გიორგი გოჩოლეიშვილის ახდენილი ოცნება, დიდი სიყვარული და მოტივაცია - გზაპრესი

გიორგი გოჩოლეიშვილის ახდენილი ოცნება, დიდი სიყვარული და მოტივაცია

- ასე ახასიათებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს - გიორგი გოჩოლეიშვილს დედა - ხათუნა კვერნაძე და გვიამბობს, როგორი იყო გიორგის პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში, როდის ჰქონდა ყველაზე კარგი და რთული პერიოდები, როგორ დაიწყო მისი სიყვარულის ამბავი?

- ქალბატონო ხათუნა, სანამ გიორგის შესახებ ლაპარაკს დავიწყებთ, მინდა გკითხოთ, როგორია თქვენი ემოცია, როდესაც გიორგი მოედანზეა?

- ძალიან გამიძნელდება აღვწერო იმ წუთებში რასაც ვგრძნობ და განვიცდი. ვფიქრობ, ნეტავ რას იზამს გიორგი? როგორ ითამაშებენ ბიჭები? თამაშს თუ ვესწრები, ტრიბუნაზე ვერ მაჩერებენ (იცინის), წამოვხტები ხოლმე და ვყვირი, - "მიდი, ბიჭო, მიდი!!!"

- ეს ემოცია ალბათ გაორმაგებულია, როდესაც გიორგი ნაკრების შემადგენლობაში თამაშობს, არა?

- რა თქმა უნდა, ისედაც აზარტული ვარ და ამ დროს პიკშია ჩემი აზარტი. ბუნებრივია, გიორგის ყველა თამაშს ვერ ვესწრები, მაგრამ ყოველი თამაშის წინ ეკლესიაში მივდივარ და ღმერთს ვთხოვ, გააძლიეროს. გიორგის მოედანზე რომ ვხედავ, ხატების კუთხე მაქვს, იქ მივდივარ და სანთლებს ვანთებ. მჯერა, ეს ენერგეტიკა მასთან მიდის და ეხმარება. როდესაც თამაშს ვესწრები, ვიცი, ჩემი შვილისთვის ეს დამატებითი სტიმულია. ტრიბუნიდან გიორგის ჩემი ხმა ყოველთვის ესმის. დაკვირვებული ვარ, როდესაც დავუძახებ, "გიორგი, არ შემარცხვინო!" ყოველთვის ტემპს უმატებს, გოლი რომ გააქვს, ჩემკენ იხედება. ახლა მცირე ხნით საბერძნეთში ვიმყოფები, საქართველოში მალე დავბრუნდები.

- როგორი იყო გიორგის პირველი ნაბიჯები ამ სპორტში, რა ასაკიდან თამაშობს?

- 5 წლის იყო, ფეხბურთზე რომ მივიყვანე. მე და გიორგი სულ ერთად ვიყავით, ბავშვი არ მშორდებოდა. ყოველ საღამოს ბურთს ვურეცხავდი. ჩვენ რომ დავიძინებდით, ბურთი აუცილებლად შუაში უნდა "ჩაგვეწვინა". გიორგიმ თამაში ავტოქარხნის "კოლხიდაში" დაიწყო, გიგა ცუცქირიძესთან ვარჯიშობდა. მაშინ კულტურის სახლის დირექტორი ვიყავი, პარალელურად წყალტუბოს "ახალ გაზეთში" ვმუშაობდი. პატარა რომ იყო, თამაშებზე სულ თან დავყვებოდი. ერთ-ერთი თამაშისას კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტი გვერდით დამიჯდა. არ ვიცოდი, ის ვინ იყო, გიორგის ჩემი შეძახილებით ვამხნევებდი, ჩვეული ემოციით ვგულშემატკივრობდი. ამ ადამიანმა მკითხა, თქვენი ვინ არისო? ვუპასუხე, რომ მოედანზე ჩემი შვილი თამაშობდა. გიორგის ყოველთვის ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა, მისი მწვრთნელი ყოველთვის 3-4 წლით დიდ ბიჭებთან ათამაშებდა. "საბურთალოს" პრეზიდენტმა მითხრა, რომ გიორგის ის აკვირდებოდა და ამ დღიდან 1 კვირაში უკვე "საბურთალოში" გადავიდა, კონტრაქტს ხელი მოაწერა. ბავშვობაში მესი უყვარდა, მის გოლებს დისკზე ვუწერდი და უყურებდა; ბარსელონას თამაში რომ იყო, ერთად ვათენებდით.

- მისი პირველი დიდი წარმატება გაიხსენეთ.

- გიორგი არა მარტო ფეხბურთში, ყველაფერში წარმატებული იყო, რა საქმესაც ხელს მოჰკიდებდა. მხოლოდ ფეხბურთზე კი არა, სამეჯლისო და ქართულ ცეკვებზეც დადიოდა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ, სამეჯლისო ცეკვებში ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი აიღო, ხოლო დასავლეთ საქართველოში რომ ვცხოვრობდით, ამავე ჩემპიონატზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა. ყველანაირად წარმატებული და განსაკუთრებული ბავშვი იყო. წარმატებული გახლდათ სწავლაშიც, ცეკვაშიც და ფეხბურთშიც.

- რა პიროვნული თვისებებით გამოირჩევა?

- უზომოდ თბილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანია, ჩემი სული და გულია. გიორგი ძალიან მხიარულია. ადამიანებთან ურთიერთობა, კონტაქტი ადვილად შეუძლია. რაც მთავარია, ჰუმანური ბიჭია, ტყუილი არ უყვარს. უხერხული კი არის შვილის ქება, მაგრამ ვინც გიორგის იცნობს, ყველა ეფერება და პატივს სცემს.

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდა, ყველაზე მეტად რა აბედნიერებდა?

- ფეხბურთი. ჩანთაში წიგნებს რომ ჩავულაგებდი ან თავად ჩააწყობდა, აუცილებელი იყო წიგნებთან ერთად პატარა ბურთიც ჰქონოდა. სკოლაში სულ ბურთით დადიოდა, ღამე ბურთთან ერთად ვიძინებდით და დღეები ასე გადიოდა.

- მაშინ თუ გიფიქრიათ ან გქონიათ მოლოდინი, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა?

- ჩემი შვილის ყოველთვის მჯეროდა. ვგრძნობდი, რომ ის წარმატებული იქნებოდა. გიორგის განვითარებისთვის რამე თუ იყო საჭირო, უკან არასდროს არაფერზე ვიხევდი. ბედნიერი დედა ვარ, რომ გიორგიმ ჩემი იმედი გაამართლა. რასაც ვუკეთებდი, დამიფასა, უფალს მადლობა!

- ყველა ფეხბურთელი ოცნებაა საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. როგორი იყო გიორგის ემოცია, როდესაც 2022 წელს ვილი სანიოლმა ნაკრებში გამოიძახა?

- მაშინ "საბურთალოს" გუნდში თამაშობდა. იმ დღეს სამსახურში ვიყავი, გიორგიმ რომ დამირეკა, - დე, საქართველოს ნაკრებში გამომიძახესო. უზომოდ გახარებული და ბედნიერი იყო, გიორგისთან ერთად - მეც. სიტყვები "საქართველოს ნაკრები" თითოეული ფეხბურთელისთვის უდიდესი ძალის მატარებელია, ისინი ხომ ამბობენ "მე ვარ საქართველო", ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს?

- ამ წლების განმავლობაში, როდის ჰქონდა გიორგის ყველაზე რთული და ყველაზე კარგი პერიოდი, რა შეგიძლიათ თქვათ?

- საუკეთესო პერიოდი იყო, როდესაც გიორგი დონეცკის "შახტარში" გამოიძახეს და კონტრაქტს ხელი მოაწერა, ახლა კი დანიურ გუნდთან გააფორმა კონტრაქტი. რთული პერიოდის გახსენება მიმძიმს, ეს ამბავი მეც ჩემს შვილთან ერთად განვიცადე. გიორგი შაქარაშვილი და ჩემი შვილი მეგობრები იყვნენ, ერთად თამაშობდნენ. ამ ბიჭის გარდაცვალება გიორგისთვის უდიდესი ტკივილი იყო. კადრებიც არსებობს, ერთ-ერთ თამაშზე ჩემმა შვილმა გოლი რომ გაიტანა, ჯიბიდან შავი ლენტი ამოიღო და ზეცას შეხედა, ეს გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

- სოციალურ ქსელში, გიორგის ქავერზე გიორგი შაქარაშვილის ფოტოა.

- განიცადა ეს ამბავი, ძალიან ცუდად იყო. მთელმა გუნდმა უდიდესი ტრავმა მიიღო. შაქარაშვილს მეც ვიცნობდი, წარმატებული მომავალი ექნებოდა, ახლაც მეტირება, მასზე რომ ვლაპარაკობ...

- გიორგის სირთულეების დაძლევაში ყველაზე მეტად რა ან ვინ ეხმარება?

- ყოველთვის მხარში უდგას მისი მეუღლე ანა ოქრუაშვილი. ანა არაჩვეულებრივი გოგოა, კარგი მეუღლე. ძალიან მიყვარს და ვაფასებ. ახლა უკვე მისი უდიდესი სტიმული და მოტივაცია პატარა ალექსანდრეა.

- გიორგისა და ანას სიყვარული როგორ დაიწყო, რა შეგიძლიათ მათ ურთიერთობაზე მითხრათ?

- მას შემდეგ მეგობრობდნენ, რაც გიორგი თბილისში გადავიდა. როგორც ხდება ხოლმე, მათი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. დღეს არაჩვეულებრივი ოჯახი აქვთ, რაც მე ძალიან მახარებს. გიორგის და ანას ურთიერთობის და სიყვარულის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა, ოჯახს ასე მალე თუ შექმნიდნენ. არასდროს დამავიწყდება ის დღე, გიორგის ცოლის მოყვანა გადაუწყვეტია, მირეკავს და მეუბნება: "დედა, ცოლი მომყავს". რაღაცნაირად დავიბენი, - "დედა, ახლა რა ვქნა მე?" - "შენ არა დედა, მე ვიზამ, მე", - ასეთი სასაცილო დიალოგი შედგა ჩვენ შორის. ანა ძალიან კარგი ოჯახის შვილია.

- ფეხბურთის ფედერაციის არქივში არის ფოტო, გიორგი მაისურის ქვეშ ბურთით.

- დიახ, სწორად თუ მახსოვს, ამ დღეს გატანილი გოლი ფეხმძიმე მეუღლესა და მუცლადმყოფ შვილს მიუძღვნა.

- როგორი მამაა?

- ძალზე მზრუნველი. ვიცოდი, რომ ასეთი იქნებოდა.

- გიორგისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- ახლა უკვე მეუღლესა და შვილთან ერთად დროის გატარება, მათთან ერთად სეირნობა.

- შესამჩნევია და ძალიან დიდი ძალის მატარებელია ის ფაქტი, რომ ნაკრების ბიჭებს ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. როდესაც შინ მარტო რჩებით, გიორგი ამ ყველაფერზე რას ამბობს?

- გიორგის ყველა ძალიან უყვარს, გამორჩეული ურთიერთობა აქვს მამარდაშვილთან, სულ ერთად არიან. ფოტოებს რომ გადახედოთ, მათი ურთიერთობა იქაც იგრძნობა. გუნდში ერთსულოვნებაა, ერთმანეთზე ზრუნავენ; აძლიერებთ ის სიყვარული, რომელიც ერთმანეთის მიმართ აქვთ.

- მადლობა ინტერვიუსთვის, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ!

- დიდი მადლობა. მჯერა, ჩვენი ბიჭები არაერთხელ გაგვახარებენ.

თამუნა კვინიკაძე