"ასე რომ არ ყოფილიყო, თავს ცუდად ვიგრძნობდი" - გზაპრესი

"ასე რომ არ ყოფილიყო, თავს ცუდად ვიგრძნობდი"

წლების წინ, საზოგადოებამ ის რეალითი შოუდან - "ჯეობარი" გაიცნო. შემდეგ ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანდა, როგორც მსახიობი და ტელეწამყვანი... დავინტერესდით, ამჟამად სად არის და რას საქმიანობს მაყურებლისთვის საყვარელი ჩელე?

- კარგად, ნორმალურად ვარ... ტელევიზიიდან 2019 წელს წამოვედი. ამ ეტაპზე, კარაოკე ბარში ვმუშაობ - წამყვანი ვარ. ასევე, კორპორაციული საღამოების, სხვადასხვა ღონისძიების წამყვანადაც აქტიურად ვმუშაობ... მოკლედ, ამ სფეროში ვარ.

- ტელევიზიიდან რა მიზეზით წამოხვედით?

- განსაკუთრებული არაფერი: საბოლოო ჯამში, ჩვენი გადაცემა "დაიხურა", როგორც ტელევიზიაში ძალიან ხშირად ხდება. "დახურვას" პანდემიის პერიოდი დაემთხვა. ფაქტობრივად, იმ ეტაპზე, ყველა წამყვანი, ვინც ვიყავით (3-4 კაცი), ტელევიზიიდან წამოვედით. საერთოდ, ტელევიზია ისეთი სფეროა, რომ როცა იქ მუშაობ, ძალიან გიზიდავს, სასიამოვნო პროცესია. როცა თავს ანებებ, რა თქმა უნდა, ნოსტალგიის განცდა სულ გაქვს.

- თუმცა, თითქოს ტელევიზიაში დაბრუნება დიდად არ გინდათ. დაბრუნების ინიციატივას თავად არ იჩენთ, ხომ?

- ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების სტილი აქვს. ცოტათი მეუხერხულება ხოლმე, სადმე მივიდე, ვინმე შევაწუხო... ამიტომ ამ ეტაპზე, ტელევიზიაში მუშაობის მხრივ გაჩერებული ვარ, თორემ დაბრუნების სურვილი მაქვს, რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება, ეს არ მინდოდეს? როცა ეკრანზე ჩანხარ, ყველაფერში უფრო აქტიურად ხარ ჩართული, უფრო მეტად საინტერესო ხდები მაგალითად, დამკვეთებისთვის - საღამოს წამყვანობა იქნება ეს თუ სარეკლამო რგოლში მონაწილეობა... ამ შემთხვევაში, უფრო აქტუალური ხარ...

- ბოლო დროს, ტელესივრცეში რეალითი შოუ დაბრუნდა, თქვენ კი წლების წინ, რეალითი შოუში მონაწილეობდით და გაიმარჯვეთ კიდეც. შეგიძლიათ ის პერიოდი გაიხსენოთ? ისიც საინტერესოა, ახლანდელ შოუს თუ ადევნებდით თვალს?

