გიორგი და ინა ქალდანები დაძლეულ სირთულეებზე, ტატამზე დაწყებულ სიყვარულზე და მოტივაციად ქცეულ ტრაგედიაზე - გზაპრესი

გიორგი და ინა ქალდანები დაძლეულ სირთულეებზე, ტატამზე დაწყებულ სიყვარულზე და მოტივაციად ქცეულ ტრაგედიაზე

1 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - ასეთია პარალიმპიადის ქართული მონაპოვარი. წელს პარიზში ოლიმპიური და პარალიმპიური სპორტის ისტორიაში პირველად უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა, მეუღლეები გიორგი და ინა ქალდანები ერთ დღეს ორი (ვერცხლი და ბრინჯაო) მედლის მფლობელები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ინა მეორე ქართველი პარაათლეტია, ვინც მედლის მოპოვება ორ პარალიმპიადაზე შეძლო. ინა ტოკიო 2020-ის წინ გახდა დედა და მაშინ ვიცე-ჩემპიონობა დამიანე ქალდანს მიუძღვნა.

პარალიმპიურ თამაშებზე ყველაზე ძლიერი ადამიანები ასპარეზობენ.

- გიორგი, ინა, გილოცავთ ამ წარმატებას, ოჯახში უკვე სამი ოლიმპიური მედალი გაქვთ.

გიორგი:

- დიდი მადლობა ყურადღებისა და მოლოცვისთვის. მქონდა ბედნიერება, გამარჯვების სიხარული რამდენჯერმე განმეცადა, ამ პარალიმპიადამდე არაერთხელ მოვახერხე წარმატების მიღწევა და ჩვენი ჰიმნის აჟღერება. ეს საოცარი განცდაა. მინდა რაც შეიძლება ხშირად მეორდებოდეს. ახლაც ამ განწყობით გავედი საასპარეზოდ, რომ ჩემი ქვეყნის ჰიმნისთვის მომესმინა. ვერცხლის მედალი მოვიპოვე. ეს განვლილი ცხოვრების, შრომის დაფასებაა, ჩემს თავზე გამარჯვებაა. ვამაყობ, რომ ქვეყანა ვასახელე. ვფიქრობ, მომავალში კიდევ მაქვს იმის შესაძლებლობა და რესურსი, რომ შედეგი გავაუმჯობესო და ოქრო მოვიპოვო.

- ამას მთელი გულით გისურვებთ! ინა, თქვენი ემოცია გაგვიზიარეთ.

ინა:

- მე და გიორგის პარალიმპიადაზე ერთად არასდროს გვიასპარეზია, ეს თან საკმაოდ რთული იყო, თან კარგი, თან - უცხო... გიორგიმ უდიდესი მოტივაცია მომცა. იქ არსებობს სპეციალური მოსამზადებელი ოთახი, საიდანაც საასპარეზოდ გადიხარ. მე გიორგის ეკრანიდან ვუყურებდი და უფრო მეტად ვღელავდი, ვიდრე შემდეგ ჩემი ასპარეზობისას.

გიორგი:

- ინა ეკრანზე მიყურებდა, მაგრამ თავად საფინალო შეხვედრა რომ ჰქონდა, ვერ ვუყურებდი, იმ მიზეზით, რომ დაჯილდოებისთვის მამზადებდნენ. ეკრანთან არ მიშვებდნენ, მაგრამ როდესაც ვუთხარი, რომ ინა ჩემი მეუღლე იყო, მერე გამიშვეს და მთელი სტაფი, ყველა ჩემ გვერდით იყო, ინას გულშემატკივრობდნენ.

- პარალიმპიადის ისტორიაში ცოლ-ქმარს არასდროს უასპარეზია, არა?

- არა, მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც იაპონელი და-ძმა გამოდიოდა საასპარეზოდ, მათ ერთდროულად აიღეს მედალი. ჩემი და ინას შემთხვევა განსაკუთრებულია. წარსულში ჩვენ ევროპის ჩემპიონებიც ერთდროულად გავხდით. ერთ დღეს საქართველომ მიიღო ორი მედალი - ერთი ოჯახისგან და მიხარია, რომ ეს შევძელით.

- როდესაც საასპარეზოდ მიდიხართ, ვიცი, რომ თქვენი შვილისგან გაქვთ დავალება, მედალი მიუტანოთ. ამჯერად ორი მედლის ამბავს დამიანე როგორ შეხვდა?

