"ჯეკას ჩემს კერძებთან სხვა კავშირი არ აქვს - სამზარეულოში სისუფთავე უნდა იყოს" - გზაპრესი

"ჯეკას ჩემს კერძებთან სხვა კავშირი არ აქვს - სამზარეულოში სისუფთავე უნდა იყოს"

მაინც დაგაინტერესებთ, რადგან კერძები, საკვები ინგრედიენტების გარდა, იუმორითაა შეზავებული. ასევე, დადებითი განწყობის შექმნაში, ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის ძაღლს - უსაყვარლეს ჯეკასაც თავისი წვლილი შეაქვს... გიორგი 26 წლის გახლავთ. სოციალურ ქსელებში მისი გვერდის - "მოხრაკული თV" ვიდეოები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, "გზის" მკითხველებისთვის გიორგი უკეთ გაგვეცნო...

- ყველაფერი 2017 წელს დაიწყო: სტუდენტი ვიყავი. თან, დამატებით შემოსავალს ვეძებდი. სპორტული ფოტოგრაფი გახლდით - თამაშებზე დავდიოდი... საერთოდ, ფოტოგრაფია ძალიან მაინტერესებდა. თან, იმ პერიოდში კულინარიულ გადაცემებს ვუყურებდი, კერძების მომზადება მიზიდავდა. ისე დაემთხვა, რომ ახალი კამერა შევიძინე. რატომღაც მომინდა, კერძი მომემზადებინა და ვიდეოზე დამეფიქსირებინა. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ცოტათი რთული იყო, რადგან ვიდეოკამერასთან პირველად ვმუშაობდი, მაგრამ თავი გავართვი. თავდაპირველად, "ფეისბუკზე" გვერდი შევქმენი, რომელსაც "მოხრაკული თV" დავარქვი. იდეა სპონტანურად მომივიდა. მგონი, სიმღერის ტექსტის - "შემწვარი და მოხრაკული სიზმარშიც მელანდება" - გავლენა იყო (იღიმის)... ვფიქრობდი, შეიძლება სახელი შევცვალო-მეთქი. მას შემდეგ 7 წელი გავიდა, მაგრამ გვერდის სახელი არ შემიცვლია... მოკლედ, პირველი ვიდეო რომ გადავიღე და სოციალურ ქსელში ავტვირთე, მაშინ კულინარიაში გამოცდილი არ ვყოფილვარ - მანამდე იშვიათად კვერცხს ან კარტოფილს თუ შევწვავდი. კერძის მომზადებას თავი რომ გავართვი, კერძიც და ვიდეოც მომეწონა, ახლობლებმაც დადებითად შემიფასეს, მერე ამ საქმეს აქტიურად მივყევი.

- გახსოვს, პირველად რომელი კერძი მოამზადე?

- სიმართლე გითხრათ - არა. უკვე უამრავი კერძი მაქვს მომზადებული. თან შეიძლება, ერთი და იგივე კერძი რამდენჯერმე მოვამზადო, ოღონდ - სხვადასხვანაირად. მაგალითად, სხვადასხვა პერიოდში შესაძლოა, პიცა სხვადასხვა სტილით მოვამზადო - ცომის ინგრედიენტები ან პიცის შიგთავსი შევცვალო... ალბათ, პირველად რაღაც მარტივი კერძი მოვამზადე, რადგან კულინარიაში დიდად გარკვეული არ ვიყავი.

- საინტერესოა რეცეპტების გაზიარების თქვენეული, იუმორისტული ფორმა. ასე იმიტომ ხომ არ გადაწყვიტეთ, რომ ბევრისთვის ტრადიციული, "კულინარიული ენით" გადმოცემული რეცეპტები რთულად დასამახსოვრებელია?

- კი, ზუსტად მიმიხვდით. ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო, რომ მაყურებელს თავი კომფორტულად ეგრძნო. სად სიჩუმეში, ცუდ აურაში მომზადებული კერძი და სად - მეგობართან ერთად?! ყოველთვის მინდოდა, ჩემს მაყურებელს მეგობრული ატმოსფერო შეეგრძნო, რომ თითქოს მას ისე მივმართე, როგორც მეგობარს და არა - უცხო ადამიანს. გახმოვანების სტილს რაც შეეხება, თავდაპირველად, ჩვეულებრივად ვახმოვანებდი, როგორც "ფუდ ბლოგერების" 99%, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეშხი აკლდა. ამიტომ ვიდეოებს "ნახვებიც" არ ჰქონდა. ვოცნებობდი, 100 "ლაიქი" მაინც მომეგროვებინა - ამით ბედნიერი ვიქნებოდი, ახლა უკვე ასეთი მცირე რაოდენობის "ნახვა" და "მოწონება" რომ ჰქონდეს ჩემს ვიდეოებს, ნამდვილად არ გამიხარდებოდა... შემდეგ ფორმატი და დამოკიდებულება შევცვალე - თავისუფალი გავხდი. მანამდე სულ ვფარავდი, თუ როგორი ვიყავი რეალურად: მსურდა, სულ მოწესრიგებული ვყოფილიყავი, საუბარი, ინტონაცია მეკონტროლებინა და მაყურებლისთვის მეჩვენებინა, რომ ყველაფერი იდეალურად იყო. სინამდვილეში, დღესდღეობით, მაყურებელს რეალური ადამიანი სჭირდება და არა - ვიდეოსთვის შექმნილი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში სხვანაირია. უკვე მინდოდა, მაქსიმალურად ბუნებრივი ვყოფილიყავი. მაყურებელი ყველაფერს ხვდება...

- სანამ შენს ნიშას მიაგნებდი, მცირე რაოდენობის "ნახვების" გამო, შენი მოტივაცია ხომ არ იკლებდა?

- მოტივაციასთან ბრძოლა ახლაც მაქვს. საქართველოში "ფუდ ბლოგერობამ" ბოლო დროს მოიკიდა ფეხი. ჩვენი სფეროს წარმომადგენლები გარკვეულ კომპანიებთან თანამშრომლობენ, თუმცა წინათ ასე არ ყოფილა - რთული იყო, ადამიანს მხოლოდ ამ საქმით ერჩინა თავი, ოჯახი... 3-4 დამატებითი სამუშაო უნდა ჰქონოდა... ასეც ვიქცეოდი: მარკეტინგის მიმართულებით, 3-4 სამსახურში ვმუშაობდი... როცა მაყურებლისგან ამხელა მხარდაჭერა არ მქონდა, როგორიც დღეს მაქვს, მოტივაცია იკლებდა. ცუდი გრძნობა დამეუფლა - თითქოს იმას ვერ მივაღწევდი, რაც ჩავიფიქრე და ვფიქრობდი, მიზანი დამევიწყებინა. 4 თვე "ჩაგდებაც" მქონდა - მთლიანად სამსახურზე გადავერთე, რადგან ვფიქრობდი - სულელი ხომ არ ვარ? ტყუილად რატომ ვახარჯავ რესურსებს ისეთ რამეს, რაც არც ემოციურად, არც ფინანსურად მომგებიანი არ არის-მეთქი?.. შემდეგ ვხვდებოდი, რომ ამ საქმის გარეშე თავს ისე კარგად, კომფორტულად ვეღარ ვგრძნობდი. ამიტომ, დიდი წვალების შემდეგ, ძალა მოვიკრიბე და დავბრუნდი. უკვე ცოტ-ცოტა ჩემებურ გახმოვანებებს ვაპარებდი - ასე ვთქვათ, კბილი მოვუსინჯე მაყურებელს, როგორ მიიღებდა. "ნახვების" და "მოწონებების" რაოდენობის ზრდამ მიმახვედრა, რომ სწორ გზაზე ვიდექი.

310044298-3240921552786729-8827940592923561992-n-copy-1728888700.jpg

- შენი ოთხფეხა მეგობარი, ძაღლი ჯეკა, რომელიც შენს ვიდეოებში ჩანს ხოლმე, შენს ცხოვრებაში როდის, როგორ გაჩნდა?

- ჩემი ცოლი უკრაინიდან რომ ჩამოვიდა, ჯეკა ჩამოიყვანა. მეუღლეს უკრაინაში ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის ძაღლები ჰყავს. როდესაც ძაღლმა იმშობიარა, მეუღლემ მკითხა, - რომელ ლეკვს აირჩევო? პატარა ძაღლუკებიდან ყველაზე მეტად ჯეკა მომეწონა - უფრო საყვარელი, სასიამოვნო სახე ჰქონდა... არადა, მანამდე ცხოველების მიმართ უნდოდ ვიყავი განწყობილი, კატების კი - საერთოდ მეშინოდა, რადგან ბავშვობაში 8-ჯერ მიკბინა. ცხოველების მიმართ დამოკიდებულება ჯეკამ შემაცვლევინა - შემაყვარა ისინი... მოკლედ, ჯეკას მოყვანიდან 6 თვის მერე, დეიდაშვილმა "ტიკტოკის" პლატფორმის შესახებ მითხრა, - "ფეისბუკისთვის" ასე რომ იღლები, "ტიკტოკის" ვიდეოსთვის კამერაც არ დაგჭირდება, ტელეფონითაც შეიძლება გადაიღოო... დავფიქრდი - მარტოს რომ გადამეღო, თითქოს რაღაც დააკლდებოდა. ავდექი და ჯეკასთან ერთად გადავიღე - ეს კერძი ჯეკასთან ერთად უნდა მოვამზადო-მეთქი! ესეც სპონტანურად მოხდა... მახსოვს, "ტიკტოკის" პირველ ვიდეოში შაქრის კანფეტები მოვამზადე... სამსახურში ვიყავი, როცა ცოლმა დამირეკა - შენს ვიდეოს 130 000 "ნახვა" აქვსო. - კაი, ნუ მეღადავები, შანსი არაა! ალბათ, შეგეშალა და სინამდვილეში 130 "ნახვა" აქვს, სამი "0" შენ მიამატე-მეთქი. - არაო... "ტიკტოკზე" შევედი და "აფეთქებული" იყო!.. მორჩა, მოტივაცია მომეცა! 1 თვის განმავლობაში, მე და ჯეკამ მოვახერხეთ და 30 ათას გამომწერს გადავაჭარბეთ...

- გადაღებისას ჯეკა ხელს ხომ არ გიშლის?

- ბევრს ჰგონია, რომ რაკი ჯეკა ვიდეოს დასაწყისში ჩანს, კერძის მომზადების დროსაც მაგიდასთან მოძვრება. საერთოდ, ძალიან ინტელიგენტი ძაღლია. კარგად აღვზარდეთ. თუ ძაღლს ყურადღებას არ მოაკლებ და რაღაცებს ასწავლი, ძალიან დამჯერი და მეგობრული იქნება. ჯეკაც ასეთია: როდესაც ეტყვი, რომ ეს არ შეიძლება, აკრძალულს არასოდეს გაეკარება. სამზარეულოსგან დისტანცირებულია. ის მხოლოდ ვიდეოს დასაწყისში, მომზადებულ კერძთან ერთად ჩანს. სხვა კავშირი მას ჩემს კერძებთან არ აქვს - სამზარეულოში სისუფთავე უნდა იყოს.

- შემოსავლიანი საქმეა, რასაც აკეთებთ?

- მერყევი, არასტაბილური შემოსავალია. შეიძლება იფიქრო, - ვაიმე, რა კარგია, მხოლოდ ამ საქმით ვიცხოვრებო, მაგრამ შემდეგ თვეები გადის და სპონსორი არ გყავს, მიუხედავად იმისა, რომ 250 ათასზე მეტი გამომწერი გყავს. ალბათ, სპონსორებისთვის სტანდარტულად გახმოვანებული ვიდეოები უმჯობესია. ბევრთან თანამშრომლობა რთულია, რადგან გეუბნებიან, - ვიდეოში ძაღლი არ იყოს, ასე არ გაახმოვანოო, ანუ ისეთ რაღაცებს გთავაზობენ, რაზეც ვერ დათანხმდები და რის გამოც მაყურებელმა შეგიყვარა. დამკვეთებს ამას რომ უხსნი, ზოგი ვერ იგებს. არადა, ვიდეოებთან დაკავშირებულ კომენტარებშიც წაიკითხავთ, რომ ხალხი ზუსტად განსხვავებული ფორმატის გამო უყურებს ჩემს ვიდეოებს. ამიტომაც დღესდღეობით სპონსორების ნაკლებობა მაქვს, მაგრამ თავს ვართმევ... საქართველოში მონეტიზაცია მხოლოდ "იუთუბზეა", თორემ სოციალურ ქსელებში მონეტიზაცია ჩართული რომ იყოს, 2-3 ათას დოლარზე მეტი შემოსავალი მექნებოდა - დაანგარიშებული მაქვს...

- ოფიციალურად, რომელი პროფესიის წარმომადგენელი ხარ?

- ფინანსისტი ვარ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. საბანკო საქმე არასდროს მიზიდავდა. რუტინული სამუშაო ჩემთვის არ არის... სტაბილურობის თვალსაზრისით, რუტინული სამსახური კარგია - იცი, თვიდან თვემდე, ხელფასის სახით, თანხა დაგერიცხება, მაგრამ მირჩევნია, თვის ბოლოს უფრო მეტი ან ნაკლები შემოსავალი მქონდეს, ანუ ამის მიხედვით ვიგრძნო, საქმეს როგორ მივუდგე. რუტინულობას ვერ ვიტან. ამიტომ ფინანსისტის დიპლომი დღემდე სახლში მიდევს. არადა, მეგონა გამოვიყენებდი...

- სპორტული ფოტოგრაფიის მიმართულებით ისევ მუშაობთ?

- არა, შევწყვიტე. უბრალოდ, იმ პერიოდში, შემოსავალი მჭირდებოდა - მინდოდა, კომპიუტერის "სეთაფი" ამეწყო. ჩემი ნაცნობი ბავშვებისთვის კარგ, სპორტულ ღონისძიებებს აწყობდა. მაშინ გადაღება გავრისკე, გამომივიდა და მომეწონა. ამ სფეროში მანამდე ვმუშაობდი, ვიდრე მარკეტინგის სფეროში აქტიურობას დავიწყებდი. თან, უნივერსიტეტში სწავლითაც დაკავებული ვიყავი, რომელსაც ბევრი დრო სჭირდებოდა - მათემატიკური საგნების სწავლებისას დიდ სიმკაცრეს იჩენდნენ. ამიტომ სპორტული ფოტოგრაფია დავტოვე...

img-6719-1-copy-1728888685.jpg

- თქვენი ოჯახი გაგვაცანით...

- უკრაინელი ცოლი მყავს. დაახლოებით 4 წელი დისტანციური ურთიერთობა გვქონდა - "ფეისბუკით" გავიცანი. ის უკრაინაში იყო, მე - საქართველოში. მასთან პირველად პანდემიის პერიოდში ჩავედი. არ ვიცი, ეს როგორ მოვახერხე... უბრალოდ, როცა გოგო 3-4 წელი გელოდება, თუ არ ნახავ, მაშინ თავი უნდა დაანებო. უცხო ქვეყანაში გოგო ბიჭთან, რომელსაც უბრალოდ, ტელეფონით იცნობს, პირველი არ ჩამოვა... მოკლედ, ჩავედი და როგორებიც ვიყავით, ისეთები დავრჩით. შემდეგ ის ჩამოვიდა და ჩემთან დარჩა... ჩემს გაცნობამდე თავის ქვეყანაში კომფორტულად ცხოვრობდა. საქართველოში ჩამოსვლას არც აპირებდა, მაგრამ ქართველებზე, ქართულ ტრადიციებზე გიჟდებოდა!.. 4 წელი ქართულ ცეკვაზე დადიოდა, ქართულად წერა-კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა. ეს რომ გავიგე, ლამის გავგიჟდი!.. საქართველოში ჩემ გამო ჩამოვიდა და დარჩა... წელიწად-ნახევრის შემდეგ, უკრაინაში ომი დაიწყო. ეს მის მშობლებსაც შეეხო, რა თქმა უნდა.

ვერ ვიტყვი, ახლა მშვიდად არიან-მეთქი, რადგან ომია, რა... ომი ჩვენც გამოცდილი გვაქვს: 2008 წელს არსად წავსულვართ. მახსოვს, ეკლესიის წინ ვიდექით და მთელი ღამე ვლოცულობდით. მაშინ ბავშვი ვიყავი. თვითმფრინავმა რომ გადაგვიფრინა, ის ხმა ახლაც მახსოვს. საქართველოში ომი რამდენიმე დღე გაგრძელდა და მთელმა ერმა დიდი ტრავმა მივიღეთ, უკრაინაში კი ომი დღესაც გრძელდება - წარმომიდგენია, მათთან რა ხდება...

ოჯახზე საუბრისას, ასევე მინდა, ჩემი მშობლების შესახებ აღვნიშნო: მათი მხარდაჭერის გარეშე ამდენ რამეს ვერ გავაკეთებდი: მოგეხსენებათ, საქართველოში, ბლოგერობასთან დაკავშირებით, მშობლებს შვილების მიმართ როგორი მენტალიტეტი აქვთ - ბევრი მშობელი არ დაგეხმარება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით იყო - გიო, თანხა რამდენი გჭირდება? როგორ შეგვიძლია, დაგეხმაროთო?.. მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ დაწყებული საქმე გამომივიდოდა: - არ "მიაგდო"! ის გააკეთე, რაც მოგწონს, ცუდს არ მოუსმინოო!.. იმდენი დადებით ენერგია "ჩადეს", რომ მერე, როცა დავფიქრდი, გავაცნობიერე, ჩემი მშობლების დამსახურებაა, რასაც მივაღწიე. დაოჯახებამდე მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. ღმერთს მადლობა, რომ მშობლებში ასე გამიმართლა - მათზე მეტად ძვირფასი ადამიანები არ მყავს.

ეთო ყორღანაშვილი