8-წლიანი კარიერული პაუზა და აწმყო, როგორც აღმავლობის პერიოდი
მუსიკა მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. „მუსიკას 4 წლის ასაკიდან ვეზიარე. ჯერ ბავშვურად, საბავშვო სიმღერებს ვასრულებდი. დედაჩემი ინგლისური ენის დამსახურებული პედაგოგი იყო, მამა ინჟინერ-მშენებელი. ყველანაირად ცდილობდნენ ჩემში რა ნიჭსაც ხედავდნენ, იმ მიმართულებით განვვითარებულიყავი და როცა აღმოაჩინეს, რომ მუსიკისადმი ინტერესს ვიჩენდი, ხელს მიწყობდნენ. საერთოდ, ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ მუსიკალური სფერო და მუსიკასთან ჩემი დაახლოებაც მათ ინიციატივად შეიძლება ჩაითვალოს“, - ამბობს თეონა შატბერაშვილი, მომღერალი და პედაგოგი:
- 5 წლის ასაკიდან დავიწყე საფორტეპიანიო მიმართულებით მომზადება, დავამთავრე შვიდწლედი, შემდეგ მეორე მუსიკალურ ტექნიკუმში ვსწავლობდი. იქვე პედაგოგიური ინსტიტუტი, საკონცერტმაისტერო განხრით დავამთავრე. შემდეგ აღმომაჩნდა საოპერო მიმართულების ხმა და გადავწყვიტე კონსერვატორიაში ჩამებარებინა, სადაც დავამთავრე ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც. მას შემდეგ 23 წელია ამ სფეროში ვარ და პარალელურად, 10 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი. 2016 წელს, კულტურის ცენტრში „იმედი“ გადმომეცა ჯილდოც. მაღიარეს, როგორც "საუკეთესო პედაგოგი საოპერო და სავოკალო მიმართულებით" და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო ფაქტი გახლდათ.
- ბავშვების უმრავლესობას ეზარება მუსიკაზე სიარული. გაკვეთილი მშობლებისგან ფარულად არასდროს გაგიცდენიათ? და საერთოდ, თქვენთვის როგორი იყო ის წლები?
- არა, გაკვეთილი არასდროს გამიცდენია. მშობლებს ვუჯერებდი, ძალიან მართალი ბავშვი ვიყავი და ვიქცეოდი ისე, როგორც ჩემს ოჯახს ეკადრებოდა. დედას შვიდწლედი ჰქონდა დამთავრებული. ინსტრუმენტთან დაჯდებოდა, უკრავდა, მასმენინებდა, როგორ ჟღერდა ესა თუ ის ნოტი, ნაწარმოები. მუსიკა რომ შემიყვარდა, ეს დედას დამსახურებაა და მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები.
- მუსიკის გარდა, რის მიმართ ავლენდით ინტერესს?
- კულინარია ბავშვობიდან მიყვარდა. ამ სფეროთი ჩემი გატაცება პირდაპირ ტორტების ცხობით დაიწყო, რაც ადრეული ასაკიდან არცთუ ისე ცუდად გამომდიოდა. ქართული, ტრადიციული სუფრა მიყვარს და ამგვარ კერძებსაც ვამზადებდი. მოგვიანებით ხელსაქმემ გამიტაცა, რაშიც ბიჟუტერიის დამზადებას ვგულისხმობ. დღემდე, ვინმესთვის სასაჩუქრედ ან ჩემი პირადი მოხმარებისთვის, სამკაულს თავად ვაკეთებ.
- საკონცერტოდაც მოგირგიათ თქვენი ხელით შექმნილი სამკაული?
- როგორ არა! დედაჩემი კარგად კერავდა. ძალიან კარგი გემოვნება ჰქონდა და საკონცერტო ტანსაცმელს ძირითადად, ის მიკერავდა. მე კი არაერთხელ მკეთებია ჩემი ხელით შექმნილი სამკაული სცენაზე. ალბათ ხელსაქმისადმი სიყვარული გენეტიკურად გამომყვა.
- კონსერვატორიაში სწავლის წლებზეც გადავინაცვლოთ. ვინ იყვნენ თქვენი პედაგოგები?
- თავდაპირველად ცისანა ტატიშვილი, შემდეგ ანზორ შომახია. მაგისტრატურა ვოკალური მიმართულებით ნოდარ ანდღლაძესთან დავამთავრე. დღეს ჩემი პედაგოგია ოპერის წამყვანი სოლისტი, მეცო სოპრანო ელენე ჯანჯალია. სულ მისი კონტროლის ქვეშ ვარ. ვოკალისტი რაც უნდა პროფესიონალი, გამოჩენილი და ცნობილი იყოს, პედაგოგის გარეშე ვერ იქნება, რადგან ჩვენი პროფესია ყოველდღიურ შრომასა და ვარჯიშს მოითხოვს. სულ უნდა მღეროდე და არ გაჩერდე, თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ასეთი პერიოდიც მქონდა: საკმაოდ გვიან, 33 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. აქვე ჩემს უმძიმეს ტკივილზეც გეტყვით: პირველი შვილი დამეღუპა. ორსულობის 28 კვირაზე გაჩნდა, ერთად ვიბრძოდით, ბარბარე დავარქვი, მოვნათლე კიდეც, მაგრამ ბავშვმა 2 კვირა იცოცხლა და მერე უფალთან გამიფრინდა. სულიერად არ დავცემულვარ, ამის შემდეგ გადავწყვიტე მებრძოლა და მრავალშვილიანი დედა გამხდარიყავი. დღეს 3 შვილის: ნინო, ლიასა და ანდრეას დედა ვარ. ერთმანეთის მიყოლებით დაიბადნენ და შვილების შეძენა-გაზრდის პერიოდში, 8-წლიანი პაუზა მქონდა. სცენაზე ვერ გამოვდიოდი, თუმცა იმ დროს პედაგოგიური მოღვაწეობისთვის თავი არ დამინებებია. მაშინ ჩემმა ამჟამინდელმა პედაგოგმა ელენე ჯანჯალიამ დახმარების ხელი გამომიწოდა. დიდი პაუზის შემდეგ, 2023 წლის ნოემბერში, ბათუმში პირველი „გასვლა“ მქონდა, სადაც კონკურსზე „მომავლის ვარსკვლავები“, რომელიც ნინო კუპატაძის თაოსნობით ტარდება, მომეცა საშუალება, დიდ სცენაზე ორკესტრთან ერთად კვლავ მემღერა. აღნიშნულ კონკურსზე გამარჯვების შემდეგ, იმავე წელს მიმიპატიჟეს ბაქოში, სადაც დეკემბერში გამართულ კონკურსზე პირველი ადგილი მოვიპოვე. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლა.
- თქვით, რომ 8 წლის განმავლობაში სამი შვილის დედა გახდით, პარალელურად პედაგოგიური საქმიანობისთვის თავი არ დაგინებებიათ. როგორ ახერხებდით საქმისა და სამი მცირეწლოვნის აღზრდის შეთავსებას?
- ეს ყველაფერი ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ლევან მაცაბერიძე სამხედრო მაიორია. ის ყოველთვის მხარში მედგა და მაქსიმალური გააკეთა იმისათვის, რომ მუსიკალურ სფეროს დავბრუნებოდი. ჩვენ 2014 წლიდან ვართ ერთად, ფსიქოლოგიურად და მორალურად სულ მამხნევებს, მისი უაღრესად მადლიერი ვარ.
- ახლა ონლაინკონურსების შესახებაც ვისაუბროთ, რომლის გამარჯვებულიც გახდით...
- Golden Time Talent საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობა ხელოვანებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუძლიათ. შარშან ნოემბერში, ამ მუსიკალური ონლაინკონკურსის 52-ე სეზონზე პირველი და მეორე ადგილი დავიკავე. ამას კი შემდეგი ნაბიჯი მოჰყვა: წელს, 54-ე სეზონს, 70-ზე მეტი ქვეყნიდან ჰყავდა მონაწილე. საკონკურსო პროგრამაში სხვადასხვა ოპერის არიების ჩანაწერები გავგზავნე, სულ 4 ნაწარმოები, რომელთა შორის იყო ვაჟა აზარაშვილის „მადლი შენს გამჩენს“. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივიღე მოწვევა და წელს სექტემბერში ლონდონში გავემგზავრე. 15 სექტემბერს, 12-კაციანი ჟიურის წინაშე წარვდექი. ფრანჩესკო ჩილეას ოპერიდან „ადრიანა ლეკუვრერი“ არია ვიმღერე, რომელიც პირველი ადგილით შეაფასეს. აკადემიურ ვოკალში, 150 მონაწილე კონკურსანტს შორის, ეს ძალიან კარგი შედეგია. 17 სექტემბერს ლონდონი ემოციურად დატვირთულმა, ბედნიერმა და იმედებით სავსემ დავტოვე. ამჟამად პედაგოგიური საქმიანობის მიმართულებით, კერძო პრაქტიკით ვარ დაკავებული. რაც შეეხება სასცენო კარიერას, მინდა განვითარების შემდეგი ეტაპი საზღვარგარეთ გაგრძელდეს და ვნახოთ. სურვილი მაქვს, ამ ეტაპზე ჩემი საკონცერტო მოღვაწეობა მეტად დაიტვირთოს - თუ გამიმართლებს, თავს უაღრესად ბედნიერად ვიგრძნობ.
- მუსიკალურ სამყაროს დედამ გაზიარათ, როგორც მითხარით და ვის დაასახელებთ მეორე ადამიანად, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურაა თქვენს კარიერულ გზაზე?
- ჩემი მეუღლე, რომელმაც მეორე სიცოცხლე მაჩუქა, როცა კვლავ შევძელი იმ სამყაროში ვყოფილიყავი, რასაც მუსიკა ჰქვია. 18 წლის ასაკში, მამა ინფარქტით გარდაიცვალა. ოჯახის მთელი სიმძიმე დედამ იტვირთა. მან ყველაფერი იმისათვის გააკეთა, რომ მუსიკალურ სამყაროში განვვითარებულიყავი. შესაბამისად, პირველ რიგში მადლობა დედას და შემდეგ უკვე ჩემს მეუღლეს. მისი სახით უაღრესად საიმედო ადამიანი მიდგას გვერდში.
- საუბარში ახსენეთ, რომ კულინარია გიტაცებთ და აქსესუარების დამზადებაც. მუსიკალური სფერო რომ არა, აქედან რომელ საქმიანობას გააგრძელებდით ისეთივე ინტერესით ან პროფესიით ვინ იქნებოდით?
- ალბათ, კულინარი, რადგან ეს საქმიანობა მომწონს. საკონდიტრო ნაწარმს შორის, ყველაზე უკეთ ტორტი გამომდის. თუმცა, სხვა კერძების მომზადებაც მსიამოვნებს.
ანა კალანდაძე