"ისეთი დროა, გულუბრყვილო ადამიანი, რომელსაც ყველასი სჯერა, ძალიან ცოდოა"
მას აქვს საოცარი ნიჭი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს. იმდენად ფლობს საკუთარ ემოციებს, სახეზე ვერაფერს შეატყობთ. არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე, არც შეურაცხყოფას და წყენას ივიწყებს. გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. მოწინააღმდეგეს ისეთ დარტყმებს აყენებს, სამუდამოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მუსიკოს ნუცა ჯანელიძის ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგია მეტ-ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ პირადი რუკა არასდროს შემიდგენია. ერთხელ „იუთუბზე“ მოვუსმინე ასტროლოგს, ჩემს ნიშანზე ლაპარაკობდა. ის მნიშვნელოვანი რიცხვები ჩავიწერე, რომლებზეც ყურადღება გაამახვილა და მერე რომ დავუკვირდი, აღმოვაჩინე, სიმართლე თქვა. შეიძლება პირად რუკას იმ მიზეზითაც არ ვაკეთებ, ვიცი, ამ ამბავმა ჩათრევა იცის და არ მინდა, დამოკიდებულება გამიჩნდეს.
- "ამბიციური, კარიერისტი და ამაყია", - ამბობენ მამლის წელში დაბადებულებზე ასტროლოგები. ეთანხმებით?
- ჩემზე ამაყი არ ითქმის, თავმოყვარე ვარ. ყველა ჯარისკაცი გენერლობაზე ოცნებობს, მაგრამ იმ სფეროში, რომელიც ჩემი არ იყო, გენერლობაზე არასდროს მიოცნებია.
- "მისთვის დამახასიათებელია საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული".
- უი, უი, ეს დიდი ტყუილია.
- "ტრაბახის მოყვარულია".
- როცა კარგი რაღაც ხდება, რატომ არ უნდა ვიტრაბახო? ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ სახელოვან და პატივსაცემ ადამიანს შევხვდრივარ, კულისებში, ოჯახურ გარემოში... შეიძლება ეს ამბები სადღაც სიამაყით მოვყვე და ვიღაცამ ტრაბახში ჩამითვალოს.
- "გულუბრყვილობაში შეუდარებელია. იმას ამბობს, რასაც ფიქრობს".
- 100 კი - არა, 1000%-იანი სიმართლეა.
- ჩვენს რეალობაში ამ თვისებით ცხოვრება როგორია?
- არ ვარგა, ძალიან ცუდია. მერე შეიძლება გაღიმებულიც დარჩე და ცოდვა ხარ; შეიძლება შენს თავს უსაყვედურო, რატომ არ იყავი უფრო გამჭრიახი, უფრო ფხიზელი? გულუბრყვილობის მიზეზით ტკივილი არაერთხელ განმიცდია.
- "ის ფიქრობს, რომ ყოველთვის მართალია, რომ მან იცის, რასაც აკეთებს, არავის ენდობა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს, ამასთანავე უხვად არიგებს რჩევებს".
- ჩემს სფეროში არის დეტალები, რომელიც მე ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო და დრო თუ მაქვს, შემიძლია, სხვასაც ვასწავლო. არ ვენდობი, რადგან ბევრის არ მჯერა. ახლა ისეთი საუკუნეა, ისეთი დროა, გულუბრყვილო ადამიანი, რომელსაც ყველასი სჯერა, ძალიან ცოდოა.
- "მშიშარა არ არის, მაგრამ მისი სიმამაცე ყოველთვის აუცილებლობითაა გამოწვეული".
- რაღაც მომენტებში რაღაცების მეშინია. ხომ არის გამოთქმა, შიშს თვალებში უნდა ჩახედოო. მე ეს გამიკეთებია (პაუზის შემდეგ), აუცილებლობით იყო გამოწვეული.
- "ის იშვიათად ავლენს აგრესიას ვინმეს მიმართ".
- ზოგჯერ მაქვს აგრესია, განა არა, მაგრამ არ ვავლენ. ეს უკიდურეს შემთხვევაში ხდება.
- მაშინ, როდესაც ვიღაც თქვენს თავმოყვარეობას ეხება?
- კი, ზუსტი ფორმულირებაა. აბა, როგორ? მე თუ თავს ვიკავებ, რამე უხეშად არ გითხრა, შენ რომ აგრესიით მოხვალ, გაპატიო, არაფერი გითხრა?
- "მას აქვს საოცარი ნიჭი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს".
- (იცინის) რა კარგად ნათქვამია. რომ დაგეთანხმოთ, ცუდად გამომივა?
- ჩვენი მკითხველი ხომ გიცნობთ, იცის თქვენ მიერ განხორციელებული პროექტები და არა მგონია, უხერხული იყოს.
- დიდი მადლობა.
- "ბრძოლისუნარიანია, ამის წყალობით ის მიზანს ყოველთვის აღწევს".
- ბრძოლის და ჩხუბის მომხრე ნაკლებად ვარ, მაგრამ ჩემი თავის გამოვლენის საშუალება თუ მეძლევა, იქ ამას ყოველთვის სათანადოდ ვახერხებ. ჩემთვის გარემო და რამდენად მაინტერესებს ის კონკრეტული საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია.
- "მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, საშიში, ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანი, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".
- ყველაფერი მართალია. ყველაზე მეტად უსამართლობასთან შეგუება არ შემიძლია. ადამიანს გული არ უნდა გაუხეთქო, ეს საშინელებაა, ღმერთმა მსგავს ამბებს ხშირად არ შემასწროს.
- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს, მის მზერას ხალხი თვალს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობთ".
- ეს ჩემთვის არავის უთქვამს, არ მახსენდება. ჰიპნოზირების უნარი რომ მქონდეს, რაღა მიჭირს (იცინის), კარგი იქნებოდა.
- "საკუთარ ემოციებს იმდენად ფლობს, სახეზე ვერაფერს შეატყობთ".
- ეს სიმართლეა.
- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს, მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა".
- ალბათ ასეა.
- ადამიანებისგან მტრობა გიგრძნიათ?
- მე უფრო არაკეთილგანწყობას ვიტყოდი. გამიგია, მიგრძნია, უთქვამთ, მაგრამ პასუხს არ ვცემ ამ ადამიანებს.
- რატომ?
- რომ მეუბნებიან, შენ რომ ეს დაგემართა, ამ ადამიანმა გაგიკეთაო, არ შემიძლია მივიდე, საქმე გავურჩიო, სიღრმეში შევიდე, კონფლიქტს ვერიდები, არ მინდა. ამ დროს შენს თავს გვერდიდან რომ შეხედო, გამორიცხულია, მოგეწონოს.
- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს, გარშემო დასაგესლი ობიექტი თუ არ ჰყავს, შეუძლია მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე გამოცადოს".
- ზუსტად ასეა. ადრე დედა მეუბნებოდა, შენ ნამდვილი მორიელი ხარ, საკუთარ თავს როგორ იჭამო. ერთი სული მაქვს ვიყვირო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ.
- "მას არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე, არც შეურაცხყოფას და წყენას ივიწყებს".
- ასეა, როგორ შეიძლება სიკეთე დაივიწყო?! გულწრფელად გეტყვი, წყენაც არ მავიწყდება, სულ მახსოვს, მაგრამ იმ ადამიანს არ ვაგრძნობინებ.
- "მორიელი გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. ის მოწინააღმდეგეს ისეთ დარტყმებს აყენებს, სამუდამოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს".
- უი, დედა! გეგმის დაწყობა არ შემიძლია, მაგრამ იმის სურვილი კი ნამდვილად მაქვს ხოლმე, ის ადამიანი, ვინც მაწყენინა, ერთი წუთით ჩავარდეს ჩემს დღეში და მერე ისევ ბედნიერი იყოს, ჩემზე ბედნიერიც, უბრალოდ განიცადოს, როგორია, როცა ერთი ადამიანი მეორეს ცუდს უკეთებს.
- "მორიელის ამქვეყნად მოვლინებას თითქმის ყოველთვის თან ახლავს (მცირე დროით წინ უსწრებს ან დაბადებიდან მალევე) მისი რომელიმე ნათესავის ან ოჯახის წევრის გარდაცვალება".
- არ ვიცი, ჩემს შემთხვევაში მსგავსი რამ თუ მოხდა, არც მინდა გავიკითხო, მგონია, ეს დამთრგუნავს.
- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვოთ, რომელ სიტყვას იტყვით?
- "სიკეთე".
- ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს სიტყვაა "უძლეველი".
- რა კარგია, მესიამოვნა (იცინის).
- "მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს".
- არა, არც ვიცი, რით უნდა შევარჩიო? ბევრ ადამიანთან ვარ ძალიან კარგად, ახლოს, თუმცა კონკრეტულ პიროვნებებთან მიმართებაში მქონია განცდა, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც მგონია და მალე ისინი გვერდით გამიწევია.
- "სახალხოდ საკუთარი გრძნობების დემონსტრირება არ სჩვევია".
- მართალია, თუმცა ვთვლი, რომ დადებითი ემოციის გაზიარება ყოველთვის კარგია, ამაზე უარს არასდროს ვამბობ, რადგან როცა იმავეს თავად სრულიად უცხო ადამიანებისგან ვიღებ, მსიამოვნებს.
- "გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი".
- მართალია (იცინის).
- "უყვარს სხვისი და საკუთარი საიდუმლოებების შენახვა. სულში ისეთი კუნჭულები აქვს, სადაც შესვლა ყველა მოკვდავისთვის აკრძალულია".
- დედა მეუბნებოდა, გოგონას გულის გასაღები ზღვის ფსკერზეა, ყველას არ ძალუძს მისი ამოღებაო. რაც შეეხება საიდუმლოს შენახვას, მიხარია, როცა ადამიანები ჩემში საკუთარი ამბების "შემნახველ საკანს" ხედავენ.
- "საოცარი შორსმჭვრეტელობის უნარის წყალობით, ის ადამიანს გამჭოლად ხედავს, ყოველთვის დანამდვილებით იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშროება ელის".
- ნეტავ, ეს უნარი მქონდეს.
- ადამიანის აურას ვერ გრძნობთ?
- ვერა.
- "მორიელის დათრგუნვა შეუძლებელია, ის ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის".
- დათრგუნვილს ვერასდროს ვერავინ მნახავს.
- ეს უკვე გამარჯვებაა.
- ალბათ.
თამუნა კვინიკაძე