თაკო ჩორგოლაშვილი: "ამაზე ჩემთვის, ჩუმად ვოცნებობდი, არავისთან არასდროს არაფერი მითქვამს" - გზაპრესი

თაკო ჩორგოლაშვილი: "ამაზე ჩემთვის, ჩუმად ვოცნებობდი, არავისთან არასდროს არაფერი მითქვამს"

ძალიან გავიხარე (მგონი, სიტყვა "გავიხარე" იმ მდგომარეობას ზუსტად არც ასახავს), ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა და ნდობა ვიგრძენი", - ამბობს ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი და პროექტიდან "ნიჭიერი" თანაწამყვანობის შემოთავაზების წუთებს იხსენებს.

- შემოთავაზება რომ მივიღე, ტელევიზიაში ვიყავი. ხან ვიტირე, ხან ვიყვირე, ხან ვიცინე, საოცარი ემოცია მქონდა.

- მათ იცოდნენ, გქონდა ნათქვამი, რომ ამ პროექტის წამყვანობა შენი ოცნება იყო?

- არა, ამაზე ჩემთვის, ჩუმად ვოცნებობდი, არავისთან არასდროს არაფერი მითქვამს.

- ეს პროექტი ასე ძალიან რითი გხიბლავდა?

- "ნიჭიერი" არის ყველაზე სახალხო პროექტი, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. პატარა ვიყავი, საქართველოში რომ დაიწყო და დღეს ამ ყველაზე კარგი პროექტის ნაწილი და სახალხო ზეიმის მონაწილე ვარ. კარგი შეგრძნებაა, როდესაც ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაში პატარა წვლილი მაინც მიგიძღვის და სიხარულს მათთან ერთად იზიარებ. ძალიან ბევრი ადამიანისთვის სასურველი პლატფორმაა. ბევრმა საკუთარი კარიერა ამ პროექტში გამოჩენით დაიწყო და ამიტომაცაა ასეთი ჯადოსნური რომ არის მაყურებლისთვისაც.

- საქმეში ჩართვის შემდეგ, როგორი აღმოჩნდა ეს პროცესი? წარმოდგენილსა და რეალობას შორის თანხვედრა იყო?

- ეს პროექტი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე წარმოდგენილი მქონდა. უფრო სასიამოვნო, საინტერესო, მრავალფეროვანი.

- შენ და ნუკიმ ერთმანეთს იოლად გაუგეთ?

- მსოფლიოს ტალანტების შოუს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გადაცემის წამყვანი ორი ქალია. წლებია, მე და ნუკი ერთმანეთს ვიცნობთ და ორივეს ძალიან გაგვიხარდა, ამ პროექტის ფარგლებში რომ გადავიკვეთეთ. მასთან ერთად ყოფნა ზეიმია, რადგან არის ძალიან პოზიტიური, მხიარული, კომფორტული ადამიანი. ეს ჩვენთვის ორივესთვის ახალი გამოცდილებაა. ვეცადეთ, მაყურებლისთვისაც სასიამოვნო ყოფილიყო ჩვენი ტანდემი. კულისებში ბევრი ვიმხიარულეთ.

- კონკრეტულ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა, კამათი თუ გქონიათ?

- ეს იმდენად კეთილი პროექტია, ეგეთი ამბები წარმოუდგენელია მოხდეს, თუმცა შოუს როცა სჭირდება, ხან ვჩხუბობთ, ხან ერთმანეთს ვეფერებით, ხან თმასაც ვქაჩავთ, თორემ მე და ნუკის ერთმანეთთან ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა გვქონდა.

- როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე უყურებ, რა განცდა გაქვს?

- ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ბუნებით პერფექციონისტი ვარ, ხშირად თვითკრიტიკულიც, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ჩემი თავი მეტად განვავითარო.

- ფავორიტი მონაწილე, ნომერი გაქვს?

- ეს პროექტი იმიტომ მიყვარს, რომ მასში შეიძლება ნახო ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები და ნომრები. ადამიანების შესაძლებლობები, უნარები მრავალფეროვანია. შეიძლება ერთ მომენტში ძალიან გეშინოდეს, მეორე მომენტში გულშემატკივრობდე, ტიროდე ან იცინოდე... სარისკო ნომრებიც თავისებურ ხიბლს სძენს ამ პროექტს, ექსტრემის ნაწილია, სხვაგვარი მუხტი მოაქვს. პატარა ნიტას გამოსვლა, რომელიც საქართველომ უკვე ნახა, ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო, ისევე, როგორც ემზარი ბაბუა. ერთ დღეს გადაწყვიტა დიდი აუდიტორიის წინაშე წარმდგარიყო და ერთ დღეში მართლა ვარსკვლავი გახდა. ადამიანი არ მეგულება, მისი გამოსვლისას, გულში სითბო არ ჩაღვროდეს. კულისებში ხომ ვიტირეთ, მერე ჩანაწერი რომ ვნახე, კიდევ ვიტირე, ამიტომ არის ღირებული და ძვირფასი ეს პროექტი. მაყურებელს ყოველთვის აინტერესებს ის, რაც კულისებში ხდება. ჩვენს შემთხვევაში, სწორედ ამის ჩვენება ხდება. ისეთი კადრიც შეიძლება გავიდეს, რომ არ გგონია ეთერში მოხვდება.

2-1728232410.jpg

- ამ პროექტზე მუშაობის ყველაზე დიდი სირთულე რა არის?

- ალბათ პასუხისმგებლობა, რადგან იაზრებ, რამდენად მასშტაბურია და შენ თავად გინდა, მოწოდების სიმაღლეზე იყო. მთავარი მონდომებაა და საქმის სიყვარული.

- როგორც წამყვანზე, როგორი შეფასებები მოისმინე? შვილმა რა გითხრა?

- ჩემი შვილი 6 წლის არის. როცა გაიგო, ახალ პროექტზე იყო ლაპარაკი, "იუთუბზე" ნახა წინა სეზონების ნომრები, გახარებულმა მოირბინა, - დე, შენ მართლა ასეთი მაგარი გადაცემა უნდა წაიყვანოო? ძალიან ბედნიერი იყო. პროექტს უყურებს და ემოციებიც შესაბამისი აქვს. ახლა პატარა ნიტას გულშემატკივრობს. ამბობს, - ძალიან მომწონსო.

- წარმატებებს გისურვებ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე