თამო ვაშალომიძე ცხოვრების ახალ ეტაპსა და ასრულებულ ოცნებაზე
პირიქით, რაღაც ახალი და კარგი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში", - ამბობს ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე და ვენეციის კინოფესტივალზე გატარებულ დღეებს იხსენებს. შეცვლიდა თუ არა რამეს საკუთარ ცხოვრებაში, რა არის მისთვის ბედნიერება, რას მიიჩნევს ყველაზე დიდ სისუსტედ და ვინ არის ადამიანი, ვინც მას თავდაჯერება შესძინა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...12.07.1991.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ჟურნალისტი. ყველას კარგად გვახსოვს, იმ წლებში ქვეყანაში როგორი მძიმე მდგომარეობა იყო და როდესაც ვუყურებდი, ტყვიების ზუზუნში როგორ აშუქებდნენ ამბებს ქალი ჟურნალისტები, მინდოდა, მეც ეს პროფესია ამერჩია.
- ჩემზე ამბობენ...
- ...გულუბრყვილოა.
- ეთანხმები?
- ადამიანებს მარტივად ვენდობი, მართლა გულუბრყვილო ვარ. ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე, - თამო, უკვე 33 წლის ხარ, ხომ უნდა გაიზარდო და მიხვდე, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება?!
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...არაფერს შევცვლიდი, ყველა ეტაპს თანამიმდევრულად გავივლიდი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...საკუთარ თავს. ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს შვილები. ამაყი დედა ვარ.
- შვილები ამ წარმატებულ დღეებზე რას გეუბნებიან?
- მითხრეს: დე, წითელ ხალიჩაზე ძალიან ლამაზი იყავიო. სოფია ჩემი ფეხსაცმელებით დადის და ამბობს, წითელ ხალიჩაზე ვარო. სულ ვარიგებ, ვუხსნი, რომ კარგად უნდა ისწავლოს, რომ ყველა დღე მნიშვნელოვანია და საკუთარი ცოდნით ბევრი რამის მიღწევას შეძლებს. ვეუბნები, მე რომ თავის დროზე ძალიან კარგად მესწავლა, ენები შემესწავლა, უფრო მეტს მივაღწევდი.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...მიზანდასახულობა, სიმტკიცე, ძლიერი ხასიათი, თუმცა ხანდახან დაღლილობისგან ვტირი. 1 წელია არ დამისვენია. ჩემი კომპანიის ყველა დეტალში ჩართული ვარ. ვიღაცას ჰგონია, გამიმართლა. მე ასე არ ვფიქრობ. ბევრი თუ არ იშრომე, ხარისხზე თუ არ გააკეთე სწორება, ისე წარმოუდგენელია, შედეგს მიაღწიო. ამ ბრძოლაში გული ბევრჯერ მტკენია. ისიც ვიცი, როგორი ტკივილია, ადამიანებს რჩევას რომ ეკითხები და ხმასაც არავინ გცემს.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...უფრო მეტი გავაკეთო. ახლახან ჩემმა მეგობარმა აღნიშნა, ასეთი გრანდიოზული ფესტივალიდან ჩამოხვედი და იმ წამიდანვე შრომა გააგრძელეო. მე ეს წარმატება ჩვეულებრივად მივიღე. რასაც უნდა მივაღწიო, ზემოდან არავის არასდროს დავხედავ. სარკეში რომ ვიხედები, ჩემს თავსაც ვერ ვუბედავ თქმას: "თამო, რა მაგარი ხარ!" ვიცი, ტკბობას კი არ უნდა მივეცე, უფრო მნიშვნელოვან ამბებზე უნდა დავიხარჯო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...მებრძოლი ხასიათი.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ზედმეტი ემოციურობა, ყველაფერი მაფორიაქებს. სადღაც ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე შეიძლება 2 კვირა ვიდარდო. ყველას რომ ვენდობი, ეგეც არ მომწონს.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ძალიან ბევრი რამ. ადრე მამა ამბობდა, სხვის შეცდომაზე რომ ისწავლი, ბრძენი ხარო. მე კი ვფიქრობ, სხვისი დაშვებული შეცდომა გვერდიდან მაინც სხვაგვარად ჩანს, საკუთარ თავზე განცდილი კი სულ სხვაა. სანამ შენ არ დაგემართება, სიმძაფრეს ვერ შეიგრძნობ.
- პატიება შემიძლია...
- ...ყველაფრის, ღალატის გარდა. უპატივცემულობა, დამცირება, ცემა-ტყეპის ატანა წარმოუდგენელია.
- ვნანობ...
- ...ყველა პატარა წვრილმანსაც კი განვიცდი, რაც ოდესმე შემშლია. შეიძლება ემოციურ ფონზე ახლობელს რაღაც ვუთხრა ან ბავშვს დავუყვირო. საერთოდ ბავშვებს არ ვუყვირი, ძალიან ბუნჩულა დედა ვარ.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ოკეანის სანაპიროზე ან სადმე ტყეში, მშვიდ გარემოში. ისეთი გადაღლილი ვარ, 5 დღით დასვენება მაინც მჭირდება და თავისუფალი დრო არ მაქვს.
- სიყვარული ეს...
- ...არის უდიდესი გრძნობა. სიყვარულის გამო ბევრ რამეს სიამოვნებით ცვლი. ბევრ პრობლემას, სირთულეს უძლებ. მადლობელი ვარ იმ სიყვარულის, რომელიც ღმერთმა მომცა.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ჩემს თავს ვეკითხებოდი; თამო, რა დაგემართა? როგორი უსუსური გახდი. იმ ადამიანზე ამდენს რატომ ფიქრობ? რომ არ მოგწერა, რა განერვიულებს? გიყვარს? შეყვარებული სუსტი ვარ, უფრო ემოციური და ნაზი ვხდები.
- მაკვირვებს...
- ...ადამიანს რაღაცას რომ ეუბნები და სხვაგვარად იგებს. მაკვირვებენ ის პიროვნებები, რომლებსაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, სხვებზე არიან დამოკიდებულნი და მერე ის სხვები მათზე ზემოქმედებენ. ვიღაც რომ ბოროტი ან შურიანია, ეს აღარ მაკვირვებს, ეს ზოგიერთი ადამიანის თვისებაა.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...არის ჩემი შიშები. მაგალითად, მეშინია სახლში მარტო დარჩენის, სიბნელის.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ძალიან მრცხვენია. ამ დროს ვიბნევი, თან მიხარია და აღარ ვიცი, რა გავაკეთო. მადლიერების სიტყვებს ვერ ვპოულობ, რაც იმ წუთში მინდა ვთქვა.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...დაგვიანების გამო. არაპუნქტუალური ვარ. კი არ მინდა დავიგვიანო, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, მაინც ასე ხდება. დილის გადაცემებში აღარ მივდივარ, სულ მაგვიანდება და მერე ვტირი, სხვას რომ ცუდ დღეში ვაგდებ. ჟურნალისტებს ხშირად ვებნები, მომატყუეთ ცოტა. ისეთ დროს დამიბარეთ, თქვენ რომ საქმე არ გაგიფუჭდეთ-მეთქი.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...ლამაზი ფეხის თითები მექნებოდა. პოდაგრა მაქვს და ოპერაციას არ ვიკეთებ. ვიცი, რთულია, ზოგიერთთან უარესი შედეგიც კი დგება. ყველა ფეხსაცმელს, რომელიც მინდა, ვერ ვიცვამ.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...უცხო ენები. ინგლისურზე ასჯერ შევედი და გამოვედი. ახლაც დავდივარ. მინდა კარგად ვსაუბრობდე.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ფოტომოდელი რომ ვარ, საერთოდ ამ სფეროში ბედი რომ ვცადე, ამაში ერთ ადამიანს გარკვეული წვლილი მიუძღვის. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი, სახლის პატრონის შვილთან ვმეგობრობდი. ქურთები იყვნენ, უთბილესი ადამიანები. მაშინ ჩემი საზრუნავი და პრიორიტეტი იყო, როგორმე თავი გამეტანა, გადასახადები გადამეხადა და ბებო კარგად მყოლოდა. ის ქალბატონი ყოველთვის მიმეორებდა: თამო, ლამაზი, განსხვავებული ხარო... ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გვერდით ვინ გყავს. ამ სიტყვებს ყოველდღე რომ ისმენ, მერე გინდა თუ არა, იჯერებ. ამ ქალბატონს ხანა ჰქვია, მისი მადლობელი ვარ. სულ ვკონტაქტობდით, მაგრამ უცხოეთში წავიდა და დამეკარგა.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...არ მეგონა, ამდენ ადამიანს თუ ვუყვარდი. დიდი გამოხმაურება ჰქონდა ჩემს წარმატებას. ხალხი თითქოს ისე გაერთიანდა, როგორც სპორტულ წარმატებებზე ერთიანდებიან ხოლმე. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ერთ ადგილზე ჩერდება და მიღწეულით კმაყოფილდება. სულ ვმუშაობ საკუთარ თავზე, მაგრამ ვისწავლე,
ჩემს გეგმებზე აღარ ვლაპარაკობ. რამდენჯერაც ვისაუბრე, არ გამომივიდა. ამ ფესტივალზე წასვლის ამბავსაც საგულდაგულოდ ვმალავდი. არ მქონდა უფლება წითელ ხალიჩაზე დროშა გამეტანა, მაგრამ სანამდეც მქონდა შესაძლებლობა, ჩვენი დროშისთვის ხელი არ გამიშვია. ყველას, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხა, ვუსურვებ, ყველა დასახული მიზნისთვის მიეღწიოs
- თამო, როგორი ემოციით დაბრუნდი ვენეციის კინოფესტივალიდან და იქ გატარებულ დღეებს როგორ აფასებ?
- არ ვიცი, შევძლებ თუ არა, ის ემოცია გადმოვცე, რომელიც ამ ფესტივალზე მოხვედრამ და იქ გატარებულმა რამდენიმე დღემ დამიტოვა. სასწაული დღეები იყო, მაგრამ წინ კიდევ ბევრი ასეთი სასწაული მელოდება. იმის შეგრძნება არ მაქვს, რომ რაღაც დასრულდა, წარსულში დარჩა, პირიქით, რაღაც ახალი და კარგი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, წინ ბევრი საინტერესო იდეა და გეგმა მაქვს. ბედნიერი ვარ და მადლობელიც ქართველი ხალხის. მართალია პატარა ერი ვართ, მაგრამ უდიდესი ძალა გვაქვს, უდიდესი შესაძლებლობების მქონე ხალხი ვართ. უცხოურ გვერდებზე, სადაც ჩემი ვიდეორგოლი გადიოდა, სულ ქართველების კომენტარები იწერებოდა და ეს მაბედნიერებდა. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ყოველთვის ვეცდები, ღირსეულად წარმოვაჩინო სამშობლო.
- ამ ფესტივალზე მოხვედრა შენი ოცნება იყო, არა?
- ეს იმ პატარა გოგოს, პატარა თამოს ასრულებული ოცნებაა, 7 წლის ასაკში, სოფელში აივანზე ფარდამოხვეული რომ მღეროდა და უნდოდა, რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა. ახლა წინ სხვა მიზნები მაქვს და იმედია, უფლის წყალობით ამ სურვილებსაც რეალობად ვაქცევ.
- მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ვენეციის კინოფესტივალზე მოხვედრის ამბავი გავრცელდა, საზოგადოება თითქოს ორად გაიყო: ნაწილი გაქებდა, მიღწეულ წარმატებას აფასებდა, როგორც დიდი შრომის შედეგს, მაგრამ იყვნენ ჰეითერებიც, რომლებიც წერდნენ, ამას აქ რა უნდაო? რას უპასუხებ ამ ადამიანებს?
- 2013 წელი იყო ეკრანზე რომ გამოვჩნდი. ჩემი პირველი ნაბიჯების გადადგმისთანავე "გამოვრთე ჰეითი", გულთან საერთოდ არ მიმაქვს. პირიქით, მგონია, ეს საჭიროა, ადამიანები სულ ფორმაში რომ ვიყოთ. ჰეითერებს არაფერს ვეტყვი, მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ, ასე გააგრძელონ! საქართველოში ბევრმა არ იცის, როგორც ვენეციის, ასევე კანის კინოფესტივალებზე მხოლოდ მსახიობებს, რეჟისორებს და კინოში მოღვაწე ადამიანებს არ იწვევენ. ამ ფესტივალზე ასევე იწვევენ გამორჩეულ, საინტერესო ბლოგერებს, ფოტომოდელებს, ინფლუენსერებს... მსოფლიოს მასშტაბის ასეთ ღონისძიებებზე, რომლებსაც ვარსკვლავები ესწრებიან, ძალიან რთულია მოგცენ აკრედიტაცია. ამის შესაძლებლობა ყველა ჟურნალისტსაც არ აქვს. მოთხოვნა წინა წლებშიც გადავგზავნე... ამჯერად მიზანს მივაღწიე, როდესაც მეილზე აკრედიტაცია მომივიდა, შოკში ვიყავი, სანამ ხალიჩაზე არ დავდექი და არ გამოვედი, ეს ამბავი თავადვე ვერ დავიჯერე. ვფიქრობ, საკუთარი თავი, ჩემი კომპანია და ქვეყანა სათანადოდ წარმოვაჩინე. ეს არ იყო მხოლოდ 6 სექტემბერს ხალიჩაზე გავლა, დანარჩენი 4 დღე, რომელიც იქ გავატარე, გახლდათ ძალიან დატვირთული, შეხვედრებით და მოლაპარაკებებით სავსე. ვიცოდი, ყოველი წუთი ნაყოფიერად უნდა გამომეყენებინა. უცხო ქვეყანაში, სადაც არავინ გიცნობს, დიდი მიღწევაა, მიიქციო საზოგადოების ყურადღება, დაგბეჭდონ და შენზე ილაპარაკონ.
თამუნა კვინიკაძე