- უზომოდ უხაროდა. ჩვენ აეროპორტში საქართველომ საოცარი დახვედრა მოგვიწყო. ჩვენი შვილი რომ მოვიდა და ჩავეხუტე, გაოცებული თვალებით იყურებოდა, ხალხის რეაქცია აკვირვებდა, საოცარი სანახაობა იყო. მომავალი თაობისთვის შეიძლება ეს გარდამტეხი მომენტიც კი აღმოჩნდეს და მოხარული ვიქნები, ახალგაზრდებისთვის ასეთი წარმატების ამბები სტიმულის მიმცემი თუ აღმოჩნდება.

- გიორგი, მიამბეთ, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ძიუდოში? როგორც ვიცი, მამათქვენის სურვილი იყო გეჭიდავათ.

- დიახ, ჩემი ოჯახი აფხაზეთიდანაა, სოფელ ბესლეთში ცხოვრობდნენ. ომის შემდეგ თბილისში რომ ჩამოვედით, მე 8 თვის ვიყავი. მოგეხსენებათ, მაშინ როგორი რთული პერიოდი იყო, ქუჩაში ათასი უბედურება ხდებოდა. მამას სპორტი უყვარდა და რომ წამოვიზარდე, ჭიდაობაზე შემიყვანა. სჯეროდა, რომ თუ ამ გზას დავადგებოდი, წარმატებას მივაღწევდი. მამა ვარჯიშებზე დამყვებოდა, უდიდეს ყურადღებას მაქცევდა, მქონდა წარმატებებიც. მერე კი ჩემს ცხოვრებაში ისეთი ამბავი მოხდა, რამაც დიდი კვალი დატოვა და ვფიქრობ, დღევანდელი შედეგიც მოიტანა.

- (პაუზის შემდეგ) გიორგი, მესმის, რომ ეს ამბავი თქვენთვის უმძიმესი გასახსენებელია, მამის გარდაცვალებას გულისხმობთ, არა?

- კი, ამ დღეზე ემოციის გარეშე ვერასდროს ვლაპარაკობ. შეჯიბრებაზე ვიყავი. ეს პირველი ასპარეზობა იყო, რომელზეც წარმატების მიღწევა მოვახერხე და ფინალში გავედი. მამა ყოველი წარმატებული შეხვედრის შემდეგ, ტატამთან მხვდებოდა, მეხუტებოდა, მილოცავდა, ისიც გახარებული იყო და მეც. ამჯერად კი ტატამიდან რომ გამოვედი, მამა ფეხზე აღარ იდგა, ძირს იწვა, მაგრამ ცოცხალი იყო და მაშინ ბოლო სიტყვები მითხრა; დამიბარა: წარმატებისთვის მიმეღწია და ოჯახისთვის მიმეხედა, მაშინ 13 წლის ვიყავი. ყველა გამარჯვებას მამის ხსოვნას ვუძღვნი.

- ასეთი ამბის შემდეგ, არ გაგიჭირდათ ეს საქმე გაგეგრძელებინათ? თუ მომხდარი უფრო დიდ მოტივაციად იქცა?

- ძიუდოს კლუბი ძალიან დამეხმარა. ჩემი მწვრთნელი კარენ არუთინიანი დიდ ყურადღებას მაქცევდა. სულ ცდილობდა, ამ სპორტში დავრჩენილიყავი, მისი დამსახურებაა რომ ამდენს მივაღწიე. 17 წელი გავიდა იმ დღიდან და ამდენი ხანია, ამ შედეგზე ვოცნებობ. ვფიქრობ, ის ბიჭი ვარ, ვინც მამას დანაპირები მეტ-ნაკლებად მაინც შეუსრულა. ვთვლი, რომ ეს შედეგი "ბოლო გაჩერება" არ არის, აუცილებლად მეტს უნდა მივაღწიო.

- ეს გზა როგორი იყო, ბევრი კარიერული სირთულის დაძლევა მოგიხდათ?

- ძალიან რთული იყო. მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრი კარგი სპორტსმენია და შესაბამისად, უდიდესია კონკურენცია. რაღაცნაირად მჯეროდა, ყველაფერს სწორად თუ გავაკეთებდი, წლების განმავლობაში თუ არ დავიღლებოდი და ვიშრომებდი, დიდ წარმატებას მივაღწევდი. არასდროს მიფიქრია, თავი დამენებებინა, დაბრკოლებებს არ შევუშინებივარ, ამ საქმეზე ხელი არასდროს ჩამიქნევია. ბოლო წლებში ხელზე ტრავმა მივიღე, ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. პირველი ოპერაციის შემდეგ საჭირო გახდა მეორე ოპერაციის გაკეთება, წინა ოლიმპიადაზე ამ მიზეზით გავჩერდი. პირველი ოპერაციის დროს გავიფიქრე, ნუთუ ეს 20-წლიანი თავდაუზოგავი შრომა ასე დამთავრდება და თაროზე შემოიდება-მეთქი? ეს წამიერი გაფიქრება იყო, რომელიც თავადვე ვერ დავიჯერე და გაძლიერება მოვახერხე. მადლობა უფალს, ყველა შეჯიბრებაზე მისგან უდიდეს მადლს ვგრძნობ. ახლა პარალიმპიადაზეც დარწმუნებული ვიყავი, რომ მედალს მოვიპოვებდი. ასპარეზობის წინ, ვიდეოც კი ჩავწერე, მომავალში ვუყურებ-მეთქი.

- ამ ვიდეოში რას ამბობთ?

- ჩემს თავს ვუთხარი, დღეს შენი დღეა, ოლიმპიური ჩემპიონი გახდები-მეთქი.

- დღეს ხელზე როგორი მდგომარეობა გაქვთ?

- კიდევ მაწუხებს, მაგრამ მაქვს პერიოდები, როდესაც კუნთის გაძლიერებას ვახერხებ. ისეთი რამ მჭირს, მგონი, ეს ხელი ყოველთვის შემაწუხებს.

- ინა, თქვენ შესახებ მიამბეთ, ტატამზე როგორ აღმოჩნდით?

- ჩემი კლასელის მეზობელი გოგო მწვრთნელი იყო. ის სულ ცდილობდა, გოგონებში ამ სპორტის პოპულარიზაცია მოეხდინა, ქალთა ძიუდოს შესახებ მეტს გაეგო. ვარჯიშის დაწყება მან შემომთავაზა. მეც მივედი და დღემდე ამ სპორტში ვარ.

- არ გეუბნებოდნენ, ჭიდაობა გოგოს საქმე არ არისო?

- ყველა მაგას მეუბნებოდა.

- ოჯახის წევრები?

- ოჯახის წევრებიც არ იყვნენ მოხიბლული ჩემი გადაწყვეტილებით, მხოლოდ ბაბუა მგულშემატკივრობდა. დედა, ბებია მირჩევდნენ, ცეკვაზე მევლო.

3-1726485140.jpg

გიორგი:

- სამაგიეროდ, დარბაზში ეტყობოდა, რომ ტალანტი იყო.

- თქვენი პირველი შეხვედრა როგორ გახსოვთ?

- მაგას რა დამავიწყებს (იღიმის). ერთმანეთს პირველად დარბაზში შევხvდით, მაშინ ინა ცოტათი პატარა იყო, მაგრამ შესამჩნევი, საყვარელი გოგო თავიდანვე თვალში მომხვდა. მისი ვარჯიში და შესაძლებლობებიც შთამბეჭდავი იყო. ჩვენ ერთ კლუბში ვვარჯიშობდით. მერე წამოვიზარდეთ, ერთმანეთი მოგვწონდა.

- სიყვარულის ახსნაც ტატამზე ხომ არ ყოფილა?

- (იცინიან) არა, ტატამიდან დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი. დიდხანს ამაზე სიტყვებით არ ვლაპარაკობდით, მაგრამ ყველაფერი თვალების კონტაქტით იგრძნობოდა. ვფიქრობ, ინა დანახვისთანავე შემიყვარდა.

ინა:

- სიყვარულის ახსნა ჩემთვის ძალზე ამაღელვებელი იყო.

- რა დოზით არის რომანტიკა თქვენს ურთიერთობაში?

გიორგი:

- მე რომანტიკით არ გამოვირჩევი, მაგრამ ახლა ოლიმპიადაზე ფაქტი, რომ მეუღლეები ერთ დღეს გავედით, ორი მედალი ავიღეთ, თან ეს ყველაფერი პარიზში მოხდა, პირდაპირ ეიფელის კოშკთან... მგონი, მეც კი ნელ-ნელა რომანტიკული გავხდი (იცინის).

- სასიამოვნო მოულოდნელობა თქვენს ურთიერთობაში ხშირად არის?

- ეგ უფრო ინას სტიქიაა. მან იცის, მოულოდნელად როგორ უნდა გაგახაროს.

ინა:

- გიორგი, ის ამბავი გაიხსენე, ფოტოებით რომ მოგიწყვე.

გიორგი:

- ერთ დღეს გავიღვიძე, ოთახში გავედი და ვხედავ, სადღესასწაულო ლენტებია გაბმული, ამ ლენტებზე ჩვენი ფოტოებია თანმიმდევრულად მიმაგრებული, შეყვარებულობის, მერე ცოლქმრობის პერიოდის ფოტოები, მერე მე და ინა ვმრავლდებით და დამიანეს ფოტოები ემატება. ჩვენი განვლილი გზის ამ ფორმით ნახვა სასიამოვნო სანახავი იყო. ინა ცხოვრებას მიფერადებს.

