ლიკა შუკაკიძის "მთავარი ბედნიერება" და დიდი სურვილი
არასდროს არავის შესახებ არ ვამბობ, ეს როგორ გააკეთა? სულ მიკვირს, როგორ შეიძლება სხვის ცხოვრებაზე ასე თამამად ილაპარაკო და განსაჯო? ძალიან ლმობიერი ვარ", - ამბობს მსახიობი ლიკა შუკაკიძე. რა ისწავლა დაშვებულ შეცდომებზე, რა დროს კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, რა არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე და რა ენატრება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...12 აპრილი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. რაც საკუთარი თავი მახსოვს, სულ ეს სურვილი მქონდა. ვერ გეტყვი, კონკრეტულად რამ განაპირობა ამ პროფესიისადმი ინტერესი. ბავშვობაში თანატოლებთან ერთად წარმოდგენებს ხშირად ვმართავდი. ბევრი როლის შესრულებას საკუთარ თავზე ვიღებდი, ხან რეჟისორი ვიყავი და ეს თეატრალიზებული წარმოდგენები უზომოდ მაბედნიერებდა. მაშინ ჩვენი მაყურებლები ეზოს ბავშვები იყვნენ. როცა ვთამაშობდი, ყველაზე ბედნიერი გახლდით. დღესაც იგივე განცდა მაქვს - როცა ვთამაშობ, ბედნიერი ვარ. კოლეგებისგან არაერთხელ მსმენია, რომ პოპულარობა ცოტათი დამღლელია, შეიძლება ყოველთვის არ იყო ხასიათზე, პრობლემა გქონდეს, მაგრამ ქუჩაში მაყურებელი რომ გაჩერებს და ფოტოს გადაღებას გთხოვს, უნდა გაუღიმო. ამ დროს მაყურებლისგან წამოსული სითბო დადებითი ენერგიით მავსებს და უდიდეს მოტივაციას მაძლევს.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ვარ თავდაჯერებული. ამას ის ადამიანები ამბობენ, ვინც კარგად არ მიცნობს. ამ დროს პირიქით, თავდაჯერებულობა მაკლია, ძალიან მორიდებული ვარ და თავმდაბალიც.
- ის ადამიანები რას ამბობენ, რომლებიც კარგად გიცნობენ? მაგალითად, ოჯახის წევრები?
- შვილები მეუბნებიან, რომ თბილი დედა ვარ. მიხარია, იმდენ სითბოს თუ ვაძლევ, რამდენსაც იმსახურებენ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ვიქნებოდი მეტად გულისხმიერი, მეტ სითბოს გამოვხატავდი, მეტ სიყვარულს გავცემდი. სხვას არაფერს შევცვლიდი. ჩემს ცხოვრებაში უარყოფითი რამ თუ მოხდა, მას იმდენი და ისეთი დადებითი ამბებიც მოჰყვა, მენანება, შესაცვლელად ვერ გავიმეტებ.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო მაშინ, როცა სერიალ "შუა ქალაქში" ლიკა ტალახაძის როლის თამაში დავიწყე. მანამდეც ვთამაშობდი სხვა წარმატებულ სერიალში, მაგრამ ამ როლმა უდიდესი პოპულარობა მომიტანა, მაყურებლის სიყვარული ვიგრძენი. როდესაც ქუჩაში შენთვის სრულიად უცხო ადამიანი გხვდება, გიღიმის და თვალები უბრწყინდება, მასახიობისთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...საკუთარ თავს. მშობლების მადლიერი ვარ, სტუდენტობამდე მოსამზადებელი პერიოდის გავლა, მათი თანადგომის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. მშობლები ფინანსურად თუ მორალურად ყოველთვის მხარში მედგნენ, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ წარმატებული ვერ გახდები, შენი გასაკეთებელი თავად თუ არ გააკეთე.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს მშობლები, ძმა, შვილები... ახლობელი ადამიანები კარგად და ჯანმრთელად არიან. ესაა ჩემი მთავარი ბედნიერება, რომელიც პირდაპირ ახლობლების ბედნიერებაზე გადის.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...კომუნიკაბელურობა, თბილი ხასიათი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...სიახლეების, ახალი და საინტერესო გამოწვევების მიღების. შეიძლება ეს ეხებოდეს მოგზაურობას, პროფესიულ წარმატებას...
