ხატია მელქაძის შთაბეჭდილებების სკივრი - გზაპრესი

ხატია მელქაძის შთაბეჭდილებების სკივრი

- "მე ვხედავ მზეს" განახლებული დადგმის პრემიერით გაიხსნა. 10 წლის განმავლობაში ნოდარ დუმბაძის ამ ცნობილი ნაწარმოების პერსონაჟების, სოსოიასა და ხატიას როლებს მსახიობები: ნიკოლოზ ფაიქრიძე და ხატია მელქაძე/თაკო ცქვიტინიძე ასრულებდნენ, ამჯერად კი მათი ადგილი ნიკა ჭკადუამ და ანა თოგოშვილმა/ნანა მეტრეველმა დაიკავეს. ხატია მელქაძეს რუბრიკისთვის "შთაბეჭდილებები" სასაუბროდ დავუკავშირდი, თუმცა, მანამდე იმ განცდებისა და ემოციების შესახებაც ვკითხე, რაც ამ უსინათლო, პერსონაჟის განსახიერების დროს უწევდა.

ხატია მელქაძე:

- 10 წლის წინ ბატონმა დიმამ მითხრა, შენთვის სიურპრიზი მაქვს, სპექტაკლში "მე ვხედავ მზეს" ხატიას როლზე გაგანაწილეო. მე და თაკო ცქვიტინიძე დუბლები ვიყავით. ამ ამბავმა ძალიან გამახარა. უზომოდ მიყვარს ნოდარ დუმბაძე და მის ნაწარმოებებს შორის "მე ვხედავ მზეს" - გამორჩეულად. მუშაობა რომ დავიწყეთ, პირველ პერიოდში რეპეტიციებს თვალდახუჭული გავდიოდი. არ იყო ეს რეჟისორის სურვილი, უბრალოდ, ასე გადავწყვიტე და ქვეცნობიერად სულ ვფიქრობდი ამ გოგონაზე, მის მოქმედებებზე და არაერთხელ დამიჭერია საკუთარი თავი იმაში, თუ როგორ ფრთხილად "ვაკეთებდი მოძრაობებს" ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და არ ვმოქმედებდი ისე, როგორც ხატია მელქაძე. ეს როლი ძალიან მიყვარდა და დღემდე ასეა. ეს სპექტაკლი ანშლაგის გარეშე არასდროს ჩატარებულა და მაყურებელიც ყოველთვის დიდ სიყვარულს გვჩუქნიდა. წარმატებებს ვუსურვებ ძალიან კარგ ახალ თაობას, რომლებიც ბატონი დიმას სტუდენტები არიან და ამიერიდან ამ როლებს შეასრულებენ. მათ აქვთ ის სიხალისე, რომელიც ამ გმირებს სჭირდებათ და ალბათ მინიმუმ 10 წელი მაინც განასახიერებენ ისინი სოსოიასა და ხატიას...

- წარმატება მათ! ჩვენ კი საუბრის მთავარ თემებზე გადავინაცვლოთ და გაიხსენეთ ბავშვობის ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი...

- იმერელი ბებო მყავდა. ყოველ ზამთარსა და ზაფხულს მას ვსტუმრობდით. სოფელში ჩემს ჩასვლას, სულ სიხარულის ცრემლებით ხვდებოდა. ვეუბნებოდი, - ბებო, რა გატირებს-მეთქი, რაზეც მპასუხობდა: მიხარია და იმიტომ ვტირიო. ბებია რომ გარდამეცვალა, სოფელში ჩავედი და ჭიშკარი რომ გავაღე, ინსტინქტურად მომინდა დამეძახა, - ბებია, მოვედი-მეთქი, მაგრამ იმავე წამს გავაცნობიერე, რომ ბებია აღარ იყო. ჩემთვის ეს ყველაზე მძაფრი და სევდიანი მომენტია. მაშინ 12 წლის ვიყავი და თითქოს ჩემთვის ყველაზე ტკბილი, თბილი პერიოდი დასრულდა. დღემდე, რამდენჯერაც უნდა ჩავიდე სოფელში, ეს განცდა სულ მიახლდება...

14 წლის ვიყავი, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში თორნიკე მარჯანიშვილმა გურამ დოჩანაშვილის "ვატერ(პო)ლოო" რომ დადგა. სპექტაკლში რამონას ვთამაშობდი. მახსოვს, პირველ რეპეტიციაზე რომ დამიბარეს, მსახიობები ძალიან კარგად დამხვდნენ და ყველა მგულშემატკივრობდა. მთელმა დასმა ჩამიხუტა, მათი დადებითი ენერგეტიკა მეც გადმომედო და უბედნიერესი ვიყავი.

- ადამიანებისგან მიღებული შთაბეჭდილებებიც მრავლად არის და არაერთ წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში. ამ კუთხით 3 თქვენთვის ყველაზე გამორჩეული პიროვნება დაასახელეთ...

- ასეთი იყო მამაჩემი. ეს ადამიანი ჩემთვის მამაც იყო, მეგობარიც, მასწავლებელიც, დამრიგებელიც. 5 წელია, რაც გარდაცვლილია და ძალიან მენატრება მისი საუბრები, მასთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანი, ღირებული, გასააზრებელი და გასათვალისწინებელი იყო. მომდევნოს დავასახელებ რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილს, რომელიც ქუთაისში მუშაობს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ის გავიცანი. ბავშვობაში ოჯახთან ერთად ქუთაისში ვცხოვრობდით. მამაჩემი იქ სამეცნიერო აკადემიის დირექტორად გაანაწილეს. სკოლაში ქუთაისში შევედი და იქვე დავამთავრე. თან ხელოვნების სკოლაში, ბალეტზე დავდიოდი. ერთხელაც, ქალაქში დიდი ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად თორნიკემ პატარა გვირილის როლზე შემარჩია. მას შემდეგ, ყოველ კონცერტზე ვყავდი დაკავებული, მერე უკვე, როგორც გითხარით, "ვატერ(პო)ლოოში" მთავარ როლზე გამანაწილა. თორნიკეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩემს განვითარებაში. მან ჩემს ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვა და ასეთივე შთაბეჭდილება მოახდინა როგორც ადამიანმა და თავისი საქმის პროფესიონალმა.

მესამე შალვა გაწერელიაა, ჩემი პედაგოგი და რეჟისორი. ხელოვნების სფეროდან არავინ მყოლია და თეატრალურ უნივერსიტეტში ჟარგონით რომ ვთქვა, აბსოლუტურად უპატრონოდ ჩავაბარე. უფასოზე მოვხვდი, შალვა გაწერელიასთან, რომელიც, ჩემდა სამარცხვინოდ, მანამდე არ ვიცოდი, ვინ და როგორი დიდი ადამიანი იყო. როცა დავინახე, თეთრი თმითა და წვერით, თითქოს მაშინვე მივხვდი, რამხელა გენიოსთან მქონდა საქმე. მაშინვე შემიყვარდა (იღიმის). 16 წლის ვიყავი, თეატრალურში რომ ჩავაბარე და სწავლის ის 4 წელი ყველაზე ნაყოფიერი იყო ჩემს ცხოვრებაში როგორც განვითარების მხრივ, ისე თეატრის ირგვლივ არსებული ყველა ნიუანსის შესწავლა-გააზრებით. ყველაფერი ეს კი შალვა გაწერელიას დამსახურებაა. რასაკვირველია, როცა შენთვის ძვირფას ადამიანებზე საუბრობ, მაშინ აღარაფერს ვამბობ შვილზე, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია. ჩემი საქმისადმი პატივისცემისა და სიყვარულის მიუხედავად, ყველაფერი შვილით იწყება და მთავრდება. ალბათ, ყველა დედა ასეა და ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერია.

- თქვენი მეუღლეც მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია...

