"როცა ცუდად ვარ, პირველი მასთან მივდივარ" - გზაპრესი

"როცა ცუდად ვარ, პირველი მასთან მივდივარ"

სერიალი სატელევიზიო პროექტი გახდა და ამით უზომოდ გახარებული ვარ", - ამბობს "კეთილების" იდეის ავტორი, რეჟისორი და მსახიობი გიორგი ჩუბინიძე. რისი ეშინია ყველაზე მეტად, რაზე ოცნებობდა ბავშვობაში, რა თვისება არ მოსწონს საკუთარ ხასიათში და ყველაზე ხშირად რა ესმის საკუთარ თავზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1997 წლის 13 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კარგი ტიპი.

- როგორი იყო "კარგი ტიპი" შენს წარმოდგენაში?

- ყველანაირად კარგი, ხალისიანი, ფულიანი, წარმატებული, გავლენიანი... არ მახსოვს, ოდესმე კოსმონავტობაზე ან ექიმობაზე მეოცნებოს, სულ კარგ ტიპობაზე ვფიქრობდი. კარგი იუმორი, ადამიანებისთვის განწყობის შექმნა, ეს მიმართულება მომწონდა.

- ბავშვობის ეს სურვილი რამდენად აისრულე?

- ახლა ასრულების პროცესში ვარ. მგონია, რომ ჯერ შუამდეც არ მივსულვარ, 26 წლის ვარ. მჯერა, ჩემს გუნდთან ერთად, მომავალში ბევრ წარმატებას მივაღწევ. ახლა "კეთილების" მეხუთე სეზონს ვიღებთ და პირველი სეზონის გადაღებებს რომ ვიხსენებთ, შედარების გაკეთებაც კი არ შეიძლება, იმდენად დახვეწილები ვართ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ბევრს სვამს; რა ენაღვლება, საჯღანაოდ (ეს ჭიათურული სიტყვაა) აქვს საქმე, სიცილში იღებს ფულს; ნეტავ ამის ცხოვრება მომცაო... ძალიან ბევრ რამეს ამბობენ. ქუჩაში რომ გავდივარ, სულ თბილ სიტყვებს ვისმენ. ბევრს ჰგონია, ყოველდღე უნდა დავლიო და უკვირთ, როცა ასე არ ხდება, პერსონაჟთან მაიგივებენ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...უფრო კარგი ტიპი ვიქნებოდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...არის ჩემი თავის გაცნობა. ეს გაცნობა ეტაპობრივად მოხდა. შეიძლება შენი თავი პატარა ასაკშიც გაიცნო, მაგრამ მაშინ ტვინმა რაღაც მოგატყუოს. საკუთარ თავთან საუბარი როცა შეგიძლია, ეს უკვე ძალიან კარგია. ფიქრი და ოცნება ჭიათურელი ბავშვის განუყრელი "მეგობრები" არიან.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. ის ყველაფრის საწყისია ამ ქვეყანაზე, ჩემთვის - განსაკუთრებულად. დედაჩემი განსხვავებული ადამიანია, ზედმეტად არ მოგეფერება, არ შეგაქებს. დედა იყო ერთადერთი მშობელი, რომელიც სკოლაში მასწავლებლებს ეუბნებოდა, - ამას ნიშანს რაში უწერთ? სახლში არ მეცადინეობსო. არც იმის უფლება მომცა, ზედმეტად თავდაჯერებული ვყოფილიყავი, ამ ზღვარს სულ იცავდა.

- რას გეუბნება დღეს, როდესაც ეკრანზე გხედავს?

- ჩემთან ერთად დღესაც არ საუბრობს, რამდენად წარმატებული ვარ მის თვალში, რამდენად ავუხდინე ოცნება. არ მეუბნება, რომ მის შვილზე ხშირად კარგს ლაპარაკობენ, მაგრამ ყველაფერი თვალებში ეტყობა. სადაც მე არ ვარ, იქ უფრო ამაყობს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...შვილი მყავს. ჩემი გოგო წლის და 2 თვის არის, აზრზე მოსვლა ახლა დაიწყო.

- როგორი მამა ხარ?

- მამური. მე აუცილებლად ვიქნები ჩემი შვილის მეგობარი და მისი მოსმენა ყველა სიტუაციაში შემეძლება.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ღიმილი, თვალები.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ჩემ გვერდით მყოფი ადამიანები კარგ ხასიათზე იყვნენ. არ მახსოვს, დიდხანს შევგუებოდი ვინმეს დაღვრემილობას და უჟმურობას. ასეთ გარემოში ვერ ვძლებ, ვერ ვჩერდები.

1-copy-1728839064.jpg

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...სულსწრაფი ვარ. ეს თვისება თან მომწონს და თან ვთვლი, რომ ცუდია, არადა, ძალიან ჩემია, სხვაგვარად არ შემიძლია. როცა რაღაც მინდა, იმ წუთში მსურს, "გუშინ მინდა"; 2 წუთით რომ გავჩერდე, მოთმენა არ შემიძლია. ეს არის თვისება, რომელიც არასდროს არაფერში სასიკეთოდ არ მადგება.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი არაფერი მისწავლია, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში ვისწავლი.

- პატიება შემიძლია...

- ...შესაძლოა ცოტათი დავიტანჯო, მაგრამ თითქმის ყველაფრის პატიება შემიძლია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მომწონს ისეთი, როგორიც წარმომიდგენია.

- როდესაც მაკრიტიკებენ...

