რა პირობა აქვს მშობლებთან დადებული UFC-ის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს - გზაპრესი

რა პირობა აქვს მშობლებთან დადებული UFC-ის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს

ის შონ ო’მალის დაუპირისპირდა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

"ის ჩემთვის უბრალო ოპონენტია, ამ ბრძოლას ნოკაუტით დავასრულებ და "შუგა შოუსთვის" ეს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იქნება. მერაბის გამო თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან ასე ახლოს ქამართან არასდროს ყოფილა და ახლა ჩემ გამო ვერ აიღებს. ოქტაგონზე მერაბს სულელად წარმოვაჩენ. ისე ვცემ, რომ ყველას დამწყები ეგონოს. ამის შემდეგ არც კი ვიცი, UFჩ -ში რამდენი ხანი იქნება", - ამბობდა შონ ო’მალი ბრძოლამდე.

ყველაზე უარყოფითი მაინც მისი პოსტი აღმოჩნდა: "ილია, მერაბ, საქართველოში ყველანი უსუსურები ხართ".

"ჩემი შეურაცხყოფა ერთია - ჩვენ პროფესიონალები ვართ, ყველაფერს ოქტაგონზე გადავწყვეტთ, მაგრამ შენ უკვე ზღვარი გადაკვეთე, ჩემი ქვეყნის შეურაცხყოფისთვის პასუხს აგებ", - იყო მერაბის პასუხი.

უშეღავათო ბრძოლა ქართველის სრული დომინაციით წარიმართა. ერთ-ერთ ეპიზოდში დვალიშვილმა ო’მალის აკოცა, როგორც მოგვიანებით აღნიშნა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ მოწინააღმდეგეს სრულად აკონტროლებდა და სურდა, მას ეს ეგრძნო.

UFC-ში სულ 8 წონითი კატეგორიაა. აქედან 2 კატეგორიაში ქართველია ჩემპიონი. ამერიკა - 2, ბრაზილია - 2, რუსეთი - 1, ჩინეთი - 1.

მერაბ დვალიშვილის შთამბეჭდავ ბრძოლას ყველაზე დიდი ემოციით მისი ოჯახის წევრები და ახლობლები, ჩემპიონის მშობლიურ სოფელ სულორში ადევნებდნენ თვალს. "საგულშემატკივროდ მთელი სოფელი მოვიდა, ვანიდანაც ამოვიდნენ, ხალხი ჩემს სახლში რომ არ დაეტია, მეზობლებთან იყვნენ გადასულები", - მითხრა ჩემპიონის მამამ, შუქრი დვალიშვილმა.

- ბატონო შუქრი, შვილის ჩემპიონობას გილოცავთ!

- ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის.

- მერაბმა ოცნება აისრულა და საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა, თქვენთვის ეს როგორი განცდაა?

- უბედნიერესი ვარ, ღმერთმა ყველა ჩემსავით ბედნიერი ამყოფოს!

ამ სპორტში ცოტა რამ მეც გამეგება და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს შვილს ძალიან საშიში მეტოქე ჰყავდა. მერაბს მთელი სოფელი გულშემატკივრობდა, სტუმრები მყავდა, ახლაც მყავს და კიდევ ველოდები.

"ძალიან მოძრავი, ცელქი, მოუსვენარი, მაგრამ საოცრად ზრდილობიანი იყო. მას არასდროს არავინ დაუჩაგრავს. ისეთი კეთილი გახლდათ, ვინმეს ერთი კანფეტი რომ მიეცა, სახლში ძმებთან მოჰქონდა", - ასე იხსენებენ მერაბის ბავშვობას მშობლები და დასძენენ, რომ ყველა სირთულე, დამოუკიდებლად გადალახა და თავი დაიმკვიდრა. ამერიკაში მას არავინ დახვედრია და არავინ ჰყოლია, ვინც დაეხმარებოდა, ხელს წაუკრავდა. ერთი პერიოდი ვარჯიშის პარალელურად, როგორც იცით, მშენებლობაზეც კი მუშაობდა.

ადვილი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა სტუმრების მიღების სამზადისი იმერულ ოჯახში, მაგრამ მერაბის დედამ ქალბატონმა დარეჯან დვალიშვილმა, რამდენიმე წუთის გამონახვა მაინც მოახერხა:

- ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის. რომ იცოდეთ, მე ვერ შევძელი, ეკრანისთვის შემეხედა. აქ დიდი ამბავი იყო და ხალხის რეაქციით ვხვდებოდი, რომ რაღაც კარგი ხდებოდა. ოჯახისთვის ემოციურად ეს ძალიან რთული წუთებია. სანამ შედეგს არ გავიგებ, მანამდე მერაბის ბრძოლის ნახვა არ შემიძლია.

3-1727075613.jpg

- ბრძოლის წინ, მერაბმა თქვენთან დალაპარაკება მოახერხა? როგორ გაამხნევეთ?

- თავად დამამშვიდა, - დედიკო, არაფერზე ინერვიულო, ღმერთის ძალით ყველაფერი კარგად იქნებაო. ახლა ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ.

შუქრი:

- მერაბი თავად გვამხნევებდა ყველას. გვეუბნებოდა, ძალიან კარგად მომზადებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის, თქვენ ნუ ინერვიულებთო.

- ამ ბრძოლის დროს, ძალიან თავდაჯერებული ჩანდა, არა?

- ასე იყო, მე ცოტათი მაინც მეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბევრს შრომობს საკუთარ თავზე, სულ ვარჯიშობს. როცა გვირეკავს, ზოგჯერ ისეთი დაქანცულია, ლაპარაკის თავი არ აქვს.

- ამ გამარჯვების შემდეგ დაგირეკათ?

- კი, გველაპარაკა, მაგრამ დრო არ ჰქონდა, 2 სიტყვით გვითხრა, კარგად ვარო. მივულოცეთ, ძალიან ბედნიერია.

- სულორში ჭიდაობაზე რომ მიიყვანეთ, ფიქრობდით, რომ სპორტში ასეთი წარმატებული იქნებოდა?

- მაშინ ამას რას წარმოვიდგენდი, ასეთ სიმაღლეზე თუ ავიდოდა. მონდომებული და მშრომელი ყოველთვის იყო, მაგრამ სულ შიშები მქონდა.

- ამას მერაბს უმხელდით?

- ამ ეჭვს მერაბს კი არა, საკუთარ თავსაც არ ვუმხელდი. ამას ვინ წარმოიდგენდა? სულ რამდენიმე საათია, რაც ბრძოლა დასრულდა და ჯერ ბოლომდე კიდევ ვერ გავიაზრე, რა მოხდა.

მერაბის მშობლებთან პირველი ინტერვიუ თებერვლის თვეში ჩავწერე, როდესაც მერაბმა ამერიკელი ჰენრი სეჰუდო დაამარცხა. მაშინ ქალბატონმა დარეჯანმა მითხრა:

"ეკონომიკურად ძალიან გვიჭირდა, შვილები სტუდენტები გვყავდა. ერთ დღეს შინ გაღიზიანებული მოვიდა, შავდათუაშვილთან უჭიდავია, ის მორევია, წაუქცევია. მერაბი მაშინ პატარა იყო და ეს ამბავი ძალიან ემოციურად განიცადა. ეგონა, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, რომ მისთვის აზრი აღარაფერს ჰქონდა. კიმონოც დარბაზში დაუტოვებია, თავისი ნივთები მიუყრია და წამოსულა. სახლში რომ მოვიდა, სკამს ფეხი მიარტყა, შავდათუაშვილი მომერია და მე საჭიდაოდ აღარ გავალო. მივეფერე, დედიკო, რატომ ნერვიულობ, ჭიდაობაში თუ არაფერი გამოგივა, სხვა საქმეც ხომ შეგიძლია აკეთო, მძღოლობა ისწავლე-მეთქი. ჩემი ჭკუით, დავამშვიდე. გაბრაზებული შემომიბრუნდა; რას ამბობ, ადამიანო, მე საქართველო უნდა ვასახელოო. ამ სიტყვებს მერეც ხშირად ამბობდა და მე გულში მეცინებოდა. ვფიქრობდი, როგორ უნდა ასახელო საქართველო, უპატრონო ხარ, ხელის წამკრავიც კი არავინ გყავს-მეთქი. სულ ეს მიზანი ჰქონდა, სულ წინ ყოფნა უნდოდა. 8 წელი ნაქირავებში ვიცხოვრეთ, იმ გაჭირვებამ მერაბზე კარგად იმოქმედა, შრომის ფასი გაიგო. რომ ხედავდა, ბაზარში როგორ ვწვალობდი, როგორც შეეძლო, მაქსიმალურად მეხმარებოდა, სულ მხარში მედგა. მერაბი მებრძოლ პიროვნებად ჩამოყალიბდა, მხოლოდ ძალა და ბრძოლის ტაქტიკა კი - არა, ფსიქიკაც ძლიერი აქვს და ეს ყველაფერი მის წარმატებას განაპიროებებს".

5-1727075602.jpg

- მერაბს საქართველოში როდის ელოდებით?

დარეჯანი:

- თარიღი ზუსტად არ ვიცით, მაგრამ დღეს რომ დაგვირეკა, გვითხრა, მალე ჩამოვალო. ეს ოცნება ჰქონდა, სულ საჩემპიონო ქამარზე ფიქრობდა და აიხდინა.

- წინა ინტერვიუში მითხარით, მერაბი ამბობს, ცოლად ქართველი გოგო უნდა მოვიყვანო, ამაზე საჩემპიონო ქამრის მიღების შემდეგ ვიფიქრებო.

- კი, ამ თემაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ყოველთვის ამ სიტყვებს ამბობს. ახლა გამარჯვება რომ მივულოცე, ეგ პირობა შევახსენე, რომელიც ჩვენთან აქვს დადებული და ბევრი იცინა. ვნახოთ ერთი, რამდენად შეასრულებს.

- მის პირად ცხოვრებაში სიახლე ხომ არ არის?

- არა, აქამდე სულ ამ ქამარზე ფიქრობდა და ახლა რაღას იტყვის? მისგან პირობის შესრულებას ველოდებით.

თამუნა კვინიკაძე