"რეალურად, 2012 წელს ჩვენს ქვეყანაში მთავრობა არ შეცვლილა" - გზაპრესი

"რეალურად, 2012 წელს ჩვენს ქვეყანაში მთავრობა არ შეცვლილა"

ამჯერად, ცოტა არ იყოს, სერიოზული ინტერვიუ გამოგვივიდა, რადგან იუმორისტს იმ საკითხებზე ვესაუბრეთ, რაც დღესდღეობით მის გულისწყრომას იწვევს...

- ადამიანებისთვის არათანაბარი უფლებები და შესაძლებლობები არის ის, რაც მაწუხებს. ნებისმიერ სფეროში, ადამიანები პრივილეგიებს ნაცნობობით ან მსგავსი რაღაცებით იღებენ. თუნდაც "იუთუბზე", სპონსორების მხრივ, ახალ ადამიანებს მარტივად არ იღებენ, მაგრამ არის ხალხი, ვინც ამ სფეროში საქმეს ახლა იწყებს და იპოვა სპონსორი, საჭირო ფინანსები, რადგან ახლობლები ჰყავდა, ანუ ჟარგონულად რომ ვთქვათ, "ჩერეზ ახლობლობით გავიდნენ". მინდა ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ჰქონდეს, ვიღაცასთან მივიდეს, დაელაპარაკოს, დაარწმუნოს თავის ინტელექტუალურ თუ კომედიურ რესურსში. კონკრეტულად, ეს ამბავი დიდად არ მაწუხებს - უბრალოდ, მაგალითად მოვიყვანე. ძირითადად, სხვა სფეროებშიც ასე ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანს შეუძლია, თავისი ნიჭითა და შესაძლებლობებით რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ გაცილებით მეტი ძალისხმევის და შრომის ფასად - ეს სერიოზულად რომ ვთქვათ, ხოლო ცოტათი არასერიოზულად რომ გიპასუხოთ, თერჯოლაში რომ ვერ ჩავდივარ, ეგ მაწუხებს - მენატრება თერჯოლა...

- რატომ ვერ ჩადიხარ?

- დრო არ მაქვს და ამიტომ. ხომ ვთქვი, ვისაც გავლენიანი ნაცნობი არ ჰყავს, ბევრი ფული არ აქვს და დამოუკიდებლად რამის მიღწევა სურს, ამისთვის უფრო მეტი ძალისხმევა და შრომა სჭირდება-მეთქი?..

- დღესდღეობით, შენს გულისწყრომას კიდევ რა იწვევს?

- საზოგადოების დაყოფა. ნებისმიერ სფეროში, საკითხში საზოგადოების აზრი მინიმუმ, 2 ნაწილად იყოფა - ხალხი ერთმანეთთან ძალიან დაპირისპირებულია, განსაკუთრებით - ბოლო 1 წლის განმავლობაში.

- ბოლო 1 წლის განმავლობაში საზოგადოება განსაკუთრებულად დაპირისპირებული მოახლოებული პოლიტიკური არჩევნების გამოა?

- ეგ კიდევ ცალკე პრობლემაა: მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა სპორტში დიდ წარმატებას მივაღწიეთ, რის გარშემოც ერი ვერთიანდებით ხოლმე, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მაინც პოლიტიკაა. თუნდაც, ფეხბურთის სფერო ავიღოთ: ვილი სანიოლს ყველა ურჩევდა, რომელი მოთამაშე სად დაეყენებინა. მეც ასეთი დამოკიდებულება მქონდა. კრიტიკულად ვწერდი, მაგრამ - კორექტულობის ფარგლებში, ვიღაცები - შეურაცხმყოფელად... საერთოდ, ხალხს საკუთარი აზრის გატანა ისე უნდა, რომ ლოგიკას არ მიჰყვება... ზოგიერთები არც ერთ საკითხში საღად არ მსჯელობენ და ერთმანეთს უპირისპირდებიან. ფეხბურთთან დაკავშირებით, რაც უნდა დავწერო, ვილი სანიოლზე მეტად ამ სფეროში ვერ ვერკვევი, მაგრამ საკუთარი აზრები მაქვს და ვაფიქსირებ, როგორც გულშემატკივარი. ამის სრული უფლება მაქვს, მაგრამ ჩემზე მცოდნეს გადამეტებულად რაღაც რომ ვუთხრა, ეს ძალიან ცუდი იქნება... თუნდაც, ადამიანები ჩვენს ქვეყანაში კარგად ვერ ცხოვრობენ. შესაძლებლობა აქვთ, კარგად იცხოვრონ, მაგრამ რაკი ვერ ახერხებენ, ეს მათ უკმაყოფილებას და იმ ადამიანებთან დაპირისპირებას იწვევს, ვინც შედარებით უკეთაა... ბოლო დროს, პოლიტიკურ აზრებს კი საჯაროდ ვაფიქსირებ, მაგრამ ეს არავის დაუკვეთია. არავინ მაიძულებს, არ მთხოვს, ფულს არ მიხდის, რომ ეს აზრები დავაფიქსირო, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას ფულის და წარმატების სანაცვლოდ აკეთებენ. თან, იმავდროულად, იმ საქმეს ემსახურებიან, რომელსაც - მე და საკუთარ თავს ამით გასაქანს აძლევენ, რომ "არაპირადი" აზრი გამოხატონ - ამით წარმატებას მიაღწიონ იმ სფეროში, რომელშიც უნდათ... ეს არასწორ მიდგომად მიმაჩნია - სახელმწიფოს მიერ არასწორადაა დარეგულირებული.