- ...სულ თავს ვიმართლებ, ალბათ ეს ინსტინქტია. ისიც არ მომწონს, როცა მაქებენ. შეიძლება ისეთმა ადამიანმა ისე შემაქოს, სირცხვილისგან მოვკვდე და მიწაში ჩავწვე, მაგრამ ისეთმა ტიპმა გამაკრიტიკოს, იმ კრიტიკის მოსმენა ძალიან მესიამოვნოს და გამიხარდეს. ყველა შემთხვევა ძალიან ინდივიდუალურია.

- "კეთილების" მისამართით ხშირად ისმის კრიტიკა ბილწსიტყვაობასთან დაკავშირებით. ამაზე რას იტყვი?

- რომ იგინები, რატომ იგინებიო? არ იგინები, რატომ არ იგინებიო და რა ვიცი, ხალხი ყველაფერზე ლაპარაკობს. ჩემი აზრით, ჩვენი პერსონაჟები მაქსიმალურად ბუნებრივები არიან და მორგებულნი რეალობას.

- რადგან სატელევიზიო პროექტი გახდა, ცენზურა ხომ არ იქნება?

- გვიან გადის და შესაბამისად, არ იქნება.

- ვიბნევი...

- ...ხშირად. ჭიათურელი ვარ, კომპლექსებიც მაქვს, მაგრამ ჩემს დაბნეულობას თავად განვმუხტავ, არ ხდება სხვისთვის შესამჩნევი.

- ჭიათურლობა და კომპლექსები ერთმანეთთან რატომ დააკავშირე?

- ჭიათურაში 90-იანი წლები 2010-მდე იყო. ჭიათურელ ბავშვს ბევრი კომპლექსი შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც იმის გამო, რომ ბევრი არაფერი აქვს ნანახი. კომპლექსები იყო ჩემს ცხოვრებაში, დღესაც არის, ამას არაფერი ეშველება.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჯანმრთელი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ნებისმიერ ადამიანს, ვინც თავის თავს გადააბიჯებს და ვინმეს ჩემ გვერდით ცუდად შეეხება.

- ამ დროს საკუთარ თავზე კონტროლს კარგავ?

- კი, საერთოდ არაფერი მახსოვს.

- სიყვარული ეს...

- ...არის სხვისი ბედნიერების და წარმატების სიხარული. ეს იშვიათი განცდაა. ხშირად გულწრფელად არ უხარიათ.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...არ ვიცოდი, რა იყო, რა მჭირდა; ვერ ვხდებოდი, სიტყვით, ქმედებით ადამიანისთვის გულის ატკივება ასე თუ შეიძლებოდა.

- ცალმხრივად იყავი შეყვარებული?

- არა, დაშორების შემდეგ იყო ტკივილი. პირველი სიყვარული ყოველთვის გრძნობებით სავსეა, გული გიჩქარდება.

- ჩემი მეუღლე...

- ...არის თეონა კაპანაძე, ჭიათურელი. ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობდით, ერთად ყოფნა ცოტათი მოგვიანებით გადავწყვიტეთ.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მეუღლეს. როცა ცუდად ვარ, პირველი მასთან მივდივარ, მისი ნუგეში მირჩევნია. თეონასთან თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ურთიერთობების, ადამიანების დაკარგვის მეშინია. ურთიერთობების ადამიანი ვარ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...სულსწრაფობის გამო.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ბევრი რამ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალში ვისწავლი.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ძალიან ბევრ ადამიანს გავახარებდი. ჩემთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როცა მეორე ადამიანს სიხარულს ვანიჭებ, არ არსებობს. ბევრი ფული რომ მქონდეს, ჩემთვის რას გავაკეთებდი? აი, ამ ეგოს დავიკმაყოფილებდი და ამდენი სიხარულის შემხედვარე, უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი.

- მეშინია...

- ...მშობლების დაკარგვის.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ბოლო ერთი წელია მივხვდი, თურმე შვილის ღიმილმა შეიძლება ნებისმიერი რამ დაგავიწყოს. ოღონდ, უკბილო ღიმილმა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. მოსმენას ან ყურებას მირჩევნია, წაიკითხონ ჩემი ინტერვიუ, ეს უზომოდ სასიამოვნოა.

2-copy-1728838958.jpg

- გიორგი, "კეთილები" სატელევიზიო პროექტი გახდა. როდესაც ამ იდეის განხორციელებას იწყებდით, ამის მოლოდინი რამდენად გქონდათ?

- დიახ, ასეა და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, მოლოდინი გულის რაღაც ნაწილში მაინც იყო. როცა რაღაცას ქმნი, იმედიც გაქვს, რომ შენს ოცნებას რეალობად აქცევ, თუმცა მაშინ ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობდით. ახლა ჩვენი მიღწევით ამაყები ვართ. მალე მაყურებელი ტელეეკრანზე გვიხილავს. ორი ადამიანის დაწყებულმა საქმემ და თავდადებამ ნათელი გახადა, საქმეს სულით და გულით თუ მიუდგება, ყველა მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

- სატელევიზიო ფორმატი ამ პროექტში ცვლილებებს ხომ არ მოითხოვს?

- არაფერი მნიშვნელოვანი არ შეიცვლება. ახალი სახეები დაგვემატება. გუშინ კასტინგი გვქონდა და როგორც წესი, კასტინგებზე, ახალ სახეებთან ერთად, ის ადამიანებიც მოდიან, ვინც გადაღებული გვყავს. იმდენად ვუყვარვართ, ჩვენთან თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვთ. გუშინ 50-მდე ასეთი ადამიანი მოვიდა. სეზონში მაყურებელს 11 სერიას შევთავაზებთ.

თამუნა კვინიკაძე