- სიახლეებს თამამად იღებ?
- ყოველთვის ყველა ახალი გამოწვევა ჩემთვის უდიდესი სიხარულის მომტანია, შეიძლება მერე არ აღმოჩნდეს ასეთი სასიხარულო და ვინანო კიდეც, მაგრამ სიახლეების მისაღებად ყოველთვის გახსნილი ვარ.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ახლა მიჭირს ამ წინადადების დასრულება (პაუზის შემდეგ). ადამიანებს არასდროს განვიკითხავ. არასდროს არავის შესახებ არ ვამბობ, ეს როგორ გააკეთა? სულ მიკვირს, როგორ შეიძლება სხვის ცხოვრებაზე ასე თამამად ილაპარაკო და განსაჯო? ძალიან ლმობიერი ვარ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...როდესაც შეცდომას დაუშვებ, უნდა აღიარო, გააანალიზო, შეიძლება ინანო, მაგრამ იმ სინანულში არ უნდა ჩარჩე, ცხოვრება უნდა გააგრძელო, ის შეცდომა დაივიწყო, მხოლოდ საჭიროების დროს შეიძლება გაიხსენო, რომ იმავენაირად აღარ მოიქცე. სხვა შემთხვევაში, ეს სიმძიმე თან არ უნდა ატარო.
- პატიება შემიძლია...
- ...ყველაფრის, განსაკუთრებით მათთვის - ვინც მიყვარს. უცნობებსაც შემიძლია ვაპატიო. მაგალითად, საჭესთან რომ ვზივარ და ვიღაც არასწორ მანევრს აკეთებს, იმ წუთში ვბრაზდები, მაგრამ თან ვფიქრობ, ვინ იცის, მის თავს რა ხდება.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...გრძელვადიან გეგმებს არ ვაწყობ, საერთოდ მომავალზე ნაკლებად ვფიქრობ. ახლო დღეების გეგმა შეიძლება მქონდეს. სულ მინდა, მადლიერი ვიყო დღევანდელი დღის და ხვალინდელი დღე მქონდეს ბედნიერი. ამ ბედნიერებაში კი ყველა ჩემი ახლობლის კარგად ყოფნა მოიაზრება. მინდა პლანეტაზე ომი არ იყოს, მშვიდობა და სიწყნარე სუფევდეს.
- ვნანობ...
- ...ოდესღაც დაშვებულ შეცდომებზე დიდხანს რომ ვიფიქრე და ბევრი დრო დავკარგე.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...უსამართლობას. რომ დავინახო, სრულიად უცხო ადამიანს უსამართლოდ ექცევიან, აუცილებლად მივალ, ჩავერევი, დავიცავ. ამ დროს სიმშვიდის შენარჩუნება არ შემიძლია. არ ვფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება უსიამოვნებაში აღმოვჩნდე.
- მეზარება...
- ...საცობში დგომა.
- სიყვარული ეს...
- ...არის მთავარი მამოძრავებელი ღერძი, რომელზეც დგას ჩემი არსება. სიყვარულის გარეშე არაფრის სურვილი არ მაქვს, არავინ ვარ. სიყვარული მაძლევს უდიდეს მოტივაციას.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...12 წლის ვიყავი, ბიჭი ჩემი თანაკლასელი იყო, 3 წელი გახლდით შეყვარებულები. პირველი სიყვარულში ის გამომიტყდა, ძალიან მესიამოვნა, გამიხარდა, მეც მქონდა გრძნობა და გულწრფელად ვუთხარი. ეს იყო ახალი, უცხო განცდა, ბედნიერი ვიღვიძებდი და ყველა დღე იყო დღესასწაული, რადგან სამყაროში ის არსებობდა.
- ვრისკავ...
- ...თამამად და ძალიან ხშირად.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ძალიან გურმანი ვარ და ამის გამო ხშირად მაქვს წონის პრობლემა.
- ბოლოს ვიტირე...
