„მინდა ხალხს ცეკვით გავუზიარო ის ემოციები, რისი სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია"
მის შემხედვარეს ის პატარა ნატალი გამახსენდა, რომელსაც მოდელობა უნდოდა. მეგობრის დახმარებით დავუბრუნდი ამ სფეროს, გადაღებაც მქონდა და მივხვდი, რომ ეს საქმე ძალიან შემიყვარდებოდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ჩვენებაზეც ვიყავი და პატარ-პატარა გადაღებებიც მქონდა. სურვილი მაქვს, ამ სფეროში მეტად განვვითარდე და მივაღწიო იმ ყველაფერს, რაც მამაჩემს სურდა...“ - ამბობს მარიამ უგრეხელიძის თბილისის კამერული საბალეტო დასის წარმატებული ბალერინა ნატალი ცხადაძე და იმაზეც გვიამბობს, უამრავი სირთულის მიუხედავად, როგორ მიიწევს მწვერვალებისკენ.
- დავიბადე ქალაქ ბათუმში, 2003 წელს. ვცხოვრობდი დიდ ოჯახში: მშობლები, ძმა, ბებიების, მამიდების, ბიძაშვილ-მამიდაშვილების გარემოცვაში. მოკლედ, ერთი დიდი ჟრიამული იყო მანამ, ვიდრე მამაჩემი არ გარდაიცვალა... 4 წლის ვიყავი, როცა ყველაფერი უეცრად შეიცვალა. მხოლოდ მე, დედა და ჩემი უფროსი ძმა აღმოვჩნდით მარტოები, ყველაფრის პირისპირ. თუმცა, დედაჩემის დაუღალავი შრომით ყველაფერი მქონდა და არასდროს მიგრძნია რაიმე დანაკლისი.
- ვინ და როდის აღმოაჩინა თქვენში ბალერინა?
- ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, ერთ ადგილას ვერ მაჩერებდნენ. ერთხელაც ტელევიზორში თვალი მოვკარი ბალეტს და ეს ალბათ, ერთი ნახვით შეყვარება იყო. მას შემდეგ სულ ვცდილობდი ის მოძრაობები გამემეორებინა, რასაც ბალერინები აკეთებდნენ... როგორც გადმოცემით ვიცი, გაუჩერებლად ვცეკვავდი. ამიტომ დედამ გადაწყვიტა, საბალეტო სკოლაში მივეყვანე. აღმოჩნდა, რომ ყველა მონაცემი მქონდა და შვიდი წლის ასაკში ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის კლასიკური ბალეტის სკოლაში მიმიღეს. მითხრეს, - ეკატერინე ღლონტი ერთ-ერთი ძლიერი პედაგოგია საბალეტო სკოლაშიო და ასეც იყო! ძალიან აჟიტირებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ ყოველდღე მიწევდა ეკა მასწავლებელთან მისვლა, სწავლა. რეპეტიციიდან სახლში დაბრუნება არ მინდოდა. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი ამ პროფესიის სირთულეს, დიდ სიამოვნებას ვიღებდი ცეკვისგან. პირველივე სირთულესაც მალე შევეჭიდე... საბალეტო სკოლის მეორე-მესამე კლასში თითქოს იმ შემართებით აღარ ვიყავი და ნელ-ნელა ვარჯიშსაც მოვუკელი. ეს ჩემმა პედაგოგმა შეამჩნია, დედაჩემს დაელაპარაკა და ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში, დედა ყოველდღე მოდიოდა, რეპეტიციებს ესწრებოდა. ამის გამო მე მოდუნების საშუალება წამითაც კი არ მქონდა და დავიწყე წინსვლა, ისევ იმ ემოციებს დავუბრუნდი, რასაც მანამდე ვგრძნობდი. ისევ მიხაროდა ბალეტზე მისვლა, რადგან ის ორი ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარდა (დედაჩემი და ჩემი პედაგოგი, რომელიც მართლაც დედასავით მიყვარდა) ყოველდღიურად მიყურებდნენ, ძალიან დიდ შრომას დებდნენ ჩემში... იმავე წლებში მივიღე პატარა, მაგრამ გამორჩეული როლები, რამაც უფრო დამარწმუნა, რომ სწორ ადგილას ვარ და ამ პროფესიის არსიყვარული შეუძლებელია. შრომა დამიფასდა და ჩემმა პედაგოგმა გადაწყვიტა, პირველი გამოწვევისთვის მოეცა "ავრორას" ვარიაცია მძინარე მზეთუნახავიდან.
