ცნობილი ფილმის - „შეხვედრა მთაში" უცნობი ისტორიები და ულამაზესი ელისო ჭინჭარაული
საზოგადოებისთვის უცნობია, რომ ეს სცენა ულამაზესმა ელისო ჭინჭარაულმა შეასრულა - ცხენიდან იგი გადმოხტა... „ხევსურეთში ჟურნალისტები, რეჟისორები თუ ამოდიოდნენ, ყველას თვალში ვხვდებოდი, ყველა ჩემგან იღებდა ინტერვიუს. საკავშირო ჟურნალ „აგანიოკშიც“ მოვხვდი. თბილისში ფერად ფირფიტებზე დამბეჭდეს. ფოტოეტიუდებს აკეთებდნენ ჟურნალისტები, ხევსურეთში რომ მოდიოდნენ, გარეგნობით იმდენად განსხვავებული ვიყავი. ჩემი თაობის პოეტები ლექსებს მიძღვნიდნენ, ერთ-ერთმა მთელი კრებულიც კი მომიძღვნა...“ - იხსენებს ელისო ჭინჭარაული...
23 თებერვალს ელისო ჭინჭარაულს საქართველოს დამსახურებული პედაგოგის წოდება მიენიჭა. 60 წელია, რაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, მალე 80 წლის ხდება და კვლავაც მოქმედი პედაგოგია...
- მოგეხსენებათ, ფილმის - „შეხვედრა მთაში“ გადაღებები ბარისახოში მიმდინარეობდა. გადაღებები 1965 წელს დაიწყო, ფილმი 1966 წელს უკვე ეკრანებზე გამოვიდა.
- რეჟისორმა როგორ აღმოგაჩინათ?
- ბარისახოში დავიბადე და გავიზარდე. კინოსტუდია ხევსურეთში რომ ჩამოვიდა, იქ მნახეს. მაშინ ძალიან ახალგაზრდა, ჯერ ოცი წლისაც არ ვიყავი. გარეგნობით ნამდვილად გამოვირჩეოდი: მაღალი, ქერა, ხევსურს არ ვგავდი. რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილს ძალიან მოვეწონე. რომ მნახა, თქვა, ჩვენ რომ გვჭირდება, ზუსტად ის გოგოაო. ალბათ არტისტულიც ვიყავი, ლექსებს ძალიან კარგად ვკითხულობდი... სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მსახიობის პროფესიას გავყოლოდი. ბარისახოს სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე.
- ფილმში მთავარ როლს ლეგენდარული ქართველი მსახიობი - ლეილა აბაშიძე ასრულებდა...
- დიახ, ლეილა აბაშიძეს ძალიან შევუყვარდი. მახსოვს, ბარისახოს სკოლა-ინტერნატში ცხოვრობდა, სადაც არანაირი პირობები არ გახლდათ. მისთვის იქ ადვილი გასაძლები არ იყო. სულ მეპატიჟებოდა, ჩემთან მოდიო... ბრწყინვალედ ვსაუბრობ ხევსურულად და ეს აინტერესებდა. აქედან დავმეგობრდით.
- მის ნაცვლად ცხენიდან გადმოვარდნის სცენაში ითამაშეთ...
- დოღი უნდა ყოფილიყო, სადაც 17 ბიჭი მონაწილეობდა, გოგო მხოლოდ მე ვიყავი... მოგეხსენებათ, გუდანის ჯვარი ხევსურეთში ყველაზე ძლიერია და იქ ახლოს უნდა ყოფილიყო დოღი. სივრცეებს კინოსტუდიიდან თავად არჩევდნენ. სცენა იყო გადასაღები, დოღში რომ ლეილას გმირი ცხენიდან ვარდება... ხევსურეთში დოღში შიშველი ცხენები გამოჰყავთ, ცხენს მხოლოდ ფაფარი და ძუა აქვს გამონასკვული. ლეილა ბუნებრივია, ასეთზე დაჯდებოდა, ცხენი ყალყზე რომ დგება, იქ ჩემი შესრულებაა... გათვალისწინებული იყო, რომ ცხენიდან მე უნდა გადმოვვარდნილიყავი, ფილმში კი ისე ჩანს, თითქოს ლეილა გადმოვარდა. შემდეგ გოგო მიდის და ეკითხება, ფეხი ძალიან გტკივაო? ის გოგო მე ვარ. რამდენიმე დუბლი ჩაწერეს. ლეილა დაწვებოდა იმ ადგილას, სადაც მე გადმოვვარდი, მერე მე მივდიოდი მასთან, ვეკითხებოდი, - ძალიან გტკივა-თქო? და მდინარესთან მიმყავდა, ნაღრძობს ცივი წყალი მოუხდება-მეთქი...
- ფილმში მხოლოდ ეგ სცენა შეასრულეთ?