- ...2 დღის წინ. გარდაცვლილი დეიდაშვილი გამახსენდა და... მე ვარ ადამიანი, რომელსაც ხალხში ტირილი არ შეუძლია, ეს ალბათ კომპლექსიც არის. მერე მარტო რომ ვიკეტები, ძალიან ბევრს ვტირი.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...თუ შექება ჩემს პროფესიასთან კავშირშია, ამ დროს უბედნიერესი ვარ და როდესაც კომპლიმენტს მეუბნებიან, ამ დროს მრცხვენია და მერიდება.
- მეშინია...
- ...ახლობელ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნათ.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ...მინდოდა და ვერ გავბედე? ასეთი არაფერი მახსენდება. დღემდე ვერ შევეჩვიე ფრენას. ადრე შიში მქონდა, ეს შიში დავძლიე, ფსიქოლოგთანაც ვიარე, თავადაც ვიმუშავე საკუთარ თავზე. დღეს შიში აღარ მაქვს, მაგრამ ფრენა მაინც ძალიან არაკომფორტულია.
- ვუფრთხილდები...
- ...საყვარელ ადამიანებს და არა მხოლოდ მათ, სულ ვცდილობ არავის ვაწყენინო. ვუფრთხილდები ჩემს ძაღლს და თუთიყუშს.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ფულის სწორად ხარჯვა. ვერ ვანაწილებ, ვერ ვაკონტროლებ. მილიონი რომ მქონდეს, ალბათ ერთ დღეში დავხარჯავდი.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...დავეხმარებოდი ბავშვებს, რომლებსაც მშობლების მზრუნველობა აკლიათ, მოხუცებს უზრუნველ თბილ გარემოს შევუქმნიდი. ჩემს ახლობლებსაც დავეხმარებოდი. ჩემთვის რას გავაკეთებდი (პაუზის შემდეგ)? მანქანას გამოვცვლიდი და კარგ სახლს შევიძენდი.
- ვიტყუები...
- ...თითქმის არასდროს, ტყუილი ძალიან არ მიყვარს.
- თავისუფლებაა...
- ...როცა შეგიძლია, შენი თავი იმ დონზე გააკონტროლო, რომ სხვას ზიანი არ მიაყენო. აკეთო ის, რაც გახარებს და ბედნიერებას განიჭებს.
- მენატრება...
- ...მწვადი, ხინკალი, ჩიზქეიქი... ახლა დიეტაზე ვარ (იცინის).
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ძალიან ცოტას ვლაპარაკობ. ამ დროს კომუნიკაციაც მიჭირს.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...წლების წინ, ახლობელმა მითხრა: ყოველთვის უნდა იურთიერთო ადამიანებთან, რომლებიც შენზე მეტი არიან განათლებით, წარმატებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ წახვიდე წინ. მართალია, მეგობრებს ამ ნიშნით ვერ შეარჩევ, მაგრამ პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია გვერდით წარმატებული ადამიანები გყავდეს.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. გისურვებთ ბედნიერებას, თქვენი ოცნებებისთვის იბრძოლეთ!
- ლიკა, ცნობილი გახდა, რომ სერიალი "სიყვარულს მიღმა" მაყურებელს V სეზონით დაუბრუნდება, ამ სიახლის შესახებ რისი თქმა შეგიძლია?
- დიახ, ამ ინფორმაციამ ყველა ძალიან გაგვახარა. წინა სეზონი რომ დასრულდა, მაშინ გაგრძელების შანსი ნაკლებად განიხილებოდა. მსახიობებს გული კი გვწყდებოდა, მაგრამ შეგუებულები ვიყავით. გუშინ ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა, იმდენად მოულოდნელი იყო და იმდენად სასიხარულო, უკვე 2 დღეა ბედნიერებით სავსე ვარ. სერიალის მსახიობებს ერთმანეთთან კონტაქტი სულ გვაქვს. გარდა იმისა, რომ კოლეგები ვართ, ვმეგობრობთ.
- იმედია, ახალ სეზონზე აქტიური იქნება შენი პერსონაჟი.
- მეც ამის იმედი მაქვს. განსაკუთრებით აქტუალური ჩემი გმირი ბოლო სერიებში გახდა, სადედამთილოსთან ერთად გადაღებული სცენებიდან. ახალ სეზონზე ჩემი პერსონაჟის და მისი რჩეულის (გიგა დათიაშვილის გმირი) ცხოვრება ალბათ ახალი ინტრიგებით იქნება სავსე.
თამუნა კვინიკაძე