გოდვინ თუდები - პირველი ნიგერიელი ქართულ სცენაზე - გზაპრესი

გოდვინ თუდები - პირველი ნიგერიელი ქართულ სცენაზე

ამბობს, რომ მომავალში ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მსახიობი იქნება, საამისოდ კი ბევრს შრომობს. არ აშინებს წინააღმდეგობები და ზუსტად იცის, ყოველი დაცემა მისთვის მხოლოდ ძალის მიმცემი იქნება.

- გოდვინ, ვიცი, რომ თეატრალურში სწავლობთ. ჩვენს მკითხველს საკუთარ თავს როგორ გააცნობთ?

- მე ვარ გოდვინ თუდები, 21 წლის, დედა ქართველი მყავს, მამა - ნიგერიელი. საქართველოში დავიბადე, მაგრამ მშობლებთან ერთად თურქეთში ცხოვრება, მომიწია. 6 წლის ვიყავი, თბილისში რომ ჩამოვედი და ამ ასაკიდან აქ ვცხოვრობ. სკოლაში ერთი წელი გამიცდა იმ მიზეზის გამო, რომ ქართულ ენაზე კარგად ვერ ვლაპარაკობდი.

- გამხდარიყავი მსახიობი - ეს რა ასაკში გადაწყვიტეთ და რით დაგაინტერესათ ამ პროფესიამ?

- პატარაობიდანვე განსხვავებული ვიყავი. 2 ძმა მყავს: ერთი 12 წლის არის, მეორე ჩემზე უფროსია. მე და ჩემი უფროსი ძმა ერთმანეთისგან ყოველთვის განვსხვავდებოდით. სპორტი ნაკლებად მიზიდავდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ სახეობაზე დავდიოდი, ჩემი ფანტაზიის სფერო უფრო ბოლივუდის ფილმები იყო. მყავდა წარმოსახვითი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ხშირად ვთამაშობდი. არ იქნებოდა გასაკვირი, სახლში ეფიქრათ, ეს ბავშვი ცოტათი ვერ არისო. დედა მოსწავლეებს ინგლისურ ენაში ამზადებდა. მისი ერთ-ერთი მოსწავლე თეატრალურში აბარებდა და თან თეატრალურ წრეზე დადიოდა. მაგ დროს 10 წლის ვიყავი. ერთხელ იმ გოგოს თანდასწრებით დავჯექი და ჩემს წარმოსახვით მეგობრებთან თამაში დავიწყე, დედა ამას ხომ შეჩვეული იყო, მაგრამ გოგონამ გაკვირვებულმა იკითხა, რას აკეთებსო? დედამ ყველაფერი აუხსნა და პირველად სწორედ მან თქვა, თეატრალურ წრეზე რომ შემოვიდესო? მართლაც, ამ დღის შემდეგ გადავსახლდი ამ სამყაროში. სტუდიაში რომ მივედი, ჩემი პირველი ეტიუდი ბაყაყი იყო. სახლში ბაყაყს რომ „ვაკეთებდი“, ყველა გიჟს მეძახდა, იქ რომ გავაკეთე, აპლოდისმენტები დავიმსახურე, შემაქეს. იმ მომენტში მივხვდი, ზუსტად იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ამის შემდეგ უფრო სერიოზულად დავიწყე ფიქრი თეატრალურში ჩაბარებასა და მსახიობობაზე. ყველაზე რთული ის იყო, რომ 10 წლის ასაკში, ქართულ ენას ისეთ დონეზე ვერ ვფლობდი, რომ დასახული მიზნებისთვის მიმეღწია და ქართულ სცენაზე ვმდგარიყავი.

- ახლა ძალიან კარგად მეტყველებთ.

- ბევრი ვიშრომე, თეატრალურში ჩაბარებამდე მოვახერხე ის, რომ ქართული ენა ამ დონეზე შემესწავლა. "არტ ჰოლში" დავდიოდი, გოგა პიპინაშვილის მოსწავლე ვიყავი. თეატრალურში რომ ვაბარებდი, პირველივე ტურში ჩამჭრეს.

- მიზეზი რა იყო?

- ვერ გავიგე. გავაპროტესტე. როდესაც აპელაციაზე შევედი და მიზეზი ვიკითხე, ვერავინ ვერაფერი მითხრა. იქვე გავაპროტესტე, - მიზეზს თუ ვერ მეუბნებით, მაშინ ჩაჭრა არ დამიმსახურებია-მეთქი. მითხრეს, პანტომიმაზე ძალიან კარგი მონაცემები გაქვსო. მე დრამის მსახიობობა მინდა-მეთქი. უსამართლობას შევეჯახე. საუკუნეა, თეატრალურ უნივერსიტეტს არ ჰყოლია ნიგერიელი სტუდენტი, რომელიც ქართულ ენაზე ასე კარგად საუბრობს. თუმანიშვილის თეატრის სცენაზე დგომა ჩემთვის პატივია. კიდევ ბევრ სცენაზე დავდგები, მთავარია, საქმეს სწორად მივუდგე. მარკ ტვენს აქვს ძალიან კარგი გამონათქვამი: "თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, ვინც თქვენში ამბიციის შეკავებას ცდილობს". ამას მხოლოდ პატარა ადამიანები აკეთებენ.

- პანტომიმა დრამის ფაკულტეტზე ვერმოხვედრის შემდეგ აირჩიეთ?

- ჩემი დიდი ბრძოლის და ხმაურის შემდეგ, ტურზე ხელახლა გავედი. ეს ამბავი უნივერისიტეტში ბავშვებს შორისაც დიდი განხილვის თემა იყო. მეუბნებოდნენ, სულ რომ უნიჭო ყოფილიყავი, მაინც უნდა ჩაგებარებინა, შენნაირი აქ აქამდე არც მოსულა და კიდევ დიდი ხანი ალბათ არავინ მოვაო. რამდენჯერაც უნდა დავეცე, ზუსტად ვიცი, ფეხზე უფრო ძლიერი წამოვდგები. მეორედ ტურზე გამომცდელებთან რომ შევედი, იქ ისეთი გარემო დამხვდა, ისეთი ატმოსფერო და ენერგეტიკა, ისეთი ნეგატიური განწყობა ვიგრძენი, megona ჩავიჭრებოდი. რა უცნაურია, დრამის პირველ ტურზე ჩამჭრეს და პანტომიმის გამოცდაზე უმაღლესი - 100-დან 97 ქულა ავიღე. ამ თემასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები დღემდე მაქვს. თეატრალურ უნივერსიტეტს ვერასდროს ვაპატიებ იმას, რომ უსამართლოდ მომექცნენ. ნაწყენი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 3 წელი გავიდა. დღეს რამდენჯერაც დრამის სპექტაკლს ვთამაშობ, იმდენჯერ ხელახლა მეხსნება ეს ჭრილობა და გულში ვამბობ, რატომ?

- ხომ შეგიძლიათ პანტომიმიდან დრამის ფაკულტეტზე გადახვიდეთ?

- შესაძლებელია, მაგრამ ისეთ ჯგუფში მოვხვდი, სადაც პანტომიმასთან (პედაგოგი დათო შალიკაშვილი) ერთად დრამასაც მასწავლიან. როდესაც დრამას ნანუკა ხუსკივაძე გასწავლის, დამიჯერეთ, ის პერიოდი უდრის 4-წლიან სწავლას იმ ადამიანთან, ვინც მაშინ ჯგუფს იყვანდა. ამიტომ გადასვლას აზრი აღარ ჰქონდა. ნანუკა ხუსკივაძის მადლიერი ვარ, დიდი ცოდნა მომცა, თავადაც ვაქტიურობ, სულ სხვადასხვა პროექტში ვარ ჩართული და გამოცდილებაც დამიგროვდა, ჩემი გეგმები მაქვს.

- ქართულ ენაზე ასე კარგად რომ მეტყველებ, ეს რომელი პედაგოგის დამსახურებაა?

- თამუნა ნიკოლაძე არის ის ადამიანი, ვინც მასწავლა ქართული მეტყველება სუფთად და გამართულად. მე რომ დღეს სცენაზე ვდგავარ და ვლაპარაკობ, ჩემი უსაყვარლესი თამუნას დამსახურებაა.

- სერიალში "ბოლო სეზონი" თამაშობ. რას იტყვი ამ პროექტზე?

- ანგისას როლს ვასრულებ. ეს არის პროექტი, რომელზეც არაჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ, რეჟისორებიდან დაწყებული, დიდი არტისტებით დამთავრებული. ეს ის ადგილია, სადაც ანკესს გაჭერინებენ და თევზაობას გასწავლიან. ზუსტად იმ მიმართულებას გაძლევენ, რა მიმართულებითაც უნდა წახვიდე.

- ამ სერიალში ბევრი ქართველი ვარსკვლავი თამაშობს. ალბათ გადაღებების დროს, მათთან ურთიერთობის საშუალება გაქვთ. რა დაგამახსოვრდათ?

- დავით დვალიშვილს დიდი ტექსტი ჰქონდა სასწავლი, ისწავლა კიდეც, მცირე მონაკვეთი ჰქონდა დარჩენილი. ვკითხე, ბატონო დავით, ასე მალე სწავლას როგორ ახერხებთ-მეთქი? ამომხედა და მითხრა; შვილო, შენ რომ ერთხელ გულით წაიკითხო და მოუსმინო შენს პერსონაჟს, რისი თქმა უნდა, მეორედ უბრალოდ თვალი რომ გადაავლო, მაინც დაგამახსოვრდებაო. ამ დიალოგის შემდეგ, რაზეც უნდა ვმუშაობდე, ყველა ტექსტს ისე ვკითხულობ, როგორც ჩემი პერსონაჟი წაიკითხავდა და იტყოდა.

- არაქართული გარეგნობა გაქვთ. ეს ამ ქვეყანაში, ამ პროფესიაში მომგებიანია თუ - პირიქით, რა შეგიძლიათ მითხრათ?

- ადრე თუ გვიან, საქართველოს ბაზარზე მე ერთ-ერთი ძვირად ღირებული მსახიობი ვიქნები. მე ჩემს სფეროში ჯერჯერობით კონკურენტი არ მყავს. კარგმა რეჟისორმა შეიძლება კახელი პურისმჭამელი კაცის როლი მათამაშოს და არა - ოტელო. გააჩნია, რეჟისორი რა ფანტაზიის მატარებელია და ჩემნაირ მსახიობთან მუშაობით, რისი გაკეთება შეუძლია.

- წლების შემდეგ, სად უფრო ხედავთ საკუთარ თავს, სცენაზე თუ გადასაღებ მოედანზე?

- სცენაზე.

- რატომ, სცენას ასეთი რა ხიბლი აქვს?

- "არტ ჰოლში" რომ დავდიოდი, თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლი "ზაფხულის ღამის სიზმარი" უნდა გვეთამაშა. მაშინ 18 წლის ვიყავი და ზოგიერთი რამ სათანადოდ ჯერ კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული. სპექტაკლზე სამუშაოდ დრო ძალიან ცოტა იყო. შეიძლება ითქვას, რომ 1 თვე თეატრში ვცხოვრობდით. პრემიერის წინ კბილი ამტკივდა, ექიმთან წასვლის დროც არ იყო. გავედი სცენაზე და ტკივილი გაქრა, ჩიტივით ვიყავი, კულისებში დავბრუნდი და კბილის ტკივილმა ისევ ძალიან შემაწუხა. გავედი სცენაზე და ტკივილი ისევ თავისით გაქრა. სცენას აქვს ეს ჯადოსნურობა. შეუძლია როგორც გაგაბედნიეროს, ასევე სამარე გაგითხაროს და შიგნით ჩაგაწვინოს, ძალიან საფრთხილო ადგილია, შეცდომებს არავის პატიობს. გადასაღებ მოედანზე ყოფნაც საინტერესოა, მაგრამ მე ცოცხალი ურთიერთობები უფრო მიზიდავს.

dsc-8931-1729508378.jpg

- როლი, რომლის თამაშიც ყველაზე მეტად გინდათ, რომელია?

- მინდა კარგი კახელი პურისმჭამელი კაცის როლი შევასრულო (იცინის), ეს არის ჩემი ოცნება.

- მსახიობებისთვის ყოველთვის დიდი გარდასახვაა საინტერესო.

- ჩემი აზრით, გარდასახვის ოსტატი არის გოგა პიპინაშვილი. სპექტაკლის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" სანახავად რომ მივედი, ნახევარი საათის განმავლობაში, ჩემი პედაგოგი ვერ ვიცანი. ეს მხოლოდ მე არ დამემართა, სულ 4 ვიყავით. ვიცოდით, რომ სპექტაკლში ბატონი გოგა თამაშობდა და ვბჭობდით, ის სცენაზე რომელი იყო? ამ სპექტაკლში ასეთივე არაჩვეულებრივი გახლდათ ნინელი ჭანკვეტაძე.

- თავად აღნიშნეთ, ერთადერთი ნიგერიელი ხართ, რომელიც ქართულ სცენაზე დგას. მაყურებლის დამოკიდებულება როგორია?

- "ზაფხულის ღამის სიზმარი" რომ ვითამაშე, ორი ბიჭი მოვიდა, რომლებსაც შემდეგ დავუმეგობრდი. მათ მითხრეს, გიყურებდით და ერთი სული გვქონდა, ხმას როდის ამოიღებდი, არ გვეგონა, ქართულად თუ ლაპარაკობდიო. ცოტათი მწყინს, თან არ მწყინს, მაგრამ ზუსტად ვიცი, აღარ მინდა, განსხვავებული გარეგნობა უკვირდეთ.

- სერიალში ფეხბურთელი ხართ. ფეხბურთს რეალურ ცხოვრებაში თუ თამაშობთ?

- პატარა რომ ვიყავი, დედას დავყავდი კალათბურთზე, ფეხბურთზე, ჭიდაობაზე, ბოქსზე, ცურვაზე, წყალბურთზე, მაგიდის „ტენისზე“, ჩოგბურთზე, ჭადრაკზე... ამის შემდეგ დაიწყო თეატრალურ სამყაროზე ფიქრი.

- თქვენი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს?

- დიახ, უფროსი ძმა 23 წლის არის. საქართველოში ცხოვრობს, ფეხბურთით არის დაკავებული. ამ ეტაპზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. დინამოს აკადემიაში იყო, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდა. ჩემი ძმა არის პირველი ფერადკანიანი, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშობდა. ქართული ენა ჩემმა ძმებმაც იციან, მამამაც ისწავლა.

- დღეს როგორია მშობლების ემოცია, რეაქცია, როდესაც სცენაზე გხედავენ?

- ბედნიერები არიან. ჩემი უდიდესი გულშემატკივარი არის ბებო, ჩემზე მზე და მთვარე ამოსდის. მეც ძალიან მიყვარს. სპექტაკლზე რომ მოდის, სანამ სცენაზე გამოვალ, მანამდე ეტირება.

- მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებთ!

- ეს ჩემი პირველი ინტერვიუა პრესაში, დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე