ფეხბურთში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი ტყუპი ძმის ამბავი - გზაპრესი

ფეხბურთში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი ტყუპი ძმის ამბავი

5 წლის ასაკში, თამაში უბნის მოედანზე რომ დაიწყეს, ახლა საქართველოს 21-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში აგრძელებენ და როგორც თავად ამბობენ, ეროვნულ ნაკრებამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ, საამისოდ კი ბევრს შრომობენ, წინ დიდი გეგმები აქვთ. მხოლოდ ფიზიკური მსგავსება და საერთო საქმე კი - არა, აღმოვაჩინე, რომ მათი ტელეფონის ნომრებიც ერთმანეთს ტყუპივით ჰგავს, ერთი ციფრის სხვაობით.

გიზი:

- ტელეფონის ნომრები სპეციალურად შევარჩიეთ. პატარები რომ ვიყავით, ერთმანეთისგან ჩვენი გარჩევა მაშინ მართლა ბევრს უჭირდა, ჩვენ კი ამ ამბავს მიჩვეულები ვიყავით და ძალიან ჩვეულებრივად ვიღებდით. ახლა ვცდილობთ განსხვავებული ვარცხნილობა, ჩაცმის სტილი გვქონდეს.

ოთო:

- ბავშვობაში სამოსს მშობლები გვირჩევდნენ, ვარცხნილობასაც და მერე ახლობლებიც კი ერთმანეთისგან ვეღარ გვანსხვავებდნენ.

- ფეხბურთში თქვენი პირველი ნაბიჯები გაიხსენეთ.

- ბაბუა გიზო მამაგეიშვილი ყოფილი ფეხბურთელი იყო. 5 წლის ვიყავით, მე და ოთოს "ბარსას" და "რეალის" მაისურები რომ ჩაგვაცვა და ეზოში ფეხბურთის სათამაშოდ ჩაგვიყვანა. იქ აურზაური დაგვხვდა, ძალიან ბევრი ბავშვი ირეოდა, მაგრამ მაინც გვიხაროდა, მალე დავმეგობრდით, ერთმანეთს მივეჩვიეთ და ბურთის თამაში დავიწყეთ.

ოთო:

- ბურთის გარეშე ვერ ვჩერდებოდით. სკოლაშიც სულ ვცდილობდით, როგორც კი საშუალება მოგვეცემოდა, ბურთი გვეთამაშა.

- მწვრთნელთან ვარჯიში რა ასაკიდან დაიწყეთ?

- 6 წლიდან საბურთალოს აკადემიაში ვიყავით.

გიზი:

- როგორც ცხოვრებაში, ასევე სპორტში ძალიან რთულია წარმატებას მიაღწიო. ამისთვის ბევრი იმედგაცრუება, ბევრი დაბრკოლება უნდა გადალახო.

ოთო:

- რომელსაც მერე დიდი სიხარული, წარმატება, სიამოვნება მოჰყვება. ბავშვობიდან მოყოლებული, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში წარმატებები სულ გვქონდა. წაგების იმედგაცრუებაც ვიცოდით რა იყო და მოგების სიხარულიც, ეს პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

- ალბათ აზარტულიც, არა?

გიზი:

- რა თქმა უნდა. როდესაც თამაშის წინ შენი ქვეყნის ჰიმნი გესმის, ეს თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტია. მოედანზე მყოფს უაღრესად დიდი სიმაყე გეუფლება და წარმოუდგენლად დიდი ენერგიით ივსები.

- წინსვლის და წარმატების ამბავი ორივეს შემთხვევაში ერთნაირი და თანამიმდევრული იყო?

ოთო:

- დიახ, გუნდშიც, ნაკრებშიც ერთად ვიყავით, ერთად ვიგებდით, ერთად ვაგებდით. დაშორება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა, რომელიმე ტრავმას თუ მივიღებდით.

- ბავშვობაში მწვრთნელისგან რა შეფასებებს ისმენდით?

გიზი:

- ფეხბურთზე რომ შედიხარ, გუნდები დონეების მიხედვით კომპლექტდება. ჩვენ მაშინვე ნიჭიერების გუნდში აგვიყვანეს, როგორც კარგი მომავლის მქონე ბავშვები.

ოთო:

- თემო ფოცხვერია და მამუკა კიკოლაშვილი იყვნენ ის მწვრთნელები, რომლებმაც ჩვენი ასაკის მქონე რჩეული ბიჭების გუნდში გაგვანაწილეს.

- დღეს თქვენთვის ყველაზე დიდი სტიმულის მომცემი რა არის?

- გიზის რომ ვაჯობო (იცინის).

გიზი:

- მოტივაცია ისევ საკუთარი თავია და მისთვის დამტკიცება, რომ შენ ეს შეგიძლია.

- ერთმანეთს კრიტიკული თვალით უყურებთ? რჩევებს ხშირად აძლევთ?

- რა თქმა უნდა, ეს საჭიროა განვითარებისთვის. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ერთმანეთს ემოციებს, შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ, ეს განვითარებისთვის აუცილებელი პირობა მგონია.

- ტყუპისთვის დამახასიათებელი თვისებები გაქვთ?

- კი, არის მომენტები, როცა ოთოს რაღაც სტკივა, ამ დროს შეიძლება მე ფიზიკურად არაფერი მტკიოდეს, მაგრამ ცუდ განწყობაზე ვარ და შინაგანად მის მდგომარეობას სხვაგვარი ემოციით განვიცდი. ერთმანეთისგან შორს თუ ვართ და ერთ-ერთი ჩვენგანის თავს რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, გამორიცხულია ამ დროს რაღაც განსხვავებული ემოცია არ გვქონდეს.

- თქვენი ბავშვობის ფოტოები რომ ვნახე, იქ ერთმანეთს ძალიან ჰგავხართ. სახალისო ამბებიც ბევრი გექნებათ.

- ნაკლებად. ან ეს მსგავსება ჩვენთვის იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო, ამბებსაც კი არ ვიმახსოვრებდით. სკოლაში ორივე კარგად ვსწავლობდით და მასწავლებლების მოტყუება არ გვიწევდა.

- ის კავშირი, რომელიც თქვენ შორის სულ არის, მოედანზე თამაშის დროს რამდენად გეხმარებათ?

- ძალიან გვეხმარება. თავი რომ არ ავწიო, ვხვდები, სად არის ჩემი ძმა. აბა, ოთოს პასი არ მივაწოდო, მეჩხუბება (იცინის).

ოთო:

- სახლში დაბრუნების შემდეგ, თამაშს ერთად ვუყურებთ, აუცილებლად ვაპაუზებ იმ კადრზე, როცა პასის გადაწოდება ხდება და ვეჩხუბები, ბურთს ჩემი მისამართით თუ არ უშვებს (იცინის).

გიზი:

- მინდა გულშემატკივრის როლზე ვთქვა, მათი აქტიურობა თითოეული ფეხბურთელისთვის უდიდესი ძალის მომცემია, დიდი მოტივაცია. მოედანზე არ გაძლევს საშუალებას, რომ მოდუნდე და საქმეზე არ იყო კონცენტრირებული.

- ოთო, ერთი ეპიზოდი ვნახე, გოლის გატანის შემდეგ, ცალ თვალზე ხელს იფარებ, ეს ჟესტი რას ნიშნავს, როგორ ახსნი?

1-1730541896.jpg

ოთო:

- ეს ჩვენი პირადი აღნიშვნაა და ასე დავტოვებ, არ გავასაჯაროებ.

გიზი:

- მეც ანალოგიურად ვიქცევი.

- ამ ჟესტის მნიშვნელობა მხოლოდ თქვენ ორმა იცით?

- არა, ეს მხოლოდ ვიწრო წრემ იცის, ძალიან ახლობელმა ადამიანებმა.

- ახლა თქვენი მიზანი რა არის?

- ჩვენი მიზანია ეროვნულ ნაკრებში ვითამაშოთ. მოლოდინის რეჟიმში ვართ, გაგვიხარდება უცხოური კლუბებიდან თუ გვექნება შემოთავაზება.

ოთო:

- რადგან 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობ, აქედან ეროვნულ ნაკრებამდე ერთი ნაბიჯია, შანსი - ძალიან რეალური.

- რას ნიშნავს თქვენთვის ფეხბურთი?

- ყველაფერს! ფეხბურთი ისაა, რასაც ჩვენი ცხოვრება დავუთმეთ.

- თქვენი მიზნებისთვის მიგეღწიოთ!

- დიდი მადლობა!

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი შინ, ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით რამაზ სვანაძის გუნდმა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. 6-გუნდიან ჯგუფში მეორე ადგილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია.

ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ხორვატიის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩები 15-19 ნოემბერს გაიმართება.

თამუნა კვინიკაძე