- მასობრივ სცენებში სულ მიღებდნენ, გახმოვანებაც ჩემი იყო, სადაც ხევსურული გახლდათ საჭირო. მერე ძალიან ხევსურული რომ გამოვიდა, ცოტა მოხეურით შეცვალეო, მითხრეს...
- ახსენეთ, რომ ლეილა აბაშიძემ ძალიან შეგიყვარათ, გაგრძელდა თქვენი მეგობრობა?
- დიახ, ლეილას ისედაც დავყვებოდი გადაღებებზე, სანამ ხევსურეთში იყვნენ... ძალიან ბევრი წლის შემდეგ მაია ასათიანმა თავის გადაცემაში მიმიწვია, სადაც საღამო ლეილა აბაშიძის საიუბილეო თარიღს ეძღვნებოდა... ლეილამ თურმე არც იცოდა, მე რომ მივდიოდი. სტუდიაში რომ შევედი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მისთვის ეს რამდენად დიდი სიხარული იყო... მახსოვს, ბარისახოში ლეილას დაბადების დღეზე პოლონელები ამოვიდნენ. 1965 წელს დაბადების დღე ბარისახოში გადაიხადა, 36 წელი იქ შეუსრულდა... მართალია, პროფესიით ბიოლოგი ვარ, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ლექსს ძალიან კარგად ვკითხულობ, ანა კალანდაძის პოეზიაზე ვარ შეყვარებული, მისი ლექსები სულ ზეპირად ვიცი. ლეილამ გადაცემაში მთხოვა, ანა კალანდაძის ლექსი წაგვიკითხეო... ვუთხარი, შენ მხოლოდ ამოირჩიე, რომლის მოსმენა გესიამოვნება-მეთქი და წავუკითხე... ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო, თუმცა ისეთი რამ თქვა, რაც მართალი არ გახლდათ. შემდეგ სხვა გადაცემაშიც გაიმეორა და ამაზე ცოტა არ იყოს, გული დამწყდა... ამბობდა, ეს გოგონა თენგიზ არჩვაძეზე იყო შეყვარებულიო. მე ნამდვილად არ ვიყავი, ძალიან ბევრი კი იყო, მათ შორის - თვითონაც... სიმაღლით გამოვირჩევი, თენგიზ არჩვაძეს კალათბურთი ძალიან უყვარდა და მეპატიჟებოდა, - წამოდი, ვითამაშოთო. ლეილამ ალბათ, ერთად რომ გვხედავდა, ამიტომაც ჩათვალა ასე... ორ გადაცემაში თქვა, თითქოს მე თენგიზ არჩვაძეს წერილი მივწერე და მან არ გადასცა, - მის ქმარს მოვერიდე, შემეშინდა არ გაეგოო... მსგავსი ნამდვილად არაფერი ყოფილა, მაგას ვერც გავბედავდი იმ ასაკში.
- თქვენი გარეგნობის მიხედვით, ალბათ ყურადღებას იქცევდით...
- ძალიან თხელი, მოდელის აღნაგობის ვიყავი, მთელი სტუდენტობა კალდuნიას მეძახდნენ. ქუჩაში ხშირად რუსულად გამომესაუბრებოდნენ, რადგან უმეტესობას ქართველი არ ვეგონე...
- სტუდენტობა როგორ გახსენდებათ?
- ინსტიტუტში იცოდნენ, სოფლიდან, ხევსურეთიდან რომ ვიყავი, მაგრამ განსხვავებული გარეგნობის, თან - საუკეთესო სტუდენტი. ბევრგან მიგრძნია, რომ ხევსურები გამორჩეულად უყვართ... მაშინაც ყველა ლექტორი ჩემზე იყო შეყვარებული. უკანა მერხთან რომ ვიჯექი, სულ მეუბნებოდნენ, - წინ დაჯექიო, დაფასთანაც სულ მე უნდა ვყოფილიყავი, როგორც გამორჩეული, რომ ეთქვათ, მთიდან არის ჩამოსული, ამიტომ არის ასე კარგი, ნიჭიერი და სწავლაზე მოწადინებულიო... მართლაც გამოვირჩეოდით ყველაზე ღარიბი, ჩაუცმელი, მაგრამ ლამაზი და საუკეთესო სტუდენტები. მეც ასე ვიყავი და ჩემი შვილიც. ძალიან ვამაყობ, ხევსური რომ ვარ.
- მსახიობის პროფესიას რატომ არ გაჰყევით?
- ხევსურებმა არ გამიშვეს... მე ძალიან მინდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი.
„ცისკრის ზარებს“ რომ იღებდნენ, სინჯებზე ხევსურეთში მომაკითხეს, მაგრამ არაფრით გამიშვეს... იმ პერიოდში პირად ცხოვრებაშიც პრობლემები მქონდა. ხევსურეთში ახლაც ასეა და მაშინაც, მსახიობის პროფესია არ მოსწონდათ, პედაგოგობა მიაჩნდათ ყველაზე საპატიო პროფესიად... „ცისკრის ზარებზე“ პასუხი მომივიდა, რომ ქეთოს როლის შემსრულებლად ამარჩიეს, მაგრამ ჩემი ძმები ჩამოვიდნენ და გადაღებებიდან წამომიყვანეს.
- თქვენ გსურდათ პედაგოგობა?
- ეს პროფესია იმდენად შემიყვარდა, ერთი დღე ვერ წარმომიდგენია პედაგოგობის გარეშე... სკოლა ვერ დავტოვე და უცხოეთში ვერ წავედი. ვერ წარმომედგინა, სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში არ მივსულიყავი. 23 თებერვალს "საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის" წოდება მომანიჭეს. 50 წლის წინ ჟინვალში სკოლა გაიხსნა და ამ სკოლაში პირველივე დღიდან ვმუშაობ. ისე კი, 60 წელი გამიხდა, რაც პედაგოგი ვარ. რაც შეეხება მსახიობობას, გული მწყდება, რომ ვერ გავყევი. ალბათ სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა, გაცილებით უკეთესი პირობები, წარმატებები...
- ფილმი - „შეხვედრა მთაში“ თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო?
- დიახ, ბიოლოგიურ ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილების სტუდენტი ვიყავი, როცა ფილმში გადამიღეს. ამ ფილმის გადაღება მართლაც დაუვიწყარი იყო... ლეილას ყველაფერი იმდენად აინტერესებდა, სულ გვერდით ვეჯექი, ყველაფერს ვუხსნიდი... დოღი რომ იყო, ხევსური ბიჭები ძალიან იპრანჭებოდნენ. კინოსტუდიის ხალხი რომ იქ იყო, ბევრს ნიშნავდა. სულ გვინდოდა ჩვენი მასპინძლობით, ლამაზი ხინკლებით თავი მოგვეწონებინა. თვითონაც ხილს, რასაც ჩამოიტანდნენ, მოგვიკითხავდნენ...
მაშინ ხევსურეთში სხვანაირი მიდგომა ჰქონდათ ადამიანების მიმართ, სხვანაირი საუბრები... ჩამოსულების მოქმედებაც სხვანაირი იყო და ადგილობრივებისaც. ბარისახოში ჩამოსული იყვნენ ბიძინა კვერნაძე, ბუბა კიკაბიძე...
- როგორ აეწყო თქვენი პირადი ცხოვრება?
- მყავს შვილი, ოთხი შვილიშვილი...
- რას უმადლით, ამ ასაკში რომ ასე შეუდარებლად გამოიყურებით?
- მთავარი როლი გენეტიკამ ითამაშა. ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ, სიგარეტი ხელშიც კი არ მჭერია არასოდეს; არც ალკოჰოლი მიყვარს; არანაირ გენmოდიფიცირებულ საკვებს არ ვიღებ, მხოლოდ სოფლის პროდუქტებს. ჩემთვის, როგორც ბიოლოგისთვის, მთავარია პროდუქტი სუფთა იყოს. თან სოფლის მეურნეობაში ძალიან ძლიერი ვიყავი. ორი ათასი მეტრი ნაკვეთი მაქვს და დაუმუშავებელს ერთ სანტიმეტრს არ ვტოვებდი, ყველაფერი ნატურალური მქონდა.
- ახსენეთ, რომ ანა კალანდაძის პოეზია განსაკუთრებულად გიყვართ... ცნობილი პოეტი ხევსურეთს ხშირად სტუმრობდა, მას პირადად იცნობდით?
- დიახ, ანა კალანდაძეს ახლოს ვიცნობდი, ბარისახოში გავიცანი... ილო ფხოველი ჩემი მეგობარი გახლდათ. ანა კალანდაძისთვის ილო ფხოველი მხოლოდ ლექსის მუზა გახლდათ, მეტი არაფერი. ეს ზეციური სიყვარული იყო; მუზა გახლდათ და არა ვნება. ილომ არც კი იცოდა, ანას ლექსის მუზა თუ იყო. პოეტს ბევრი საუბარი არ უყვარდა. მისთვის ყოველი ხე, ბალახი, ლამაზი ბუნება ლექსის მუზა გახლდათ და ამიტომაც იყო ხევსურეთზე ასე შეყვარებული. ამ სამყაროს სულ სხვანაირად უყურებდა... ანა კალანდაძე შუაფხოში ჩამოდიოდა ოჩიაურებთან. არხოტში გადაჰყავდათ, ათენგენობა უყვარდა, ლექსიც აქვს მიძღვნილი. ხევსურების გულწრფელობა მოსწონდა. თვითონ იმდენად უბრალო იყო, შეიძლებოდა თმა ხელით გაესწორებინა, სავარცხელიც კი არ გადაესვა.
- თქვენ არ მოგიძღვნათ ლექსი?
- ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ჩემთვის ლექსი არ მოუძღვნია.
მანანა გაბრიჭიძე