"სასიხარულოსთან ერთად, ეს დღე სევდიანიც იყო"
წელს აბიტურიენტი გახლდათ. გამოცდებს წარმატებით გაართვა თავი და უკვე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია...
- ნინი, გილოცავ სტუდენტობას! როგორი შეგრძნება გაქვს?
- დიდი მადლობა! რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ, რადგან მთელი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი სტრესი იყო გამოცდებისთვის მომზადება, კერძო მასწავლებლებთან სიარული... თან, ეროვნულების გარდა, თეატრალური უნივერსიტეტის შიდა გამოცდებისთვის ვემზადებოდი. შრომა რომ დამიფასდა, გამიხარდა.
- განიხილავდი, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი ისე არ ყოფილიყო, როგორც გინდოდა?
- რა თქმა უნდა. 20 ფაკულტეტი მეწერა ვარიანტებად (იცინის). ამდენად თავდაჯერებული არ ვყოფილვარ, რომ მხოლოდ 1 გეგმა მქონოდა. მართალია, მსახიობობის გარდა, სხვა არაფერი მინდოდა და შეიძლებოდა, სხვა არაფერი გამეკეთებინა, მაგრამ ვარიანტები მაინც მქონდა.
- ყველაზე "ახლო" ვარიანტად რას მოიაზრებდი?
- ვარიანტებად არ მეწერა, მაგრამ ამ ეტაპზე, თეატრალური უნივერსიტეტის მერე, ჩემი არჩევანი კონსერვატორია იქნებოდა. ვარიანტებს რაც შეეხება, თუ სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლა ვერ მოხერხდებოდა, ისევ თეატრალურში, ხელოვნებათმცოდნეობას, თეატრმცოდნეობას ან რამე სხვა ფაკულტეტს ავირჩევდი...
- გამოცდების სირთულის ხარისხზე რას გვეტყვი?
- შიდა ტურებს რაც შეეხება, რატომღაც, მთელი წელი მეგონა, რომ ეს პერიოდი არასოდეს დადგებოდა. ამიტომ ძალიან არ ვნერვიულობდი, მაგრამ ამის დრო რომ მოვიდა, ნერვიულობა დავიწყე, რადგან არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის რთული იყო. პირველ და მეორე ტურზე არ მინერვიულია, რადგან დღის 12 საათზე იყო დანიშნული და ნერვიულობას ვერ ვასწრებდი: დილით ვდგებოდი, ვწესრიგდებოდი და მაშინვე გამოცდაზე მივდიოდი... მესამე ტური საღამოს მქონდა. გამოცდაზე მთელი დღის ნანერვიულები შევედი. თან დავიღალე, თან - სიცხე იყო... ძალიან სტრესული გახლდათ... ერთიან ეროვნულ გამოცდებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, რთული საერთოდ არ არის, მაგრამ ოდნავ ამაზეც ვნერვიულობდი. თუმცა რაკი თეატრალურის შიდა გამოცდების ქულა ვიცოდი, ეროვნულებზე გასვლა ჩემთვის დიდად სტრესული არ ყოფილა.
- თეატრალური უნივერსიტეტის შიდა ტურები რას მოიცავდა?
- ცეკვას, სიმღერას, რიტმიკას (რიტმის შეგრძნება), მუსიკალურ სმენას, მეტყველებას, პლასტიკას... მეორე ტურში პროზა და პოეზია უნდა წაგეკითხა. ასევე, ამოცანებს გაკეთებინებენ... იმ ტიპის საკითხებთან, რაც თეატრალური უნივერსიტეტის გამოცდებზე იყო, მანამდე შეხება არ მქონია. ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი. მოკლედ, ტურებზე ამოწმებენ, რისი გაკეთება შეგიძლია, რომ დაინახონ, როგორი მონაცემები გაქვს, შენგან რისი გამოძერწვა შეიძლება...
- ნინი, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება სკოლის დამთავრებისთანავე გააცნობიერე?
- ჯერჯერობით, ეს განცდა არც მაქვს და ალბათ, სანამ სწავლა არ დაიწყება, არ მექნება, რადგან რაღაცნაირად, არა მგონია, რომ ჩემს ცხოვრებაში რამე სხვანაირია - ჯერჯერობით ვერ აღვიქვამ. აბიტურიენტობის მერე, 16 სექტემბრამდე არანაირი პასუხისმგებლობა არ მაქვს და ამასაც ვერ ვეგუები. ჩემთვის ჯერ წარმოუდგენელია, რომ ცხოვრების ახალი ტაპი დაიწყო.
- "ბოლო ზარმა", ბანკეტმა როგორ ჩაიარა?
- არაჩვეულებრივად. ჩემთვის "ბოლო ზარი" ძალიან სასიხარულო დღე იყო. ვამბობდი, - ალბათ, ამ დღეს ემოციური არ ვიქნები-მეთქი, მაგრამ ძალიან ემოციური ვიყავი. სასიხარულოსთან ერთად, ეს დღე სევდიანიც იყო. კლასელები წყნეთში, ჩემს მეგობართან ავედით და კარგად გავერთეთ... ჩემს სკოლაში 3 პარალელური კლასი იყო. ჩემმა კლასმა "ბოლო ზარის" ღონისძიებისთვის არაფერი გააკეთა - რაღაცნაირად, ისე მოხდა, რომ არავის გვქონდა დრო ან ცეკვა დაგვედგა, ან - გვემღერა, მაგრამ მაინც ძალიან კარგი "ბოლო ზარი" იყო, რადგან სპონტანურად, იმპროვიზაციით რაღაცები მაინც გავაკეთეთ... ბანკეტიც ძალიან კარგი იყო - ზუსტად ისეთი, როგორიც მთელი ცხოვრება წარმომედგინა.
- კაბა როგორ შეარჩიე?
- სხვათა შორის, მეგონა, რომ კაბის შერჩევაზე ბევრს ვიფიქრებდი, მაგრამ ერთ დღეს მე და ჩემი მეგობარი გავედით და პირველივე კაბა მომეწონა, რაც ვნახე - მივხვდი, ის იყო, რაც მინდოდა (იღიმის). ბანკეტზე ქალაქგარეთ, ერთ-ერთ სასტუმროში ვიყავით...
- საგამოცდო ციებ-ცხელების მერე, ზაფხულის არდადეგები სად, როგორ გაატარე?
- თავდაპირველად კახეთში ვიყავი იმ მეგობრებთან ერთად, ვინც სტუდია "თეატრში" გავიცანი (იქ ოქტომბრიდან დავდივარ და გვასწავლიან ყველაფერს, რაც მსახიობს სჭირდება: მეტყველების ოსტატობას, ვოკალს, პლასტიკას, ხელოვნებათმცოდნეობას, თეატრმცოდნეობას). შემდეგ, იმავე მეგობრებთან ერთად, ქობულეთში წავედი, მერე კი - რაჭაში. ასევე, ჩემს 2 დეიდაშვილთან ერთად, ვენაში, "ქოლდფლეის" კონცერტზე ვიყავი. ეს საჩუქარი დედამ გამიკეთა. მართლა არ მეგონა, კონცერტი ასე თუ მომეწონებოდა, რადგან "ქოლდფლეის" მსმენელი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან კარგი იყო!..
- უფროსი ადამიანების მეთვალყურეობის გარეშე, წელს პირველად დაისვენე?
- სიმართლე გითხრათ, უფროსების მეთვალყურეობის გარეშე არც ვყოფილვართ: რაჭაში ჩვენს სახლში ვიყავით - ჩემი მშობლებიც იქ იყვნენ. მათ გარეშე არც კახეთსა და ქობულეთში დაგვისვენია. ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით - მშობლებთან ერთად დასვენება უფრო მომწონს.
- ზაფხულში სოციალურ ქსელებში არ აქტიურობდი. ეს მიზანმიმართულად გააკეთე?
- არა. უბრალოდ, ასე მოხდა. გადატვირთული გრაფიკის გამო, სოციალურ ქსელებში აქტიურობის დრო და ხალისი ჯერ არ მქონდა, შემდეგ კი - ძლივს დასასვენებლად წავედით, ამ დაძაბულობას, სტრესს ჩამოვშორდით და კიდევ სოციალური ქსელების გამოყენება არ მინდოდა. საერთოდ, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული არ ვარ, მაგრამ დღესდღეობით, ამის გარეშე რთულია..
- რა თქმა უნდა. ახლა გვითხარი, ახალი სასწავლო სეზონისთვის, ამჯერად უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში როგორ ემზადები?
- ჯერჯერობით, რეგისტრაციას გავდივარ. შემდეგ უკვე როგორც დაგვარიგებენ, რა გავაკეთოთ, როგორ მოვემზადოთ, ისე მოვიქცევი. ჯერ ზუსტად არ ვიცი...
- წარმატებას გისურვებ!..
ეთო ყორღანაშვილი