სასიამოვნო მოულოდნელობები განო გერლიანის ცხოვრებაში - გზაპრესი

სასიამოვნო მოულოდნელობები განო გერლიანის ცხოვრებაში

მისი გაუბედაობა ხშირად ყოველგვარ ზღვარს სცდება. რომანტიკული პარტნიორია. ყოველთვის სჭირდება გვერდით ჰყავდეს ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს ყველა წამოწყებაში და აუმაღლებს თავდაჯერებულობას", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ ადამიანებს, ეს კი მსახიობ განო გერლიანის ზოდიაქოს ნიშანია.

- განო, ასტროლოგიით ინტერესდები?

- კი, მაინტერესებს. ტელეფონში მქონდა აპლიკაცია გადმოწერილი, რომლის დახმარებითაც შევადგინე პირადი რუკა, მაგრამ დაბადების ზუსტი დრო არ ვიცოდი, არადა, რუკის შედგენისას ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ამ რუკით არც მისარგებლია. შემიძლია გითხრა, რომ ტიპური სასწორი ვარ. ჩემს ნიშანზე ხშირად მსმენია, ჩამოუყალიბებელი ადამიანები არიან, გადაწყვეტილების მიღება უჭირთო, აი, ზუსტად ასეთი ვარ. 2 კაბა რომ დამიდო და მითხრა, ერთი აირჩიეო, ამისთვის შეიძლება 300 წელი დამჭირდეს, ვერ ჩამოვყალიბდე, რომელზე გავაკეთო არჩევანი.

- ეს დამღლელი თვისებაა?

- კი, მაგალითად როდესაც ლუკა (მეუღლე, მსახიობი ლუკა თარხან-მოურავი) მეუბნება, - სად წავიდეთ, საჭმელი სად ვჭამოთო? ვერასდროს ვყალიბდები, რა მინდა, სად მინდა და ლუკა თავად გადაწყვეტს ხოლმე. ასეთი რამ მე არ უნდა მკითხო. არსებობს გამოთქმა: "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი", მე ვარ ადამიანი, რომელიც შვიდასამდე ზომავს და მერე ძალიან ნელა ჭრის.

- "უყვარს ადამიანები, მაგრამ არა - ხალხმრავლობა".

- ადამიანები, ურთიერთობები მიყვარს. სტუმარი რომ მოდის, ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვარ, მაგრამ სადმე თუ გავდივარ, სადაც ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანია, იქ ჩემთვის დისკომფორტის შემქმნელი მხოლოდ ხმაურია. ექსტროვერტი არ ვარ.

- "ადამიანებს მარტივად ენდობა, გულუბრყვილოა".

- პირიქით, რთულად ვენდობი, მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ ცხოვრებამ მასწავლა ან ოდესმე ვინმე ისე მომექცა, გული მატკინა. სანამ ადამიანს მიენდობი, უნდა დაფიქრდე, ეს სწორი მიდგომა მგონია და მიხარია, რომ ცუდი გამოცდილება არ მაქვს.

- "აქვს უნარი, ადამიანები საკუთარი აზრის სიმართლეში მარტივად დაარწმუნოს".

- ასეა? არ ვიცი, ჩემს შემთხვევაში ეს უნარი ამ ფორმით ნაკლებადაა გამოხატული. ვისაც არ სჯერა, თავს არ მოვიკლავ, რომ დავაჯერო.

- "ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?"

- მართალია, არანორმალურად ცნობისმოყვარე ვარ, ყველაფერი მაინტერესებს. ვინ რას ფიქრობს, რას აკეთებს, კონკრეტულ ქმედებას რომ სჩადიოდა, მაშინ, იმ წუთში რას ფიქრობდა? ადამიანები ცუდად რომ იქცევიან, მაშინაც ვცდილობ დავინახო, მისი სიმართლე როგორია.

- "მისი გაუბედაობა ხშირად ყოველგვარ ზღვარს სცდება".

- მართალია, გამბედაობა მაკლია. კარგი იქნებოდა, მეტად გაბედული გადაწყვეტილებები მიმეღო, თუმცა ახლა რომ დავფიქრდი, იმის თქმაც შემიძლია, რომ ჩემი გაუბედაობით ჯერ კისერი არ მომიტეხია.

- ალბათ კონკრეტული გადაუდგმელი ნაბიჯების გამო, სინანული გქონია.

- კი, თუნდაც რაღაც პროექტზე კასტინგი რომ იყო გამოცხადებული, გავიგე და არ წავედი. ჩემი თავი იმ როლში ვერ დავინახე. ვთვლი, რომ მაინც უნდა მეცადა. ყოფილა მომენტები, როცა საკუთარი თავისთვის შანსიც არ მიმიცია და ამას ახლა ძალიან ვნანობ. ამ მხრივ საკუთარ თავზე სულ ვმუშაობ. ლუკასთან ურთიერთობა რომ დავიწყე, არ შემეძლო, მის წინაშე მეთამაშა, თუნდაც ფოტოსესია მქონოდა. მერჩივნა, ლუკა იქ საერთოდ არ ყოფილიყო. ჩემთვის ეგ ყველაზე რთული დილემა იყო. არადა, გავიდა დრო და მივხვდი, თურმე ეს რამდენად მარტივი ყოფილა და როგორ ვართულებდი. ლუკა ყოველთვის ყველაფერში მეხმარება. ვფიქრობ, ის საუკეთესო ფსიქოლოგია.

- როდესაც თქვენი ურთიერთობა დაიწყო, ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობით რამდენად დაინტერესდით?

- როდესაც ლუკა გავიცანი, იმ წუთში ვიცოდი, რომ ის ჩემი ქმარი იქნებოდა. მომენტი, როცა ლუკას ვიცნობდი და მის მიმართ გრძნობა არ მქონოდა, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. ლუკა 30 სექტემბერს არის დაბადებული, მე - 2 ოქტომბერს, ორივე სასწორი ვართ, მაგრამ ლუკა საერთოდ არ ჰგავს სასწორს. ის ძალიან ჩამოყალიბებული ადამიანი. ზუსტად იცის, რა უნდა, სად უნდა და ა.შ. მე მისგან სრულად საპირისპირო ვარ.

- "თხის (ცხვრის) წელში დაბადებული ადამიანები ხელოვნების სფეროში საქმიანობის განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოებული".

- ეს პროფესია ვარსკვლავებმა ამარჩევინეს? მგონი, უფრო დედაჩემის დამსახურებაა. ბავშვობაში დედა მელაკუდას როლს მათამაშებდა, ათასნაირ ლექსს მასწავლიდა. დედა სოხუმის თეატრში თამაშობდა. სოხუმი რომ დავკარგეთ, ამ მიმართულებით საქმიანობა აღარ გაუგრძელებია, მაგრამ ეს დანაკლისი თითქოს ჩემით შეივსო. დღეს, როდესაც კარიერული თვალსაზრისით ჩემს თავს რაღაც საინტერესო ხდება, პირველი დედას ვურეკავ და ვახარებ.

- შეიძლება ითქვას, რომ იღბლიანი ხარ?

- იღბლიანი ვარ, არაფერი ჩემს ცხოვრებაში ისეთი არ მომხდარა, რაც თავს ძალიან ცუდად მაგრძნობინებდა. გამიმართლა, რომ ამ ოჯახში დავიბადე, გამიმართლა მეორე ნახევარში, მეგობრებში... ღალატის, ცუდად მოქცევის, იმედგაცრუების სიმწარე არასდროს განმიცდია.

- დამყოლი ხასიათი გაქვს?

- არა. როცა მეუბნებიან, კონკრეტული რაღაც უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად ვინტერესდები, რატომ ვაკეთებთ? რის გამო? რა გამოვა? გადაწყვეტილებებს სპონტანურად არასდროს ვიღებ.

- "ის რომანტიკული პარტნიორია, ყოველთვის სჭირდება გვერდით ჰყავდეს ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს ყველა წამოწყებაში და აუმაღლებს თავდაჯერებულობას".

- მართალია. თეატრში არის ხოლმე შემთხვევები, რეჟისორი მსახიობს ცუდ რამეს ეუბნება, ზოგიერთისთვის ეს უდიდეს მოტივაციად იქცევა. მე რომ მსგავსი რამ მითხრა, შეიძლება ტირილი დავიწყო. მაგრამ თუ მეტყვი, განო, ყოჩაღ! რა კარგი იყო, მეორედ უფრო კარგად გამოგივაო, - აი, ამ შემთხვევაში შეუძლებელს შევძლებ. თუ წამეჩხუბები და თავს ცუდად მაგრძნობინებ, მერე შანსი აღარ არის.

- მერე შენში რა ხდება?

- ძალიანაც რომ მინდოდეს, ვეღარ გავაკეთებ.

- ვინ არის ის ადამიანი, ვინც გიმაღლებს თავდაჯერებულობას, გაძლევს მოტივაციას?

- ჩემი ოჯახი და ჩემი ლუკა, ეს ადამიანები ჩემი უდიდესი ძალაა. რომ ვუყურებ, დედას როგორ უანგაროდ ვუყვარვარ, ყველანაირად ვცდილობ, იყოს ბედნიერი და ის ყველაზე ბედნიერი მაშინ არის, როცა თავად ვარ ბედნიერი.

- ოდესმე პესიმიზმისკენ მიდრეკილი ყოფილხარ?

- მე უფრო ეგზისტენციალურ კრიზისს დავარქმევდი, 16-18 წლის ასაკში მქონდა.

- აღნიშნე, რომ გადაწყვეტილებების მიღება გიჭირს. ამ დროს აქცევ თუ არა ყურადღებას, რას გეუბნება ინტუიცია?

- ძლიერი ინტუიცია მაქვს. მაგალითად, ქალაქში როცა ვმოძრაობ და უეცრად გამახსენდება ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გამხსენებია, ვიცი, ის ქუჩაში აუცილებლად შემხვდება. წლების წინ, ეს ამბავი შოკში მაგდებდა, ახლა აღარ მიკვირს.

- "მაქსიმალისტია, ოქროს შუალედის პოვნა უჭირს“.

- ადრე ვფიქრობდი ან ყველაფერი უნდა მქონდეს, ან - არაფერი. ახლა ასე აღარ ვფიქრობ და უფრო უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი. ახლა მივხვდი, სამყაროს უნდა მიენდო და ყველაფერი, რაც შენია, თავისით მოვა, ზედმეტი ნერვიულობა საჭირო არ არის.

- სასიამოვნო მოულოდნელობები რამდენად ხშირად არის შენს ცხოვრებაში?

- ჩემი ცხოვრება სასიამოვნო მოულოდნელობებით არის სავსე. ის სიხარულები უფრო არ მახსოვს, რომელსაც ველოდები.

- "სერიოზული მტრები იშვიათად ჰყავს, მაგრამ მის მიმართ შურის გრძნობა ბევრს უჩნდება".

- გვერდით ისეთი ადამიანები მყავს, რომლებიც ცდილობენ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო.

- არაჯანსაღი კონკურენცია სამსახიობო სფეროში ხშირია.

- ეს ჩემს თავზე არასდროს გამომიცდია. არასდროს მიგრძნია, ოდესმე ვინმეს დავეკნინებინე, გამიზნული ბოროტება ჩაედინოს. ხომ გეუბნები, იღბლიანი ვარ.

331661521-585147643513933-3011350305000816256-n-1728888855.jpg

- განო, ცნობილია, რომ მალე შენ და ლუკა ჩინეთში მიდიხართ, იქ სპექტაკლში უნდა ითამაშოთ, ამის შესახებ მიამბე.

- ნოემბერში მე და ლუკა შანხაიში მივდივართ, იქ ახალი თეატრის გახსნაა, სადაც სპექტაკლში "ჰამლეტი" უნდა ვითამაშოთ. ლუკა შეასრულებს შექსპირის როლს, რომელიც სპექტაკლში დამატებულია და მე ოფელია ვიქნები. ამ სპექტაკლში სამი ქართველი ვითამაშებთ, დანარჩენები უცხოელები იქნებიან.

- მესამე ქართველი ვინ იქნება?

- თემო ძოწენიძე, რომელიც ჰამლეტის როლს შეასრულებს. თემო არის მსახიობი, რომელიც 7 წელია ჩინეთშია. იქ ძალიან კარგად აიწყო კარიერა. ერთ დღეს ლუკას მოწერა, "ჰამლეტს" ვდგამთ და ხომ არ გინდა, ბედი მოსინჯო, შექსპირის როლი ემატება, კასტინგის ვიდეო ჩაწერე და გადმომიგზავნეო. ლუკამ ჩაწერა, გაგზავნა. ძალიან მიხაროდა, რომ ლუკას ეძლეოდა შანსი ჩინეთში წასულიყო, მეც მინდოდა და ვუთხარი, იქნებ წამიყვანო-მეთქი. მერე თემომ მომწერა, არ ვიცოდი, შენც თუ დაინტერესდებოდი, ჩაწერე ვიდეო, გადმოგზავნე და აქ ყველას ვაჩვენებო. მოკლედ, მე და ლუკამ გადავაგზავნეთ ჩვენი ვიდეოები და მალე მოგვივიდა პასუხები, რომ ორივე როლზე ვიყავით დამტკიცებულები. ნოემბერში ჩინეთში მივდივართ. ისე მეშინია ოფელია რომ უნდა ვითამაშო, თან ძალიან ბედნიერი ვარ, ერთ-ერთი რთული როლია.

- ოფელია ბევრი მსახიობის საოცნებო როლია.

- მე მქონდა ფოტოსესია, სადაც ოფელიას განვასახიერებდი. ამ როლზე ოცნებითაც კი არ მიოცნებია, ჩინეთში თამაშზე და მით უმეტეს, თეატრის გახსნაზე. ახლაც რომ გელაპარაკები, მგონია, გატყუებ. ჩინეთში თითქმის ერთი თვე მოგვიწევს ყოფნა და მერე ყველაფერი ისე თუ წავიდა, როგორც ჩაფიქრებულია, ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში გვექნება გასტროლები.

თამუნა კვინიკაძე