- იქნებ უბრალოდ, მათი მოსაზრება იმ პოლიტიკური მხარის მოსაზრებას ემთხვევა, რომლისგანაც ფულს იღებენ?

- არა. ადამიანები წლების განმავლობაში 1 კონკრეტულ ტიპს ლანძღავენ, მერე კი, არჩევნების მოახლოების პერიოდში მის მხარეს რომ გადადიან – რას ნიშნავს ეს?

- ვის გულისხმობ?

- კონკრეტულად არავისზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ადამიანები მსგავს რაღაცებს აკეთებენ.

- თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ოპოზიციის მომხრეები დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ეწინააღმდეგებოდნენ. როგორც ამბობენ, მათი ამჟამინდელი მხარდაჭერა ქალბატონი სალომეს გარკვეულმა ნაბიჯებმა განაპირობა. იქნებ შენ მიერ ნაგულისხმევ ადამიანებსაც რაღაც მოეწონათ ხელისუფლების ნაბიჯებიდან?

- საერთოდ, ადამიანის მეხსიერება მოკლეა, მით უმეტეს - ქართველების. სალომე ზურაბიშვილი მეც არ მომწონდა, როცა პრეზიდენტად მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისი პოზიცია მომწონს, მისი ერთი პოსტიც არ გამიზიარებია, რადგან არ დამვიწყებია, როგორ დაწერა - ომი საქართველომ დაიწყოო. არც მისი ნათქვამი დამავიწყდება, საქართველოს ჯარი არ ჰყავსო... ბევრი რამ მახსოვს. დღეს თუ მისი ქმედებებიდან რამე მომწონს, არ მიმაჩნია, რომ ამით აღფრთოვანებული უნდა ვიყო. სწორი დამოკიდებულების ქონა მისი ვალდებულებაა. ადამიანების კატეგორია, რომელზეც ვსაუბრობ, კონკრეტულ დროს იმ ადამიანების მხარეს დგება, ვისაც ლანძღავდა, აგინებდა... ძალიან საეჭვოდ ემთხვევა. ასეც რომ არ იყოს, პირიქით - სალომე ზურაბიშვილი ვისაც მოსწონდა, დღეს ისინი აგინებენ მას. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ადამიანმა შენი აზრი ბოლომდე უნდა შეინარჩუნო, ლოგიკის ფარგლებში.

- შენ მიერ აზრის საჯაროდ დაფიქსირება პირად ურთიერთობებზე აისახება?

- რა თქმა უნდა. ვიღაცებს არ მოსწონთ. ყველა ადამიანს ჰგონია, თავადაა მართალი. ადამიანებზე ხშირად ირონიულად, ცინიკურად ვხუმრობ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი პრობლემაა. ზოგადად, პრობლემაა, რომ ამის გაკეთება მიწევს, მაგრამ ამ საკითხს იუმორისტულად ვუდგები და არა - შეურაცხმყოფლად. მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანებს შეურაცხყოფა არ მივაყენო, მაგრამ ზუსტად იმის გამო, რაც წეღან ვთქვი, რომ ადამიანები კონკრეტული მიზეზების გამო საკუთარ აზრს იცვლიან, მირჩევნია, მათზე ირონიულად ვიხუმრო, მაგრამ - არა შეურაცხმყოფლად.

- დღესდღეობით შენი პოლიტიკური სიმპათია რომელიმე პარტიის მხარეს იხრება?

- არჩევნებზეც მივდივარ, ჩემი მოსაზრება, არჩევანი მაქვს, მაგრამ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე პარტია ჩემს სიმპათიას იმსახურებს, რადგან საზოგადოებას კი არ აერთიანებენ, ყოფენ. თუმცა, კონკრეტულად 2 პარტიის მიმართ ანტიპათია მაქვს და მიმაჩნია, რომ ისინი ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენ: ერთი პარტია ახლა გვმართავს, ერთი - წინა ხელისუფლების დროს გვმართავდა.

- დანარჩენებშიც მეტ-ნაკლებად იმ პარტიების ყოფილი წარმომადგენლები არიან გადანაწილებული, რომლებიც შენს ანტიპათიას იწვევენ...

- ეგეც დიდი პრობლემაა. ოპოზიციაში წინა თუ ახლანდელი მთავრობის ყოფილი წევრები რომ არიან, ეგ ამ მთავრობის დამსახურებაა. ადამიანები 30 წელი პარლამენტში მოსახვედრად იბრძვიან და ახალ თაობას გასაქანი არა აქვს. ზუსტად მთავრობის პროპაგანდის გამო ხდება, რომ ვიღაც "ძველი" ტიპები პოლიტიკურ ბრძოლაში ისევ წინა ფლანგზე არიან. თუნდაც, ახლა "ქოცები" ყველას "ნაცებს" გვეძახიან, ვისაც "ქოცები" არ მოგვწონს. არადა, სუფრასთან სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდნენ... ხარება, რომელიც ახალგაზრდებს აქციებზე გვარბევდა და ცნობილ ვიდეოში, რომელშიც ვანო მერაბიშვილი 2 გვამს ითხოვდა, ვანოს უკან დგას, აი, ასეთი ხალხი "ნაცებს" გვეძახის. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი "ნაცები" "ქოცები" არიან. ამიტომ, ეგ 2 პარტია არ მინდა. დანარჩენებს რაც შეეხებათ, გასაგებია, ვიღაცებმა პოზიცია, დამოკიდებულება შეიცვალეს, ვინც "ნაცებიდან" და "ქოცებიდან" წამოვიდნენ, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, ეს ადამიანებიც აღარ უნდა გამოჩნდნენ, რათა "მეორე მხარეს" იმით მანიპულაციის საშუალება არ მისცენ, რომ "აქეთ" ისევ "ნაცები" არიან.

- გამოსავლად რა მიგაჩნია?

- 30%-ზე მეტი მხარდაჭერა არც ერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს. ამ ქვეყანაში სხვადასხვა გემოვნების მქონე ბევრი ადამიანი ცხოვრობს. მაქსიმალურად ბევრის ინტერესი რომ იყოს დაკმაყოფილებული, მთავრობა ბევრი პარტიისგან უნდა შედგებოდეს. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, პოლიტიკოსები ადამიანებმა ვმართოთ და არა პირიქით... უპირველეს ყოვლისა, ერთპიროვნული მმართველობაა მოსასპობი. თუნდაც, "ქართული ოცნება" ახლა რომ ამბობს, - 60%-იანი მხარდაჭერა გვაქვსო, არ მჯერა, მაგრამ ვთქვათ, მართლა ასეა, დარჩენილ 40%-ს რას ერჩიან? ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ?! კარგი ცხოვრება არ გვინდა თუ რა?!. იმ 60%-დან, რაც "მიიწერეს", ჩათვალეთ, რომ 30%-ს კარგად აცხოვრებენ, დანარჩენები ცუდად ვიცხოვრებთ. რას გვერჩიან?!

- ანუ მხარდამჭერების კეთილდღეობაზეც არ იზრუნებენ?

- პოლიტიკოსები, რომლებიც პირად კომფორტს არიან მიჩვეულები, რომ კარგ სახლებში უნდა იცხოვრონ, კარგი ავტომობილებით იარონ, დაცვა ემსახურებოდეთ, რა თქმა უნდა, ხალხის კეთილდღეობისთვის ნაკლებ რესურსს გაიღებენ. საერთოდ, რასაც აკეთებენ, არქიფო სეთურის მმართველობას ჰგავს, რომ ადამიანებს ბოლომდე არ აკმაყოფილებენ, რათა მოსახლეობა მცირედითაც კმაყოფილი იყოს. თუნდაც, "მშვიდობას" რომ გაიძახიან, ჩვენს ქვეყანაში არანაირი მშვიდობა არ არის: ახლახან საბურთალოზე ბიჭი მოკლეს, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი იყო, არავის არაფერს დაუშავებდა... მკვლელობა ლამის ყოველდღე ხდება. საოკუპაციო ხაზთან, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, 3 ადამიანი მოგვიკლეს. ბევრ რამეში გვატყუებენ. მაგალითად, წინა მთავრობის წევრებს დანაშაულებს რომ უხსენებენ, რაც წესით და რიგით, გამოძიებულიც უნდა იყოს და დამნაშავეები დაკავებულებიც იყვნენ - კი, ვეთანხმები, მაგრამ "ქოცების" მმართველობის დროს იგივე დანაშაულები მოხდა, როგორიც 2012 წლამდე ხდებოდა (ბარბარე რაფალიანცის, მაჩალიკაშვილის და სხვა გახმაურებული საქმეები...), მაგრამ არ გამოძიებულა, რადგან რეალურად, 2012 წელს ჩვენს ქვეყანაში მთავრობა არ შეცვლილა. ძალოვან სისტემაში ისევ ის მთავარი ადამიანები არიან, ვინც პოლიტიკურ ამინდს ქმნიან, ვინც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ... ამიტომ ტყუილია, როცა ამბობენ, მათ გავასამართლებთო - ეს არ აწყობთ...

ეთო ყორღანაშვილი