"ამ დროს ჩემში ბევრი რამ ხდება, ეს მისტიკური რიტუალია"
ჩემთვის ეს "მიწის გამოთხრაა", დამანგრეველია", - ამბობს მომღერალი ანანო სამხარაძე. რომელი თვისება მოსწონს და არ მოსწონს საკუთარ თავში, ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში, ვინ ენატრება, რა აკვირვებს, როგორი უნდა იყოს ბიჭი, მისი ყურადღება რომ დაიმსახუროს და რის გამო იტირა ბოლოს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებით შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...2005 წლის 28 მარტი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მომღერალი. სხვათა შორის, ექიმობაც მინდოდა, ამ მხრივ გავლენას ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ქალბატონი იზო ცარციძე ახდენდა. მეუბნებოდა, რომ თეთრ ხალათში "მხედავდა" და ძალიან უნდოდა, ეს პროფესია ამერჩია, თითქოს ჩემშიც იყო ეს სურვილი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც სიმღერა და სცენა ავირჩიე. ახლა 100%-ზე მეტად მჯერა, რომ პროფესიაში სწორი არჩევანი გავაკეთე. დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ და წინ კიდევ ბევრი გეგმა, მიზანი მაქვს.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ჯიუტი და ძლიერი ადამიანი ვარ. ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი ვეჯიუტები. როდესაც რაღაც არ გამოდის, მე მაინც ჯიუტად ვამბობ, რომ უნდა გამოვიდეს. ზოგიერთი ახლობელი თვლის, რომ მიზანდასახული ვარ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...რაღაცებს შევცვლიდი და უფრო ძლიერი ადამიანი ვიქნებოდი, ვიდრე დღეს ვარ. ბევრ დროს დავუთმობდი სწავლას, ბევრ უცხო ენას შევისწავლიდი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, 3 წლის ასაკში სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი. ვთვლი, რომ წარმატებული იყო ის პირველი გრანდიოზული სოლო კონცერტი, რომელიც 2022 წელს, მშობლიურ საჩხერეში გავმართე.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...დედას. ოჯახი ყოველთვის მხარში მედგა, დედას ყველგან დავყავდი, სულ ცდილობდა, წარმატებული ვყოფილიყავი. დედა მზად იყო, დარბაზში ღამეები ეთენებინა, ოღონდ მე სცენაზე ვმდგარიყავი. ფინანსურად, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად სულ ჩემ გვერდით იყო. სოლო კონცერტი რომ მქონდა, დედა ჩემზე მეტად ნერვიულობდა. მაშინ მის თვალებში ამოვიკითხე, რომ ჩემით ამაყობდა. დღეს, როცა "ნიკოს ბენდში" ეკრანზე მხედავს, ყოველთვის შენიშვნას მაძლევს. ჩემგან მაქსიმუმს ითხოვს.
- ითვალისწინებ?
- მაქსიმალურად ვცდილობ, გავითვალისწინო, თუმცა ყოველთვის არ გამომდის.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ყველა საყვარელი ადამიანი კარგად მყავს.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ჩემი ხასიათი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...უფრო მაღალ საფეხურზე ავიდე ცხოვრებაში, კარიერაში.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...სიჯიუტე, მიზანდასახულობა, გამბედაობა.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ძალიან ამაყი ვარ. ჩემამდე ყველას არ ვუშვებ. შეიძლება ითქვას, ჩაკეტილიც კი ვარ, ჩემს დარდზე არავის ველაპარაკები. ეს თვისება მოგეხსენებათ, ადამიანს აზიანებს. პატარაობიდანვე მქონდა მიზნად დასახული, თავად გავმკლავებოდი ყველა პრობლემას, თავად გამეხადა უკეთესი ხვალინდელი დღე, ჩემი შინაგანი "მე" ჩემზე ძლიერია. ძალიან ჯიუტი ეგო მაქვს.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ...ასეთი რა არის? არაფერი მახსენდება.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ იგივე შეცდომა არასდროს არ უნდა გავიმეორო და იმაზე ძლიერი ვიყო, ვიდრე აქამდე ვიყავი. ადრე შეცდომებს ვიმეორებდი, ახლა ვიმეორებ კი არა, აღარც ვახსენებ. განვიცდი, რომ ცელქი და ჯიუტი ვიყავი, დაუმორჩილებელიც, დედას ძალიან ვაბრაზებდი.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ადამიანი თავის დანაშაულს მიხვდება და უფლის წინაშე (და არა ჩემ წინაშე) ბოდიშს მოიხდის. ისეც ხდება, ადამიანს ერთხელ რომ აპატიებ, მეორედ ისევ იმავეს გიკეთებს.
- ამ დროს როგორ იქცევი?
- ახლახან მქონდა მსგავსი შემთხვევა, ასეთებს საკუთარი ცხოვრებიდან ვუშვებ. არ მინდა, ეგეთი მეგობარი მყავდეს.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...იქ მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ჩემს ოჯახსაც ვხედავ, ვარ წარმატებული და უფლის სიყვარულით სავსე.
- ვიბნევი...
- ...როცა მამა მიყურებს. მე და მამა ერთმანეთს ვგავართ. მამა სიყვარულს დიდად ვერ გამოხატავს. ჩემს კონცერტზეც სულ გარეთ იყო და ნერვიულობდა. გადაცემას რომ უყურებს, სულ დაძაბულია.
- აღნიშნე, დედა შენიშვნებს მაძლევსო, მამა რას გეუბნება?
- მე არაფერს მეუბნება, დედას ეუბნება და მერე დედა მე მეუბნება.
- ვნანობ...
- ...არაფერს. ყველაფერი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ჩემს დეიდასთან ან ის იყოს ჩემთან. დეიდა საზღვარგარეთაა, ვისარგებლებ შემთხვევით და ვეტყვი, რომ იმაზე ძლიერი იყოს, ვიდრე ახლა არის. დარწმუნებული ვარ, ყველა მიზანს მიაღწევს. ყველას გვიყვარს და გვენატრება. აპრილში ერთი წელი გახდება, რაც წასულია, მაგრამ ჩვენ სულ ერთად ვიყავით და გვგონია, საუკუნე გავიდა.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...ტყუილს. როცა მატყუებენ, შინაგანად ისეთი ნეგატიური ფიქრებითა და სურვილებით ვივსები, ეს ჩემთვის "მიწის გამოთხრაა", დამანგრეველია. ამაზე ცუდი მომენტი არ არსებობს, როცა სიმართლე იცი, ვიღაც თვალებში გიყურებს და ურცხვად გატყუებს. არ შემიძლია, ამ დროს ადამიანს არ ვუთხრა, რომ არასწორად იქცევა.
- მეზარება...
- ...დილით ადრე ადგომა.
- სიყვარული ეს...
- ...ყველაფერია. სიყვარულის გარეშე ვერ გექნება ურთიერთობა ადამიანებთან, ვერ გააკეთებ საქმეს, ყველაზე გამორჩეული განცდაა მრავალმხრივი მიმართულებით.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...პატარა ვიყავი, მე და ის ბიჭი ვმეგობრობდით, მერე ჩვენ შორის გრძნობა გაჩნდა. ახლა მეგობრები ვართ, ის კარგი ადამიანია.
- ახლა შეყვარებული....
- ...არ ვარ.
- როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომ დაგაინტერესოს?
- გაბედული. უნდა შეეძლოს სიმართლის აღიარება, ერთგულება და აუცილებლად, მორწმუნე.
- ეკრანზე გამოჩენის შემდეგ, თაყვანისმცემელთა რაოდენობა გაიზარდა?
- რა თქმა უნდა.
- მაკვირვებს...
- ...ადამიანების უსამართლობა, არეულობა მთელ მსოფლიოში და ადამიანებში დაკარგული ადამიანობა.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...საკუთარმა თავმა. მუსიკასაც ძალიან დიდი ძალა აქვს, კლასიკა გამორჩეულად მიყვარს, სხვაგვარი ემოცია მოაქვს.
- ვრისკავ...
- ...თამამად. ვრისკავ პირადში, კარიერაში. ვიცი რისკზე წასვლა ან გაამართლებს, ან არა, მაგრამ მე ხომ ვისწავლი, რა არის სწორი და რა - არასწორი.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ჩემი ოჯახია.
- ვამაყობ...
- ... ოჯახით.
- ბოლოს ვიტირე...
- ...მაშინ, როცა ზვიად ბლიაძემ მითხრა, "ნიკოს ბენდში" უნდა იმღეროო. სიხარულის ცრემლები გადმომცვივდა. ხშირად არ ვტირი.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...მინდა შევიფერო, თან არ შევიფერო, მადლობას ვიხდი, აღარ ვიცი, რა გავაკეთო.
- მეშინია...
- ...იმ ადამიანების დაკარგვის, ვინც მიყვარს.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...სერიოზული იყავიო. სიცილი, მხიარულება მიყვარს.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...არაფერს.
- ვუფრთხილდები...
- ...ყველას და ყველაფერს, ვინც ჩემია და რაც ჩემია.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...რომ ვიყო სერიოზული ადამიანი.
- ვიტყუები, როცა...
- ...რამეს ვაშავებ.
- თავისუფლება არის...
- ...ის, რის გარეშეც ადამიანი ვერ განვითარდება, თავისუფლებას არაფერი სჯობს.
- თავისუფალი რამდენად ხარ?
- ისეთი დოზით არ მაქვს თავისუფლება, როგორსაც ვისურვებდი. მკაცრი დედ-მამა მყავს, მათ მომაქციეს ჩარჩოებში. ვთვლი, რომ სწორად აღმზარდეს, მადლიერი ვარ, მაგრამ მგონია, შვილი რომ მეყოლება, მერეც გამაკონტროლებენ.
- ინტუიცია...
- ...ძალიან კარგად მაქვს განვითარებული. ადამიანს რომ შევხედავ, ეგრევე ვხვდები, რის თქმას აპირებს, მატყუებს თუ არა.
- როცა მარტო ვარ...
- ...ჩემს გარემოს ვიქმნი. ძალიან მინდა, რაიმე ფილმში ან სერიალში ვითამაშო. როცა მარტო ვარ, მაშინ ვმსახიობობ, ვმღერი, ვუსმენ მუსიკას. მარტო ყოფნა ჩემთვის ნეტარებაა.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ყველა ახლობელს მოვუგვარებდი ჯანმრთელობის საკითხს. ყველას დავეხმარებოდი, ვისაც რა დასჭირდებოდა. ჩემთვის უამრავ ტანსაცმელს შევიძენდი. მექნებოდა კარგი ჩანთებისა და ფეხსაცმელების კოლექცია.
- მენატრება...
- ...პატარა ანანო, მაგიდაზე რომ დგებოდა და მღეროდა, რომელიც ძალიან თავისუფალი, ლაღი და გაბედული იყო. ბავშვობაში უფრო გაბედული ვიყავი, ახლა რაღაც ფაქტორები მზღუდავს.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ვიკეტები ოთახში, საკუთარ თავს ვუყურებ სარკეში და ლექციას ვუტარებ. ამ დროს ჩემში ბევრი რამ ხდება, ეს მისტიკური რიტუალია.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ინტერვიუს დასაწყისში ჩემი პედაგოგი ვახსენე, ერთხელ ქალბატონმა იზომ მითხრა, ცხოვრებაში სამი რამ გაგაჩნდეს: უფლის სიყვარული, ოჯახის სიყვარული და საკუთარი თავის სიყვარული. მისი ეს დარიგება მუდამ თან მდევს.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...იყავით ის, ვინც ხართ, იყავით სიკეთის მოსურნენი. ერთმანეთი თუ გვეყვარება, ყველაფერი კარგად იქნება!
თამუნა კვინიკაძე