6-1726485129.jpg

ინა:

- ამ ყველაფერს მთელი ღამე ვაწყობდი, თითქმის არ მძინებია, არადა, მეორე დღეს ლექციები მქონდა.

- როგორც ვიცი, მხედველობის პრობლემის გამო გადაინაცვლეთ პარასპორტში. ექიმები გიკრძალავენ დატვირთვით ვარჯიშს.

- დიახ. იმასაც მეუბნებოდნენ, რომ მშობიარობაც რისკის შემცველი იყო. არ ვნებდები, ყველაფერი გამოკვლეულია და ისე ვმოქმედებ, რომ დამატებითი საფრთხე არ შემექმნას.

- ამ სპორტში რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია?

- გიორგის ვარჯიშს რომ ვუყურებ, გაოცებული ვარ. მას აქვს უნარი მუდმივად ივარჯიშოს, არც დრო იცის, არც ზომა. მისი ეს შემართება ჩემთვის გადამდებია.

გიორგი:

- უდიდესი მოტივაციაა ქართველი გულშემატკივარი. როცა საქართველოს ნაკრებში ხარ, უდიდესი პასუხისმგებლობაა, შენი თავი არ გაძლევს უფლებას, ვარჯიშს რამე მოაკლო. ბედნიერი ვარ, ამ ბოლო დროს სპორტში ყველა მხრიდან წარმატება მესმის, არ ვიცი, ასეთი რა მადლი აქვს ამ პატარა ქვეყანას. ეს წარმატების ტალღა ყველას გადაედება და გვაერთიანებს. დახვედრაც ისეთი მოგვიწყვეს, ამან გამაბედნიერა.

- რას ნიშნავს თქვენთვის ძიუდო?

ინა:

- ჩემი ცხოვრებაა, ცხოვრების წესია.

გიორგი:

- ულამაზესი სპორტია თავისი წესებით, პატივისცემით, დაფასებით... ბევრ რამეს გვასწავლის. ერთი დღეც კი ვერ წარმომიდგენია ძიუდოს გარეშე.

- პარიზში ქართველი პარასპორტსმენები ერთად იყავით. წარმომიდგენია, იქ როგორი ერთობა გექნებოდათ, ერთმანეთს როგორ უგულშემატკივრებდით.

- იქ მართლა საოცარი მუხტი და ენერგია იყო. გუნდის თითოეული წევრი მაქსიმუმს აკეთებდა, რომ ქვეყნისთვის წარმატება მოეტანა. პირველივე დღეს მედალი მოვიპოვეთ და ეს ისეთი გადამდები იყო, ისეთი გახარებულები ვიყავით, შეუძლებელი გახლდათ, ბოლომდე არ დახარჯულიყავი. სხვა ქვეყნებმა გიგა ოჩხიკიძის ოქრო და დამყარებული რეკორდი რომ გაასაჩივრეს, ყველამ განვიცადეთ. მადლობა რატი იონათამიშვილს, ბოლომდე რომ იბრძოლა და არავის არაფერი დაუთმო. ვუყურებდი იქ ქართველებს და საოცრად ამაყი ვიყავი.

- თქვენ ამ წარმატებით, გარკვეული თანხა გამოიმუშავეთ. რამე კონკრეტული მიზნისთვის ხომ არ გაქვთ ჩაფიქრებული?

- მაქსიმალურად ვეცდებით, ამ თანხით კარგი საქმეები გავაკეთოთ, ნაწილი ოჯახსაც მოვახმაროთ. სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა იყო უმნიშვნელოვანესი და უდიდესი სტიმულის მომცემი. დღეს სპორტი ფასდება. აეროპორტში ქალბატონი თეა წულუკიანი დაგვხვდა; პრემიერმა დაგვირეკა, მოგვილოცა. ეს ყურადღება სპორტსმენისთვის ბევრს ნიშნავს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ჩვენს პარალიმპიურ კომიტეტს. ექიმებმა დიდი როლი ითამაშეს, მე ხომ მაქვს ტრავმა, მაგრამ ინას ფეხზე ისეთი რთული პრობლემა აქვს, ექიმები ხელისგულზე ატარებდნენ, ოლიმპიადამდე რომ მიეყვანათ. სპორტში ინა ლეგენდა გახდა. მადლობა თქვენ, მწვრთნელებს და საერთოდ ყველა გულშემატკივარს.

- მადლობა თქვენ, ყველა მიზნისთვის მიგეღწიოთ!

თამუნა კვინიკაძე