- სოციალური ქსელები საშუალებას გაძლევს, ნებისმიერ გადაცემას თვალყური ადევნო. შეიძლება, შოუს თავიდან ბოლომდე ვერ უყურო, მაგრამ იცოდე, ვინ როგორ წარმოაჩინა თავი, ვინაა დადებითი და უარყოფითი პერსონაჟი... ჩვენს პროექტს რაც შეეხება, მგონი, მას შემდეგ 15 წელი გავიდა. საერთოდ, ყველა რეალითი შოუ რაღაცით ერთმანეთს ჰგავს, - საერთო ჩონჩხზეა აგებული. საბოლოო ჯამში, ჩვენი დროის და ახლანდელ რეალითი შოუებს შორის განსხვავებაც ბევრი იყო. ახლანდელში რაღაცები მომწონდა, რაღაცები - არა. მაგალითად, დამოკიდებულება არ მომწონდა: შეიძლება, ადამიანი პოპულარული გახდე - თან, ტელევიზია ამის საშუალებას გაძლევს, მაგრამ როგორ გახდები, მაყურებელს შენს როგორ ქმედებას აჩვენებ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. არიან ადამიანები, რომელთა გვარ-სახელებიც არ მახსოვს, მაგრამ მათი ქმედება, აგრესია, ჩხუბი მახსოვს. დილაადრიან, მზის ამოსვლისას ჩხუბს რომ იწყებ, მერე იმ დღის გაგრძელება შენ გვერდით მყოფი ადამიანებისთვის რთულია. ჩვენ ერთმანეთს პატივს მეტად ვცემდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროსაც იყო დაძაბულობა, ჩხუბი თუ კამათი... ეს ჩემი პირადი აზრია და თავს არავის ვახვევ. ალბათ, ახლა თავისუფლების აღქმა სხვანაირი გახდა, თუნდაც - ტელევიზიით: ადამიანი ფიქრობს, თუ ეკრანზე ჩანს, რეალითი შოუში მონაწილეობს, ნებისმიერი სიტყვის თქმა, ნებისმიერი ქმედების ჩადენა შეუძლია. ბევრი ადამიანი თვალყურს გადევნებს, მათ შორის - მოზარდები, რომლებისთვისაც შეიძლება, მაგალითი იყო, როგორც რეალითი შოუს მონაწილე ან გამარჯვებული და მერე შეიძლება, შენმა ქმედებამ მის ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს. საბოლოო ჯამში, დიდი მნიშვნელობა აქვს, მონაწილე საკუთარ თავს როგორ წარმოაჩენს.

- როგორ ფიქრობთ, მაშინ ხალხის მხარდაჭერა რატომ მოიპოვეთ? იმ შოუდან დღეს თუ ახსოვხართ ადამიანებს, გცნობენ?

- წლების მატებასთან ერთად, ცნობადობა ნელდება, რა თქმა უნდა, თუ ტელევიზიაში არ ხარ. 15 წელი გარეგნობას ცვლის, ზოგი წონაში იმატებს და ა.შ. საბოლოო ჯამში, ადამიანებს რამდენიმე წამი სჭირდებათ, რომ გამიხსენონ - შემომხედავენ და - ახსენდებათ, ვინც ვარ. მაინც მგონია, რომ ჩემ მიმართ საზოგადოებას დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა, მადლობა ღმერთს... პროფესიით მსახიობი ვარ. შეიძლება სპექტაკლში 2 საათის განმავლობაში, დადებითი ან უარყოფითი გმირი განვასახიერო, მაგრამ როცა სპექტაკლი სრულდება, საგრიმიოროში შევდივარ, მაკიაჟს ვიშორებ, სასცენო სამოსს ვიცვლი და ქალაქში გამოვდივარ - ცხოვრების ჩვეულ სტილს ვუბრუნდები. მგონია, რომ რეალითი შოუში მაყურებელს უნდა აჩვენო, რეალურად როგორიც ხარ და მერე თავად გადაწყვეტს, დადებითი პერსონაჟი იქნები თუ უარყოფითი, გიგულშემატკივროს თუ არა. მგონი, რეალითი შოუში ბუნებრიობა ყველაზე მომგებიანია. რა თქმა უნდა, თავმომწონეობის, გაპრანჭვის ეპიზოდები მაინც არსებობს - კამერების წინ, ზუსტად ისე ხომ არ მოიქცევი, როგორც მარტო ყოფნისას იქცევი? თამაშის დეტალებიც არის, მაგრამ არა მგონია, 3 თვის განმავლობაში ითამაშო.

- გულშემატკივრებს თქვენში რა მოსწონდათ, რას გეუბნებოდნენ? იმდროინდელ მაყურებლებს როგორი ფასეულობები ჰქონდათ?

- უამრავ რამეს მეუბნებოდნენ. ბევრი რამ არც მახსოვს, მაგრამ მაგალითად - იუმორი, ლოიალურობა, გარკვეულ სიტუაციებში დამთმობი ხასიათი მოსწონდათ... საკუთარ თავზე საუბარი უხერხულია (იღიმის)... ალბათ, მაშინდელი მაყურებლებიც სხვანაირები იყვნენ. თან, შოუს ყურება ასე მარტივი არ იყო, როგორც დღესაა: საღამოს, კონკრეტულ დროს უნდა დალოდებოდი, რომ გადაცემა ეთერში გასულიყო, კვირაში ერთხელ კი - "ლაივი" იყო, რომლის დროსაც იმ მონაწილეს უმესიჯებდი, რომელსაც მხარს უჭერდი. მაშინ ბარათები უნდა შეგეძინა, რომ მობილურ ტელეფონზე ანგარიში შეგევსო და მესიჯის გაგზავნის საშუალება გქონოდა. ახლა ყველაფერი შედარებით გამარტივებულია.

- როგორც ვიცი, საზოგადოების ნაწილი "ჯეობარის" მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი. პროტესტის ტალღაც აგორდა... როგორ ფიქრობთ, მათ რა აღიზიანებდათ?

- მახსოვს, პროექტიდან კინოთეატრში, რომელიღაც ფილმის სანახავად წაგვიყვანეს, სადაც ადამიანების ჯგუფი დაგვხვდა - ჩვენს გადაცემას აპროტესტებდნენ, თუმცა აგრესიულად არა. საბოლოო ჯამში, დერეფანივით გააკეთეს. იმ ადამიანებს შორის ბევრი ჩემი ნაცნობი, მეგობარი და უცხოც იყო. ყველაფრის მიუხედავად, მაინც გვგულშემატკივრობდნენ... ეტყობა, იმ პერიოდისთვის, ჩვენი პროექტით ადამიანების ქცევების სითამამე იყო ნაჩვენები, რაც აღიზიანებდათ, რადგან ეშინოდათ, რომ ეს პროექტი თუნდაც მოზარდებზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენდა... მიუხედავად იმისა, რომ რაღაცას აპროტესტებდნენ, კინოთეატრში მაინც ხელს გვიქნევდნენ - ასე გააგრძელეთო. რაღაც რჩევებსაც გვაძლევდნენ... ბევრი წელი გავიდა, მაგრამ არ მახსოვს, ამ ხნის განმავლობაში თუნდაც 1 ადამიანი მოსულიყოს და ეთქვას, - რაც შენ გააკეთე, ჩემთვის მიუღებელი იყოო ან ვინმეს ნეგატიურად რამე მოეძახებინა... შემდეგ, სოციალური ქსელები რომ გააქტიურდა, ჩვენი ვიდეოები, ფოტოები ქვეყნდებოდა - ნეგატიურ კომენტარებს მაშინაც არ წერდნენ. ასე რომ ყოფილიყო, თავს ცუდად ვიგრძნობდი, მაგრამ არანაირი აგრესია არ შემხვედრია, პირიქით - ყოველთვის კარგ დამოკიდებულებას ვგრძნობდი.

- ბოლო დროს სამსახიობო სფეროშიც არ აქტიურობთ, ხომ?

- ასეა. თეატრში, სპექტაკლებში აქტიურად ვმონაწილეობდი. შემდეგ, "ჯიდიესმა" სერიალში - "ქერჩი - დაკარგული გმირები" პროფესიული განვითარების საშუალება მომცა. თეატრიდან წამოვედი, რადგან სერიალზე მუშაობასთან ვერ შევათავსებდი. "ქერჩში" ძალიან საინტერესო, სასიამოვნო როლს ვასრულებდი. სერიალზე პროფესიონალი მსახიობებით, რეჟისორებით, ოპერატორებით, მხატვრებით დაკომპლექტებული გუნდი მუშაობდა... ფაქტობრივად, "ქერჩის" შემდეგ, სამსახიობო სფეროს საერთოდ შევეშვი, უფრო ზუსტად კი, ასე გამოვიდა... რა თქმა უნდა, სამსახიობო სფერო ჩემია და მის მიმართ დიდი ნოსტალგია, სიყვარული მაქვს, რადგან თეატრს მაინც სხვა მუხტი ახასიათებს. მგონია, ყველაფერი კარგად იქნება და ბევრი საინტერესო ამბავიც მოხდება...

cee35316-dd30-4e72-8f56-2bf010d5edac-1728888524.jpg

- რა თქმა უნდა. თქვენი ოჯახური ცხოვრება როგორია?

