წითელთმიანი გოგო, რომელსაც ბედნიერებისთვის მილიონები არ სჭირდება
ემიგრანტები ხშირად მხიარულ წითელთმიანს უწოდებენ და მის გარემოცვაში მყოფებს მუდმივად ღიმილი აქვთ სახეზე. სოფო ორგზის ემიგრანტია: 12 წელი რუსეთში ცხოვრობდა, ბოლო 5 წელია ამერიკაში გახლავთ, მაგრამ როგორც ამბობს, ყველგან ახერხებს ბედნიერების მიზეზი იპოვოს...
- ქუთაისელი ვარ. დავამთავრე წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, ბიოლოგი გახლავართ. მერე დავოჯახდი. მყავს 2 შვილი. 25 წლის ვიყავი, ემიგრაციაში, ვითომ დროებით, მოსკოვში რომ წავედით, როგორც ამას იმედოვნებს ყველა ემიგრანტი, მაგრამ 12 წელი ვიცხოვრეთ იქ და მერე ამერიკაში წამოვედით.
- რუსეთში წასვლა რამ განაპირობა?
- ჩემს მამამთილს მოსკოვში თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა. ერთხელაც ჩემს მეუღლეს უთხრა, შენი დახმარება მჭირდებაო და წაიყვანა. აღვშფოთდი: მარტო ვერ ვიქნები და ან ჩვენც წამოვალთ, ან ქმარი დამიბრუნეთ-მეთქი (იცინის). ჰოდა, შვილებთან ერთად წავედი... ამერიკაში წამოსვლის ინიციატორი ჩემი მეუღლე იყო, არადა, ყველას მე ვგონივარ წამომწყები. ჩემი ქმარი მოსკოვშიც ტრაილერზე მუშაობდა. ბოლო დროს ვიდეობლოგებს უყურებდა და ერთხელაც ამერიკაში გადმოსვლის სურვილი გამოთქვა. ვიუარე, რადგან ემიგრაციის თავიდან დაწყება სულ სხვა მიწაზე, ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ აიჩემა, იქ ყველაფერი უკეთ იქნებაო და ზუსტად მის დაბადების დღეზე, ისრაელში მოგვცეს ამერიკის ვიზა (მაშინ მოსკოვში დაკეტილი იყო საელჩო). ჰოდა, უკვე 5 წელია, აქ ვართ და ვფიქრობ, ჩემმა მეუღლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
- აქ ვინმე რამეში დაგეხმარათ?
- იცით, რამე თუ მოვინდომე, მართლაც ქვას გავხეთქავ და მიზანს მივაღწევ. ნაცნობების პოვნა შეიძლებოდა, მაგრამ არავინ შემიწუხებია, რადგან სხვისი საქმის მოსაგვარებლად აქ არავის სცალია. ვიდრე წამოვიდოდით, ჯგუფებში ინფორმაციებს ვეძებდი. ბროკერი ვიპოვე, არ მოვეშვი და მისგან წინასწარ ბინა ვიქირავე. უბრალოდ, ახლობელი იმაში დავიხმარე, რომ თანხა ჩავურიცხე და ვთხოვე, ფული იმ ბროკერამდე მიეტანა, იმ უცხო ადამიანს ხომ ვერ ვენდობოდი?! აქ რომ ჩამოვედით, ბინის პრობლემა მოგვარებული იყო, რაც უმთავრესი გახლავთ. იცით, არ მქონია მოლოდინი, რომ აქ ჩამოსულს ვინმე რამეს მომართმევდა ან თეთრ სახლში დამპატიჟებდნენ. ზუსტად ვიცოდი, რომ თუ დამჭირდებოდა, ეზოსაც დავხვეტავდი, ჭურჭელს გავრეცხავდი. ენა არ ვიცოდით და მხოლოდ ამის შიში გვქონდა... ჩემმა ქმარმა გაიკითხ-გამოიკითხა, როგორ შეძლებდა დასაქმებას და ტრაილერზე სამუშაოდ მალევე გავიდა.
- თქვენ მუშაობთ?
- როგორ არა! ისე, ხალხს ჰგონია, რომ არ ვმუშაობ. ერთმა გაიკვირვა, - ვაიმე, მუშაობო? გვირგვინი გამეღუნება თუ რა? ძიძად მუშაობის გამოცდილება მქონდა, პატარებთან კომფორტულად ვგრძნობ თავს და პირველად სწორედ ასეთი სამსახური ვიშოვე, მაგრამ მერე მაიამიში რომ გადმოვედით, უმუშევარი დავრჩი. ისევ ძიძის ვაკანსიას ვეძებდი, მაგრამ ისეთ მცირე ანაზღაურებას მთავაზობდნენ, რომ გადავწყვიტე ბებიასთან მემუშავა. ჰოდა, ახლა ძალიან კარგ ბებიასთან ვარ. თანამედროვე, უსაყვარლესი ქალია და რაც მთავარია, ჩემი ჭკუის (იცინის). დავასეირნებ წინ და უკან...
- თქვენი შვილები რას საქმიანობენ, რამხელები არიან?
- ბიჭი 23 წლისაა, გოგო - 18-ის. სწავლობენ და თან მუშაობენ. გოგომ ახლახან დაამთავრა სკოლა და კოლეჯში დაიწყო სწავლა: ისე გაარკვია ყველაფერი და ჩააბარა კოლეჯში, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ძალიან მონდომებული და მიზანდასახულია. მიხარია, რომ დამოუკიდებლად შეუძლია პრობლემების გადაჭრაზე იზრუნოს. პარალელურად, ბავშვთა სტომატოლოგის თანაშემწედ მუშაობს უკვე ორი წელია. აქ მოზარდები მოტივირებული არიან, რომ დასაქმდნენ და საკუთარი ფული ჰქონდეთ... ბიჭიც თან სწავლობს, თან "უბერზე" მუშაობს. ორივე ძალიან დაკავებულია და სადმე რომ გვინდა წასვლა, წინასწარ უნდა შევთანხმდეთ. მიხარია, რომ იციან სწავლის და შრომის ფასი.
- ამდენხნიანი ემიგრაციის შემდეგ, საქართველოში თუ ახერხებთ ხოლმე ჩამოსვლას?
- რაც ამერიკაში ჩამოვედით, ვერა. საბუთების მოწესრიგების პროცესში ვართ და ქვეყნიდან რომ გავიდეთ, უკან ვეღარ შემოვალთ... როცა რუსეთში ვიყავით, სულ დავდიოდით, ბავშვები არდადეგებზე აუცილებლად მიგვყავდა, რადგან ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ენა ავიწყდებოდათ. თქვენ აფუჭებთ ბავშვებსო, - გვითხრა ერთმა. რატომ ვაფუჭებთ? სახლში ქართულად ვსაუბრობდით, თავისუფალ დროს ვიჯექი და წერა-კითხვას ვასწავლიდი, მაგრამ გარემო მაინც მოქმედებს. ნახევარი დღე რომ სკოლაშია, მეგობრები რომ სხვა ენაზე საუბრობენ, მერე ის უფრო ეკომფორტულება. ამიტომ, საქართველოში ვგზავნიდი, 2-3 თვით ვტოვებდი და უკან რომ ბრუნდებოდნენ, ქართულად გამართულად საუბრობდნენ.
- რას გრძნობს მშობელი, როცა ხვდება, მისი მონდომება უშედეგოა და შვილს მშობლიური ენა ავიწყდება?
- მერწმუნეთ, გული მეგლიჯებოდა. პატარები რომ იყვნენ, სულ ვოცნებობდი ქუთაისის ნომერ პირველი სკოლის კარს როდის შეაღებდნენ და ამ დროს ისე მოხდა, რომ ქართულად გამართულად ვეღარ მეტყველებდნენ და ეს მაგიჟებდა. ერთხელ გოგონამ მითხრა, - არ ვიცი მე ქართველი ლაპარაკიო. ძალიან განვიცადე. მინდოდა, ქართული სულისკვეთება ჰქონოდათ და ამაზე ვმუშაობდით, მაგრამ არ გამოგვდიოდა. სამაგიეროდ, როგორც კი სამშობლოში ჩადიოდნენ, მაშინვე ყველაფერს უკეთ იგებდნენ და ითვისებდნენ.
- ამერიკაში იმდენი ქართველია, აუცილებლად ექნებათ ქართულ გარემოში ყოფნის ფუფუნება...
- კი, აქ დადიან ცეკვაზე, ანსამბლში "ფესვები" და ამან გვიხსნა დიდი დეპრესიისგან. შეიძლება გაგონილი გაქვთ, რომ ამერიკულ სკოლებში ქართულისგან რადიკალურად განსხვავებული გარემოა. ბავშვები დიდად ვერ მეგობრობენ და როცა შენ სხვანაირად ხარ აღზრდილი, თავისთავად, დეპრესიაში ვარდები, მშობელთანაც აგრესიული ხდები. მოკლედ, ძალიან პრობლემატურია ეს საკითხი... მოსკოვშიც ცეკვავდნენ ქართულს და აქაც მივიყვანე "ფესვებში". ისეთი სამეგობრო გაიჩინეს, რომ ახლა ბედნიერები არიან. ანსამბლის პედაგოგები - ვანო და შორენა საოცარი ადამიანები გახლავან. სადმე რომ მიდიან, ქართულ ფილმებს უყურებენ და მერე ბატონ ვანოსთან ერთად განიხილავენ. მადლიერი ვარ ამ ხალხის, კარგ საქმეს აკეთებენ ჩვენი, ქართველი ემიგრანტების ოჯახებისთვის. ჩემი შვილები ანსამბლში ცეკვავენ და როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებათ, "ფესვებში" გარბიან. იქ მათი მეორე სახლია.
- მოსკოვსა და ამერიკაში ცხოვრების წლები შეგიძლიათ, შეადაროთ?
- კი, სულ ვავლებ პარალელს. ზოგადად, ცა და დედამიწასავით განსხვავდება ეს ორი ემიგრაცია ერთმანეთისგან. აქ ყველაფერი მეიოლება, რადგან ხალხიც უმეტესად კეთილგანწყობილია. რუსეთში ძალიან ბევრი "ზევიდან" გვიყურებდა. ერთხელ მაღაზიაში შევედი, დედას ველაპარაკებოდი ქართულად და ვიღაც "ბაბუშკამ" ზურგზე ჯოხი "მომიკაკუნა", - აქ ნუ ლაპარაკობო. - რას გიშლით-მეთქი? - სხვა ენაზე ნუ ლაპარაკობ ან შენს სამშობლოში წადიო. 12 წელი ვიცხოვრე რუსეთში და კარის მეზობელს გამარჯობა არ უთქვამს ჩემთვის. ცივი ხალხი და ცივი გარემოა, რაც მაკომპლექსებდა, მთრგუნავდა. აქ კი ლაღი ხალხია, გამარჯობას კი არა, კომპლიმენტებსაც არ იშურებენ შენთვის. სიფერადე მოსწონთ და გიღიმიან. წარმოიდგინეთ, ბინის ქირაობა აქაც ძნელია, მაგრამ არავინ გეტყვის, შენ ქართველი რომ ხარ, ამიტომ არ მოგაქირავებო, რუსეთში კი ამას პირდაპირ გვეუბნებოდნენ. ყოველი ბინის გამოცვლა იყო ტანჯვა.
- რა არის ის, რაც ამერიკაში ბედნიერებას განიჭებთ?
- ბედნიერი ვარ ყველგან. მიუხედავად ყველაფრისა, მოსკოვშიც ლაღი ვიყავი. რაც მაქვს, იმითაც ბედნიერი ვარ და არ მჭირდება ამისთვის 7 ბინა, მილიონები... ადამიანი უნდა იყო კმაყოფილი იმით, რაც გაქვს, თორემ ბევრი მილიონერი მინახავს ყველაფრით უკმაყოფილო. სანამ ამქვეყნად ხარ, ლამაზად უნდა იცხოვრო და ისიამოვნო ყოველი დღით. აქტიური ვარ, ხალხთან ურთიერთობა, მათი სიყვარული მაბედნიერებს. ყველა კარგად მყავს და რატომ უნდა ვიყო უბედური? მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ, დანარჩენი წვრილმანია.
- ქართველები ხშირად იკრიბებით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- დიდი რელაქსია. კარგი საღამოები იგეგმება ხოლმე, ხან მასტერშეფკლასებს ვატარებთ, ხან სხვა რაღაცას ვიგონებთ - ეს არის მიზეზი საიმისოდ, რომ შევიკრიბოთ და ერთმანეთს მოვეფეროთ, თორემ იქ არც ჭამა უნდა ვინმეს და არც დალევა. მე არ მაქვს სტრესული სამუშაო და ოჯახიც გვერდით მყავს, მაგრამ ხომ არიან ემიგრანტები, რომლებიც 24 საათი მუშაობენ და მათ ეს ისე სჭირდებათ, როგორც წყალი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ემოციები დიდხანს გაჰყვეთ. მათ ერთმანეთის სითბო და სიყვარული სჭირდებათ. ემიგრაციაში, მით უმეტეს, როცა ოჯახის წევრები გვერდში არ გყავს, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
- ემიგრანტები ვინ ხართ საკუთარი სამშობლოსთვის?
- ჩვენ ერთგვარად, ქვეყნის სიძლიერე ვართ. ვიღაცას უთქვამს, შენ მანდ შენი ოჯახის კეთილდღეობისთვის ხარო. კი, ბატონო, მაგრამ მე და ჩემნაირები ხომ ჩვენიანებს მაინც ვინახავთ, ჩვენი ოჯახები მაინც ხომ არ არიან სახელმწიფო შემწეობაზე დამოკიდებულები და ეს არ აძლიერებს ქვეყანას? ჩემს ქვეყანაში დაბრუნება როგორ არ მინდა, მაგრამ აქ რაღაცას ვაკეთებ, ვქმნი, მაქვს გეგმები, რისი განხორციელებაც ჩემს ქვეყანაში ამ ეტაპზე შეუძლებელია... სამწუხაროდ... ასე მგონია, მანდ რომ ჩამოვიდე, კიდევ ერთხელ, ნულიდან უნდა დავიწყო ყველაფერი და დავიკარგები. სტაბილური სიტუაცია არ გვაქვს და არც იმის გარანტია, რომ ხვალინდელი დღის არ შემეშინდება. შრომა არ მეზარება, მაგრამ ბევრი მშრომელი ადამიანი აქეთ გამორბის... იქ რომ ყველაფერი კარგად იყოს, ვინ გამოიქცევა? ბიზნესი ააწყვეო. კი, მაგრამ მერე ვიღაცამ რომ წამართვას, სამართალი სად ვიპოვო? მერწმუნეთ, ძალიან გვენატრება საქართველო, მაგრამ ჯერ ვერ დავბრუნდებით...
ლიკა ქაჯაია