- ამდენად საპასუხისმგებლო როლი განდოთ?
- დიახ. მოგეხსენებათ, ეს ძალიან რთული ვარიაციაა, განსაკუთრებით 12-13 წლის ბავშვისთვის, მაგრამ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩემი პედაგოგის დაუღალავი შრომით, ეს შევძელი. საბალეტო სკოლის საანგარიშო კონცერტზე მერგო ბედნიერება და მაყურებლის წინაშე "ავრორას" ვარიაციით წარვდექი. 3 წუთით თავი ნამდვილი ბალერინა მეგონა და სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს, რაც განვიცადე, სცენაზე მართლაც ბედნიერების მორევში ვცურავდი. ჩემი პედაგოგის ოდნავი შექებაც დავიმსახურე, რომლის მიღებაც ძალიან რთულია, რადგან საოცრად მომთხოვნი და მკაცრია, რაც აუცილებელია ამ პროფესიაში. თუმცა მან მაშინ შემაქო და ეს ღირდა ყველაფრად... ჩემი ოჯახი დარბაზში იყო და ვიცი, რომ მათი გულები სიამაყით ივსებოდა. ეს ერთ-ერთი უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდა. ერთი თვის შემდეგ, მუხლზე ტრავმა მივიღე, ოპერაცია ჩამიტარდა და ისე მალევე გაქრა ის ბედნიერი წუთები, როგორც მოვიდა.
ცეკვა 6 თვე არ შემეძლო. ეს ჩემი ცხოვრების საშინელი 6 თვე იყო. არაფრის გაკეთება არ მინდოდა, ბალეტის გაგონებაზე გულში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი და მეგონა, რომ ის, რაც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა და მაბედნიერებდა, ხელიდან გამომგლიჯეს, აღარ დამიბრუნებდნენ.... თუმცა შევცდი. გავიდა 6 თვე, ფეხზე დავდექი და თავიდან დავიწყე ნაბიჯების გადადგმა ამ პროფესიაში. რა თქმა უნდა, ეს რთული იყო, ძველებურად ვერაფერს ვაკეთებდი, თითქოს სხვისი სხეული მება, მაგრამ დროთა განმავლობაში დავუბრუნდი ჩვეულ რეჟიმს. ბოლო წლები ყველაზე ბედნიერი იყო საბალეტო სკოლაში: ახალი გამოწვევები, ახალი სოლო პარტიები... ბოლო წელს "დონ კიხოტის" მეორე აქტის "სიზმრის" სცენას ვამზადებდით. მეც მერგო გამორჩეული როლი და ერთი სული მქონდა, მაყურებლის წინაშე როდის წარვდგებოდით, უკვე ჩვენი დამამთავრებელი საანგარიშო კონცერტით... სამწუხაროდ, პანდემია გამოცხადდა. დაიხურა ყველაფერი და დავბრუნდი უკან - იქ, სადაც მეგონა, რომ ყველაფერი წამართვეს და ცეკვას ვეღარ შევძლებდი.
- თუმცა, წარმატებები გქონდათ, როგორც მოდელს...
