როგორ ფიქრობ, შეიძლება ადამიანი მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?

- კი, თუ საკმარისი თანხა აქვს, ფინანსურად უზრუნველყოფილია. სპეციალურად არ ვთხოვდები - ეს ჩემი არჩევანია. სხვას შეიძლება ჰგონია, რომ ვერ ვთხოვდები, მაგრამ სამჯერ მთხოვეს ხელი. რატომღაც, მარტოობა მირჩევნია, ვიდრე მუდმივად პარტნიორთან ყოფნა და "გათხოვილის" სტატუსი. მარტივია, უბრალოდ, "ბოიფრენდი" გყავდეს: შენ შენთვის იყო, ის - თავისთვის. თუკი ქალი ფინანსურად უზრუნველყოფილია, მარტო ყოფნა პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ქალების უმრავლესობა ქმარზე დამოკიდებულია. შესაბამისად, მარტო ყოფნა გაუჭირდება... ახლა რაღაც "ფლეშბექები" "წამოვიდა" - გამახსენდა, თავის დროზე როგორი ბედნიერი ვიყავი. ამიტომ ასე ვიტყვი: რა თქმა უნდა, მარტო ცხოვრება შესაძლებელია, მაგრამ მეორე ნახევართან ერთად ცხოვრება უფრო საინტერესოა...

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბოლოს როდის იმგზავრე?

- ალბათ, სტუდენტობისას. უბრალოდ, ახლა ხალხთან ურთიერთობა არ მიყვარს: სოციალური შფოთვითი აშლილობა მაქვს. სულ მირჩევნია, ტაქსი გამოვიძახო... საზოგადოებრივ ტრანსპორტს განა ვუკადრისობ? ბევრ ხალხთან ყოფნა ფიზიკურად არ შემიძლია - თითქოს სული მეხუთება... მას მერე, რაც ხალხმა გამიცნო, ინტროვერტი გავხდი. ცოტათი მეშინია...

- ბოლოს რომელი ფილმი ნახე კინოთეატრში?

- კინოთეატრში საერთოდ არ დავდივარ. იბიცაზე, მეგობარს თავისი კინოთეატრი აქვს. ბოლოს რაღაც კომედიური ფილმი იქ ვნახე...

- ამჟამად, რომელ სერიალს უყურებ?

- "ნეტფლიქსზე" სახალისო სერიალი - "ქაოსი" გამოვიდა. ბერძნული მითოლოგიაა გათანამედროვებული. ბოლოს ეს ვნახე.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- "პრაიმ ჰაუსში" ყოფნისას "პოზიტიური აზროვნების ძალას" ვკითხულობდი. რეალითი შოუს შემდეგ, საზღვარგარეთ წავედი, მერე კი წიგნზე კონცენტრირებას ვერ ვახდენდი... სხვათა შორის, სიახლე მაქვს - სმას თავი დავანებე. გაცილებით კარგად ვარ, წონას ვაკონტოლებ, დიეტას ვიცავ, ვვარჯიშობ... მოკლედ, მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ ფოკუსირებული. 2 თვეა, არ დამილევია. საერთოდ, სასმელი მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებს. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე "მთვრალ" ქვეყნად მიიჩნევა. შეიძლება ამ გარემოში ჩემი სმა თვალში არავის მოხვედროდა, მაგრამ უცხოეთში ყოფნისას მეგობრებიც მეუბნებოდნენ, რომ ძალიან ბევრს ვსვამდი, ანუ ალკოჰოლის ის დოზა, რასაც ვიღებდი, საქართველოში თუ ნორმალური იყო, უცხოეთში მეუბნებოდნენ, - კესო, მგონი, ალკოჰოლიკი ხარო (იცინის). რომ დავფიქრდი, მივხვდი, ამდენი ალკოჰოლის მიღება სისულელე იყო... ახლა უკეთ გამოვიყურები, სახის კანი უკეთეს მდგომარეობაში მაქვს...

- ადამიანებს რა ნიშნით აფასებ?

- ძალიან მომწონს თავაზიანი, ზრდილობიანი ადამიანები. ზოგს ჰგონია, რომ თუკი უხეშად მოიქცევა, ყურადღებას მიიქცევს. ჩემს შემთხვევაში, აბსოლუტურად პირიქითაა: 1 "გადაბრუნებული" სიტყვა საკმარისია, რომ მის მიმართ ინტერესი დავკარგო.

- შენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევ?

- სულსწრაფი ვარ. გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ, მაგრამ ეს "პლუსიც" არის და "მინუსიც": შეიძლება, ჩემი ცხოვრებიდან ადამიანები საერთოდ გავყარო, მერე კი ცოტა ვინანო, რომ ზედმეტი მომივიდა... ზარმაცი ვარ. ეს ჩემი ADHD-ის ბრალია.

- ADHD-ის დიაგნოზი ოფიციალურად გაქვს?

- კი, ოფიციალურად დამიდგინდა. ამ ტიპის მენტალურ აშლილობას ძალიან პოზიტიურად ვუყურებ. ამბობენ, რომ მოსახლეობის 70% აქვს. რამდენჯერაც მეგობრებს ვუთხარი, ყველა მეუბნებოდა, - მეც მაქვსო. ალბათ ADHD-ის ბრალია, რომ ვერ ვისვენებ და მუდმივად ვმოგზაურობ. ეს დაავადება რომ არა, შეიძლება, სახლიდან ფეხი არ გამედგა.

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?

- კი. ალბათ, ეს ყველას გვიგრძნია, როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით და შორეულ პერსპექტივას ვერ ვხედავთ, არ ვიცით, რა გვინდა... ყველაზე მეტად უსარგებლოდ მაშინ ვგრძნობ თავს, როცა მიზანი არ მაქვს... შეიძლება, უსარგებლოდ, არარაობად ვიღაც ცუდმა ადამიანმაც გაგრძნობინოს თავი, ვინც თავის კომპლექსებს მოგახვევს, მაგრამ ასეთი ხალხი უნდა ჩამოიშორო.

- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენია, რომლის გახსენების დღესაც გრცხვენია?

- არა (იცინის). ცხოვრებაში არაფერს ვნანობ, რადგან ყველაფერმა რაღაც მასწავლა. ამ საკითხს პოზიტიურად ვუყურებ. ალბათ, ცხოვრებისგან მაქსიმუმს იმიტომ ვიღებ, რომ დამარცხებას გაკვეთილად აღვიქვამ. აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილ საქციელსაც არ ვნანობ, რადგან ჭკუა ხომ ვისწავლე, არა?..

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?

- ჩემს ყოფილ შეყვარებულს ვესაუბრებოდი, რომელსაც გუშინ დავშორდი - ასე გადავწყვიტე. კონტრაცეპტივების მიღება დავიწყე, რაც ჩემს ჰორმონებზე ძალიან მოქმედებს. მოკლედ, მე და ჩემმა შეყვარებულმა ვიჩხუბეთ და დავშორდით... თითქოს ჩემი "სტერვობა", რაც საუბრის დასაწყისში ვახსენე, კონტრაცეპტივებმა "წინ წამოსწია". შეყვარებულმა რაღაც დააშავა. წინათ "ვუტარებდი", ვუთმობდი. თითქოს ჩემგან დათმობას მიჩვეული იყო. ახლა აღარ ვაპატიე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე... ახლა ყველაზე ხშირად ჩემს დას ველაპარაკები. დღესაც, 1 საათის წინ ვესაუბრე.

- შეყვარებულმა რა დააშავა?

- მოიცა, გავიხსენო (იცინის)... თბილისში უნდა ჩამოსულიყო და ვთხოვე, გადავდოთ-მეთქი. დამთანხმდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ძალიან ეწყინა. მართვის მოწმობის ასაღებად სასწავლო კურსს გავდიოდი და შეყვარებულს ყურადღებას ვერ მივაქცევდი. სახლში მარტო ხომ არ იქნებოდა? ამის გამო გაბრაზებული იყო, ბავშვურად მოიქცა...

- ეს ის შეყვარებულია, რომლის შესახებაც წინა ინტერვიუში მესაუბრე? მაშინაც პრობლემები გქონდათ...

- კი, ის არის.

- ანუ სავარაუდოდ, ისევ შეურიგდები, არა?..

- არა მგონია. დღეს თავად მომწერა, - მე და შენ არ დაგვისრულებია. ვიცი, კონტრაცეპტივებს იღებ, "ჰორმონებზე ხარ", გონება არეული გაქვს. როცა სიტუაცია დაგიბალანსდება, შემირიგდებიო. - იოცნებე-მეთქი. შერიგებას არ ვაპირებ. მინდა ცოტა ხანს მარტო ვიყო, რადგან 1 წელია, ერთად ვიყავით და მაინც ვფიქრობ, დროა, მორჩეს. ასაკით ჩემზე მგონი, ზედმეტად უფროსია. ხანდახან ეს საკითხი ცოტათი მაფიქრებს...

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- მიზნის მოძებნა, ლტოლვა ჩემი განსაკუთრებული მომავლისკენ... იცი, როგორ სიტუაციაში ვარ? სისხლში, კანში ვგრძნობ, რომ ძალიან განსხვავებული მომავალი უნდა მქონდეს, განსხვავებული უნდა ვიყო - ეს ჩემს თავს დავაჯერე. მინდა სხვა ადგილას, სხვანაირი პიროვნება ვიყო. მსურს, გარემო, ცხოვრება აბსოლუტურად შევცვალო. მგონია, იმხელა პოტენციალი, ენერგია მაქვს, რომ რასაც ხელს მოვკიდებ, გამომივა, მაგრამ ის საქმე და მიზანი არ მომიძებნია, რაც ჩემში ამ ყველაფერს გააღვიძებს. ვიცი, რომ არსებობს საქმე, რაც ძალიან მიმიზიდავს და მასში საუკეთესო ვიქნები - ალბათ, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერ ვიპოვე, მუდმივად "მოძრაობაში ვარ". ძალიან წარმატებული "სელებრითები" ამბობენ, რომ მთავარია, იმოძრაო: თუ 30 წლისას არ გამოგივა, 40 წლისას გამოგივა; თუ 40 წლის ასაკში არ გამოგივა, 60-ისას გამოგივა... მთავარია, ამის გჯეროდეს!..

ეთო ყორღანაშვილი