- დიახ, ჩემი მეუღლე დათო როსტომაშვლი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი და ასევე პირველი არხის "ოქროს ხმაა". თუკი რამ გასახმოვანებელია, ყველგან მისი ხმა ჟღერს. ჩვენ გვყავს 1 გოგონა - ტასო, რომელიც ასევე მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობს. პირველად ერთად მოგვიწია თამაშმა სპექტაკლში "იავნანამ რა ჰქმნა?!" ის პატარა ქეთოს როლს ასრულებდა, მე კი დიდი ქეთო ვიყავი. დღესდღეობით ტასო 6 სპექტაკლშია დაკავებული (იღიმის). ასევე, ჭაბუკიანის სკოლაში სწავლობს და ვიოლინოზე უკრავს. მსახიობობა ძალიან მოსწონს, უნდა ჰოლივუდის მსახიობი გახდეს, რაზეც მე თანახმა ვარ (იცინის). ამ ყველაფერს თავისი სურვილით აკეთებს, დრო თამაშისთვისაც რჩება და კარგადაც სწავლობს.

- გამოვყოთ სპექტაკლი, ფილმი და წიგნი, რომელმაც გამორჩეული შთაბეჭდილებებით აგავსოთ...

- სამწუხაროდ, ბევრი სპექტაკლი არ მინახავს, რადგან "მოზარდში" იმდენი სპექტაკლი მაქვს, სხვაგან წასვლას ვერ ვახერხებ. ბოლოს 8 წლის წინ ვნახე "მარია კალასი-გაკვეთილი", რომელშიც ჩემი მეგობარი, მსახიობი ქეთი სვანიძე მონაწილეობს და ძალიან მომეწონა. ასეთივე განცდა მქონდა, როცა ჩვენს თეატრში ნიკოლოზ საბაშვილმა სპექტაკლი "1945" დადგა. სტუდენტობის წლებში სპექტაკლებზე ხშირად დავდიოდით, მაგრამ არ მახსოვს რომელიმეს რამდენჯერმე დავსწრებოდი. "1945" კი ის სპექტაკლი იყო, რომელიც სამჯერ ვნახე და სამივეჯერ დარბაზს ერთი და იმავე მძაფრი ემოციით ვტოვებდი.

რაც შეეხება წიგნებს, ჩემზე ძალიან იმოქმედა სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნმა "ჩერნობილის ლოცვა". მამაჩემი მეცნიერი იყო, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, დასხივებით დაზარალებულთათვის კვლევები ჩატარდა და შეიქმნა სამკურნალო მედიკამენტი. ოჯახში ხშირად ისმოდა საუბრები ამ თემის გარშემო. კითხვა რომ დავიწყე, პირველივე ფურცლიდან ტირილი ამიტყდა და ასე დავასრულე მთელი წიგნი.

ფილმებზე კი გეტყვით, რომ ბევრის ნახვას ვერ ვახერხებ, რადგან შინ დაღლილი ვბრუნდები. საჭმლის გამზადება, სახლის მოწესრიგება, დილას ადრე ადგომა და სხვა ყოფითი პრობლემების გამო, ფილმების საყურებლად დრო არ მრჩება. გამორჩევითაც ვერ გამოვარჩევ, მაგრამ მაქვს განსაკუთრებულად ძვირფასი და მათ შორის ბევრი ქართული ფილმია, შემიძლია თითოეულს ასჯერ ვუყურო. ამას წინათ რომელიღაც არხზე "ფესვები" გადიოდა. ჩემმა ქმარმა დამცინა, ალბათ ბოლოს ნამდვილად იტირეო, ხომ (იცინის)?

- გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი...

- ბევრნაირი საჩუქარი მიმიღია, გულით მოძღვნილი პატარა სიმბოლური ნივთიც და ძვირად ღირებულიც, მაგრამ რაც წლები მომემატა, ვთვლი, რომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი დროა. უფრო კარგად რომ ავხსნა, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გატარებული საათები. სამსახურით, ოჯახით, ყოფითი პრობლემებით იმდენადაა ადამიანი მოცული, ყოველი წუთი ძვირფასი ხდება, რომელსაც ჩვენ ერთმანეთისთვის გამოვყოფთ და სხვები გვითმობენ.

3-1727074639.jpg

- გიყვართ იმ ნაწერების კითხვა, რომლებშიც საკუთარ განცდებსა და შთაბეჭდილებებზე წერენ?

- ადრე უფრო მიყვარდა, ახლა ფსიქოლოგიური ჟანრის წიგნებს მივადექი. წელს ზაფხულში ბარათაშვილმა გამიტაცა და თითქმის ყველაფერი წავიკითხე, რაც მის გარშემოა დაწერილი. თანამედროვე მწერლების გახმაურებული ნაწარმოებები რომ შევიძინე, ბევრით ვერ მოვიხიბლე და იმედები გამიცრუვდა, ამიტომ ისევ კლასიკად ქცეული ავტორების კითხვა მირჩევნია. სიამოვნებით წავიკითხავდი გალაკტიონის ჩანაწერებს. ეს პოეტი მამას არაამქვეყნიურად უყვარდა და მის შესახებ ბევრს მესაუბრებოდა. კი, ბევრი რამ წაკითხული მაქვს, მაგრამ კიდევ მეტ სიღრმეებში "წავიდოდი", გალაკტიონის ყოველდღიურ ფიქრებსა და შეგრძნებებს სიამოვნებით გავეცნობოდი.

- თავად თუ დაგიწერიათ რამე?

- გარდატეხის პერიოდში ლექსებს ვწერდი, რომელიც სკოლის და ადგილობრივ გაზეთებში დაიბეჭდა. სანამ ოჯახს შევქმნიდი, ყოველდღიურად დღიურებს ვწერდი, მაგრამ როგორც კი დავამთავრებდი, ნაწერს თავიდან ბოლომდე გადავიკითხავდი და მერე დღიურს მდინარეს ვატანდი. თან კი არ ვაგდებდი, ნაპირზე ჩავიდოდი და როგორც გემი შედის წყალში, ისე ნელა შევაცურებდი ხოლმე. ერთხელ, ნაწერები გრაგნილივით დავახვიე, შევფუთე, ბოთლში ჩავდე და მდინარეში შევუშვი. იმ ფურცლებზე ჩემი ტელეფონის ნომერიც მეწერა, - იქნებ ვინმემ ნახოს და დამირეკოს-მეთქი, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა და არავის დაურეკავს. სავარაუდოდ, ბოთლში წყალი შევიდა და ჩაიძირა. ეს არა მხოლოდ ქუთაისში ხდებოდა, არამედ თბილისში, მტკვრისთვისაც მაქვს გატანებული არაერთი ჩემი დღიური. თუმცა, ახლა ამ ყველაფერზე გული მწყდება. ვფიქრობ, უნდა შემენახა. რასაკვირველია, ბევრი რამ მახსოვს, მაგრამ დეტალურად არა. ახლა რომ შემეძლოს, კვლად დავწერდი, მაგრამ მტკვარს აღარ გავატანდი.

- ბოლოს როდის გაატანეთ თქვენი ნაწერები მტკვარს?

- საკმაოდ დიდი გოგო ვიყავი, 22 წლის. სანამ "მოზარდში" მოვიდოდი, 2 წელი ახმეტელის თეატრში ვმუშაობდი. დღიურში ეწერა კარგიც და ცუდიც, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა და წყალს იმ განზრახვითა და ფიქრით ვატანდი, რომ მომავალში აუცილებლად ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო და მხოლოდ დადებითი მოვლენებით. მგონი, ჩემი ჩანაფიქრი ამართლებდა, ბედნიერი წლები მქონდა, მაქვს და მადლობა ღმერთს ამისთვის (იღიმის).

ანა კალანდაძე