- სამოდელო სფეროზეც პატარობიდან ვფიქრობდი... მამა მეუბნებოდა, რომ ძალიან წარმატებული მოდელი ვიქნებოდი, მე კი ბალეტით იმდენად შეპყრობილი ვიყავი, რთული იყო სხვა რამეზე კონცენტრირება... რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტი ადამიანი მეუბნებოდა, სამოდელო სფეროზე დავფიქრებულიყავი. თავად ამაზე სერიოზულად მხოლოდ 17 წლისა დავფიქრდი - მაშინ, როცა პანდემია დაიწყო და ცეკვა შეუძლებელი გახდა. ის წელიწად-ნახევარი სულ სხვა ნატალი ვიყავი. ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი, ასევე სამოდელო სააგენტოში მივედი. როცა მათი მოწონება დავიმსახურე, მივხვდი, კარგი ნაბიჯი გადავდგი და მამაჩემის სიტყვები გამახსენდა. წინ მივიწევდი ამ პროფესიაშიც, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. პანდემია დასრულდა და რეალობას დავუბრუნდი. თბილისში საბალეტო კამერულ დასში მიმიწვიეს და თსუ-ში ინგლისურ ფილოლოგიაზე ჩავაბარე. მოდელობა გადაიდო, დრო არ მქონდა არაფრისთვის. გადავდე ფიქრები სამოდელო კარიერაზე...
- როგორ აღმოჩნდით მარიამ უგრეხელიძის თბილისის კამერულ საბალეტო დასში?
- საბალეტო სკოლის დასრულებისთანავე მინდოდა საზღვარგარეთ წავსულიყავი. ყოველთვის მქონდა ოცნება, მსოფლიოში მემოგზაურა და მაყურებლისთვის ეს ულამაზესი ხელოვნება მეც წარმედგინა...
ერთხელაც, ისტორიის რეპეტიტორისგან შინ ვბრუნდებოდი და ტელეფონზე ზარი შემოვიდა. მითხრეს, რომ თბილისში ქალბატონები: მარიამ უგრეხელიძე და მადონა ნიორაძე საბალეტო კამერულ დასს აყალიბებდნენ, ახალ ბალერინებს ეძებდნენ და ჩემით დაინტერესდნენ... დავიბენი და ვუთხარი, რომ ცოტა ხანში დაერეკათ, რადგან სულ სხვა გეგმები მქონდა და ასე უცებ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდებოდა. შემდეგ დავფიქრდი, გავაანალიზე ყველაფერი და მივხვდი, რომ მე ვერ შევძლებდი საზღვარგარეთ წასვლას გარემოებიდან გამომდინარე. ბალეტი სიკვდილამდე მენატრებოდა და კიდევ როდემდე გაგრძელდებოდა პანდემია, არ ვიცოდი. შემოთავაზებაზე დავთანხმდი. ვიცოდი, კარგ ხელში მოვხვდებოდი. მოგეხსენებათ, რომ ნიორაძეების ოჯახს დიდი ადგილი უჭირავს საქართველოს კულტურაში, ქალბატონ მარიამს კი დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს საბალეტო სფეროში. ამიტომ შევუერთდი ამ დიდ ოჯახს... რა თქმა უნდა, საბალეტო სკოლა და საბალეტო დასი განსხვავდება, უცებ სხვა რეალობაში მოვხვდი და ცოტა შემეშინდა, მაგრამ ვიცოდი, შრომის შედეგად თავს ყველაფერს გავართმევდი. ქალბატონი მადონას და მარიამის დახმარებით ბევრი რამ ვისწავლე, მეტად გავიზარდე, სულ სხვა რაკურსით დავინახე ეს პროფესია და შევიყვარე. მეორე წელს მომეცა შანსი მეცეკვა საოცნებო პარტია „მომაკვდავი გედი"... მესამე სეზონზე მივიღე პირველი წამყვანი როლი სპექტაკლში "კონკია" და აქედან დაიწყო ჩემი პირველი პატარა ნაბიჯები საბალეტო კარიერის დიდ გზაზე...
ახლა ახალ სეზონს ვიწყებთ, ახალი შემართებით და ძალებით. ყოველთვის მიხარია ახალი როლების მორგება. ყოველ ჯერზე ვსწავლობ რაიმე ახალს. ჩემთვის ბედნიერებაა, რომ შემიძლია სხვადასხვა პერსონაჟი განვასახიერო. იმედი მაქვს, მომეცემა შანსი ვიცეკვო ძალიან ბევრ ქვეყანაში და ხალხს ცეკვით გავუზიარო ის ემოციები, რისი სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია.
მანანა გაბრიჭიძე