- ძალიან კარგი, ლამაზი, სასიამოვნო... 3 შვილი მყავს: 15 წლის ულამაზესი და უსაყვარლესი სალომე, 5 წლის დათუნა - ჩემი სეხნია, 2 წლის ლუკა - ძალიან სასაცილო ბიჭი, რამდენიმე თვეში კი მეოთხე შვილს - გოგონას ველოდები. მადლობა ღმერთს, რომ ამ ძალიან დიდი ბედნიერების განცდის უფლება მაქვს!.. მე და ჩემს მეუღლეს - მარიამ ლაზარაშვილს პატარის მოლოდინი გვახარებს... ამდენი შვილის მშობლობა მარტივი არ არის. არც რთულია, მაგრამ სასიამოვნოსთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა... ბავშვობაში, რაკი მხოლოდ 1 დედმამიშვილი - და მყავდა, ჩემი ბავშვური ლოგიკით, მეგონა, 2 შვილი სტანდარტი იყო - და-ძმა და მორჩა (იცინის)!.. უფროსი შვილი - სალომე რომ დაიბადა, ასაკით პატარა ვიყავი. ეიფორიული განცდა მქონდა. ვიგრძენი, ჩემს ცხოვრებაში რაღაც დიდი მოხდა... შემდეგ, წლები გავიდა და მეორე შვილი - დაიბადა. ეფექტი ჰქონდა იმ ფაქტსაც, რომ ამჯერად, ბიჭი გაჩნდა... მერე, კიდევ ბიჭი დაიბადა, ახლა კი მეოთხე შვილი - გოგონა გაჩნდება, დამაგვირგვინებელი (იღიმის)... ასე მგონია, დედმამიშვილები რაც უფრო ბევრნი იქნებიან, მით ძლიერი, შეკრული ოჯახი იქნება, ასევე - მეტი მხიარულება, სილაღე და ხმაურიც. ხანდახან შემაწუხებელი ხმაურიც იქნება, მაგრამ რას ვიზამთ? ეს მხოლოდ ჩვენი არჩევანია. საბოლოო ჯამში, შვილები რომ იზრდებიან, მშობელი მათში შენი ცხოვრების ბევრ დეტალს "იჭერ", ბედნიერი ხარ და ხვდები, რომ ეს ცხოვრება ღირდა.

- თქვენი სამუშაო რეჟიმი ღამით იწყება. შვილებთან ერთად დროის გატარებას როგორ ახერხებთ?

- ღამით სამსახურში მივდივარ, გამთენიისას კი შინ ვბრუნდები. მიუხედავად იმისა, რომ სამსახური დამღლელია, ბევრ ენერგიას გავცემ, ყოველდღე თუ არა, კვირაში 3-ჯერ მაინც, ბავშვი ბაღში მიმყავს, მეუღლესთან ერთად. თან, ლუკა საბავშვო ბაღში წელს შევიდა. ვერ მოგატყუებთ, რომ ამ ფაქტს დადებითად შეხვდა - დიდი გაწევ-გამოწევა გვაქვს ხოლმე (იცინის). ნახევარი საათის განმავლობაში, ლუკასთან ერთად, მეც ბაღში ვზივარ... უფროსი შვილი დიდი გოგონაა. შესაბამისად, ერთად ნაკლებ დროს ვატარებთ, მაგრამ დათუნას და ლუკას რაც შეეხება, ფაქტობრივად, სულ ერთად ვართ...

ეთო ყორღანაშვილი