"ჯერ საკუთარ თავს უნდა მოუგო, მერე კი - სხვას" - გზაპრესი

"ჯერ საკუთარ თავს უნდა მოუგო, მერე კი - სხვას"

პონტევედრაში, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც ლუკამ მესამე ადგილი დაიკავა და მისთვის პირველი მსოფლიოს მედალი აიღო...

ის გალში დაიბადა და გაიზარდა. წლების განმავლობაში აფხაზეთში ჭიდაობდა. გალში დღესაც ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს, აფხაზ მოჭიდავეებთან მეგობრობს...

- მსოფლიოს ჩემპიონატიდან რომ დავბრუნდი, მაგ დღეს ფეხბურთში საქართველო-ჩეხეთის თამაში იყო. მოგეხსენებათ, თამაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ისე გამოვიდა, რომ თავისუფალ ჭიდაობაში, მეც 4:1 მოვიგე, ბრინჯაოს მედალი ავიღე. ჩემპიონატი ესპანეთში, ქალაქ პონტევედრაში გაიმართა. იმ დღეს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო! ქართველი მოჭიდავეებიდან მედალი მხოლოდ მე წამოვიღე. არ გამხარებია, რომ ჩვენმა ბიჭებმა მედალი ვერ აიღეს. უბრალოდ, ჩემი მედალი გამიხარდა... ესპანეთიდან წამოსვლამდე, უკვე ყველაფერი ვიცოდი, ინტერვიუზე რა უნდა მელაპარაკა - აზრები გონებაში დავალაგე (იცინის). ჰოდა, საქართველოში აეროპორტიდან რომ გამოვედი, ჟურნალისტები არ დამხვედრიან... მხოლოდ ჩემი მწვრთნელის შვილი, ნათესავი და სამეგობრო დამხვდა. ჩემიანებს ჩავეხუტე, ჩამსვეს ავტომობილში, სახლში წამოვედი და დავიძინე...

გალში დავიბადე. ბავშვობა იქ გავატარე. როცა თბილისში ჩამოვედი, მწვრთნელი არ მყავდა - ნათესავი მაქცევდა ყურადღებას, რომელიც ფედერაციაში მუშაობდა. ის რომ არ ყოფილიყო, შეიძლება აქამდე ვერ მოვსულიყავი. შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრა, მე კი მწვრთნელს ჩამაბარა, რომელიც თბილისში ცხოვრობდა. საცხოვრებლად ვაკეში გადავედი. ფალავანთა კლუბში ვვარჯიშობდი. ის მწვრთნელი - ზური ქალდანი 3 დღის წინ გარდამეცვალა...

- სამწუხაროა. შენი მედლის ნახვა მოასწრო?

- კი. ესპანეთიდან რომ დავბრუნდი, იმ დილით საავადმყოფოში წავედი. ძალიან ცუდად იყო, მაგრამ უთქვამს, - მედალი მომიტანოსო. მივუტანე. ძალიან გაუხარდა... მეორე დღეს გარდაიცვალა. ზური ძალიან პოზიტიური კაცი იყო, ყველა თემაში. ყველა საკითხს მიგვარებდა... მისგან ბევრმა გამიცნო - დიდი საახლობლო ჰყავდა, ყველგან ჩემ შესახებ ლაპარაკობდა. კლინიკაში ყოფნის დროს, როცა ცუდად იყო, თურმე ამბობდა, - მოსწავლე მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი გამიხდაო. ძალიან უხაროდა... ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ტელეფონით მელაპარაკებოდა, რჩევებს მაძლევდა. ცუდად იყო, მაგრამ კიდევ მარიგებდა... ვუთხარი, - ზური მასწ, თქვენ იყავით კარგად და ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ეს ფრაზა გახარებია და კლინიკაში ყოფნისას ამბობდა, - ჩემმა მოსწავლემ ასე მითხრაო... ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა მედალი რომ მივუტანე, ცუდად იყო, ვერ იცინოდა. მედალი ცოტა ხანს ხელში ეჭირა - უხაროდა... შემდეგ, დილით ძმაკაცმა დამირეკა და მისი გარდაცვალების შესახებ შემატყობინა. არ მინდოდა, რომ ზურის დაღუპვის შესახებ გამეგო, არ მჯეროდა... მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგეს, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა... ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი სული გავახარო...

- ლუკა, ჭიდაობა როგორ დაიწყე?

- 5 წლის ვიყავი. ჩემი ნათლია გალში მწვრთნელი იყო. ჭიდაობაზე მან წამიყვანა. სპორტის ეს სახეობა მომეწონა. მას შემდეგ ჭიდაობაზე სიარული დავიწყე. აფხაზეთში 9 წელი ვჭიდაობდი. პასპორტი არ მომცეს, რომ შეჯიბრებაზე გავმგზავრებულიყავი, რადგან ქართული დაბადების მოწმობა მაქვს. ბავშვი ვიყავი, გული დამწყდა... შემდეგ სკოლიდან გამოვედი და მწვრთნელმა თბილისში წამომიყვანა. ნაკრების მწვრთნელებს მოვეწონე და ოლიმპიურ ბაზაზე დამტოვეს. 2 წელი იქ გავატარე. ბაზაზე დარჩენიდან 3 თვეში საქართველოს ჩემპიონატი იყო, რომელშიც გავიმარჯვე. მაშინ 14 წლის ვიყავი. შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე წავედი, მაგრამ გამოუცდელობის გამო, წავაგე. ამ ფაქტმა მოტივაცია გამიძლიერა, რომ სხვა ტურნირებზე მომეგო. დავინახე, რომ გამარჯვებას მეტი შრომა სჭირდებოდა. საქართველოში დაბრუნებულმა ვარჯიში დავიწყე. ნელ-ნელა შრომა ფასდება... საქართველოს ჩემპიონატზე 6-ჯერ გავიმარჯვე. საერთაშორისო ტურნირებზეც ვიგებდი, მაგრამ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვაგებდი - გამარჯვებამდე სულ ცოტა მაკლდებოდა. ჩემპიონატიდან დაბრუნებული უფრო და უფრო მეტს ვვარჯიშობდი. 2022 წელს ევროპის პრიზიორი პირველად გავხდი - ბრინჯაოს მედალი ავიღე. ძალიან გამიხარდა! ჩემთვის ეს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი იყო... შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატში ვმონაწილეობდი, მაგრამ მოგებამდე ისევ ცოტა დამაკლდა... 2023 წელს, ევროპის ჩემპიონატზე (ამჯერად - 23 წლამდელებში ანუ ჩემზე უფროსებში) მესამე ადგილი დავიკავე... დაახლოებით 2 კვირაა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დავბრუნდი. ამ შეჯიბრებისთვის განსაკუთრებულად, საჩემპიონოდ ვემზადებოდი, მაგრამ ღმერთის წყალობით, მესამე ადგილი დავიკავე. შემდეგ ჯერზე მეტად მოვინდომებ, და ვეცდები, მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოვიგო და ოლიმპიადაზეც, 2028 წელს.

- ლუკა, კვების განსაკუთრებული რაციონი გაქვს?

- შეჯიბრების პერიოდში კვებას უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგან წონის კლება მიწევს - დაბალ წონაში (57 კგ) ვჭიდაობ და მინდა თუ არა, უნდა დავიკლო და კვების რეჟიმს, რაციონს ვიცავ: ძირითადად, ბოსტნეულს, ხილს მივირთმევ, წყალს ვსვამ... დღეში სამჯერ ვიკვებები.

- შენთვის ეს ცოტათი მოსაწყენი, მოსაბეზრებელი ხომ არ ხდება ხოლმე?

- წონის კლება - კი. ასეთ დროს ყველაფერზე ბრაზდები ადამიანი და ჯობია, სახლში იყო. წონის კლების დროს, ბევრი სიარული სასურველი არ არის. ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ წონის კლებას გაუძლო, მერე კი - ჭიდაობას.

- ამ მხრივ პრობლემები შეგქმნია?

- შეჯიბრებამდე თავის ხელში აყვანა კარგად შემიძლია, თუმცა თავდაპირველად, გამიჭირდა. შემდეგ მწვრთნელებმაც მასწავლეს და თავადაც ვისწავლე, თავი ხელში როგორ ამეყვანა. ჯერ საკუთარ თავს უნდა მოუგო, მერე კი - სხვას. თავს ყველანაირად ვაკონტროლებ - წონის კლების დროსაც და საერთოდაც...

- მოგვიყევი, გალში როგორ ცხოვრობდი?

- სკოლაში დავდიოდი - საშუალო დონეზე ვსწავლობდი, ვვარჯიშობდი... ვარჯიშს არასოდეს ვაცდენდი. ჩემი მწვრთნელები ბესიკ გვილია და ნაზიმ ქობალია (ნათლიაჩემი) იყვნენ. თბილისში, შეჯიბრებაზე ბესიკმა ჩამომიყვანა...

- სკოლაში რომელ ენაზე სწავლობდი?

- რუსულად. თბილისში რომ გადმოვედი, ქართული ენა თავად ვისწავლე. მანამდე ძალიან ცუდად ვსაუბრობდი და ცოტათი მესმოდა... შემდეგ, "ზბორებზე" რომ დავდიოდი, ბიჭებთან კომუნიკაციით ქართული ვისწავლე, თორემ წიგნი არ წამიკითხავს.

- გალში ცხოვრებისას, ოჯახში რომელ ენაზე საუბრობდით?

- მეგრულად (იღიმის).

- თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, სკოლაში აღარ გივლია?

- არა. ბაზაზე ცხოვრებისას, დღეში ორჯერ ვარჯიში მქონდა. სკოლაში სიარულს მაინც ვერ მოვასწრებდი. სპორტს გავყევი. მერვე კლასიდან გამოვედი, მაგრამ აფხაზეთში მეცხრე კლასის ატესტატი მომცეს.

- დღეს აფხაზეთთან კონტაქტი გაქვს?

- მშობლები იქ არიან. როცა მინდა, ჩავდივარ. სხვათა შორის, 2 დღეში გალში მივდივარ. მშობლები უნდა ვნახო და მსოფლიოს მედალი ჩავიტანო - ჩემიანები უნდა გავახარო: დედ-მამა, ნათლია, სამეზობლო, სანათესავო... მშობლები ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, რომ წარმატებული სპორტსმენი ვყოფილიყავი. ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, მთელი სამეზობლო ერთ სახლში იკრიბებოდა (ამის ამსახველი ვიდეოც მაქვს): ბავშვები, ხანში შესულები, ახალგაზრდები... ტელევიზორში ყველა მიყურებდა. იქ ჩემი წარმატება ყველას უხარია. ჯერ არავინ ყოფილა, რომ გალისთვის ასეთი წარმატება მოეტანა.

image00007-1727805439.jpg

- ოჯახის წევრები რას საქმიანობენ? რომელიმე მათგანი სპორტსმენი ხომ არაა?

- მამა მეხანძრე გახლდათ, დედა საბავშვო ბაღში მუშაობს. ბიძაშვილი იყო ძიუდოისტი. სპორტით ამიტომაც დავინტერესდი.

- ალბათ, გალში ბავშვობის მეგობრები გყავს...

- კი, ბევრი ძმაკაცი და მეგობარი მყავს. თბილისშიც ბევრი მეგობარი შევიძინე, განსაკუთრებით - მოჭიდავეები, სპორტსმენები...

- გალში, აფხაზებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ჩვეულებრივი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. როგორც მოექცევი, ისე გექცევიან. მტრებივით გვიყურებენ. სულ ამბობენ, - ქართველმა მამა, ბაბუა მომიკლაო... აფხაზ მოჭიდავეებთან ვმეგობრობ. კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემთან, თბილისშიც ჩამოსულან, მაგრამ მათთან პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ.

- ლუკა, თბილისში როგორ ცხოვრობ, სპორტის გარდა, რა გაინტერესებს?

- 3 წელი ვაკეში, ქირით ვცხოვრობდი, ახლა წერეთელზე, გირით ვცხოვრობ. სამომავლოდ ჩემპიონატებისთვის უკეთ მოვემზადები, წარმატებას მივაღწევ და ბინასაც ვიყიდი, მერე კი მშობლებს თბილისში წამოვიყვან, თუმცა თავად ეს დიდად არ უნდათ, მაგრამ მაინც წამოვლენ... რა თქმა უნდა, სპორტსმენებთან ვმეგობრობ. ასევე, ჩემს სამეგობრო წრეში გალიდან წამოსული ბიჭებიც არიან. გართობისას ცუდს არაფერს ვაკეთებთ, მაგალითად - მთაზე ავდივართ, ვჭამთ, ვსვამთ (იღიმის)...

- მარტო ცხოვრებას როგორ უმკლავდებოდი, სანამ შეეჩვეოდი?

- კერძების მომზადება არ ვიცოდი. ამიტომ დასახმარებლად დედას ვურეკავდი. ის მასწავლიდა, რა როგორ მომემზადებინა.

- მეგრული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძების მომზადება იცი?

- რავი, ელარჯს და გებჟალიას ვერ ვამზადებ - ისინი ყოველდღიური საჭმელი არ არის და ამიტომ. სპორტსმენებისთვის წვნიანის მირთმევა უკეთესია. ამიტომ, წვნიანს ვამზადებდი ხოლმე.

- შეყვარებული თუ გყავს?

- კი. საცოლე მყავს. 2 წელია, ერთად ვართ. მეგრელია. ამჟამად თბილისშია - მენეჯმენტს სწავლობს. ბევრ რამეში მეხმარება, ჩემპიონატების დროსაც მხარში მედგა...

- შენი უახლოესი გეგმები როგორია? ამჟამად, რომელი შეჯიბრებისთვის ემზადები?

- 21 ოქტომბერს ალბანეთში, ტირანაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მივემგზავრები. ძალიან დიდი კონკურენცია იქნება, მაგრამ ვეცდები, ოქროს მედლით დავბრუნდე.

- წარმატებას გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი