"მამას გოგო" "ნიჭიერიდან" - გზაპრესი

"მამას გოგო" "ნიჭიერიდან"

სურვილის მიუხედავად, ნამდვილი პიანინო არ ჰქონდა, მაგრამ გამოსავალი იპოვა, სცენა მოაწყო და "დაკვრა" კედელზე დახატულ შავ-თეთრ კლავიშებზე დაიწყო... მერე მამა გარდაეცვალა და დიდ ტკივილთან გამკლავებაშიც სიმღერა დაეხმარა. საკუთარ სამყაროში განმარტოებული ლექსებსაც ხშირად წერდა, ესეც გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო.

საგარეჯოში, სოფელ ნინოწმინდაში დაბადებული გოგონას ოცნება, სულ ცოტა ხნის წინ რეალობად იქცა, ახლა მას უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს და შინ ნამდვილი ფორტეპიანო აქვს.

ჩემი რესპონდენტი ნინი ორკოშნელი გახლავთ, "მამას გოგო", პროექტიდან "ნიჭიერი".

- ნინი, შენს ცხოვრებაში კარგი ამბები მოხდა. მითხარი, თავს როგორ გრძნობ?

- ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ის, რაც ერთ დროს ზღაპარი მეგონა, დღეს ჩემი რეალობაა. ქუჩაში ადამიანები მცნობენ და მეუბნებიან, რომ კარგად ვიმღერე, ეს კი ძალიან მახარებს.

- ბავშვობაში ამ ყველაფერზე რომ ოცნებობდი, მაშინ საკუთარ მომავალს როგორ წარმოიდგენდი?

- დაახლოებით ისეთი წარმომედგინა, როგორიც ახლაა. 5 წლიდან ვმღეროდი, მაგრამ ამ ასაკში სიმღერით დიდად დაინტერესებული არ ვიყავი. მამა რომ გარდამეცვალა, 9 წლის ვიყავი და ამ პერიოდიდან დავიწყე აქტიურად სიმღერა, თითქოს ეს შვებას მგვრიდა, ჩემი ხსნა იყო, ნუგეში ვიპოვე, სიმღერამ გადამარჩინა.

- ოჯახში ვინმე მღერის?

- დედაჩემის მამა ხალხური სიმღერების შემსრულებელი იყო.

- მამას მოსწონდა შენი სიმღერა, ხშირად გამღერებდა?

- კი, მოსწონდა, სკოლის კონცერტებზე რომ გამოვდიოდი, თუ არ ესწრებოდა, მე და დედას გვეკითხებოდა, ვიდეო არ გადაიღეთო? სულ მინდოდა პოპულარული მომღერალი ვყოფილიყავი.

- "ნიჭიერის" გარდა, სხვა პროექტში ბედი არ გიცდია?

- 10 წლის ვიყავი, "რანინაში" რომ გამოვედი, საუკეთესო ათეულში მოვხვდი და ეს მიღწევა იყო. შეიძლება ითქვას, რომ დიდ სცენაზე პირველად ვიდექი. ახლა ბედი "ნიჭიერში" ვცადე. მჯერა, რომ მამა იმ სამყაროდან მეხმარება.

- ამბობ, რომ თვითნასწავლი ხარ. პედაგოგთან არასდროს გივლია?

- პერიოდულად დავდიოდი, მაგრამ რამდენჯერაც დავიწყე სიარული, ფინანსური პრობლემის გამო, იძულებული გავხდი, თავი დამენებებინა. ბევრჯერ გზის ფულიც კი პრობლემა იყო, 2 ლარზე თეთრები დამკლებია და მძღოლს გამოვულანძღივარ. სახლში ვამბობდი, მასწავლებელთან სიარული არ მინდა, ჩემით ვისწავლი-მეთქი, რადგან მსგავსი დამოკიდებულება ძალიან ცუდად მოქმედებდა.

- ასეთი ამბები ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ეს მოტივაციად უნდა აქციო, საკუთარ თავში ძალა იპოვო და დასახული მიზნისკენ სვლა არ შეწყვიტო. ვფიქრობ, ეს შენ შეძელი.

- ძალიან დიდი მადლობა.

- მიამბე, სახლში სცენა როგორ მოიწყვე?

- სცენაზე დგომა იმდენად მინდოდა, სახლში პატარა სცენა მოვაწყვე, ჟიურიში დედა იჯდა, ფორტეპიანოს კედელზე დახატულ კლავიშებზე ვუკრავდი, თან ვმღეროდი და ასე ვმართავდი წარმოდგენებს. ახლა ნამდვილ დიდ სცენაზე რომ დავდექი, ჩემში ერთდროულად ბევრი ემოცია აირია ერთმანეთში. არც კი ვიცი, როგორ აღგიწეროთ, როგორ გადმოგცეთ, იმ წუთებში რა ხდებოდა ჩემში. დარბაზში ამდენი მაყურებელი რომ დავინახე, თითქოს დიდი სითბო ჩაიღვარა ჩემში.

- გამოდის, მაყურებლის ენერგეტიკა იგრძენი.

- კი, მიხარია ქვეყნად ბევრი კეთილი ადამიანი რომ არსებობს. პროექტში ძალიან თბილად მექცეოდნენ. როდესაც მე და დედიკოს ცხოვრებაში რთული პერიოდები გვქონდა, ზოგჯერ ვფიქრობდი, შეიძლება ისე მოხდეს, საერთოდ ვერაფრის გაკეთება ვერ შევძლო-მეთქი, მაგრამ ეს ფიქრი წამიერად მოდიოდა. მაშინვე მეუფლებოდა განცდა, რომ მამას ჩემით აუცილებლად უნდა ეამაყა, დედას შრომა დაფასებულიყო და წამში სხვა ადამიანი ვხდებოდი.

- როგორია დღეს შენი ყოველდღიურობა? სკოლაში რომ მიხვედი, კლასელებმა, პედაგოგებმა რა გითხრეს?

- კლასში რომ შევედი, ყველამ ტაში დამიკრა, ძალიან ემოციური მომენტი იყო. ოქროს ღილაკი კი მინდოდა, მაგრამ მაგაზე თითქოს ფიქრს ვერ ვბედავდი. დათო ფორჩხიძე უკეთილშობილესი ადამიანი ყოფილა, მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. ჯერ სცენაზე რომ ამოვიდა, მერე შუადღის გადაცემაში ტელევიზიამ რომ მიგვიწვია, სულ მეხუტებოდა და თბილ სიტყვებს მეუბნებოდა.

- რას გეუბნებოდა?

- შენ ძალიან კარგად მღერი, კარგი გოგო ხარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სცენაზე იდგე, წარმატებებს გისურვებო! "რუსთავი 2"-მა ფორტეპიანო მაჩუქა. ეს ამბავი როგორც მე გამიხარდა, ისე გაუხარდა დათო ფორჩხიძეს. საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მთელი ცხოვრება ელექტროფორტეპიანოზე ვოცნებობდი და ახლა შინ მაქვს.

- პროექტისთვის ფრანგული სიმღერა რატომ შეარჩიე?

- სანამ მამა ცოცხალი იყო, მან იცოდა, რომ ერთ-ერთ კონცერტზე ფრანგული სიმღერა უნდა შემესრულებინა. ჩემთვის არაფერი უთქვამს, წასულა, საკუთარი გემოვნებით კაბა შეურჩევია და მომიტანა, მითხრა, ფრანგულ სიმღერას მოუხდებაო. მას მოსწონდა და უყვარდა, ფრანგულ სიმღერას რომ ვმღეროდი. ეს ამბავი ნოემბერში მოხდა, კონცერტი 31 დეკემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ... ამ კაბის ჩაცმა და სცენაზე ასვლა ვერ შევძელი. მამა 30 დეკემბერს დავკრძალეთ. სწორედ მაშინ ვთქვი, რომ მე აუცილებლად დავდგებოდი დიდ სცენაზე და ფრანგულ სიმღერას შევასრულებდი.

- ბოდიშს გიხდი, ძალიან მტკივნეულ თემას რომ ვეხები, მამის შესახებ ცოტა მეტი მიამბე.

- პროექტში "მამას გოგო" დამარქვეს და ეს ძალიან მომეწონა. მამაჩემის გარდაცვალება მოულოდნელი იყო, მას არ უავადმყოფია, პერიოდულად მაღალი წნევები აწუხებდა, გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა. ჩემმა ძმამ მე და დედას გვითხრა, ინსულტი დაემართაო. უკვე საავადმყოფოში იყო, წავედით, მაგრამ მე იქ არ შემიშვეს. სანამ მამა გარდაიცვლებოდა, წინადღეს მე და დედიკო ვლაპარაკობდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მამა არ დამტოვებდა, მეორე დღეს კი სხვა რეალობაში გავიღვიძე. თავიდან არ მეუბნებოდნენ რა მოხდა, მაგრამ იცით, როგორ მივხვდი? დედაჩემის თვალებით. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება, ბევრი ტირილისგან დედას თვალები სულ დაწითლებული ჰქონდა, მაგრამ არ უნდოდა ჩემთვის დაენახვებინა. მამის გარდაცვალების დღეზე ლექსიც მაქვს დაწერილი. "დილა არის, ვერ დავმშვიდდი.../ რაღაც ისე არ არის.../ იმედების ნაპერწკალი თურმე არ აქვს არავის./ თითქოს ცრემლის სუნი მომდის,/ თურმე დედის ცრემლია,/ არ მაჩვენებს თავის სევდას,/ მაგრამ მისთვის ძნელია./ ცრემლს თვალებში ინახავს და სისხლის ფერი რევია,/ მეც მაშინვე დავეჭვდი და შიშის გრძნობა მერია,/ შიშის გრძნობა? რაღაც ბნელია/ უფსკრულამდე მიგათრევს./ არ მინდა, რომ ამ უფსკრულში შემითრიოს ბოლომდე.../ შემითრია და მე მივხვდი, რომ ეს არის სიმართლე/ სიმართლეა? რატომ? რატომ?/ შენ ხომ სიტყვა მომეცი.../ დამპირდი, რომ ჩემთან ერთად იქნებოდი ყოველთვის".

ბოცოლასთან ვიყავი, როცა მამის გარდაცვალების ამბავი მითხრეს. ეს იყო შეგრძნება, რომელსაც სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ, თითქოს ამ სამყაროში აღარც ვიყავი.

2-copy-1730099600.jpg

- მამა რამდენი წლის იყო?

- 48-ის.

- როგორი იყო თქვენი მამაშვილობა?

- უზომოდ თბილი იყო, სულ უნდოდა მასთან ვყოფილიყავი, სამსახურიდან ჩემთან ხელცარიელი არასდროს მოდიოდა. ყოველღამე ჩამიწვენდა საწოლში, ზღაპრებს მიყვებოდა, მელაპარაკებოდა და ასე მაძინებდა. 2 უფროსი ძმა მყავს, შეიძლება ჩემ მიმართ ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება იმიტომ ჰქონდა, რომ პატარა შვილი ვიყავი, თან - გოგო 2 ბიჭის შემდეგ. განსხვავებული მამა მყავდა.

- ლექსების წერა როდის დაიწყე?

- 11 წლიდან უფრო აქტიურად დავიწყე, წერა ემოციების გამოხატვაში მეხმარებოდა.

- უმეტესად რა დროს წერ?

- როცა ცუდ ხასიათზე ვარ. უმეტესად სევდა, ტკივილი მაწერინებს. სახლში, ჩემ მიერ მოწყობილ პატარა სცენასთან პატარა კუთხე მაქვს, სადაც ძალიან მიყვარს განმარტოება. ამ დროს სასურველია სიჩუმე იყოს.

- შენი პირველი მკითხველი ვინ არის?

- დედა. ის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია.

- ნახევარფინალისთვის სიმღერა უკვე შეარჩიე?

- კი, ისევ ფრანგული სიმღერა მინდა შევასრულო.

- მომავალში საკუთარი თავი სად ან როგორ წარმოგიდგენია?

- აუცილებლად ვიქნები სცენაზე. დიდი ინტერესი მაქვს ჟურნალისტიკის მიმართ. მინდა საკუთარი გადაცემის წამყვანი ვიყო.

- ოცნებები აგსრულებოდეს, მადლობა ინტერვიუსთვის.

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე