"რთულია, როცა შენ მიერ აშენებული შენ თვალწინ ინგრევა"
მაგრამ ამ პლატფორმის მეშვეობით, საზოგადოებამ ბევრი საინტერესო ადამიანიც გაიცნო. ერთ-ერთი მათგანი 28 წლის გიორგი მახარაშვილი გახლავთ, რომელსაც სოციალური ქსელებიდან პერსონაჟით - ზინაიდა იცნობენ... გიორგიმ თავისი ცხოვრების ის ეპიზოდები გულახდილად გაგვიზიარა, რომლებიც შეიძლება, ბევრისთვის მოტივაციის მიმცემიც აღმოჩნდეს...
- "ტიკტოკზე" აქტიურობა 2019 წელს, პანდემიამდე დავიწყე. მერე, როცა პანდემია დაიწყო და ყველანი სახლებში დავსხედით, "ტიკტოკზეც" მეტად გავაქტიურდით. მაშინ ეს პლატფორმა ბევრად განსხვავებული იყო, ვიდრე ახლაა - სხვანაირი აურა ტრიალებდა. ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა... თავდაპირველად, "ტიკტოკი" ვიდეოების დასამუშავებელი აპლიკაცია მეგონა, სადაც ადამიანს შეგეძლო, ვიდეოები მოგეჭრა და ფერები, მუსიკა "დაგედო"... "ტიკტოკზე" რამდენჯერმე შევედი, რომ ვიდეო "გამეკეთებინა". ერთხელაც ჩემს ვიდეოზე, რომელიც არც კი ვიცოდი, რომ საჯაროდ იყო გამოქვეყნებული, კომენტარები დამხვდა - საშინლად მლანძღავდნენ (იცინის). იუმორისტული ვიდეო იყო. პერსონაჟი - ზინაიდა სწორედ მაშინ შეიქმნა. ზინაიდაში ბევრი ადამიანი მოიაზრებოდა, მათ შორის - ჩვენი დიასახლისი (სამსახურში) და ასევე - ბებიაჩემი (მამაჩემის დედა). ბებოს აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს. ვიდეოები ძირითადად, მის გამონათქვამებზე, აზრებზე ავაგეთ. დღევანდელობასთან დაკავშირებული მისი შეხედულებები ახლაც სახალისოა. ჩემს ვიდეოებში ძალზე ცნობილი იყო გოგონა - ეკა, რომლის სიცილზეც ყველა გიჟდებოდა. ძირითადად, ჩემი პერსონაჟი - ზინაიდა მას რჩევებს აძლევდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ნამდვილი ქალი, როგორ გათხოვილიყო, აერჩია ქმარი და ა.შ. ზინაიდას მოსაზრებების გაჟღერებისას, ბებოს შეხედულებები ცოტათი კიდევ უფრო "დავამძიმე", მაგრამ რეალურად, ბებო მართლა ფიქრობს, რომ თავისუფლები კი არა, გარყვნილები ვართ (იცინის). წინა საუკუნის შეხედულებები აქვს. შეიძლება, რაღაცებში ნაწილობრივ მეც ვეთანხმებოდე, მაგრამ ნაწილობრივ - ძველმოდური და გადამეტებულია. მაგალითად, მისთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა ოჯახი დაანგრიოს. მისი აზრით, ყველაფერს უნდა გაუძლო. ბებიაჩემისთვის მიუღებელია, რომ ქალს ტატუ ჰქონდეს, სიგარეტს ეწეოდეს, საღამოს საათებში გარეთ იყოს... დღევანდელ რეალობაში ეს ხომ საშინელებაა, არა? ქალის დაკნინება, ქალთა უფლებების გათელვაა, რაშიც ბებოს არ ვეთანხმები. სულ მეკითხებოდა, - შეყვარებული გყავსო? მეც ვეუბნებოდი, - კი, სიგარეტს ეწევა, ტატუები აქვს-მეთქი. ამაზე გიჟდებოდა... იმ ეპოქამ, რომელშიც გაიზარდა, ცხოვრების იმ სტილმა, "წითელმა ლენტმა", სტალინ-ლენინმა ასეთი მსოფლმხედველობა ჩამოუყალიბა. არ ვამტყუნებ - ის და მისი თაობის წარმომადგენლები ასეთ ყოფაში, დიქტატურაში გაიზარდნენ.
- ბებოს თქვენი ტიკტოკვიდეოები ნანახი აქვს?
- არა, რადგან მისთვის მხოლოდ ტელევიზორში აქუბარდია არსებობს, მეტი არაფერი (იცინის).
- როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- მის აზრს პატივს ვცემ. ძალიან იშვიათად ვნახულობ, რადგან მანძილი გვაშორებს - მუხრანში ცხოვრობს (წარმოშობით იქიდან ვარ). 87 წლისაა. მშრომელი, ჯანმრთელი ქალია. არ მახსოვს, წამალი დაელიოს, ავად გამხდარიყოს... როცა ვნახულობ, ამ თემებზე არ ვკამათობთ, რადგან კარგად მაქვს გააზრებული, როგორ სოციუმში გაიზარდა. იმ ეპოქის ადამიანები დაპროგრამებულები იყვნენ: "შრომა, შრომა და შრომა!" - მათი მთავარი ამომავალი წერტილი ეს იყო.
- რა პერიოდი გაქვთ ბებიასთან გატარებული?
- მასთან 5 წლამდე ვიზრდებოდი, შემდეგ - დედასთან. დედის დედამ გამზარდა. ის თანამედროვე ქალი გახლავთ - ბევრად თავისუფალი, განსხვავებული შეხედულებები აქვს. ამიტომ, ბავშვობიდან 2 ეპოქის ჭიდილი მაქვს (იცინის)...
- მამაზე არაფერი გითქვამთ...
- მშობლები დაშორებულები არიან. ეს ცოტათი მტკივნეული ამბავია... მამასთან ურთიერთობა ბოლო წლებში უფრო მაქვს, ვიდრე ბავშვობაში მქონდა. შესაბამისად, შეუძლებელია, მასზე ბევრი რამ ვთქვა - ამ კუთხით, ჩემი ბავშვობა ცარიელია, თუმცა მადლიერი ვარ, რომ დღეს ამ სამყაროში გახლავართ, მამის დამსახურებით...
- როგორ გარემოში გაიზარდეთ, რა მიზნები გქონდათ?
- საშინლად მშვიდი ბავშვი ვიყავი. ჩემთვის შენიშვნა არასდროს არავის მოუცია. შეიძლებოდა, ერთი ხელი ტანსაცმელი მთელი კვირა მცმოდა, რადგან ვუფრთხილდებოდი, არ ვსვრიდი... მოსწავლეობისას უკვე ძალიან აქტიური ვიყავი. ლიდერობა მიყვარდა. სკოლაში ჩემი გაზეთი - "კლასის ხმა" მქონდა, რომელშიც მაშინდელი ჭორების შესახებ ვწერდი, ასევე - სამეფო ქორწილებზე, მასწავლებლების ცნობილ გამონათქვამებზე... ყველაფერს ვაშარჟებდი, რაც შემეძლო. მთელი ბავშვობა ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ განგებამ სხვაგან "გადამისროლა": პროფესიით მზარეული ვარ. 15 წლიდან მუშაობა დავიწყე. პარალელურად, სკოლაში ვსწავლობდი. შემდეგ თავისუფალ უნივერსიტეტში, კულინარიის აკადემია დავამთავრე. სარესტორნო საქმეში 11 წელი გავატარე, ბოლო წლებში უკვე მენეჯერად ვმუშაობდი. ეს სფერო ძალიან მიყვარდა, მაგრამ უკვე წელიწად-ნახევარია, ტურიზმის სფეროში გადავინაცვლე. ვფიქრობ, ჩემი ხასიათის შესაფერისი პროფესია ვიპოვე, რადგან ბევრი ბოდიალი, ადამიანები, მათი გაცნობა, გარემოს შეცვლა მიყვარს. მოგზაურობა ისაა, რაც თავს ყველაზე კომფორტულად მაგრძნობინებს.
- სკოლის მოსწავლემ მუშაობა ფინანსური საჭიროების გამო დაიწყეთ თუ უბრალოდ, დამოუკიდებლობა გსურდათ?
- მდიდარ ოჯახში არ გავზრდილვარ. დედა ემიგრანტია. 16 წელია საბერძნეთში ცხოვრობს. მახსოვს, მთელი ბავშვობა გვიჭირდა. დედა სულ იბრძოდა, რომ ყველაფერი გვქონოდა, რაც იმ დროისთვის საჭირო იყო... რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობა ძალიან მინდოდა, ხან გამომდიოდა, ხან - არა, მაგრამ უსაქმურად ჯდომა სწორად არ მიმაჩნდა, თან, ამით ვერთობოდი. სკოლისგან თავისუფალ დღეებში ვმუშაობდი, მაგალითად - ზაფხულის არდადეგების დროს.
- კულინარიიდან ტურიზმის სფეროში როგორ მოხვდით?
- "ტიკტოკზე" აქტიურობის პარალელურად, როცა ჩემი პერსონაჟი პოპულარული გახდა, ჩემი კაფე - "ზინაიდასთან" გავხსენი. ხშირად ხალხი იმიტომ მოდიოდა, რომ მე ვენახე, რაც ვერ ამიხსნია. კაფეს 2 ფილიალი ჰქონდა. ერთი მათგანი ჩემს მშობლიურ მუხრანში იყო: ჩემი მოსწავლეობის პერიოდში, მუხრანში არ იყო სივრცე, სადაც ახალგაზრდები შევიკრიბებოდით. ამიტომ მინდოდა, კაფეს ეს დატვირთვა ჰქონოდა, ასეთი სივრცე ყოფილიყო... მეორე ფილიალი ბაკურიანში, ოლიმპიადის პერიოდში გავხსენით. სამწუხაროდ, ბევრი შეზღუდვის დაწესების გამო, არა მხოლოდ ჩემი კაფე, არამედ ბევრი რესტორანი გაკოტრდა. ჩემთვის ეს დიდი იმედგაცრუება იყო, რადგან ყველაფერი საკუთარი ხელით მქონდა აშენებული: მე და ჩემმა მეგობარმა კაფეს გახსნა 400 ლარით დავიწყეთ. ეს სასაცილო თანხაა და შეიძლება, ვინმესთვის მოტივაცია გახდეს. უბრალოდ, ფართობი დავიქირავეთ, მეტი არაფერი გვქონდა. დიდი მონდომებით, მეგობრების, ახლობლების დახმარებით, ბევრი რამე შევძელით: კედლები საკუთარი ხელებით შევღებეთ, ჭაღები გავაკეთეთ... როცა კაფე დავხურეთ, 1 თვე დეპრესიაში ვიყავი - რთულია, როცა შენ მიერ აშენებული შენ თვალწინ ინგრევა... შემდეგ ჩემმა მეგობარმა - თედორემ, რომელიც ახლა ჩემი ბიზნესპარტნიორია, მითხრა, - ტურები გავაკეთოთო. - ვუპასუხე, - ხომ არ "გააფრინე"? ტურში ვინ გამომყვება-მეთქი?! რაღაცნაირად, დამაძალა... მესხეთში წავედით და მესხეთის ტური შევადგინეთ, რომელიც აღმოჩენა იყო! მომხმარებლებს გასტროტურებს ვთავაზობთ ანუ შიდა ტურებში არა მხოლოდ ღირსშესანიშნაობებს, მონასტრებს, მუზეუმებს ვაცნობთ, არამედ ოჯახებში მიგვყავს და ავთენტური კერძების მასტერკლასებს ვუტარებთ, თუ როგორ ამზადებდნენ საჭმელს ძველ დროში. სადილი მრავალწლიან ოდაში გვაქვს და არა - რესტორნებში... დღემდე ყველა ტურს დავყვები - გიდი თავად ვარ. გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესო, დატვირთული ტურია, ასევე ძალიან ვმხიარულობთ... შემდეგ ტურისტული სააგენტო ჩამოვაყალიბეთ - "გამყვანი" (უცხოეთის) ტურებიც დავიწყეთ. ახლაც ბევრ ადამიანს მოტივაციას მივცემ: ტურიზმში არანაირი განათლება არ მქონია. ისიც კი არ ვიცოდი, თვითმფრინავის ბილეთი როგორ უნდა მეყიდა. დღეს ქვეყანა, ქალაქი რომ დამისახელო, მისი აეროპორტის კოდს ზეპირად გეტყვი. ამიტომ სულ ვამბობ, - მთავარია მოინდომო და საყვარელ საქმეს გაჰყვე. დღეს ერთ-ერთი წარმატებული სააგენტო გვაქვს. ჯგუფურ ტურებსაც ვაკეთებთ და ინდივიდუალურსაც - საფრანგეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში... ახლა ტაილანდის ტურებს ვიწყებთ. მალე კიდევ ბევრ ქვეყანას მოვიცავთ.
- უცხოეთში მანამდე ნამყოფი არ იყავით, ვიდრე ტურისტულ სააგენტოს არ შექმნიდით?
- სოციალურ ქსელში ჩემმა აქტიურობამ ის მომიტანა, რომ ერთ დღეს "ფეისბუკზე" სალომე ბერაია დამიკავშირდა და ეგვიპტეში, მედიატურში მონაწილეობა შემომთავაზა. მაშინ რესტორანში ვმუშაობდი და სოციალურ ქსელში ბლოგები მქონდა. ვერ დავიჯერე - სრულიად უცნობ ადამიანს ეგვიპტეში რატომ მეპატიჟებოდნენ?! გავყევი და მოგზაურობით იქ "მოვიწამლე", ისეთი საოცარი იყო!.. შემდეგ გახლდათ ანტალიის მედიატური...
- ტურიზმის სფეროში საქმის წამოწყებისას შექმნილ სირთულეებზე რას გვეტყვით?
- საქართველოში 2000-ზე მეტი ტურისტული სააგენტოა. ასე რომ, ბაზარზე შემოსვლა რთული იყო. თან, იაფი, დაბალბიუჯეტიანი ტურები არ მაქვს. სოციალურ ქსელში კვლავ ჩემი აქტიურობა, ბევრი გამომწერის ყოლა დამეხმარა, რომ ბაზარზე მარტივად შევსულიყავი.
- კულინარიის სფეროში განათლება ალბათ, გასტროტურებში ძალიან გეხმარებათ, არა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად, ბევრი რამ არ ვიცით, რა საოცარ ტრადიციებსაც ჩვენი ქვეყნის კუთხეები მალავს. გასტრონომია, კულინარია გეხმარება ადამიანს, რომ ესა თუ ის კუთხე შეიცნო...
- გიორგი, როცა თქვენთვის უცნობი ადამიანები საჯარო ადგილებში გხედავენ, როგორი რეაქცია აქვთ?
- ტურისტულ სააგენტოშიც რომ რეკავენ, ძირითადად, მეუბნებიან, - თქვენი სახელი არ ვიცით. როგორ მოგმართოთ, ზინოთი თუო (იცინის)?.. ქუჩაშიც თითქმის იგივე ხდება... ამ პერიოდში, როცა მუდმივად ცუდი აურა ტრიალებს, სრულიად უცნობი ადამიანები ჩემ მიმართ სიყვარულს რომ გამოხატავენ, ძალიან მაგარი განცდა მეუფლება - ამას ვერაფრის ფასად ვერ იყიდი...
- თქვენს პერსონაჟს სახელად ზინაიდა რატომ შეურჩიეთ?
- სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს. ეკამ მკითხა, - ვინ ხარ, ვისი ხმით საუბრობო? უცებ ვუპასუხე, - ზინაიდა-მეთქი! ბოლოს კიდევ რაღაც ფრაზა დავაყოლე, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვი (იცინის)...
- იმ პირველი ვიდეოს შესახებ მოგვიყევით, რომელიც გამოაქვეყნეთ და რომლის გამოც გლანძღავდნენ. რამ მოგცათ მოტივაცია, რომ ვიდეოების გადაღება გაგეგრძელებინათ?
- ვიდეოში არაგვის პირას ვზივარ. მოგეხსენებათ, არაგვში როგორი ცივი წყალია... დინებამ წამიღო, მუხლებზე კანი გადახეთქილი მქონდა. სიცივისგან ვკანკალებდი და ზინაიდას ხმით ვჯაჯღანებდი... სრულიად პოზიტიური ვიდეოს გამო, ვიღაცები "შემოვარდნენ" და ლანძღვა დამიწყეს. ჯანსაღ ადამიანებს აგრესია არ უნდა გასჩენოდათ... თავდაპირველად, მწყინდა, განვიცდიდი. როგორია, როცა არავისთვის არაფერი დაგიშავებია, მაგრამ გლანძღავენ, გაგინებენ?!. პირადშიც მიმიწერია, - შენთვის რა დამიშავებია-მეთქი?.. ახლა ნეგატიურ კომენტარებს უზმოზე ყავას ვატან ხოლმე (იცინის). პირველ ვიდეოზე დადებითი კომენტარებიც ეწერა, რა თქმა უნდა - მხოლოდ ლანძღვა არ ყოფილა. ცუდ კომენტარებს დღესაც წერენ, ეს ნორმალურიცაა, რომ ყველას არ უნდა მოსწონდე. თუ ყველას მოსწონხარ, ე.ი. რაღაცაშია საქმე - უნდა გაფრთხილდე, იმ გარემოს გაეცალო...
- ამჟამად, თქვენი ყოველდღიურობა როგორია? სოციალურ ქსელებს რამდენ დროს უთმობთ?
- რადგან საქმეში თავით ვარ გადაშვებული, იუმორისთვის დრო თითქმის არ მრჩება. თან, მარტო ვმუშაობ: მოგზაურობების დაგეგმვა, ფრენები... საქმის გამო იძულებული ვარ, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ვიყო, მაგრამ აღვნიშნავ, რომ დღეს "ტიკტოკი" და საერთოდ, სოციალური ქსელი იმისგან აბსოლუტურად განსხვავებულია, რაც უწინ იყო, არაჯანსაღ გარემოდ იქცა. იუმორისტული ან ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა კი არა, დაძაბულობის, ჩხუბის, გარჩევების, ფულის აგროვების მარტივი გზაა. საერთოდ, ვერ ვხვდები, საღ-სალამათ ადამიანს პირადი ანგარიშის ნომრის საჯაროდ დაწერა რატომ უნდა გჭირდებოდეს, ხალხმა რომ ფული ჩაგირიცხოს?!.
- ახლა გვითხარით, თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- არაფერი. "მინდვრის თაგვივითა ვარ". პირადი ცხოვრება, ზედმეტი პასუხისმგებლობები ჩემი საქმე არ არის. სულ ვამბობ, - ჩემი ქონება თხებს უნდა დავუტოვო-მეთქი (იცინის)...
ეთო ყორღანაშვილი